top of page

ჩვენ შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

“საქართველოში კათოლიკე ეკლესია თავის არსებობას იწყებს არა XIII საუკუნიდან, არამედ პირელივე საუკუნეში, ქრისტიანობის ქადაგებით. (...) არ შეიძლება არ ვიფიქროთ რომ საქართველოში ეკლესია ჯერ კიდევ მოციქულთა ქადაგების ჟამიდან, - გინდ წმიდა ანდრია მოციქულის გინდა სხვების, გინდა წმიდა ნინოს, თუ ასურელი მამების ქადაგების ჟამიდან - არსებობს როგორც კათოლიკე ეკლესია... ჭეშმარიტი ეკლესია კათოლიკე ეკლესიაა; ეკლესიის ჭეშმარიტება, მართლმორწმუნეობა - მისი კათოლიკურობაა; ეკლესიას ეწოდება “მართლმადიდებელი”, მხოლოდ რამდენადაც კათოლიკეს. ამის გამოა, რომ კათოლიკე ეკლესია საქართველოში იმ დროიდან არსებობს, რა დროიდანაც პირველად იქადაგეს აქ სახარება და ის მონათლულთა პირველმა ჯგუფმა მიღო; ეს იგივე “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო” ეკლესია იყო, რომელსაც ნიკეას კრება აღიარებდა; როგორც სამოციქულო იგი მიუთითებს მოციქულთა ქადაგებაზე და ტრადიციებზე, რაც მოციქულთა მიერ დაარსებულ ეკლესიებსა და მათთან თანაზიარებაში მყოფ ეკლესიებშია დაცული. თუკი საქართველოში ეკლესია თავისი დაარსების პირველი წუთიდანვე იყო კათოლიკე ეკლესია - ეს ნიშნავს, რომ ის ზიარებაში იმყოფებოდა ნიკეას კრებაზე აღიარებულ ყველა სამოციქულო ეკლესიასთან, მათ შორის რომის ეკლესიასთან. როდესაც ერთი ეკლესია სიამაყით იქადდა სამოციქულო ეკლესიასთან ზიარებას, ეს ნიშნავდა, რომ ზიარებაში იყო სხვა სამოციქულო ეკლესიებთანაც, მათ შორის, განსაკუთრებით, რომთან, რომელზეც ეკლესიის მამები ამბობენ, რომ არის “სიყვარულში თავმჯდომარე” (ეგნატე ანტიოქიელი), “ვისაც ყველა უნდა ეთანხმებოდეს” (ირენეოს ლიონელი)... საქართველოში კათოლიკე ეკლესია თავისი დაარსების დღიდან არის კათოლიკე, სამოციქულო და ასევე ”რომაული”, ვინაიდან აღიარებს იმავე მრწამსს, „რასაც მთელს მსოფლიოში აღიარებენ“ (ირენეოს ლიონელი). ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყოველივე, რაც პირველ ათასწლეულში ეკუთვნოდა ქართველი ერის ქრისტიანულ ისტორიას, სრულად ეკუთვნის დღევანდელ საქართველოში არსებულ კათოლიკე საკრებულოთა ისტორიასა და ცხოვრებას: წმიდა ნინო ჩვენი ეკლესიის მფარველია; ამ მიწა-წყლის პირველი ათასწლეულის წმიდანები მთელი სისრულით გვეკუთვნიან ჩვენ (...), პირველი ათასწლეულის ეკლესიები, მონასტრები ჩვენიცაა (...). კათოლიკე ეკლესია, რომელიც დღეს სამ წესს მისდევს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგოდ აღიქმება, სულაც არ არის უცხო სხეული საქართველოს ისტორიაში, ის მისი ისტორიის შემადგენელი ნაწილია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, და უნდა ითქვას კიდეც, რომ საქართველოში რომის ეკლესიასთან ზიარებაში მყოფი ქრისტიანული საკრებულოა რომ იცავს საქართველოში ქრისტიანობის პირველ საუკუნეში არსებულ ჭეშმარიტ ტრადიციას. 

კათოლიკე ეკლესია, როგორც კონფესიური, სამი წესის მიმდევარი, საქართველოში მე-13 საუკუნეში კი არა, არამედ პირველი საუკუნეში იშვა მოციქულთა ქადაგებით და მეცამეტე საუკუნის შემდეგაც განაგრძო თავისი არსებობა. ესენი არიან რომის ეპისკოპოსთან ზიარებაში მყოფი სამრევლოები, რომლებიც თამამად აცხადებენ, რომ ნამდვილ კათოლიკურ და ამავდროულად, მართლმადიდებელ ტრადიციას აგრძელებენ. მხოლოდ წესზე საუბრისას და მხოლოდ ლათინური წესისათვის შეიძლება ითქვას, რომ მან დაიწყო მეცამეტე საუკუნიდან არსებობა (...). რატომ მიიღეს ქართველმა კათოლიკეებმა ლათინური წესი, თუკი აღმოსავლელ ხალხებს ნება მიეცა, მეტიც, ვალდებულებად დაეკისრა, დაეცვათ საკუთარი ქვეყნის წესი, როგორც ეს მოხდა სომხების, ასირიელების და სხვათა შემთხვევაში? ალბათ, ამ კითხვის პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველები ლათინური წესის მიღებით და ამის შედეგად, ბიზანტიური წესის მიტოვებით (რაკი ანტიოქიური წესი, რომელსაც დასაბამიდან მისდევდა ეკლესია საქართველოში აღარ არსებობდა), უკეთ შეეძლოთ რომის ეკლესიასთან თავიანთი ზიარების დამოწმება.

კათოლიკე ეკლესიის არსებობა რომ მეცამეტე საუკუნიდან დაწყებულიყო, (...) ვინ იქნებოდა მისი დამაარსებელი? რომელ მისიონერს შეუძლია დაიქადოს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის დამაარსებლის წოდება? როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში წარმოგზავნილ არცერთ მისიონერს არ უფიქრია თავის თავზე მსგავსი რამ და არც ერთ პაპს არ მიუვლენია მისიონერი ან თავისი წარმომადგენელი საქართველოში იმ მიზნით, რომ კათოლიკე ეკლესია დაეარსებინა, ამ მისიას მხოლოდ უკვე ცოცხალი რწმენის კრიზისებსა თუ  სხვადასხვა “მტრების” შემოტევებში გასაძლიერებლად, რომის ეპისკოპოსებთან კავშირების განსამტკიცებლად, ან ქართველი მეფეების, მთავრებისა და პატრიარქების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გზავნიდა.

როდიდან არსებობს საქართველოში ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრების აღსარების კათოლიკე ეკლესია? შეიძლება ერთხმად განვაცხადოთ, რომ ქრისტიანობის დასაწყისიდან, როგორც თეოლოგიური ასევე ისტორიული თვალსაზრისით; კონფესიური მხრიდან პასუხი გაცილებით დელიკატურია და საჭიროებს წიაღსვლებს, როგორც ისტორიულად ასევე დოქტრინალურად; ორმაგი იერარქია და ისეთი წესის არსებობა, როგორიცაა ლათინური, მეტყველებს იმ გაყოფაზე, რაც მორწმუნეთა შორის მოხდა და გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ XIV საუკუნიდან შეიძლება ვისაუბროთ რომის ეპისკოპოსთან ზიარებაში მყოფ კათოლიკე ეკლესიაზე  და ისეთ კათოლიკე ეკლესიაზე, რომელიც რომის ეპისკოპოსთან სრულ ზიარებაში არ იმყოფება. თუ რაგვარია ამ დასკვნის სიმტკიცე და სიმყარე, საქართველოს ისტორიის შემდგომ საუკუნეებს ის არაერთგზის დაუდასტურებიათ და არაერთგზის უარყვიათ.“

მ. გაბრიელე ბრაგანტინი

https___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_1
bottom of page