ნათლის I საიდუმლო
იესოს ნათლისღება იორდანეში


როცა იესო მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. (ლკ 3,21–22)

 
«როცა იესო მოინათლა, ამბობს წმიდა ლუკა, „ლოცულობდა“ (3,21). იესო თავის მამას ესაუბრება. და ზუსტად ვიცით, რომ იგი მხოლოდ თავის თავზე არ ელაპარაკა მას, არამედ ჩვენზეც და ჩვენთვისაც; ჩემზეც ესაუბრა, თითეულ ჩვენგანზე და თითეული ჩვენგანისათვის. და შემდეგ მახარებელი გვეუბნება, რომ ლოცვაში მყოფ უფალზე გაიხსნა ცა. იესო ეხება მამას, ცა გახსნილია მის თავზე (...). ჩვენს თავზე ცა იხსნება საიდუმლოს აღსრულებისას. რაც უფრო მჭიდრო კავშირში ვართ იესოსთან ჩვენი ნათლისღების რეალობაში, მით უფრო იხსნება ცა ჩვენს თავზე».

(ჰომილია, იესოს ნათლისღების დღესასწაული, 2007 წელი)

ნათლის II საიდუმლო
იესოს მიიწვევენ კანას ქორწილში


მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: „ღვინო აღარა აქვთ“. ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა“. ეუბნება დედამისი მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“. (იო 2,1–5)
 

«კანას ქორწილის ამ ნაწყვეტში ვხვდებით აგრეთვე მსახურებისათვის ნათქვამ სიტყვებს: ალბათ „აჰა, მე!“–ს შემდეგ ეს მარიამის ყველაზე მშვენიერი სიტყვებია. პრინციპში, ეს სიტყვები მხოლოდ მისი „ჰო“–ს ჩვენზე განხორციელებაა: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“. ჩვენთვის ეს ნიშნავს, მიესადაგეთ ღვთის ნებასო; უსმინეთ მას და მზად იყავით მის მოხმობაზეო; აღიარეთ იგი იმ უფლად, რომელიც მიგითითებთ გზას და სწორად მიგიძღვითო. ამ სიტყვებით იგი რწმენისაკენ იწვევს მსახურებს და გვიწვევს ჩვენც. მარიამი არ ითხოვს ღვინის სასწაულს, როგორც ასეთს, არამედ მთლიანად მიენდობა იმას, რის გაკეთებასაც უფალი ინდომებს. მან მოუხმო რწმენისაკენ და ნამდვილი სასწაული მოახდინა [...]. თავისი რწმენით მან კარი გაუხსნა ღვთის სიტყვის განხორციელებას, მარადიულ ღმერთსა და მის ქმნილებას, ადამიანს შორის მარადიულ ქორწილს».

( ჟურნალიდან “Communio” 205 2006, გვ.12)

ნათლის III საიდუმლო
იესო აუწყებს ღვთის სასუფეველს


იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა და ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოექეცით და იწამეთ სახარება. (მარ 1,14–15)


«„კარგი ამბავი“, „სახარება“, რომელსაც იესო იუწყება, ამ სიტყვებში მდგომარეობს: „ღვთის სასუფეველი – ან, სასუფეველი ცათა – ახლოა“ (მთ 4,17; მარ 1,15). რას ნიშნავს ეს გამონათქვამი? ეჭვგარეშეა, რომ ის არ აღნიშნავს სივრცითა და დროით შემოფარგლულ მიწიერ სამეფოს, არამედ იუწყება, რომ ღმერთი მეფობს, რომ ღმერთია უფალი და მისი სუფევა აქაა, ნამდვილია, ხორცს ისხამს. ქრისტეს სათქმელის სიახლე ესაა: ღმერთი მასში დაგვიახლოვდა, უკვე მეფობს იგი ჩვენს შორის, როგორც მოწმობენ ის სასწაულები და განკურნებანი, იგი რომ ახდენს. ღმერთი მეფობს სამყაროში თავისი განკაცებლი ძის მიერ და წმიდა სულის ძლიერებით, სულისა, რომელსაც „ღვთის თითი“ ეწოდება (შდრ. ლკ 11,20). იქ, სადაც იესო მიდის, შემოქმედ სულს მოაქვს სიცოცხლე და ადამიანები იკურნებიან ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან. მაშასადამე, ღმერთის სუფევა ვლინდება ადამიანის სრული, მთლიანი განკურნებით. ამით იესოს სურს გამოგვიცხადოს ნამდვილი ღმერთის სახე, ღმერთისა, რომელიც ახლოა, ყოველი ადამიანისადმი მოწყალებით სავსე გულით; ღმერთი, რომელიც გვანიჭებს სიცოცხლეს უხვად, თავის საკუთარ სიცოცხლეს. ღვთის სასუფეველი, თურმე ის სიცოცხლე ყოფილა, რომელიც იმარჯვებს სიკვდილზე, ჭეშმარიტების ნათელი ყოფილა, უვიცობისა და სიცრუის წყვდიადს რომ ფანტავს».

(Angelus, 2008 წლის 27 იანვარი)

ნათლის IV საიდუმლო
იესოს ფერიცვალება თაბორის მთაზე


ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს. (მარ 9,2–4)


«ფერიცვალება ლოცვის მოვლენაა: ლოცვით იესო მთლიანად ეფლობა ღმერთში, შინაგანად უერთდება მას, საკუთარი ადამიანური ნებით ემხრობა მამის სიყვარულით აღსავსე ნებას, და ამგვარად ნათელი აღავსებს მას მთლიანად და ხილულად ვლინდება მისი არსების სინამდვილე: იგია ღმერთი, ნათელი ნათლისაგან. იესოს სამოსიც ქათქათა და ბრწყინვალე ხდება. ეს მოგვაგონებს ნათლისღებას, იმ თეთრ სამოსს, რომლითაც ახალმონათლულნი იმოსებიან. ნათლისღებაში ხელახლა შობილი ნათლით იმოსება, ზეციური არსებობის წინასწარუწყებით, გამოცხადების წიგნი რომ წარმოგვიდგენს სპეტაკი სამოსის სიმბოლოში (შდრ. გამოცხ 7,9.13). აქაა საკვანძო წერიტილი: ფერიცვალება აღდგომის წინსწრებაა, მაგრამ ეს უკანასკნელი გულისხმობს სიკვდილს. იესო უცხადებს მოციქულებს თავის დიდებას, რათა ჰქონდეთ ძალა ჯვრის დაბრკოლების გადასალახად და, რათა გაიგონ, რომ მრავალი გასაჭირის გავლა მართებთ, ღვთის სასუფევლის მისაღწევად. მაღლიდან გაჟღერებული მამის ხმა აცხადებს იესოს თავის საყვარელ ძედ, როგორც იორდანეზე ნათლობისას, და დასძენს, მას უსმინეთო (მთ 17,5)».

(Angelus, 2008 წლის 17 თებერვალი)

ნათლის V საიდუმლო
იესო აწესებს ევქარისტიას


როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია“. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“. (მათ 26,26–28)


«იესოს ახალი პასექის შუაგულში აღმართულიყო ჯვარი. მისგან მომდინარეობდა ახალი ძღვენი, მან რომ მოგვიტანა. და ამგვარად ის მუდამ რჩება წმიდა ევქარისტიაში, რომელშიც შეგვიძლია მოციქულებთან ერთად დავიყენოთ ახალი პასექი ჟამთასვლის განმავლობაში. ქრისტეს ჯვრიდან მოდის ძღვენი. „არავინ მართმევს სიცოცხლეს, მე თვითონ გავცემ მას “. ახლა იგი ჩვენ გვიწვდის მას. საპასექო ჰაგადაჰ, ღმერთის დამხსნელი მოქმედების გახსენება, იქცა ქრისტეს ჯვრისა და აღდგომის ხსოვნად: ხსოვნა, რომელიც უბრალოდ წარსულს კი არ იხსენებს, არამედ შევყავართ კიდეც ჩვენთან და ჩვენთვის მყოფ ქრისტეს სიყვარულში. და ამგვარად, ბერაქა, ისრაელის კურთხევისა და მადლის შეწირვის ლოცვა იქცა ჩვენს ევქარისტიულ მსახურებად, რომელშიც უფალი აკურთხებს ჩვენს ძღვენებს – პურსა და ღვინოს – რათა მათში საკუთარი თავი მოგვიძღვნას. ვევედროთ უფალს, შეგვეწიოს, რათა სულ უფრო ღრმად ჩავსწვდეთ ამ საკვირველ საიდუმლოს, სულ უფრო მეტად შევიყვაროთ ეს საიდუმლო და მასში შევიყვაროთ, სულ უფრო მეტად, თავად იგი».

(ჰომილია, უფლის სერობის წირვა, 2007 წელი)

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge