დიდების II საიდუმლო
იესოს ამაღლება მამასთან
 

და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში. მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ. (ლკ 24,50–53)
 

«ჩვენთვისაა, რომ გარდმოვიდა იგი ზეციდან და ჩვენთვისვეა, რომ ამაღლდა იქვე, მას შემდეგ, რაც ყველაფრით დაემსგავსა ადამიანს, დამცირდა ჯვარზე სიკვდილამდე, და მას შემდეგ, რაც შეეხო ღმერთისაგან ყველაზე დიდი დაშორების უფსკრულის ფსკერს. სწორედ ამიტომ მოიწონა იგი მამამ და „ზეაღამაღლა“ (ფილიპ 2,9) და დაუბრუნა მას მისი დიდების სისავსე, ოღონდ ამჯერად ჩვენს კაცობრივ ბუნებასთან ერთად. ღმერთი ადამიანში და ადამიანი ღმერთში: ეს უკვე არის არა თეორიული, არამედ რეალური ჭეშმარიტება. ამიტომ, ქრისტიანის იმედი, ქრისტეში რომაა დაფუძნებული, ილუზია როდია, არამედ, როგორ ამბობს წერილი ებრაელთა მიმართ, „ის ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა“ (ებრ 6,19), ღუზა, რომელიც აღწევს ზეცაში, სადაც ქრისტე შეგვიძღვა.
და რა სჭირდება ყოველი ეპოქის ადამიანს, თუ არა ეს: მტკიცე ღუზა თავისი არსებობისათვის? აი, კიდევ ერთხელ, მარიამის ჩვენს შორის ყოფნის გამაოგნებელი საზრისი. პირველი მოწაფეების დარად მისკენ მზერის მიპყრობისა მაშინვე ეს ჩვენი მზერა აირეკლება მასზე და სწვდება იესოს: დედა შვილისკენ გვგზავნის».

(Regina coeli, ამაღლების დიდდღესასწაული, 2008 წელი)

დიდების V საიდუმლო
მარიამის დაგვირგვინება ზეცისა და მიწის დედოფლად
 

გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი — დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით. (გამოცხ 12,1)
 

«მარიამი მხოლოდ ქრისტესთან როდია განსაკუთრებულ ურთიერთობაში, ღვთის ძესთან, რომელმაც ინება, როგორც ადამიანი გამხდარიყო მისი შვილი. იგი სავსებითაა ქრისტესთან ერთობაში და ამიტომ, იგი სავსებით გვეკუთვნის ჩვენც. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიამი ახლოა ჩვენთან, როგორც არავინ სხვა, რადგან ქრისტეა ადამიანი ადამიანთათვის და მთელი მისი არსება „ჩვენთვის ყოფნაა“. ქრისტე – ბრძანებენ ეკლესიის მამები –, როგორც თავი განუყოფელია სხეულისაგან, რომელიცაა ეკლესია, და მასთან ერთად ქმნის, ასე ვთქვათ, ერთ ცოცხალ სუბიექტს. დედამისი, სრულიად ეკლესიის დედაცაა; მას, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი თავი მთლიანად აქვს წართმეული; სრულებით მიეძღვნა ქრისტეს და მასთან ერთად გვეძღვნება ყველა ჩვენგანსაც. მართლაც, რაც მეტად ეძღვნება ადამიანი, მით მეტად პოულობს საკუთარ თავს».

(ჰომილია, უმანკო ჩასახების დიდდღესასწაული, 2005 წელი)

დიდების III საიდუმლო
წმიდა სულის ნიჭი
 

ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. (საქმ 2,1–4)
 

«ცეცხლი იძენს ენების ფორმას, თითეულ მოწაფეზე რომ ივანებს, რომლებიც „აღივსნენ წმიდა სულით“ და ამ გადმოღვრის შედეგად „იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე“ (საქმ 2,4). საუბარია საკრებულოს ნამდვილ ცეცხლით „ნათლისღებაზე“, ერთგვარ ახალ ქმნილებაზე. სულთმოფენობაზე ეკლესია დადგინდა არა ადამიანის ნებით, არამედ ღვთის სულის ძალით. და მაშინვე ვლინდება, როგორ ანიჭებს სიცოცხლეს საკრებულოს, რომელიც ერთდროულად ერთიცაა და საყოველთაოც, რითაც დაიძლეა ბაბილონის წყევლა (შდრ. დაბ 11,7–9).
მართლაც, მხოლოდ წმიდა სულს ძალუძს – სულს, რომელიც ქმნის ერთობას სიყვარულში და განსხვავებულობის ურთიერთმიღებაში – დაიხსნას კაცობრიობა იმ მუდმივი ცდუნებისაგან რომელიც მდგომარეობს სურვილში, მიწიერი ძალაუფლებით იბატონოს ყოველივეზე და გააერთფეროვნოს ყოველივე».

(ჰომილია, სულთმოფენობის დიდდღესასწაული, 2008 წელი)

დიდების IV საიდუმლო
მარიამის სულითა და სხეულით ზეცად აღყვანება 
 

მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა პირმშო. ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ — მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. და თითოეული თავისი წესით: პირველად — ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას. მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.(1კორ 15,20–24)
 

«მარიამმა უკან მოიტოვა სიკვდილი; იგი სრულადაა სიცოცხლით შემოსილი, სულითა და ხორცით იქნა აღყვანლი ღვთის დიდებაში და ამგვარად, განდიდებული, სიკვდილდაძლეული, გვეუბნება: გამხნევდით, საბოლოოდ სიყვარულია რომ იმარჯვებს! ჩემი ცხოვრება ამ სიტყვებში გამოითქმება: „აჰა მე, მხევალი ვარ უფლისა“. ჩემი სიცოცხლე ჩემი თავის ძღვენი იყო, ღმერთისა და მოყვასისადმი გაღებული ძღვენი. და მსახურებით განვლილი ეს ცხოვრება ახლა მიადგა ნამდვილ სიცოცხლეს. სასოება იქონიეთ, იქონიეთ სიმხნევე, ასევე იცხოვროთ თქვენც, გველეშაპის ყოველი მუქარის მიუხედავად [...]. სწორედ ამგვარად ვიქნებით სიყვარულის გზაზე, რაც ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას, მაგრამ, საკუთარი თავის ამ დაკარგვაშია, სინამდვილეში, ერთადერთი გზა საკუთარი თავის, ჭეშმარიტი სიცოცხლის ნამდვილად საპოვნელად.
ვუმზიროთ მარიამს, ზეცად აღყვანილს. დე, გავმხნევდეთ რწმენისა და სიხარულს ზეიმისათვის: ღმერთი იმარჯვებს. ერთი შეხედვით სუსტი რწმენა არის წუთისოფლის ნამდვილი ძალა. სიყვარული სიძულვილზე უფრო ძლიერია».

(ჰომილია, მარიამის ზეცადაღყვანების დიდდღესასწაული, 2007 წელი)

დიდების I საიდუმლო
იესოს აღდგომა

 

შაბათის გასულს, ერთშაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი — თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ“. (მთ 28,1–7)

 

«იესოს აღდგომის საშუალებით სიყვარული სიკვდილზე ძლიერი გამოჩნდა, ბოროტებაზე ძლიერი. სიყვარულმა იგი დაამდაბლა თავისი სიმაღლიდან, არადა, ამავდროულად ისაა ის ძალა, რომლითაც იგი მაღლდება. ძალა, რომლითაც თავისთან მივყავართ. მისი სიყვარულით გაერთიანებულნი, სიყვარულის ფრთებზე, როგორც ისინი, რომელთაც უყვართ, მას მივყვებით წუთისოფლის წყვდიადში და ვიცით, რომ სწორედ ამგვარადაა რომ მასთან ერთადვე ავმაღლდებით. მაშ, ვილოცოთ: უფალო, დღესაც გვიჩვენე რომ სიყვარული სიძულვილზე ძლიერია; სიკვდილზე უფრო ძლიერი. შემოდი ამ ჩვენი ახალი დროების ღამეებსა და ქვესკნელში და ხელი ჩასჭიდე მათ, ვინც შენ მოგელის. გამოიყვანე ისინი ნათელში! იყავ აგრეთვე ჩემს კუნაპეტ ღამეებშიც ჩემთან ერთად და გამიყვანე გარეთ! შემეწიე, შეგვეწიე, რომ ჩამოგყვეთ შენ იმათ წყვდიადში, ვინც მოგელიან, სიღრმეებიდან რომ მოგიხმობენ მთელი არსებით! შეგვეწიე, მივაწოდოთ მათ შენი ნათელი! შეგვეწიე, ჩვენც სიყვარულით გითხრათ შენ „ამენ“, რაც დამდაბლების გზაზე დადგომას აღნიშნას ჩვენთვის, რათა სწორედ ასე ავმაღლდეთ შენთან ერთად!»
(ჰომილია, საპასექო ღამისთევა, 2007 წელი)

©2017 by Catholicchurch.ge