სიხარულის I საიდუმლო
ანგელოზი ახარებს მარიამს
 

მეექვსე თვეს წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი“.(ლკ 1,26–28)
 

«წმიდა ავგუსტინე წარმოსახვაში ესაუბრება ხარების ანგელოზს და ეკითხება მას: „მითხარ, ანგელოზო, რატომ მოხდა ეს მარიამში?“. ამის პასუხი, ეუბნება მას ღვთის შიკრიკი, თავად მისალმების სიტყვებშია: „გიხაროდენ, მიმადლებულო“ (შდრ. Sermo 291,6). მართლაც, ანგელოზი, როცა „შევიდა მასთან“, როდი მიმართა მას მისი მიწიერი სახელით, მარიამით, არამედ მისი ზეციური სახელით, იმ სახელით, როგორსაც ღმერთი ხედავდა და ახასიათებდა მას დასაბამიდან: „მიმადლებულო“, „მადლით სავსევ“. ხოლო მადლი სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სიყვარული და, ამგვარად საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთარგმნოთ ეს სიტყვა: ღვთისაგან „შეყვარებულო“ (შდრ. ლკ 1,28). ორიგენესი შენიშნავს, რომ მსგავსი წოდება მანამდე არც ერთ სულიერს არ რგებია წილად, და რომ მას ბადალი არა ჰყავს მთელ წმიდა წერილში (შდრ. In Lucam 6,7). ეს ტიტული პასიურ, ვნებით ფორმაშია გამოხატული, მაგრამ მარიამის ეს „პასიურობა“, მარიამისა, რომელიც დასაბამიდან და სამუდამოდ უფლისაგანაა „შეყვარებული“, გულისხმობს მის თავისუფალ თანხმობას, მის პირად და ნამდვილ პასუხს: იგი, „შეყვარებული“, რომელიც ღებულობს ღმერთის ამ ნიჭს, სრულიად აქტიური, მოქმედია, რადგან პირადი გახსნილობით ღებულობს ღმერთის სიყვარულის ტალღას, მასში რომ იღვრება».
 

(ჰომილია, ხარების დიდდღესასწაული, 2006 წელი)

სიხარულის II საიდუმლო
მარიამის სტუმრობა ნათესავ ელისაბედთან
 

ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში. და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს. როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. 
(ლკ 1,39–41)
 

«პირველი საქმე, რაც მარიამმა აღასრულა ანგელოზის უწყების მიღების შემდეგ, იყო ის, რომ „საჩქაროდ“ გაემგზავრა ნათესავი ელისაბედის სახლისაკენ, მისთვის დახმარების გასაწევად (შდრ. ლკ 1,39). ქალწულის ეს ნაბიჯი ნამდვილი სიყვარულით იყო ნაკარნახევი, თავმდაბალი და გამბედავი, ღვთის სიტყვის რწმენითა და წმიდა სულის შინაგანი ბიძგით აღძრული სიყვარულით. მას ვისაც უყვარს, ავიწყდება თავისი თავი და მოყვასის სამსახურში დგება. აი, ეკლესიის სახე და ნიმუში! ყოველი ეკლესიური საკრებულო, ქრისტეს დედის მსგავსად, მოხმობილია სრული მზადყოფნით მიიღოს ღვთის საიდუმლო, მასში რომ მოდის დასამკვიდრებლად და რომელიც უბიძგებს მას სიყვარულის გზებზე».

(ჰომილია, ხარების დიდდღესასწაული, 2006 წელი)

სიხარულის III საიდუმლო
იესოს შობა ბეთლემში
 

თავისიანებთან მოვიდა / და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. / ხოლო ვინც მიიღო იგი / და ირწმუნა მისი სახელი, / მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. / ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, / არა ხორცის ნდომისაგან, / არა მამაკაცის ნდომისაგან, / არამედ ღვთისაგან. / და სიტყვა ხორცი იქმნა / და დაემკვიდრა ჩვენს შორის, / მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. / და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, / როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა. (იო 1,11–14)
 

«როგორც ლუკასთან ვხვდებით დედა მარიამის სიყვარულსა და წმიდა იოსების ერთგულებას, მწყემსთა ფხიზლობასა და მათ დიდ სიხარულს, როგორც მათესთან ვხვდებით შორით მოსულ ბრძენ მოგვთა ვიზიტს, ასევე იოანე გვეუბნება, რომ: „ვინც მიიღო იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა“ (იო 1,12). არსებობენ ისინი, ვინც კარს უღებენ მას და ამგვარად, ბოსლიდან დაწყებული, გარედან იწყებს შენებას ახალი სახლი, ახალი ქალაქი, ახალი სამყარო. შობის უწყება ამოგვაცნობინებს თავის თავში ჩაკეტილი სამყაროს წყვდიადს, და ამით, ცხადია, გვიჩვენებს იმ რეალობას, რასაც ყოველდღე ვაწყდებით. მაგრამ ის გვეუბნება აგრეთვე, რომ ღმერთი არ ნებდება და გარეთ არ ატოვებინებს თავს. იგი პოულობს სივრცეს და შემოდის, თუნდაც ბოსლიდან; არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ მის ნათელს და გადასცემენ მას. სახარების სიტყვის საშუალებით ანგელოზი ჩვენც გველაპარაკება, და საღვთო ლიტურგიაში მაცხოვრის ნათელი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში».

(ჰომილია, შობის ღამე, 2007 წელი)

სიხარულის IV საიდუმლო
იესოს ტაძრად წარდგენა
 

იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი. და აკურთხა სიმეონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: “აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში და საცილობელ ნიშნად, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები. და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი”. 
(ლკ 2,33–35)
 

«პირველი პიროვნება, ვინც გვერდში ამოუდგება ქრისტეს მორჩილების, ნაცადი რწმენისა და გაზიარებული ტკივილის გზაზე დედამისი მარიამია. სახარებისეული ტექსტი გვიჩვენებს მას, როგორ სწირავს შვილს: უპირობო მსხვერპლი, რომელშიც იგია მთავარი მოქმედი პირი... : მარიამი იმისი დედაა, რომელცაა „თავისი ერის, ისრაელის დიდება“ და „ნათელი წარმართთა გასანათებლად“, მაგრამ, ამავე დროს, „საცილობელი ნიშანიც“ (შდრ. ლკ 2,32.34). და თავადაც, თავის უმანკო სულში, მართებს იგემოს ტანჯვის მახვილი, რათა აჩვენოს, რომ მისი როლი დახსნის ისტორიაში ოდენ განხორციელების საიდუმლოთი როდი ამოიწურება, არამედ ივსება თავისი შვილის სიკვდილსა და აღდგომაში სიყვარულითა და ტკივილით სავსე მონაწილეობით. შვილის იერუსალემში მოყვანით ქალწული დედა სწირავს მას ღმერთს, როგორც ნამდვილ კრავს, წუთისოფლის ცოდვებს რომ იღებს; მიაწვდის მას სიმეონს და ანას, გამოხსნის უწყებად; წარუდგენს ყველას, როგორც ნათელს, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გზაზე მტკიცე სვლისათვის».

(ჰომილია, მირქმა, 2007 წელი)

სიხარულის V საიდუმლო
იესოს ტაძრად პოვნა
 

სამი დღის შემდეგ იპოვეს იგი ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით. რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ“. მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამის საქმეებით უნდა ვიყო დაკავებული?“ ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ. (ლკ 2,46–50)
 

«თორმეტი წლის იესოს შესახებ მონათხრობიდან ვიცით, რომ მას უყვარდა ტაძარი, როგორც თავისი მამის სახლი, როგორც თავისი მამული. ახლა კვლავ მოდის ამ ტაძარში, თუმცა მისი გზა აქ არ ჩერდება, მისი აღმართის ბოლო წერტილი ჯვარია. აღმართია, ებრაელთა მიმართ წერილი რომ აღწერს, როგორც აღმართს ხელთუქმნელი კარვისაკენ, ღმერთის წინაშე. აღმართი, რომელსაც მივყავართ ღმერთის წინაშე, ჯვარზე გადის. ესაა აღმართი „ძირის ძირამდე შეყვარებისკენ“ (შდრ. იო 13,1), რომელიცაა ღმერთის ნამდვილი მთა, ღმერთსა და ადამიანს შორის შეხების საბოლოო ადგილი».

(ჰომილია, ბზობის კვირადღე, 2008 წელი)

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge