მწუხარების I საიდუმლო
იესო გეთსემანიის ბაღში
 

მაშინ იესო მივიდა მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსემანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: „აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე“. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. მაშინ უთხრა მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“. და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ!“.
(მთ 26,36–39)
 

«ღმერთს უყვარს თავისი ქმნილება, ადამიანი; უყვარს იგი დაცემულიც და არასოდეს ტოვებს იგი თავისი თავის ამარა. მას უყვარს ბოლომდე. თავის სიყვარულში იგი ბოლომდე მიდის, უკიდურეს წერტილამდე: გადმოდის თავისი ღვთიური დიდებიდან. გადადებს თავისი ღვთიური დიდების სამოსს და იცვამს მონის სამოსს. ეშვება ჩვენი დაცემის ყველაზე ღრმა სიმდაბლემდე [...].
ღმერთი შორი ღმერთი როდია, ზედმეტად დაშორებული და ზედმეტად დიდი იმისათვის, რომ ჩვენი სიმდაბლეებით დაკავდეს. იმის გამო, რომ იგი დიადია, შეუძლია დაკავდეს მცირე საგნებითაც. იმის გამო, რომ იგი დიადია, ადამიანის სული, თავად ადამიანი მარადიული სიყვარულისათვის შექმნილი ადამიანი, არ არის მცირე რამ, არამედ დიდია და მისი სიყვარულის ღირსი. ღვთის სიწმიდე არ არის ოდენ გავარვარებული ძლიერება, რომლის წინაშეც გვმართებს უკან დავიხიოთ მიწასთან გასწორებულებმა; ესაა სიყვარულის ძლიერება და სწორედ ამიტომაც, განმწმედელი და განმკურნებელი ძლიერება». 

(ჰომილია, უფლის სერობის წირვა, 2006 წელი)

მწუხარების II საიდუმლო
იესოს გაშოლტავენ სვეტთან
 

პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ. (მარ 15,5)
 

«მარიამმა, ჯერ კიდევ ხორციელად მის ჩასახვამდე, თავისი მორჩილების წყალობით, ჩაისახა იგი გულში. მას უთხრეს: „აჰა, ჩაისახავ ძეს... დიდი იქნება იგი... უფალი ღმერთი მისცემს მას მისი მამის დავითის ტახტს“ (ლკ 1,31შმდ.). მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, მან მოისმინა მოხუცი სიმეონის ბაგეებიდან სხვა სიტყვაც: „და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“ (ლკ 2,35). ამგვარად მას, ალბათ, გაახსენდა წინასწარმეტყველთა სიტყვები, მაგალითად: „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს“ (ეს 53,7). ახლა ყოველივე ეს სინამდვილედ იქცა. თავის გულში, ალბათ, სამუდამოდ შეინახა ანგელოზის სიტყვა, მას რომ უთხრა ყოველივეს დასაწყისში: „ნუ გეშინია, მარიამ“ (ლკ 1,30). მოწაფენი გაიქცნენ, იგი არ გარბის. დგას დედობრივი მამაცობით, დედობრივი ერთგულებით, დედობრივი სიკეთით და თავისი რწმენით, წყვდიადს რომ უძლებს: „ნეტარია, ვინც ირწმუნა“ (ლკ 1,45)».

(ჯვრის გზა, წითელი პარასკევი, 2005 წელი)

მწუხარების III საიდუმლო
იესო ეკლის გვირგვინით
 

გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი. დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: “გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!” და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. (მთ 27,28–30)
 

«თვითმარქვია მეფობისათვის დასჯილ იესოს დასცინიან, მაგრამ სწორედ ამ დაცინვაში აღმოჩინდება შიშველი სახით ჭეშმარიტება. რამდენჯერ ყოფილა ამა სოფლის ძლიერთა ხელისუფლების ინსიგნიათა ტარება სიმართლის, სამართლისა და ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა! რამდენჯერ მათი რიტუალები და მაღალ-მაღალი სიტყვები, სინამდვილეში სხვა არა ყოფილა რა, თუ არა პომპეზური სიცრუე, იმ დავალების კარიკატურა, რომელსაც აკისრებს მათ მათი თანამდებობა, ანუ სიკეთის სამსახურში დგომა. იესო, დაცინული და ტანჯვის გვირგვინდადგმული, სწორედ ამიტომაა ნამდვილი მეფე. მისი სკიპტრა სამართლიანობაა (შდრ. ფს 45,7). სამართლიანობის ფასი ტანჯვაა ამქვეყნად: იგი, მეფე ჭეშმარიტი, არ მეფობს ძალადობის საშუალებით, არამედ იმ სიყვარულის მეშვეობით, რომელიც იტანჯება ჩვენთვის და ჩვენთან ერთად. იგი საკუთარი მხრებით ატარებს ჯვარს, ჩვენს ჯვარს, ადამიანად ყოფნის ტვირთს, წუთისოფლის ტვირთს. ამგვარადაა, რომ იგი მიგვიძღვის და გვიჩვენებს, თუ როგორ მივაგნოთ ჭეშმარიტი ცხოვრებისაკენ მიმავალ ბილიკს».

(ჯვრის გზა, წითელი პარასკევი, 2005 წელი)

მწუხარების IV საიდუმლო
ჯვრით დატვირთული იესო ადის გოლგოთაზე
 

ის ევნო და თავისი ნებით ეწამა / და არ გაუხსნია ბაგე / როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიჰყავთ, / და როგორც ცხვარი,
მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს. / ძალადობითა და მრუდე სამართლით / მოიშორეს იგი თავიდან,/ვის ადარდებს მისი ბედი? / რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, / ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა.(ეს 53,7–8)
 

«ახალი აღთქმის ნამდვილი სიახლე არ მდგომარეობს ახალ იდეებში, არამედ თავად იესო ქრისტეს ფიგურაში, იესო ქრისტეში, ვინც ცნებებს ანიჭებს ხორცსა და სისხლს: მანამდე არსმენილი რეალიზმი. უკვე ძველ აღთქმაშივე ბიბლიური სიახლე არ მდგომარეობს უბრალოდ განყენებულ ცნებებში, არამედ ღმერთის გაუთვლელ და, გარკვეული სახით, მანამდე არსმენილ მოქმედებაში. ღმერთის ეს მოქმედება იძენს ახლა დრამატულ ფორმას იმ ფაქტში, რომ იესო ქრისტეში თავად ღმერთია გამოსული „გზააბნეული კრავის“, ტანჯული და დაკარგული კაცობრიობის საძებრად. როცა იესო თავის იგავებში საუბრობს გზააბნეული კრავის საძებრად გამოსულ მწყემსზე, დაკარგული დრაქმის მაძებარ ქალზე, მამაზე, უძღებ შვილს რომ გამოეგება და გულში ჩაიკრა, ეს იგავები ოდენ სიტყვები როდია, არამედ წარმოადგენენ თავად მისი ყოფნისა და მოქმედების ახსნას. ჯვარზე სიკვდილში აღესრულება ღმერთის საკუთარი თავის წინააღმდეგ ამხედრება, რომელშიც იგი გაეცემა, რათა წამოაყენოს და იხსნას ადამიანი: ესაა სიყვარული მის ყველაზე უკიდურეს ფორმაში. ქრისტეს განგმირული გვერდისაკენ მიპყრობილი მზერა, რომელზეც საუბრობს იოანე მახარებელი (შდრ 19,37), სწვდება იმას, რაც გახდა ამ ენციკლიკის საწყისი წერტილი: „ღმერთი სიყვარულია“ (1იო 4,8). სწორედ იქაა, რომ ამ ჭეშმარიტების ჭვრეტა ძალგვიძს. და სწორედ იქიდან გამომდინარე გვმართებს სიყვარულის განსაზღვრება. ქრისტიანი ამ მზერიდან დაწყებული პოულობს გზას თავისი ცხოვრებისა და სიყვარულისათვის».

(ღმერთი სიყვარული არს, 12)

მწუხარების V საიდუმლო
იესოს ჯვარზე სიკვდილი 
 

ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე შესრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: „მწყურია!“. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა ყოველივე!“ და მიიდრიკა თავი და სული განუტევა. (იო 19,28–29)
 

«გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იესომ მოწაფეებს თავისი მოახლოებული სიკვდილი და აღდგომა აუწყა იდუმალი ფრაზით. თქვა: „მე მივდივარ და მოვალ თქვენთან“ (იო 14,28). სიკვდილი წასვლაა. მიცვალებულის სხეული კი აქაა, მაგრამ იგი პიროვნულად წავიდა უცხო, იდუმალ მხარეს და ჩვენ არ ძალგვიძს მივყვეთ მას (შდრ. იო 13,36).
მაგრამ იესოს შემთხვევაში არსებობს ერთი სიახლე, მთელ სამყაროს რომ ცვლის. ჩვენს სიკვდილში წასვლა საბოლოოა, მოუსავალი. იესო კი ამბობს თავის სიკვდილზე, მივდივარ და მოვალო თქვენთანო. სწორედაც თავისი წასვლით იგი მოდის. მისი წასვლა ხსნის სრულიად ახლებურ და უფრო დიადი სახით მის ჩვენთან და ჩვენთვის ყოფნას. თავისი სიკვდილით იგი შედის მამის სიყვარულში. მისი სიკვდილი სიყვარულის ნაბიჯია. სიყვარული კი, ხომ უკვდავია. სწორედ ამიტომ მისი წასვლა გარდაიქმნება მის ახალ მოსვლად, მისი ყოფნის ისეთ ფორმად, რომელიც უფრო სიღრმეში აღწევს და აღარ თავდება».

(ჰომილია, საპასექო ღამისთევა, 2008 წელი)

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge