კონსტიტუცია

წმიდა ლიტურგიის შესახებ

 

SACROSANCTUM CONCILIUM

 

                   

პავლე ეპისკოპოსი,

ღმრთის მსახურთა მსახური,

წმიდა კრების მამებთან ერთად,

სამუდამო სახსოვრად

 

კონსტიტუცია

წმიდა  ლიტურგიის  შესახებ

 

 

 

შესავალი

 

     1. წმიდა კრება მიზნად ისახავს შემდეგს: იზრუნოს ერთგულთა შორის ქრისტიანული ცხოვრების მომწიფებისთვის; ჩვენი დროის მოთხოვნილებებს უკეთ შეუსაბამოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ცვალებადობას ექვემდებარება; ხელი შეუწყოს ყველა იმ ადამიანის ერთობას, ვისაც ქრისტე სწამს; განამტკიცოს ის, რაც ყველას უხმობს ეკლესიის წიაღში. ამიტომ თავის განსაკუთრებულ მოვალეობად კრებას მიაჩნია, იზრუნოს ლიტურგიის აღორძინებისა და განვითარებისთვის.

 

     2. ლიტურგიის მეშვეობით, უპირველეს ყოვლისა, ევქარისტიის საღმრთო მსხვერპლში, „სრულდება ჩვენი გამომსყიდველის საქმე“[1]. ის უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს იმას, რომ ერთგულებმა თავისი ცხოვრებით გამოხატონ და ყველასთვის გამოავლინონ ქრისტეს საიდუმლოება და ჭეშმარიტი ეკლესიის ნამდვილი ბუნება. მისი თვისება არის, იყოს ერთდროულად ადამიანური და საღმრთო, ხილული და თან უხილავი სინამდვილით მდიდარი, ქმედითად მგზნებარე და მჭვრეტელობისთვის მოცლილი, სამყაროში დაფუძნებული და თან მსხემი. ის, რაც ეკლესიაში ადამიანურია, საღმრთოს უნდა შეესაბამოს და მას დაექვემდებაროს, ხილული – უხილავს, ქმედითი – მჭვრეტელობას, ამჟამად არსებული – მომავალ ქალაქს, რომელსაც ვეძებთ[2]. ლიტურგია ყოველ დღე აშენებს მათ, ვინც შიგ არის, „ტაძრად წმიდად უფლისა მიერ“, „სამკჳდრებლად ღმრთისა სულითა“[3], ვიდრე ზომამდე „ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“[4]. ამ დროს ის მათ განსაცვიფრებლად ძალას ჰმატებს, რათა ქრისტე იქადაგონ. ასე აჩვენებს ლიტურგია ეკლესიას მათ, ვინც გარეთ არის, ვითარცა ნიშანს, აღმართულს ერებში[5], რომლის ქვეშ „შვილნი განბნეულნი ღმრთისანი შეკრიბნეს ერთად“[6], ვიდრე იქნება „ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“[7].

 

     3. ამიტომ, ლიტურგიის განვითარებასა და განახლებასთან დაკავშირებით, წმინდა კრებას საჭიროდ მიაჩნია, გაიხსენოს ქვემოთ ხსენებული პრინციპები და დაადგინოს პრაქტიკული ნორმები.

     ამ პრინციპებსა და ნორმებს შორის ზოგიერთი შეიძლება და უნდა მიესადაგოს როგორც რომაულ წესს, ასევე ყველა სხვა წესს. რაც შეეხება ქვემოთ ხსენებულ პრაქტიკულ ნორმებს, ისინი უნდა განვიხილოთ მხოლოდ რომაულ წესთან მიმართებაში, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი იმას არ ეხება, რაც თავისი ბუნებით სხვა წესებზეც ზემოქმედებს.

   

    4. წმიდა კრება ერთგულად მისდევს ტრადიციას. იგი აცხადებს, რომ, კანონისა და ღირსების თანახმად, წმიდა დედა ეკლესიისთვის ყველა წესი თანასწორია და მას მომავალშიც მათი შენახვა და მათთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა სურს. კრებას უნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი სრული გადასინჯვა მოხდეს, გონივრულად და ჯანსაღად, რათა მათ ახალი ძალა შეიძინონ, დღევანდელი ვითარებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.

 

 

 

 

 

თავი I
 
წმიდა ლიტურგიის განახლებისა და
 განვითარების ზოგადი პრინციპები

 

I.         წმიდა ლიტურგიის ბუნება და მისი მნიშვნელობა ეკლესიის ცხოვრებაში

 

     5. როცა მოიწია ჟამთა სისავსე, ღმერთმა, „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1ტიმ. 2, 4), და რომელიც „მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე [...] ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ“ (ებრ. 1, 1), მოავლინა თავისი ძე, განხორციელებული სიტყვა, „მახარებლად გლახაკთა“, „განკურნებად შემუსრვილთა გულითა“[8], „ხორციელ და სულიერ მკურნალად“[9]. შუამდგომელად ღმრთისა და კაცთა[10]. სწორედ მისი ადამიანობა, საღმრთო სიტყვასთან ერთობაში (in unitate personae Verbi), გახდა იარაღი ჩვენი გამოხსნისა. ამიტომ ქრისტეში მოხდა „ჩვენი შერიგების სრული წყალობა (placatio), და მოგვენიჭა საღმრთო კულტის სისავსე“[11].

     ადამიანთა გამოსყიდვისა და ღმრთის სულყოფილი განდიდების საქმე, რომელსაც ძველი აღთქმის ხალხის სასწაულები უძღოდა, უფალმა ქრისტემ დაასრულა. მან ეს, უპირველეს ყოვლისა, აღდგომის საიდუმლოებით (paschale mysterium) აღასრულა: ნეტარი ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და დიდებული (gloriosae) ამაღლების მეშვეობით მან „სიკვდილით დათრგუნა ჩვენი სიკვდილი, ხოლო აღდგომით ცხოვრება აღადგინა“[12]. ჯვარცმული ქრისტეს ფერდიდან აღმოცენდა მთელი ეკლესიის განსაცვიფრებელი საიდუმლო[13].

 

     6. ამიტომ, როგორც ქრისტე მოივლინა მამის მიერ, ასევე თავად მან მოავლინა მოციქულები, სული წმიდით სავსენი. ისინი მოივლინენ არა მხოლოდ იმისთვის, რათა სახარების ქადაგებით ყველა დაბადებულისათვის ეუწყათ[14], რომ ძე ღმრთისამ თავისი სიკვდილითა და აღდგომით გაგვათავისუფლა ეშმაკის ძალისაგან[15] და გადაგვიყვანა ღმრთის სასუფეველში, არამედ იმისთვისაც, რათა განეხორციელებინათ ის, რასაც აუწყებდნენ: გამოხსნის საქმე მსხვერპლისა და საიდუმლოთა მეშვეობით, რომელთა ირგვლივ ბრუნავს მთელი ლიტურგიული ცხოვრება. ასე, ნათლობით ადამიანები ჩაერთნენ ქრისტეს აღდგომის საიდუმლოში: თანამკვდარნი, თანადაფლულნი, თანააღმდგარნი[16], ისინი იღებენ შვილობის (adoptionis filiorum) სულს, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ (რომ. 8, 15), და ასე ხდებიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, რომლებსაც მამა ეძიებს[17]. ყოველთვის, უფლის სერობის მიღებისას, ისინი უფლის სიკვდილს აუწყებენ ვიდრე მის მოსვლამდე[18]. ამიტომ ორმოცდამეათე დღეს, როდესაც ეკლესია სამყაროს მოევლინა, „შეიწყნარეს სიტყუაჲ“ პეტრესი და „ნათელ-იღეს“. „და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა ...აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა“ (საქმე 2, 41-47). ამიერიდან ეკლესია მუდამ იკრიბება აღდგომის საიდუმლოების დღესასწაულზე, რათა წაიკითხოს „ყოველთაგან წიგნთა მისთჳს“ (ლუკ. 24, 27), აღასრულოს ევქარისტია, რომელიც „გამოხატავს სიკვდილზე მის გამარჯვებასა და ტრიუმფს“[19], და, იმავე დროს, უთხრას „მადლი ღმერთსა გამოუთქმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა“ (2კორ. 9, 15), იესო ქრისტეში, „საქებელად დიდებისა მისისა“ (ეფეს. 1, 12), სული წმიდის ძალით.

 

     7. ამ დიდი საქმის შესასრულებლად ქრისტე მუდამ გვერდში უდგას თავის ეკლესიას, უპირველეს ყოვლისა, ლიტურგიულ ქმედებებში. ის იმყოფება წმიდა წირვის მსხვერპლში (Missae Sacrificio), როგორც მსახურის სახით („რადგან ახლა ღმრთისმსახურებას ეძლევა ის (offerens sacerdotum ministerio), ვინც მაშინ ჯვარზე მისცა თავი (qui seipsum tunc in cruce obtulit“)[20], ასევე, განსაკუთრებით, ევქარისტიული სახეობებით (sub speciebus eucharisticis). თავისი ძალით ის არის საიდუმლოებში: როცა ვინმე ნათლავს, თავად ქრისტე ნათლავს[21]. ის არის თავის სიტყვაში: ის თავად ლაპარაკობს, როდესაც ეკლესიაში წმიდა წერილს კითხულობენ. და ბოლოს, ის აქვეა, როცა ეკლესია ლოცულობს და გალობს, თავად იგი, რომელმაც აღგვითქვა: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18, 20).

     მართლაც, ამ დიდი საქმით, რომელიც სრულყოფილად განადიდებს ღმერთს და წმიდაყოფს ადამიანებს, ქრისტე მუდამ უკავშირდება ეკლესიას, თავის საყვარელ სძალს, რომელიც თავის უფალს მოუწოდებს და მისი მეშვეობით საუკუნო მამას თაყვანს სცემს.

     ამიტომ ლიტურგია სამართლიანად მიიჩნევა იესო ქრისტეს სამღვდლო ფუნქციის განხორციელებად: მასში ადამიანთა წმიდაყოფა აღინიშნება გრძნობით აღსაქმელი ნიშნებით და სრულდება თითოეულისთვის შესაფერისი სახით, და იესო ქრისტეს მისტიკური (mystico) სხეულით, ესე იგი თავითა და მისი ასოებით სრულდება სრული საჯარო თაყვანისცემა.

     მაშასადამე, ყოველგვარი ლიტურგიული მსახურება (celebratio) წარმოადგენს ქრისტე-მღვდლისა და მისი სხეულის – ეკლესიის _ საქმეს. ამიტომ ეს არის განსაკუთრებით წმიდა ქმედება, რომლის ეფექტურობას ხარისხითა და მასშტაბით ეკლესიის ვერც ერთი სხვა ქმედება ვერ გაუტოლდება.

 

     8. მიწიერ ლიტურგიაში მონაწილეობით მოველით ზეციურს. ის სრულდება წმიდა ქალაქში – იერუსალემში, რომლისკენაც მივისწრაფით მსხემობაში. იქ „ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“, „წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისა“[22]. ყველა ზეციურ მხედრობასთან ერთად ვუგალობთ უფალს დიდების ჰიმნს; წმიდანთა ხსოვნის თაყვანისცემით, მათთან ზიარებისა და ურთიერთობის იმედი გვაქვს; მოველით ჩვენს მაცხოვარს, უფალს იესო ქრისტეს, ვიდრე თავად გამოცხადდება იგი, ჩვენი ცხოვრება, და ჩვენ გამოვცხადდებით მასთან ერთად დიდებით[23].

 

     9. ეკლესიის მთელი ქმედება წმიდა ლიტურგიით არ ამოიწურება. სანამ ადამიანები ლიტურგიას შეუდგებოდნენ, ისინი სარწმუნობისა და მოქცევისთვის უნდა იქნენ მოხმობილნი: „ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? ანუ ვითარ-მე ქადაგებენ, არა თუ წარავლინნენ?“ (რომ. 10, 14-15).

     ამიტომ აუწყებს ეკლესია გამოხსნას მათ, ვინც მორწმუნე არ არის, რათა ყველა ადამიანმა შეიცნოს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც მოავლინა იესო ქრისტე, და დატოვოს თავისი გზა და შეინანოს[24]. ხოლო მორწმუნეებს ის მუდამ უნდა უქადაგებდეს რწმენასა და მონანიებას. ეკლესია მათ, უპირველეს ყოვლისა, საიდუმლოებისთვის უნდა განაწყობდეს, ასწავლიდეს, დაიმარხონ ყოველი, რაც ქრისტემ ამცნო[25], და უბიძგებდეს ყველა იმ საქმისკენ, რომლებსაც სიყვარული, ღმრთისმოსაობა და მოციქულობა ჰქვია. ამ საქმეთა მეშვეობით ცხადი უნდა გახდეს, რომ თუმცა ქრისტეს ერთგულნი ამა ქვეყნისანი არ არიან, ისინი მაინც არიან ქვეყნის ნათელი და მამას ადამიანთა წინაშე განადიდებენ.   

 

     10. ლიტურგია არის მწვერვალი, რომლისკენაც მიისწრაფვის ეკლესიის ქმედება და, ამასთანავე, ის არის წყარო, რომლიდანაც მთელი მისი ძალა მომდინარეობს. მოციქულური გარჯა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა, ვინც სარწმუნოებითა და ნათლობით ღმრთის შვილი გახდა, შეიკრიბოს, ადიდებდეს ღმერთს ეკლესიაში, მონაწილეობდეს მსხვერპლში და მიიღოს უფლის სერობა.

     თავის მხრივ, ლიტურგია უბიძგებს ერთგულებს, აღსავსეს „აღდგომის საიდუმლოებით“, იყვნენ „ღმრთისმოსაობით ერთიანნი (pietate concordes)“[26]. ის ლოცულობს, რათა მათ „ცხოვრებით შეინარჩუნონ ის, რასაც სარწმუნოებით ჩასწვდნენ“[27]. ევქარისტიაში ადამიანებთან უფლის კავშირის განახლება ერთგულებს ქრისტეს გადაუდებელი სიყვარულისკენ იზიდავს და აღაგზნებს. ამგვარად, ლიტურგიიდან, უპირველეს ყოვლისა კი ევქარისტიიდან, როგორც წყაროდან, ჩვენში მადლი მოედინება და უაღრესად ქმედითი ხდება ქრისტეში ადამიანთა ის ნათელყოფა და უფლის განდიდება, რომლისკენაც, როგორც მიზნისკენ, ეკლესიის ყველა სხვა საქმე მიისწრაფვის.

 

     11. ამ შედეგის სრულად მისაღწევად აუცილებელია, რომ ერთგულნი ლიტურგიას სწორი განწყობით (cum recti animi) მიუდგნენ, თავისი გონება საკუთარ ხმას შეუწყონ და უზენაეს მადლთან ითანამშრომლონ, რათა იგი არა ამაოდ შეიწყნარონ[28]. ამიტომ სულთა მწყემსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ლიტურგიულ ქმედებაში წესების დაცვას, რათა მათი შესრულება ქმედითად და სწორად მოხდეს, ხოლო ერთგულებმა მასში შეგნებულად, აქტიურად და ნაყოფიერად მიიღონ მონაწილეობა.

 

     12. მაგრამ სულიერ ცხოვრებას მხოლოდ წმიდა ლიტურგიაში მონაწილეობა არ შეადგენს. მართალია, ქრისტიანი მოწოდებული არის ერთობლივი ლოცვისკენ, მაგრამ ის უნდა თავის სენაკში შევიდეს, რათა მამის მიმართ ფარულად ილოცოს[29]. მეტიც: მოციქული გვასწავლის, რომ მან მოუკლებელად უნდა ილოცოს[30]. იმავე მოციქულისგან ვსწავლობთ, რომ მუდამ ვატარებთ იესოს სიკვდილს ჩვენს სხეულში, რათა იესოს ცხოვრებაც გამოცხადდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში[31]. ამიტომ წირვის მსხვერპლში უფალს ვევედრებით, რომ „სულიერი მსხვერპლის მიღებით (hostiae spiritualis oblatione suscepta) „მისთვის გვსრულყოს“ საუკუნო საჩუქრად (munus)“[32].

 

     13. მხურვალედ რეკომენდირებულია ქრისტიანი ხალხის ღმრთისმოსავი მსახურებანი (pia... exercitia), როდესაც ისინი შეესაბამება ეკლესიის კანონებსა და ნორმებს, განსაკუთრებით თუ მათი შესრულება სამოციქულო საყდრის (Apostolicae Sedis) განკარგულებით ხდება.

     განსაკუთრებით ღირებულია ცალკეულ ეკლესიათა წმიდა მსახურებანი, რომლებიც ეპისკოპოსთა განკარგულებით სრულდება, ჩვეულებებისა თუ კანონიერად მიჩნეული წიგნების მიხედვით.

     ეს მსახურებანი უნდა განწესდეს ლიტურგიულ დროთა გათვალისწინებით, რათა ისინი შეეწყოს წმიდა ლიტურგიას, გარკვეულწილად მისგან მომდინარეობდეს და მასთან ხალხი მიიყვანოს, იმიტომ, რომ თავისი ბუნებით ლიტურგია მათ დიდად აღემატება.

 

 

II. ლიტურგიული მომზადება და აქტიური მონაწილეობა

 

     14. დედა ეკლესიას დიდად სურს, რომ ყველა ერთგულმა სრულად, შეგნებულად და აქტიურად მონაწილეობა მიიღოს ლიტურგიულ მსახურებაში, რომელსაც თავად ლიტურგიის ბუნება ითხოვს. ნათლობის ძალით, ეს არის უფლება და მოვალეობა ქრისტიანი ხალხისა, რომელიც არის „ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული“ (1პეტრ. 2, 9; შდრ. 2, 4-4).

     მთელი ხალხის ეს სრული და აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმიდა ლიტურგიის განახლებისა და განვითარებისთვის. იგი მართლაც პირველი და აუცილებელი წყაროა, რომლიდანაც ერთგულებმა ჭეშმარიტად ქრისტიანული სული უნდა მიიღონ. ამიტომ მთელს სამწყსო საქმიანობაში, სათანადო მომზადების საფუძველზე, სულიერი მწყემსები მას დიდი გულისყურით უნდა ეკიდებოდნენ.

     მაგრამ ამაოდ უნდა გვქონდეს ამის მიღწევის იმედი, თუკი მანამდე სულიერი მწყემსები თავად ღრმად არ განიმსჭვალებიან ლიტურგიის სულითა და ძალით და მის მოძღვრებად არ იქცევიან. ამიტომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ სამღვდელოების (cleri) ლიტურგიული მომზადება მოხდეს. ამიტომ წმიდა კრებამ გადაწყვიტა გამოეტანა შემდეგი დადგენილებები:

 

     15. მოძღვრებმა, რომლებიც წმიდა ლიტურგიის დისციპლინებს სემინარიებში, სამოწესეო სასწავლო სახლებში (studiorum domibus religiosis) და თეოლოგიის ფაკულტეტებზე ასწავლიან, თავისი ფუნქციის შესასრულებლად განსაკუთრებული მომზადება უნდა გაიარონ სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ინსტიტუტებში.

 

     16. წმიდა ლიტურგიის დისციპლინა უნდა განეკუთვნებოდეს აუცილებელ და პრიორიტეტულ დისციპლინათა რიცხვს სემინარიებში და სამოწესეო სასწავლო სახლებში, ხოლო თეოლოგიის ფაკულტეტებზე – უმთავრეს დისციპლინათა რიცხვს. მისი გადმოცემა საჭიროა როგორც თეოლოგიური და ისტორიული, ასევე სულიერი, სამოძღვრო (pastoralis) და იურიდიული ასპექტით. გარდა ამისა, სხვა დისციპლინათა მოძღვარნი, უპირველეს ყოვლისა, დოგმატური თეოლოგიისა, წმიდა წერილისა, სულიერი და სამოძღვრო თეოლოგიისა, უნდა ეცადონ, თითოეული საგნის შინაგანი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ისე განმარტონ ქრისტეს საიდუმლოება და გამოხსნის ისტორია, რომ ნათლად წარმოჩნდეს მათი კავშირი ლიტურგიასთან და სამღვდლო მომზადების ერთიანობა.

 

     17. სემინარიებსა და სამოწესეო სასწავლო სახლებში სამღვდელოებამ სულიერი ცხოვრებისთვის ლიტურგიული აღზრდა უნდა მიიღოს. ეს უნდა მოხდეს სათანადო ხელმძღვანელობით, რომლის დახმარებით ისინი გააცნობიერებენ წმიდა წესებს და მთელი სულით მათი მონაწილენი გახდებიან, აგრეთვე წმიდა საიდუმლოთა ღმრთისმსახურებით და ღმრთისმოსაობის სხვა ფორმებით, რომლებიც წმიდა ლიტურგიის სულით არიან გამსჭვალულნი. ამასთანავე, მათ უნდა ისწავლონ ლიტურგიული კანონების დაცვა, რათა სემინარიებში და მოწესეთა ინსტიტუტებში ცხოვრება ღრმად განიმსჭვალოს ლიტურგიული სულით.

 

     18. მღვდელმსახურებს, როგორც სეკულარულს, ასევე მოწესეებს, რომლებიც უკვე მოქმედებენ უფლის ვენახებში, ყველა შესაძლო საშუალებით უნდა გაეწიოს დახმარება, რათა სულ უფრო სრულყოფილად გააცნობიერონ ის, რასაც ღმრთისმსახურებისას (in functionibus sacris) აკეთებენ, და რათა იცხოვრონ ლიტურგიული ცხოვრებით, რომელსაც მათთვის მინდობილ ერთგულებთან ერთად გაიზიარებენ.

 

     19. სულთა მწყემსებმა გულმოდგინედ და მოთმინებით უნდა იზრუნონ ლიტურგიული მომზადებისა და ერთგულთა აქტიური, როგორც შიდა, ასევე გარეშე, მონაწილეობისთვის, მათი ასაკის, მდგომარეობის, ცხოვრების წესისა და რელიგიური კულტურის დონის შესაბამისად. ამგვარად, მათ უნდა შეასრულონ ღმრთის საიდუმლოებათა ერთგული განმგებლის  (dispensatoris) ერთერთი მთავარი ფუნქცია, და თავის სამწყსოს ამ საქმეში არა მარტო სიტყვით უნდა ხელმძღვანელობდნენ, არამედ მაგალითითაც.

 

     20. მღვდელმსახურების (actionum sacrarum) გადმოცემა რადიოთი და ტელევიზიით, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება წმიდა წირვას, უნდა მიმდინარეობდეს მოკრძალებითა და ღირსებით, იმ პირის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით, რომელსაც ეს სამსახური ეპისკოპოსმა დააკისრა.

 

III. წმიდა ლიტურგიის განახლება

 

     21. ღმრთისმოსავ დედა ეკლესიას სურს, გულმოდგინედ იზრუნოს ზოგადად ლიტურგიის განახლებისთვის. ლიტურგია შედგება უცვლელი, ღმრთივდადგენილი ნაწილისგან და ცვალებადი ნაწილებისგან, რომლებიც დროში შეიძლება იცვლებოდეს და კიდეც უნდა იცვლებოდეს, თუ მათში შემთხვევით მოხვდება ის, რაც არ შეეფერება ლიტურგიის შინაგან ბუნებას, ან თუ თავად ეს ნაწილები შეუსაბამოა.

     ამ განახლების შედეგად ტექსტისა და წესების  ორგანიზაცია ისე უნდა მოხდეს, რომ მათ უფრო ნათლად გამოხატონ ის სიწმიდეები, რომლებსაც აღნიშნავენ. ქრისტიანი ხალხი მათ შეძლებისდაგვარად ადვილად უნდა ჩასწვდეს. მას უნდა შეეძლოს, სრულად და აქტიურად მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ღმრთისმსახურებაში.

     ამიტომ წმიდა კრებამ დაადგინა შემდეგი ზოგადი ნორმები:

 

  1. ზოგადი ნორმები

 

     §1. წმიდა ლიტურგიის წარმართვა მთლიანად დამოკიდებულია ეკლესიის უფლებამოსილებაზე, ხოლო ის განეკუთვნება სამოციქულო საყდარს, და, კანონმდებლობის თანახმად (ad normam iuris), ეპისკოპოსს.

     §2. კანონით მინიჭებული ძალაუფლებით, გარკვეულ ფარგლებში ლიტურგიის სფეროში ხელმძღვანელობა შეუძლიათ აგრეთვე ეპისკოპოსთა სხვადასხვა გაერთიანებებს, რომლებიც კომპეტენტურია გარკვეულ ტერიტორიაზე და კანონიერად არის დამტკიცებული.

     §3. ამიტომ არავის, მღვდელმსახურსაც კი, არ შეუძლია საკუთარი მოსაზრებით ლიტურგიაში რამე ჩაამატოს, ამოიღოს ან შეცვალოს.

 

     23. საჭიროა ჯანსაღი ტრადიციის შენარჩუნება, მაგრამ პროგრესიც აუცილებელია. ამიტომ ლიტურგიის ცალკეულ ნაწილთა გადასინჯვას მუდამ წინ უნდა უძღოდეს საფუძვლიანი თეოლოგიური, ისტორიული, სამოძღვრო გამოკვლევა. გასათვალისწინებელია ლიტურგიის სტრუქტურისა და არსის ზოგადი კანონები, აგრეთვე გამოცდილება, რომელიც მომდინარეობს უკანასკნელი ლიტურგიული განახლებიდან და სხვადასხვა ადგილას დაშვებული ინდულტებიდან. დაბოლოს, სიახლეები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას დაშვებული, თუ ეს ნამდვილად და უცილობლად აუცილებელია ეკლესიისთვის. ყურადღება იმასაც უნდა მიექცეს, რომ ახალი ფორმების აღმოცენება მოხდეს ორგანულად, უკვე არსებული ფორმებიდან.

     შეძლებისდაგვარად საჭიროა იმაზე ფიქრიც, რომ არ გაჩნდეს მნიშვნელოვანი სხვაობები მეზობელ რეგიონთა წესებში.

 

    24. წმიდა წერილის მნიშვნელობა ლიტურგიაში ძალიან დიდია. მისგან მომდინარეობს საკითხავები, რომლებსაც კითხულობენ და ჰომილიებში განმარტავენ, აგრეთვე ფსალმუნნი, რომლებსაც გალობენ; მისგან მომდინარე შთაგონებითა და აღმაფრენით იქმნება ლოცვები  და ლიტურგიული საგალობლები, და მისგან იძენენ თავის მნიშვნელობას ქმედებები და ნიშნები. წმიდა ლიტურგიის განახლების, პროგრესისა და ადაპტაციისთვის ხელი უნდა შეეწყოს წმიდა წერილის ტკბილ და ცოცხალ სიყვარულს, რომელსაც მოწმობს აღმოსავლური და დასავლური წესების პატივდებული ტრადიცია.

 

     25. ლიტურგიული წიგნები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იქნეს გადასინჯული. ამისთვის საჭიროა სპეციალისტების მოწვევა და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ეპისკოპოსებთან თათბირი.

 

 

ბ. ნორმები, რომლებიც მომდინარეობს ლიტურგიის, როგორც იერარქიული და საზოგადოებრივი ქმედების ბუნებიდან

 

     26. ლიტურგიული ქმედებები არ არის კერძო ქმედებანი, არამედ ღმრთისმსახურებანი (celebrationes) ეკლესიისა, რომელიც არის „საიდუმლოთა ერთობა“, ე. ი. წმიდა ხალხი, ეპისკოპოსთაგან შეკრებილი და წარმართული[33].

     ამიტომ ეს ქმედებები განეკუთვნება ეკლესიის მთელ სხეულს, ისინი მას გამოავლენენ და მასზე მოქმედებენ.   თავის ცალკეულ წევრთან მათ თავისებური შეხება აქვს, ხარისხების (ordinum), ფუნქციებისა და რეალური მონაწილების მიხედვით.

 

     27. ყოველთვის, როცა წესები, თითოეული თავისებურად, გულისხმობს ერთობლივ ღმრთისმსახურებას, რომელშიც ერთგულები ხშირად და აქტიურად იღებენ მონაწილეობას, მაშინ სასურველია, რომ შეძლებისდაგვარად, მათ მიენიჭოს უპირატესობა, ცალკეულ და ერთგვარად კერძო ღმრთისმსახურებასთან შედარებით.

     ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, წირვის აღსრულებას (მას მუდამ აქვს საჯარო და სოციალური ბუნება), აგრეთვე საიდუმლოთა განგებულებას (administratione).

    

     28.  ლიტურგიის ყველა მონაწილემ – იქნება ის მსახური თუ ერთგული, თავისი Fფუნქციის შესრულებით მხოლოდ და მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რაც მას შეეფერება საგანთა ბუნებისა და ლიტურგიული ნორმების საფუძველზე.

 

          29. მინისტრანტები, ლექტორები, კომენტატორები და მგალობლები (ii qui ad scholam cantorum pertinent) ჭეშმარიტად ლიტურგიულ მსახურებას (ministerio) ეწევიან. ამიტომ თავისი ფუნქცია მათ ისეთი გულრწფელი ღმრთისმოსაობითა და წესით უნდა შეასრულონ, რომელიც ასეთ მსახურებას შეეფერება და რომელსაც ღმრთის ერი მათგან სამართლიანად მოითხოვს.

     ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი გულმოდგინედ განიმსჭვალონ ლიტურგიის სულით, თითოეული თავისებურად, და მოემზადონ, სწორად და წესიერად შეასრულონ თავისი როლი.

 

     30. აქტიური მონაწილეობისთვის ხელშესაწყობად საჭიროა ყურადღება დაეთმოს ხალხის შეძახილებსა და პასუხებს, ფსალმოდიებს, ანტიფონებს, გალობას, აგრეთვე ქმედებებს, ანუ ჟესტებსა და სხეულის მდგომარეობას (habitus). სათანადო დროს უნდა იყოს დაცული წმიდა დუმილი.

 

     31. ლიტურგიული წიგნების გადახედვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ წესებში (rubricae) გათვალისწინებულ იქნას ერთგულთა მონაწილეობაც.

 

     32. გარდა იმ განსხვავებისა, რომელიც ლიტურგიული ფუნქციიდან და წმიდა ხარისხიდან მომდინარეობს, აგრეთვე იმ პატივისა, რომელიც ლიტურგიული კანონების თანახმად, სამოქალაქო ხელისუფლებას ეკუთვნის, არ უნდა იქნას გათვალისწინებული კერძო პირები თუ გარემოებანი, არც ცერემონიებში, არც გარეთ ჩატარებულ ზეიმში.

 

      

გ. ნორმები, რომლებიც ლიტურგიის დიდაქტიკური და სამოძღვრო ბუნებიდან მომდინარეობს

 

     33. წმიდა ლიტურგია ძირითადად არის საღმრთო დიდების კულტმსახურება (cultus divinae maiejstatis). ამასთანავე, დიდია მისი როლი ერთგული ერის აღზრდის საქმეში[34]. ლიტურგიაში ღმერთი ელაპარაკება თავის ერს. ქრისტე კვლავ გვაუწყებს სახარებას. ერი ღმერთს გალობებით და ლოცვით უპასუხებს.

     მეტიც: ღმრთისადმი მიმართულ ლოცვებს წარმოთქვამს მღვდელმსახური, რომელიც საკრებულოს (coetui) ქრისტეს პირით უძღვება. მათ იგი მთელი საღმრთო ხალხის (plebis sanctae) და ყველა დამსწრის სახელით ამბობს. ხილული ნიშნები, რომლებსაც წმიდა ლიტურგია მიმართავს უხილავი საღმრთო სინამდვილის აღსანიშნად, ქრისტეს ან ეკლესიის მიერ არის არჩეული. ამიტომ არა მარტო მაშინ, როდესაც იკითხება ის, რაც „ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა“ (რომ. 15, 4), არამედ მაშინაც, როდესაც ეკლესია ლოცულობს, გალობს ან მოქმედებს, მონაწილეთა რწმენა საზრდოობს, აზრი (mentes) ღმრთისკენ აღისწრაფვის, რათა მას გონივრული მსახურება წარუდგინოს და მისი მადლი უფრო უხვად მიიღოს.

     ამიტომ განახლებასთან დაკავშირებით შემდეგი ზოგადი ნორმების დაცვა არის საჭირო.

 

     34. დაე, წესები კეთილშობილი სიმარტივით ელვარებდეს, იყოს მოკლე და გასაგები, უმიზნო გამეორებების გარეშე. დაე, ისინი შეესაბამებოდეს ერთგულთა შესაძლებლობებს. საზოგადოდ, ისინი ვრცელ განმარტებებს არ საჭიროებს.

 

     35. რათა ნათლად გამოჩნდეს, რომ ლიტურგიაში წესი და სიტყვა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, საჭიროა შემდეგი:

     1. მღვდელმსახურებაში (in celebrationibus sacris) უნდა დაწესდეს წმიდა წერილის უფრო ვრცელი, მრავალფეროვანი და შესაფერისი კითხვა.

     2. ქადაგება არის ლიტურგიული ქმედების ნაწილი. მისთვის შესაფერისი ადგილი წესდებაშიც (rubricis) უნდა მიეთითოს, რამდენადაც ამის უფლებას წესი (ritus) იძლევა. ქადაგების მსახურება  ძალზე ერთგულად და ზუსტად უნდა სრულდებოდეს. ქადაგების წყარო, უპირველეს ყოვლისა, წმიდა წერილი და ლიტურგია უნდა იყოს, რადგან ის არის ღმრთის საკვირველებათა (mirabilium) უწყება გამოხსნის ისტორიაში ანუ ქრისტეს საიდუმლოებაში, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და ჩვენში მოქმედებს, განსაკუთრებით ლიტურგიულ მსახურებებში.

     3. ყოველმხრივ ხაზი უნდა გაესვას კატეხიზაციის უშუალოდ ლიტიურგიულ შინაარსს. თავად წესებში, აუცილებლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მოკლე დამოძღვრანი (admonitiones). მათ მღვდელი ან უფლებამოსილი მსახური წარმოთქვამს, ოღონდ მხოლოდ საჭირო მომენტებში, დადგენილი ტექსტით ან მსგავსი გამოთქმებით.

     4. ხელი უნდა შეეწყოს ღმრთის სიტყვის აღსრულებას დიდდღესასწაულთა წინა დღეებში, ადვენტისა და დიდი მარხვის ზოგიერთ დღეს, აგრეთვე კვირა დღეებში და სადღესასწაულო დღეებში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მღვდელმსახური. ასეთ შემთხვევაში  მსახურებას (celebrationem) უნდა ხელმძღვანელობდეს დიაკონი ან სხვა პირი, ეპისკოპოსის მიერ არჩეული.

 

                 36. §1.  ლათინური ენის გამოყენება უნდა შენარჩუნებულ იქნას ლათინურ წესებში, გარდა ზოგიერთი გამონაკლისი წესისა.

            §2. წმიდა წირვისას, საიდუმლოთა განგებულებაში და ლიტურგიის სხვა ნაწილებშიც ხალხისთვის ხშირად შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ადგილობრივი ენის გამოყენება. მას შეიძლება მეტი ყურადღება დაეთმოს, განსაკუთრებით საკითხავებსა და დამოძღვრაში, ზოგიერთ ლოცვასა და გალობაში, იმ კანონთა მიხედვით, რომლებიც მომდევნო თავებში ცალკეული შემთხვევებისთვის დგინდება.

           §3. ამგვარი ნორმების დაცვით, ადგილობრივი  საეკლესიო ხელისუფლება (იხ. 22-ე მუხლის §2) უფლებამოსილია, იმავე ენის მატარებელი მეზობელი რეგიონების ეპისკოპოსებთან თათბირის შედეგად, დადგენილება გამოიტანოს იმის თაობაზე, უნდა იქნას თუ არა გამოყენებული ადგილობრივი ენა, ან რა სახით უნდა მოხდეს მისი გამოყენება. ეს აქტები უნდა მოიწონოს ან დაადასტუროს სამოციქულო საყდარმა.

           §4. ლათინური ტექსტის თარგმნა ადგილობრივ ენაზე, ლიტურგიაში მისი გამოყენების მიზნით, უნდა აპრობირებულ იქნას უფლებამოსილი ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლების მიერ, რომლის შესახებ ზემოთ იყო ლაპარაკი.

 

 

დ. ნორმები, რომლებიც ხელს უწყობს ლიტურგიის მისადაგებას ერთა ხასიათისა და ტრადიციებისადმი

 

     37. იმ სფეროში, რომელიც არ მოიცავს მთელი საზოგადოების რწმენასა და კეთილდღეობას, ეკლესია არ მიისწრაფვის მკაცრი და ერთფეროვანი ფორმის დაკანონებისკენ. მას ეს ლიტურგიაშიც კი არ სურს. ეკლესია, პირიქით, ასაზრდოებს და ხელს უწყობს სხვადასხვა ხალხებისა და ერების სულიერი ღირებულებებისა და ნიჭების განვითარებას. ის კეთილად არის განწყობილი ყველაფრის მიმართ, რაც ერთა ზნე-ჩვეულებებში უიმედოდ არ არის ცრურწმენებსა და შეცდომებთან გადაჯაჭვული. ეკლესია, შეძლებისდაგავარდ, ცდილობს ასეთი ღირებულებების შენახვასა და ჯანსაღად შენარჩუნებას და მათ ზოგჯერ ლიტურგიაშიც კი ჩართავს ხოლმე, თუკი ეს ჭეშმარიტი და ნამდვილი ლიტურგიული სულის პრინციპებს შეესაბამება.

 

     38. რომაული წესის არსებითი ერთიანობა უნდა შენარჩუნებულ იქნას. ამასთანავე ადგილი უნდა ჰქონდეს კანონიერ სახესხვაობებსა და ადაპტაციებს სხვადასხვა ჯგუფებთან, რეგიონებსა და ერებთან მიმართებაში, უპირველეს ყოვლისა, მისიათა ადგილებში, აგრეთვე ლიტურგიული წიგნების გადასინჯვისას. შესაბამისად, ამის გათვალისწინება არის საჭირო წესთა სტრუქტურისა და წესდებათა დადგენისას.

 

     39. საზღვრებში, რომლებიც დადგენილია ლიტურგიული წიგნების ტიპიურ გამოცემებში, ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლების უფლებამოსილება (იხ. 22-ე მუხლი, §2) მდგომარეობს შემდეგში: მან უნდა განსაზღვროს ადაპტაცია, უპირველეს ყოვლისა, საიდუმლოთა განგებულების (administrationem Sacramentorum), საკრამენტალიების (Sacramentalia), პროცესების, ლიტურგიულ ენის, სასულიერო მუსიკისა და ხელოვნების სფეროში, ოღონდ იმ ნორმების მიხედვით, რომლებიც მოცემულ კონსტიტუციაში არის წარმოდგენილი.

 

     40. სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ვითარებაში აუცილებელი ხდება ლიტურგიის უფრო საფუძვლიანი ადაპტაცია. ეს დამატებით სირთულეებს ქმნის:

    1. უფლებამოსილმა ადგილობრივმა საეკლესიო ხელისუფლებამ, რომელსაც ეხება 22-ე მუხლის §22, გულმოდგინედ და საფუძვლიანად უნდა განიხილოს საკითხი, თუ რისი დაშვება შეიძლება ღმრთისმსახურებაში ამა თუ იმ ერის ტრადიციიდან და ხასიათიდან. მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნეული ადაპტაციები უნდა წარედგინოს სამოციქულო საყდარს და მისი თანხმობის შედეგად იქნას შემოღებული.

     2. ადაპტაცია სათანადო სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ამასთან დაკავშირებით, სამოციქულო საყდარმა შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი გახადოს იგივე ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლება, დაუშვას წინასწარი ცდები და უხელმძღვანელოს მათ გარკვეული დროის მანძილზე გარკვეულ, ამ საქმისთვის შესაფერის, ჯგუფებში.

     3. ასეთი ადაპტაციის პირობებში საგანგებო სირთულეს წარმოადგენს ლიტურგიული კანონები, განსაკუთრებით მისიებში. ამიტომ მათ დასადგენად საჭიროა საქმეში გამოცდილი ადამიანების მოწვევა.

 

 

IV. ლიტურგიული ცხოვრების განვითარება დიოცეზებსა და საკრებულოებში

 

     41. ეპისკოპოსი უნდა მივიჩნიოთ მისი სამწყსოს მთავარ მღვდელმსახურად. მისგან მომდინარეობს, გარკვეულწილად, და მასზე არის დამოკიდებული მის ერთგულთა ცხოვრება ქრისტეში.

     ამიტომ ყველამ უდიდესი პატივი უნდა სცეს დიოცეზის ლიტურგიულ ცხოვრებას, რომლის ცენტრში ეპისკოპოსი დგას. ეს, უპირველეს ყოვლისა, საკათედრო ტაძარში უნდა მოხდეს. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ეკლესიის ძირითადი გამოვლინება (manifestationem) ხდება მაშინ, როდესაც ღმრთის მთელი წმიდა ხალხი სრულად და აქტიურად მონაწილეობს ერთსა და იმავე ლიტურგიულ მსახურებაში (celebratione), უპირველეს ყოვლისა, ევქარისტიაში, ერთ ლოცვაში, ერთ საკურთხეველთან, რომელსაც წარმართავს (praeest) ეპისკოპოსი, გარემოცული თავისი მღვდლებითა და მსახურებით[35].

 

     42. ეპისკოპოსს არ შეუძლია, თავის ეკლესიაში ყოველთვის და ყველგან თვითონ გაუძღვეს თავის სამწყსოს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს ერთგულთა ჯგუფი. მათ შორის გამოირჩევა საკრებულოები, ლოკალურად ორგანიზებული მღვდლის ხელმძღვანელობით, რომელსაც ეპისკოპოსის ადგილი უკავია. ეს ჯგუფები გარკვეულწილად წარმოადგენს ხილულ ეკლესიას, დედამიწაზე დაარსებულს.

     ამიტომ ერთგულებისა და სამღვდელოების ცნობიერებასა და პრაქტიკაში უნდა გაღრმავდეს საკრებულოს ლიტურგიული ცხოვრება და მისი კავშირი ეპისკოპოსთან. ამასთანავე ხელი უნდა შეეწყოს საკრებულოს ერთობის შეგრძნების განმტკიცებას, უპირველეს ყოვლისა, კვირის წირვის ერთობლივ მსახურებაში.

 

 

V. სამოძღვრო ლიტურგიული ქმედების განვითარება

 

     43. სამართლიანად არის მიჩნეული, რომ წმიდა ლიტურგიის განვითარება და განახლება არის ჩვენი ეპოქის მიმართ ღმრთის პროვიდენციალური განგებულების (dispositionum) ნიშანი, სული წმიდის გადმოსვლა (transitus) მის ეკლესიაში. ის განსაკუთრებულ დაღს ასვამს ეკლესიის ცხოვრებას და მთლიანობაში ჩვენი დროისთვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობასა და მოქმედებას.

     ამიტომ, ეკლესიაში სამოძღვრო ლიტურგიული ქმედების შემდგომი განვითარებისთვის, წმიდა კრებამ დაადგინა:

 

     44. მიზანშეწონილია, რომ უფლებამოსილმა ადგილობრივმა საეკლესიო ხელისუფლებამ, რომლის შესახებ არის ლაპარაკი 22-ე მუხლის §2-ში, ჩამოაყალიბოს ლიტურგიული კომისია. მას უნდა დაეხმარონ ის ადამიანები, რომლებიც გამოცდილნი არიან ლიტურგიულ მეცნიერებაში, მუსიკაში, სასულიერო ხელოვნებასა (Arte sacra) და სამოძღვრო საქმიანობაში (re pastorali). ამ კომისიას შეძლებისდაგვარად მხარში უნდა ედგას სამოძღვრო ლიტურგიის ინსტიტუტი. საჭიროების შემთხვევაში, მისი წევრები მოცემულ საკითხში კომპეტენტური საერო პირებიც უნდა გახდნენ. ამ კომისიის ამოცანა იქნება, საეკლესიო ხელისუფლების ხელმძღვანელობით (მის შესახებ ზემოთ იყო ლაპარაკი) წარმართოს მისთვის რწმუნებულ სივრცეში სამოძღვრო ლიტურგიული ქმედება და ხელი შეუწყოს კვლევასა და აუცილებელ ცდებს, ყოველთვის, როცა საქმე ეხება იმ ადაპტაციებს, რომლებიც განსახილველად სამოციქულო საყდარს უნდა წარედგინოს.

 

     45. ამავე მიზეზით, ცალკეულ საკრებულოში უნდა მოქმედებდეს წმიდა ლიტურგიის კომისია, რათა, ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით, განვითარდეს ლიტურგიული ქმედება.

     ზოგჯერ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რომ რამდენიმე საკრებულომ ერთი კომისია შექმნას, რომელიც გაერთიანებული ძალებით ლიტურგიის საქმეს მოემსახურება.

 

     46. წმიდა ლიტურგიის კომისიის გარდა, თითოეულ საკრებულოში შეძლებისდაგვარად უნდა შეიქმნას სასულიერო მუსიკისა და სასულიერო ხელოვნების კომისიებიც.

     ამ სამმა კომისიამ აუცილებლად შეერთებული ძალებით უნდა იმუშაოს. ხშირად სასურველიც კი არის ერთ კომისიად მათი გაერთიანება.

თავი II
ევქარისტიის წმიდა საიდუმლოება

 

     47. საიდუმლო სერობისას, იმ ღამეს, როცა გაცემულ იქნა (tradebatur), ჩვენმა მაცხოვარმა დააწესა სხეულისა და სისხლის ევქარისტული მსხვერპლი, რათა საუკუნოდ ეგოს ჯვრის მსხვერპლი, ვიდრე მის მოსვლამდე. მან ეკლესიას – საყვარელ სძალს მიანდო ხსოვნა თავისი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ: ღმრთისმოსაობის საიდუმლო, ერთობის ნიშანი, სიყვარულის კავშირი (vinculum)[1], სააღდგომო ტრაპეზი (convivium paschale), რომელზეც ქრისტეთი ვიკვებებით (sumitur), გონება ივსება მადლით და გვეძლევა მომავალი დიდების წინდი[2]

 

     48. ეკლესია გულმოდგინედ ზრუნავს იმისათვის, რომ ქრისტეს ერთგულები რწმენის ამ საიდუმლოებას როგორც გარეშე და მუნჯი მაყურებლები კი არ ესწრებოდნენ, არამედ მას კარგად ჩასწვდნენ, წესებისა და ლოცვების გზით, გაცნობიერებულად და მოწიწებით (pie). მათ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ წმიდა ქმედებაში, განათლდნენ ღმრთის სიტყვით, მომაგრდნენ უფლის სხეულის ტრაპეზით (mensa), მადლობა უძღვნან ღმერთს, შესწირონ უბიწო მსხვერპლი არა მარტო მღვდელმსახურის ხელით, არამედ მასთან ერთადაც. მათ საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანაც ისწავლონ. ისინი უნდა ყოველდღიურად სრულქმნილნი ხდებოდნენ შუამავალი ქრისტეს მეშვეობით (Christo Mediatore)[3], ღმერთთან და ერთმანეთთან ერთობაში, რათა ბოლოს ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.

 

     49. წირვის მსხვერპლმა თავისი საწესო ფორმითაც (rituum forma) სრულ სამოძღვრო ქმედითობას უნდა მიაღწიოს. ამიტომ წმიდა კრება ითვალისწინებს იმ წირვებს, რომლებიც ხალხის თავმოყრით სრულდება, უპირველეს ყოვლისა, კვირა დღეს და დადგენილ დღესასწაულებზე. ამასთან დაკავშირებით კრება ადგენს:

 

     50. წირვის წესის გადახედვა არის საჭირო, ისე, რომ უფრო ნათლად წარმოჩნდეს თითოეული ნაწილის შინაარსი და უფრო ადვილი გახდეს ერთგულთა ღმრთისმოსავი და აქტიური მონაწილეობა.

    წესები უნდა გამარტივდეს, ოღონდ ისე, რომ მათი არსი საფუძვლიანად შენარჩუნებულ იქნას. საჭიროა იმის გამოტოვება, რაც დროთა სვლაში მეორდებოდა ან უსარგებლოდ  იქნა დამატებული. და პირიქით: წმიდა მამების ძველი ნორმების შესაბამისად, უნდა აღდგეს ზოგიერთი ისეთი რამ, რაც დროის უსამართლობით გაქრა, თუკი ეს ხელსაყრელია და აუცილებელი.

 

     51. რათა ღმრთის სიტყვის ტრაპეზი (mensa) ერთგულებისთვის უფრო უხვი იყოს, საჭიროა ბიბლიის საუნჯის უფრო ფართოდ გაღება, რათა წლების განსაზღვრულ მანძილზე ხალხის წინაშე წაკითხულ იქნას წმიდა წერილის არსებითი ნაწილი.

 

     52. ლიტურგიული წლის განმავლობაში ჰომილია წმიდა ტექსტიდან გადმოსცემს სარწმუნოების საიდუმლოებებს და ქრისტიანული ცხოვრების ნორმებს. ძალზე სასურველია, რომ ჰომილია იყოს თავად ლიტურგიის ნაწილი. მეტიც: ის არ უნდა იქნას გამოტოვებული (თუ არა რაიმე სერიოზული მიზეზით) მესებში, რომლებიც კვირაობით და დაგენილ დღესასწაულებზე ხალხის თავმოყრით სრულდება.

 

     53.  სახარებისა და ჰომილიის შემდეგ, განსაკუთრებით კვირა დღეობით და დადგენილ დღესასწაულებზე (festis de praeceptio), უნდა აღდგეს „ერთობლივი“ ანუ „ერთგულთა ლოცვა“, რათა ხალხის მონაწილეობით ჰყონ ვედრება  (obsecrationes) წმიდა ეკლესიისთვის, ჩვენს მთავართათვის, შეჭირვებულთათვის, ყველა ადამიანისათვის და მთელი სამყაროს გამოსახსნელად[4].

 

     54. მესაზე, რომელიც ხალხის მონაწილეობით სრულდება, სათანადო ადგილი შეიძლება დაეთმოს ადგილობრივ ენას, განსაკუთრებით საკითხავებსა და ერთობლივ ლოცვაში, აგრეთვე, გარემოებათა მიხედვით, ხალხისთვის განკუთვნილ ნაწილებშიც, მოცემული კონსტიტუციის 36-ე მუხლის მიხედვით.

     ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ქრისტეს ერთგულებს უნდა შეეძლოთ ლათინურ ენაზეც მესის (Ordinarii Missae) იმ ნაწილების ერთად თქმა ან გალობა, რომლებიც მათთვის არის განკუთვნილი.

     იქ, სადაც მიზანშეწონილი ჩანს მესაში ადგილობრივი ენის უფრო ფართოდ გამოყენება, უნდა გათვალისწინებულ იქნას მოცემული კონსტიტუციის 40-ე მუხლის მითითება.

 

     55. ძალზე სასურველია მესაში სრულყოფილი მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთგულები მღვდელმსახურის ზიარების შემდეგ იმავე მსხვერპლშეწირვიდან უფლის სხეულს იღებენ.

     უცვლელია ტრიდენტის კრების მიერ დადგენილი დოგმატური პრინციპები[5]. ამასთანავე, სამოციქულო საყდრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, ეპისკოპოსთა გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ზიარების დაშვება ორივე სახით, როგორც სამღვდელოთათვის და მოწესეებისთვის, ასევე საერო პირთათვის: მაგალითად, ხელდასხმულთათვის – მათი ხელდასხმის წმიდა მესაში (veluti ordinatis in Missa sacrae suae ordinationis), ღმრთივშეწირულთათვის – მათი სამოწესეო აღთქმის დადების მესაში (professis in Missa religiosae suae professionis),   ნეოფიტებისთვის – იმ მესაზე, რომელიც ნათლობას მოსდევს.

 

     56. ორი ნაწილი, რომლებისგანაც გარკვეულწილად შედგება წირვა, ე. ი. სიტყვის ლიტურგია და ევქარისტია, ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი კულტმსახურების (cultus) ერთ აქტს ქმნიან. ამიტომ წმიდა კრება დაბეჯითებით მოუწოდებს სულთა მწყემსებს, რომ კატეხიზაციისას (in catechesi tradenta) ერთგულებს გულმოდგინედ ასწავლონ მთელს მესაში მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, კვირა დღეებში და დადგენილ დღესასწაულებში.

 

     57. §1. თანამსახურება (concelebratio), რომელიც კარგად ავლენს მღვდელმსახურების ერთიანობას, ეკლესიაში დღემდე არის შემონახული, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ამიტომ კრებამ ინება, თანამსახურების  შესაძლებლობა შემდეგ შემთხვევებზეც გაავრცელოს:

  1. ა) დიდი ხუთშაბათი, როგორც მირონკურთხევის მესა, ასევე მწუხრის წირვა.

            ბ) წირვები, რომლებიც სრულდება კრებებზე, ეპისკოპოსთა შეკრებასა და სინოდებზე.

            გ) წინამძღვრის კურთხევის წირვა (ad Missam in Benedictione Abbatis).

  1. აგრეთვე, ორდინარიუსის ნებართვით, რომელიც უფლებამოსილია, განსაზღვროს თანამსახურების მიზანშეწონილობა, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამონასტრო წირვა და მთავარი წირვა ეკლესიებში, როდესაც ერთგულთათვის საჭიროება არ მოითხოვს ყველა დამსწრე მღვდლის ინდივიდუალურ მსახურებას.

  1. წირვა ყველა სახის მღვდელმსახურის (როგორც საეროთა, ასევე მოწესეთა) შეკრებაზე.

     §2. 1. ეპისკოპოსთა ფუნქციას წარმოადგენს დიოცეზში თანამსახურების წესის წარმართვა.

         2. ამასთანავე, მღვდელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად აღასრულოს წირვა, მაგრამ არა ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ეკლესიაში, და არა დიდ ხუთშაბათს (nec feria V in Cena Domini).

 

     58. უნდა შედგეს თანამსახურების ახალი წესი, რომელიც შევა რომის პონტიფიკალში და წირვის წესში.

 

 

 

 

 
თავი III
სხვა საიდუმლონი და საკრამენტალიები

 

     59. საიდუმლოები მიმართულია ადამიანთა წმიდაყოფისკენ, ქრისტეს სხეულის შენებისკენ, და ბოლოს, ღმრთის თაყვანისცემისკენ. მაგრამ, როგორც ნიშნებს, მათ სასწავლო ფუნქციაც აქვთ. მათში არა მარტო იგულისხმება (supponunt) სარწმუნოება, არამედ ისინი სიტყვებითა და საქმეებით მას ასაზრდოებენ, განამტკიცებენ და გამოხატავენ. ამიტომ მათ რწმენის საიდუმლონი ეწოდება. რა თქმა უნდა, მათ მადლი მოაქვთ. ამასთანავე, მათი აღსრულება საუკეთესოდ განაწყობს ერთგულებს იმისთვის, რომ მათ მადლი ნაყოფიერად მიიღონ, ღმერთს სათანადოდ სცენ თაყვანი და სიყვარულით იცხოვრონ (ad caritatem exercendam).

     ამიტომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთგულებს ადვილად ესმოდეთ საიდუმლოთა ნიშნები, და დაბეჯითებით მიმართონ საიდუმლოთ, რომლებიც ქრისტიანულ ცხოვრებას ასაზრდოებენ.

 

     60. გარდა ამისა, წმიდა დედა ეკლესიამ საკრამენტალიებიც დააწესა. ეს არის წმიდა ნიშნები, რომელთა მეშვეობით, საიდუმლოთა ერთგვარი მიბაძვით, ხდება, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ქმედებათა (effectus) აღნიშნვა და, ეკლესიის შუამდგომლობით, მათი მიღება. მათი მეშვეობით ადამიანები განეწყობიან საიდუმლოთა ქმედებების მისაღებად და ხდება ცხოვრების სხვადასხვა გარემოებათა წმიდაყოფა.

 

     61. ამგვარად, საიდუმლოთა და საკრამენტალიების ლიტურგიის შედეგად, სათანადოდ მომზადებული  ერთგულებისთვის, საღმრთო მადლით, ხდება თითქმის ყველა ცხოვრებისეული მოვლენის წმიდაყოფა. მადლი მომდინარეობს ქრისტეს სააღდგომო ვნების, სიკვდილისა და აღდგომის საიდუმლოებიდან, რომლიდანაც ძალას იძენს ყველა საიდუმლო და საკრამენტალიები. ფაქტიურად, ნებისმიერ პატიოსან სარგებლობას მატერიალური ნივთებით შეიძლება მიზნად ჰქონდეს ადამიანის წმიდაყოფა და ღმრთის დიდება. 

 

     62. საიდუმლოთა და საკრამენტალიების წესში, დროთა სვლასთან ერთად, ისეთი რამ შეიპარა, რამაც მათი ბუნება და მიზანი ჩვენი დროისთვის ნაკლებად გასაგები გახადა. ამიტომ საჭიროა, ზოგიერთი რამ ჩვენი ეპოქის მოთხოვნილებებს მიესადაგოს. მათ გადასინჯვასთან დაკავშირებით წმიდა კრება ადგენს:

 

     63. საიდუმლოთა და საკრამენტალიების განგებულებაში შეიძლება დიდი სარგებლობა ჰქონდეს ადგილობრივი ენის გამოყენებას. მას უფრო  ფართო ადგილი უნდა დაეთმოს, ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმების მიხედვით:

  1. საიდუმლოთა და საკრამენტალიების განგებულებაში შესაძლებელია ადგილობრივი ენის გამოყენება, 36-ე მუხლის თანახმად.

  2. რომაული წესის ახალი გამოცემის თანახმად, უფლებამოსილმა ადგილობრივმა საეკლესიო ხელისუფლებამ, რომლის შესახებ არის ლაპარაკი მოცემული კონსტიტუციის 22-ე მუხლის §2-ში, უნდა შეძლებისდაგვარად სწრაფად მოამზადოს საგანგებო რიტუალები, რომლებიც ცალკეული რეგიონების მოთხოვნილებებს შეესაბამება, მათ შორის ენის სფეროში. სამოციქულო საყდრის მიერ აქტების გადასინჯვის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამის რეგიონებში მათი გამოყენება. ამ რიტუალებისა თუ წესების საგანგებო კრებულების შექმნისას არ უნდა იქნას გამოტოვებული ის მითითებანი, რომლებიც რომაულ წესში წინ უძღვის ცალკეულ წესებს, როგორც სამოძღვროსა და საწესოს, ასევე მათ, რომლებსაც საგანგებო სოციალური დატვირთვა აქვთ.

 

     64. უნდა აღდგეს მოზრდილთა კატეხიზაცია, მრავალ საფეხურად დანაწილებული. ადგილობრივი ორდინარიუსის გადაწყვეტილებით, საჭიროა მისი ხმარებაში შემოტანა. ამის საფუძველზე შეიძლება წმიდაყოფილ იქნას კატეხიზაციის დრო, სათანადო განათლებისთვის განკუთვნილი. ეს ხდება წმიდა წესების საშუალებით რომლებიც დროთა ვითარებაში მიმდევრობით სრულდება.

 

     65. გარდა იმისა, რაც ქრისტიანულ ტრადიციაშია მოცემული, მისიის ქვეყნებში შეიძლება დაშვებულ იქნას ინიციაციის ის ელემენტებიც, რომლებიც ამა თუ იმ ხალხისთვის არის ჩვეული, რამდენადაც ეს შეიძლება შეესაბამოს ქრისტიანულ წესს, მოცემული კონსტიტუციის 37-40-ე მუხლის თანახმად.

 

     66. უნდა გადაისინჯოს მოზრდილთა ნათლობის ორივე წესი, როგორც უფრო მარტივი, ასევე უფრო საზეიმო, აღდგენილი კატეხუმენატით. რომაულ წირვაში უნდა შეტანილ იქნეს საგანგებო წირვა: „ნათლობისათვის“ (In collatione Baptismi).

 

    67. უნდა გადაისინჯოს ბავშვთა ნათლობის წესი. ის უნდა შეესაბამოს ყრმათა ნამდვილ მდგომარეობას. თავად წესში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოჩენილი მშობელთა და მათი შთამომავლების (patrinorum) ფუნქციები.

 

    68. ნათლობის წესში საჭიროა ადაპტაციები, რომლებიც განხორციელდება ადგილობრივი ორდინარიუსის გადაწყვეტილებით, მოსანათლავ პირთა დიდი რაოდენობით თავმოყრის შემთხვევაში. გარდა ამისა, უნდა შედგეს უფრო მოკლე წესიც, რომელიც შეიძლება გამოიყენონ კატეხისტებმა, განსაკუთრებით მისიის ქვეყნებში, და საზოგადოდ, ერთგულებმაც, სიკვდილის საფრთხის წინაშე, როდესაც არ არის მღვდელმსახური ან დიაკონი.

 

     69. ნაცვლად წესისა, რომელსაც ეწოდება: „წესი იმის დამატებისა, რაც ყრმის ნათლობისას იქნა გამოტოვებული“, უნდა შედგეს ახალი წესი, სადაც უფრო ნათლად და შესაფერისად იქნება აღნიშნული, რომ ყრმა, შემოკლებული წესით ნათელღებული, უკვე მიღებულია ეკლესიაში.

     უნდა შედგეს აგრეთვე ახალი წესი მათთვის, ვინც უკვე მოინათლა უფლებამოსილად და მოიქცა წმიდა კათოლიკურ სარწმუნოებაზე, რათა აღინიშნოს, რომ ისინი დაშვებულნი არიან ეკლესიასთან ერთობაში (in Ecclesiae communionem admitti).

 

     70. ნათლობის წყალი, სააღდგომო დროის გარდა (extra tempus paschale), შეიძლება ნაკურთხი იქნეს თავად ნათლობის წესში, მიღებული (probata) მოკლე ფორმულით.

 

     71. უნდა გადაისინჯოს მირონცხების წესიც, რათა ნათლად წარმოჩნდეს ამ საიდუმლოს შინაგანი კავშირი მთელ ქრისტიანულ ინიციაციასთან. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ამ საიდუმლოს მიღებას წინ უსწრებდეს ნათლობის აღთქმათა განახლება.

     საჭიროების შემთხვევაში მირონცხება შეიძლება მესის მსვლელობაში აღსრულდეს. რაც შეეხება წესს, რომელიც მესის გარეშე სრულდება, უნდა მომზადდეს ფორმულა, რომელიც მისი შესავალი იქნება.

 

     72. სინანულის წესი და ფორმულები ისე უნდა გადაისინჯოს, რომ მათ უფრო ნათლად გამოხატონ საიდუმლოს ბუნება და მოქმედება.

 

     73. „ზეთის ცხება“ („Extrema Unctio“), რომელსაც აგრეთვე შეიძლება ვუწოდოთ (და ასე უკეთესიც არის) „სნეულთა ცხება“, არ არის მხოლოდ მათი საიდუმლო, ვინც სიცოცხლის უკიდურეს ზღვარზე დგას. ამიტომ მის მისაღებად სათანადო დრო დგება, უდაოდ, უკვე მაშინ, როდესაც ერთგულები სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან, სნეულების ან სიბერის გამო.

 

     74. სნეულთა ცხებისა და ზეთის კურთხევის (Viatici) ცალკეული წესის გარდა, უნდა შედგეს დადგენილი (continuus) წესი, რომლის მიხედვით სნეულთა ცხება მოხდება აღსარებისა და ზეთის მიღების შემდეგ.

 

     75. ცხებათა რიცხვი გარემოებათა მიხედვით უნდა განისაზღვროს, ხოლო ლოცვები, რომლებიც ავადმყოფთა ცხების წესს ეხება, უნდა გადაისინჯოს. ისინი იმ ავადმყოფთა მდგომარეობას უნდა უპასუხებდნენ, რომლებიც საიდუმლოს იღებენ.

 

     76. უნდა გადაისინჯოს ხელდასხმის წესები, როგორც ცერემონიების, ასევე ტექსტების თვალსაზრისით. ეპისკოპოსის სიტყვა, ყოველი ხელდასხმისა თუ აღყვანების (Consecrationis) დასაწყისში, შეიძლება ადგილობრივ ენაზე წარმოითქვას.

 

     ეპისკოპოსის აღყვანებაზე ყველა დამსწრე ეპისკოპოსისთვის ნებადართულია ხელის დასხმა.

 

     77. უნდა გადაისინჯოს და გამდიდრდეს ქორწინების აღსრულების წესი, რომელიც რომაულ რიტუალში არსებობს, რათა მასში უფრო ნათლად აღინიშნოს საიდუმლოს მადლი და ხაზი გაესვას მეუღლეთა ფუნქციებს.

     „წმიდა კრებას დიდად სურს, რომ მთლიანად შენარჩუნებულ იქნას ის კარგი ჩვეულებები და ცერემონიები, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას მიმართავენ“[6].

     გარდა ამისა, უფლებამოსილ ადგილობრივ საეკლესიო ხელისუფლებას, რომლის შესახებ ლაპარაკია მოცემული კონსტიტუციის 22-ე მუხლის §22-ში, შესაძლებლობა ეძლევა, 63-ე მუხლის თანახმად, შეიმუშავოს საკუთარი წესი, რომელიც ადგილობრივ და ეროვნულ ჩვეულებებს შეესაბამება. ამასთანავე ძალაში რჩება კანონი, რომლის თანახმად დამსწრე მღვდელმსახური სვამს კითხვას და პასუხს იღებს მექორწინეთა თანხმობის შესახებ.

 

     78. ჩვეულებრივ ქორწინება წირვის დროს უნდა აღსრულდეს, სახარების კითხვისა და ჰომილიის შემდეგ, ერთგულთა ლოცვამდე. სასძლოს დალოცვა ისე უნდა შესწორდეს, რომ ხაზი გაესვას ორივე მეუღლის მოვალეობას, იყვნენ ერთმანეთის ერთგულნი. ის ადგილობრივ ენაზე უნდა ითქვას.

 

     79. საჭიროა საკრამენტალიების გადასინჯვა. ამასთანავე ძირითადი ნორმა უნდა იყოს ერთგულთა შეგნებული, აქტიური და მარტივი მონაწილეობა, აგრეთვე ჩვენი დროის მოთხოვნილებების გათვალისწინება. 63-ე მუხლის შესაბამისად რიტუალების გადასინჯვისას შესაძლოა დაემატოს ახალი საკრამენტალიები, თუ ეს აუცილებელია.

     კურთხევათა რიცხვი მცირე უნდა იყოს. კურთხევათა უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებისა და ორდინარიუსებისთვის არის დასაშვები.

     განსაკუთრებულ ვითარებაში და ორდინარიუსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ზოგიერთი საკრამენტალიები განაგონ საერო პირებმა, რომლებიც სათანადო თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი.

 

     80. უნდა გადაისიჯოს ქალწულთა კურთხევის წესი, რომელიც რომაულ პონტიფიკალში  არის მოცემული.

     გარდა ამისა, უნდა შედგეს სამოწესეო აღთქმისა (professionis religiosae) და აღთქმათა განახლების წესი, რომელიც იქნება  უფრო დიდი ერთიანობის, ზომიერებისა (sobrietatis) და ღირსების საფუძველი. ამ წესს უნდა მისდიონ მათ, ვინც მესაზე აღასრულებს ან განაახლებს სამოწესეო აღთქმას. ამასთანავე ძალაში რჩება კერძო კანონები.

     სასურველია, რომ სამოწესეო აღთქმა წირვისას დაიდოს.

 

     81. დაკრძალვის წესმა უფრო ნათლად უნდა  გამოხატოს ქრისტიანული სიკვდილის სააღდგომო ხასიათი და უკეთესად უპასუხოს ცალკეული რეგიონის ვითარებებსა და ტრადიციებს, ისეთ საკითხშიც კი, როგორიც არის ლიტურგიული ფერი.

 

     82. უნდა გადაისინჯოს ბავშვთა დამარხვის წესი. მას საკუთარი წირვა სჭირდება.

 

თავი IV
საღმრთო მსახურება (de officio divino)

 

     83.  ახალი და ძველი აღთქმის უზენაესმა მღვდელმსახურმა, იესო ქრისტემ, მიიღო ადამიანური ბუნება. მან მიწიერ ლტოლვილებაში ის ჰიმნი შემოიტანა, რომელსაც ზეციურ სამკვიდრებელში (in supernis sedibus) საუკუნოდ გალობენ. მან შემოიკრიბა ადამიანთა მთელი საზოგადოება და ის ქების საღმრთო სიმღერის ერთობლივი გალობით შემოიერთა.

     ამ სამღვდელმსახურო მოვალეობას იგი განაგრძობს ეკლესიის მეშვეობით, რომელიც არა მარტო ევქარისტიის აღსრულებით, არამედ სხვა საშუალებებითაც – უპირველეს ყოვლისა, საღმრთო მსახურებით, უფალს გამუდმებით აქებს და შუამდგომლობს მთელი სამყაროს გამოხსნისათვის.

 

     84. ძველი ქრისტიანული ტრადიციით, ჟამნი ისე არის აგებული, რომ დღისა და ღამის მთელი მდინარება ღმრთის ქებას უნდა მიეძღვნას. როდესაც ქების ამ ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ გალობას სათანადოდ ასრულებენ მღვდელმსახურნი და სხვანი, ეკლესიის ისტიტუციის მიერ ამ საქმისათვის რჩეულნი, ან ქრისტეს ერთგულნი, რომლებიც მღვდელმსახურთან ერთად მიღებული ფორმით ლოცულობენ, მაშინ ეს ჭეშმარიტად არის ხმა იმ სძლისა, რომელიც სიძეს ესაუბრება. მეტიც: ეს არის ქრისტეს ლოცვა, რომელსაც ის თავის სხეულთან ერთად მამისადმი აღავლენს.    

 

     85. ამიტომ ყველა, ვინც ამას აღასრულებს, ასრულებს ეკლესიის მოვალეობას და, იმავე დროს, ეზიარება ქრისტეს სძლის უზენაეს პატივს: ღმრთის განდიდებით, ისინი ღმრთის საყდრის (thronum) წინაშე დედა ეკლესიის სახელით წარსდგებიან.

 

     86. მღვდელმსახურნი, რომლებიც წმიდა სამღვდლო მსახურებით არიან დაკავებულნი, მით უფრო მონდომებით შეასრულებენ ჟამთა სადიდებელს, რაც უფრო ცოცხლად გააცნობიერებენ, რომ მათ ეხება პავლეს დარიგება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1თეს. 5, 17), რადგან მხოლოდ უფალს ძალუძს მიანიჭოს წარმატება და ზრდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ისინი იღწვიან. იგი ამბობს: „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად“ (იოან. 15, 5). ამიტომ მოციქულებმა, დიაკონების დაწესებისას, თქვეს: „ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვჳსასა განვეკრძალნეთ“ (საქმე 6, 4).

 

     87. მოცემულ ვითარებაში, მღვდელმსახურთა თუ ეკლესიის სხვა წევრთა მიერ საღმრთო მსახურების უკეთესად და უფრო სრულყოფილად  შესრულების მიზნით, წმიდა კრებამ (იგი განაგრძობს სამოციქულო საყდრის მიერ წარმატებით წამოწყებულ განახლებას) ინება, მსახურების შესახებ, რომელიც რომაული წესის თანახმად სრულდება, შემდეგი დაედგინა:

 

     88. მსახურების მიზანი არის დღის წმიდაყოფა. ამიტომ ჟამნის ტრადიციული მიმდინარეობა ისე უნდა განახლდეს, რომ ჟამნი შეძლებისდაგვარად ჭეშმარიტ დროს შეესაბამოს. ამასთანავე გასათვალსიწინებელია დღევანდელი ცხოვრების ვითარება, რომელშიც უპირველეს ყოვლისა ისინი იმყოფებიან, ვინც სამოციქულო საქმეებით არის დაკავებული.

 

     89. ამგვარად, მსახურების განახლებისას შემდეგი ნორმები უნდა იქნას დაცული:

    

  1. ქებანი, როგორც ცისკრის ლოცვები, და მწუხრნი, როგორც საღამოს ლოცვები, საყოველთაო ეკლესიის პატივდებული ტრადიციით, უნდა მიჩნეულ იქნას ყოველდღიური მსახურების ორმაგ ღერძად, და ამგვარად უნდა შესრულდეს.

  2. „კომპლეტორიუმი“ ისე უნდა განწესდეს, რომ დღის ბოლოს სათანადოდ შეეწყოს.

გ) ჟამნი, რომელსაც „მატუტინუმ“ ეწოდება, ინარჩუნებს გუნდში ღამის ქების თავისებურებას. ამასთანავე, მისი ადაპტაცია არის საჭირო, რათა მისი წარმოთქმა დღის ნებისმიერ საათზე შეიძლებოდეს. ის უნდა შეიცავდეს ნაკლები რაოდენობის ფსალმუნებს და უფრო ვრცელ საკითხავებს.

დ) პირველი ჟამნი უნდა მოიხსნას.

     ე) გუნდში უნდა შენარჩუნებულ იქნეს მცირე ჟამნი:    მესამე, მეექვსე, მეცხრე. გუნდის გარეშე სამიდან ერთის ამორჩევა შეიძლება, რომელიც დღის დროს უფრო შეეფერება.

 

     90. საღმრთო მსახურება, როგორც ეკლესიის საჯარო ლოცვა, არის ღმრთისმოსაობის წყარო და პიროვნული ლოცვის საზრდო. ამიტომ მღვდელმსახურნი და ყველა, ვინც საღმრთო მსახურების მონაწილეა, მოწოდებულნი არიან უფალში, რომ მისი შესრულებისას გონება ხმას შეუთანხმონ. იმისათვის, რომ ეს უკეთ შეძლონ, ისინი უნდა ეზიარონ უფრო ფართო განათლებას ლიტურგიისა და ბიბლიის, განსაკუთრებით ფსალმუნთა სფეროში.

     ამ განახლების განხორციელებისას რომაული მსახურების საუკუნოვანი საგანძურის ადაპტაცია ისე უნდა მოხდეს, რომ მისი უფრო ფართოდ და ადვილად გამოყენება შეძლონ მათ, ვისაც ის არის მინდობილი.

    

     91. იმისათვის, რათა ჟამთა მიმდინარეობა, 89-ე მუხლში წარმოდგენილი, რეალურად იქნას დაცული, ფსალმუნნი უნდა განაწილდეს არა ერთ კვირეულზე, არამედ დროის უფრო ვრცელ მონაკვეთზე.

     ფსალმუნთა გადასინჯვის საქმე, წარმატებით წამოწყებული, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი. ამასთანავე საჭიროა ქრისტიანული ლათინურისთვის ყურადღების მიქცევა, რაც გულისხმობს მის გამოყენებას ლიტურგიაში, მათ შორის გალობისას, აგრეთვე ლათინური ეკლესიის მთელი ტრადიციის გათვალისწინებას.

 

     92. საკითხავებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი:

 

  1. წმიდა წერილის საკითავი ისე უნდა განეწყოს, რომ საღმრთო სიტყვების საუნჯე მარტივად და მეტი სისრულით იყოს ხელმისაწვდომი.

  2. უკეთ უნდა იქნეს ამორჩეული საკითხავები, ამოკრებილი მამათა, მოძღვართა და საეკლესიო მწერალთა თხზულებებიდან.

            გ) წმიდანთა წამებანი ან ცხოვრებანი ისტორიულად  სარწმუნო უნდა იყოს.

 

     93. ჰიმნები, თუ ეს მიზანშეწონილია, უნდა აღდგეს პირვანდელი ფორმით. ამასთანავე, ჰიმნებიდან უნდა ამოღებულ იქნას ან შეიცვალოს ის, რასაც მითოლოგიური ელფერი აქვს ან რაც ქრისტიანულ ღმრთისმოსაობას ნაკლებად შეესაბამება. საჭიროებისდა მიხედვით, დასაშვებია სხვა ჰიმნებიც, რომლებიც საგალობელთა საგანძურში მოიპოვება.

 

     94. დღის ჭეშმარიტად წმიდაყოფისთვის, აგრეთვე იმისათვის, რომ ჟამნის კითხვას სულიერი სარგებლობა ჰქონდეს, საჭიროა ჟამნის განგებულებისას დროის დაცვა, რომელიც მაქსიმალურად უახლოვდება ცალკეული კანონიკური ჟამნის ნამდვილ დროს.

 

     95. საკრებულოებმა, რომლებიც გუნდს წარმოადგენენ, კონვენტური წირვის გარდა, ყოველდღიურად უნდა აღასრულონ საღმრთო მსახურება გუნდში, კერძოდ:

 

  1. მთელი მსახურება უნდა აღასრულონ კანონიკების, მონაზონი ძმებისა და დების ორდენებმა, რომლებიც კანონმდებლობით ან კონსტიტუციით მოვალენი არიან, გუნდი წარმოადგინონ.

  2. საკათედრო ან კოლეგიურმა კაპიტულებმა უნდა აღასრულონ საღმრთო მსახურების ის ნაწილები, რომლებიც მათ საზოგადო ან კერძო კანონმდებლობით ევალებათ.

გ) ხოლო იმ საკრებულოთა ყველა წევრმა, ვინც ან  უფრო მაღალ ხარისხს განეკუთვნება, ან ის, ვისაც საზეიმოდ აღთქმები აქვს დადებული (გარდა კონვერსებისა), მარტომ (soli) უნდა იკითხოს ჟამნის ის ნაწილები,  რომლებსაც ის გუნდში არ ასრულებს.

 

      96. სამღვდელონი, რომლებიც არ არიან ვალდებულნი, გუნდში მონაწილეობდნენ, ვალდებულნი არიან, თუ ისინი უფრო მაღალ ხარისხში იმყოფებიან, ყოველდღიურად აღასრულონ მთელი მსახურება, ან ერთობლივად, ან მარტო, 89-ე მუხლის ნორმის თანახმად.

 

     97. წესებმა უნდა განსაზღვროს, თუ არის მიზანშეწონილი საღმრთო მსახურების შენაცვლება ლიტურგიული ქმედებით.

     ცალკეულ შემთხვევაში და საპატიო მიზეზით ორდინარიუსებმა შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლონ თავისი ქვემდგომნი მსახურების აღსრულების ვალდებულებისგან, ან ეს ვალდებულება შეცვალონ.

 

     98. ნებისმიერი სრულყოფილი ცხოვრების ინსტიტუტის წევრები, რომლებიც, კონსტიტუციათა ძალით, საღმრთო მსახურების ზოგიერთ ნაწილს ასრულებენ, ეკლესიისთვის საჯარო ლოცვას აღასრულებენ.

     საჯარო ლოცვას ისინი მაშინაც აღასრულებენ, თუ, კონსტიტუციების ძალით, წარმოთქვამენ მცირე მსახურებას, იმ შემთხვევაში, თუ ის მსახურების შესაბამისად არის შედგენილი და სათანადოდ აპრობირებული.

 

     99. საღმრთო მსახურება არის ხმა ეკლესიისა ანუ მთელი მისტიკური სხეულისა, რომელიც ღმერთს საჯაროდ ადიდებს. ამიტომ სასურველია, რომ სამღვდელო პირებმა, რომლებსაც გუნდში მონაწილეობა არ ევალებათ, და უპირველეს ყოვლისა, მღვდელმსახურებმა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ან ერთად იკრიბებიან, საღმრთო მსახურების ერთი ნაწილი მაინც ერთობლივან აღასრულონ.

     ვინც მსახურებას ან გუნდში აღასრულებს, ან ერთობლივად, მან ეს ფუნქცია რაც შეიძლება სრულყოფილად უნდა შეასრულოს. ეს ნიშნავს როგორც შინაგან სულიერ მოწიწებას, ასევე მის გარეგან გამოხატულებას.

 

     100. დაე, სულთა მწყემსებმა იზრუნონ იმისთვის, რომ უმთავრესი ჟამნი, უპირველეს ყოვლისა მწუხრნი, ერთობლივად შესრულდეს ეკლესიაში კვირადღეობით და, განსაკუთრებით, საზეიმო დღესასწაულებზე. რეკომენდირებულია, თავად საერო პირებმაც წარმოთქვან საღმრთო მსახურება, ან მღვდელმსახურებთან ერთად, ან როცა ერთმანეთთან არიან შეკრებილნი, ან თუნდაც თითოეულმა მარტომ.

 

     101. §1. ლათინური წესის საუკუნოვანი ტრადიციით, სამღვდელო პირებმა საღმრთო მსახურებაში უნდა შეინარჩუნონ ლათინური ენა. ცალკეულ შემთხვევაში ორდინარიუსს ენიჭება  უფლებამოსილება, დაუშვას, 36-ე მუხლის ნორმის თანახმად, ადგილობრივ ენაზე შესრულებული თარგმანის ხმარება იმ სამღვდელოთათვის, ვისთვისაც ლათინური ენის ხმარება სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს მსახურების ჯეროვნად შესრულების საქმეში.

 

          §2.Uუზენაესმა კომპეტენტურმა პირმა შეიძლება უფლება მისცეს მონაზონ დებს და სრულყოფილი ცხოვრების ინტიტუტების წევრებს, როგორც არასამღვდელო მამაკაცებს, ასევე ქალებს, საღმრთო მსახურებაში, აგრეთვე გუნდში მსახურებისას, გამოიყენონ ადგილობრივი ენა, თუკი თარგმანი მოწონებულია.

 

          §3. ყოველი სამღვდელო პირი, რომელსაც საღმრთო მსახურება აქვს მინდობილი, და რომელიც მას ერთგულთა ჯგუფთან ან მათთან ერთად, ვინც §2-ში იყო დასახელებული, ადგილობრივ ენაზე ასრულებს, აკმაყოფილებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, თუ თარგმანის ტექსტი მოწონებულია.

 

 

 

 

 

თავი V
ლიტურგიული წელიწადი

 

     102. ღმრთისმოსავი დედაეკლესია თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზეიმოს თავისი საღმრთო სიძის მაცხოვნებელი საქმე. ამას ის აკეთებს წლის განმავლობაში, გარკვეულ დღეებში, წმიდა მოგონებით. ყოველ კვირას, იმ დღეს, რომელსაც მან „უფლის დღე“ უწოდა, ის მოიგონებს უფლის აღდგომას. ამასთანავე, ეკლესია მას აღნიშნავს წელიწადში ერთხელ, აღდგომის უდიდესი ზეიმით, მის ნეტარ ვნებებთან ერთად.

     წლიური ციკლის განმავლობაში ეკლესია განმარტავს ქრისტეს საიდუმლოებას, დაწყებული განხორციელებითა და შობით, ვიდრე ამაღლებამდე, ვიდრე ორმოცდამეათე დღემდე და ნეტარი იმედის მოლოდინამდე და უფლის მოსვლამდე.

     ასე იხსენებს ეკლესია გამომსყიდველის საიდუმლოებებს. ის ცხადს ხდის ერთგულებისთვის უფლის სიქველეთა და დამსახურებათა სიმდიდრეებს. ამგვარად, მათ ყველა დროში აწმყოობა ენიჭება, ხოლო ერთგულები მას ეხებიან და გამოხსნის მადლით აღივსებიან.

 

     103. ქრისტეს საიდუმლოებათა ამ წლიური ციკლის აღნიშნვისას (celebrando), წმიდა ეკლესია განსაკუთრებული სიყვარულით სცემს თაყვანს ნეტარ მარიამს, ღმრთის დამბადებელს. ის ურღვევი კავშირით არის დაკავშირებული თავისი ძის გამოხსნის საქმესთან. მარიამში ეკლესია აღფრთოვანებულია გამოსყიდვის უბრწყინვალესი ნაყოფით  და მას განადიდებს. ეკლესიას სურს და იმედი აქვს, იყოს თავადვე მთლიანად ის, რასაც იგი მარიამში, როგორც უწმინდეს ხატში, სიხარულით ჭვრეტს.

 

     104. წლიურ ბრუნვაში ეკლესიამ შეიტანა მოგონებები მარტვილებსა და სხვა წმიდანებზეც, რომლებმაც ღმრთის მრავალსახოვანი მადლით სრულყოფილებას მიაღწიეს და გამოხსნა უკვე მიიღეს. ისინი სრულყოფილ ქებას უგალობენ ღმერთს ცათა შინა და ჩვენთვის შუამდგომლობენ. წმიდანთა მოსახსენებელ დღეებში ეკლესია ქადაგებს აღდგომის საიდუმლოებას ქრისტესთან ერთად თანავნებულ და თანაგანდიდებულ წმიდანებში. იგი ერთგულებს მათ ქმედებებს როგორც მაგალითებს სთავაზობს, რომლებიც ქრისტეს მეშვეობით ყველას მამისკენ მიიზიდავს. წმიდანთა დამსახურებებით ეკლესია ღმრთის წყალობას გამოითხოვს.

 

     105. დაბოლოს, წლის სხვადასხვა დროს, ტრადიციული დისციპილინების მიხედვით, ეკლესია სრულყოფს ერთგულთა განათლებას, სულისა და სხეულის ღმრთისმოსავი წვრთნით, დარიგებებით, ლოცვით, აგრეთვე სინანულისა და გულმოწყალების საქმეებით.

     ამიტომ ინება წმიდა კრებამ, დაედგინა შემდეგი:

 

     106. სამოციქულო ტრადიციით (ის დასაბამს თავად ქრისტეს აღდგომიდან იღებს), აღდგომის საიდუმლოებას ეკლესია ზეიმობს ყოველ მერვე დღეს. მას სამართლიანად ეწოდება უფლის დღე ანუ კვირა. ამ დღეს ქრისტეს ერთგულნი უნდა ერთად შეიკრიბონ, რათა ღმრთის სიტყვის მოსმენითა და ევქარისტიაში მონაწილეობით, მოიგონონ უფალი იესოს ვნება, აღდგომა და დიდება, და უთხრან მადლობა ღმერთს, რომელმაც ისინი კვლავ შობა „სასოებად ცხოელად აღდგომითა იესო ქრისტესითა მკუდრეთით“ (1პეტრ. 1, 3). ამიტომ არის უფლის დღე უპირველესი დღესასწაული. ღმრთისმოსავ ერთგულებს ის მუდამ თვალწინ უნდა ედგას და მის შესახებ ახსოვდეთ, რათა იგი სიხარულისა და შრომისაგან დასვენების დღეც გახდეს. სხვა ზეიმები (თუ არა მართლაც უმნიშვნელოვანესი) მასზე უპირატესად არ უნდა მიგვაჩნდეს, რადგან იგი არის საძირკველი და ბირთვი მთელი ლიტურგიული წელიწადისა.

 

     107. ლიტურგიული წელი ისე უნდა გადაისინჯოს, რომ ჩვენი ეპოქის გარემოებათა შესაბამისად წმიდა  თარიღებთან დაკავშირებული ჩვეულებებისა და წესების შენახვისა და აღდგენისას შენარჩუნებულ იქნას მათი დასაბამიერი სახე, რათა ერთგულთა ღმრთისმოსაობა სათანადოდ საზროობდეს ქრისტიანული გამოსყიდვის საიდუმლოებათა დღესასწაულებზე, განსაკუთრებით აღდგომის საიდუმლოებისას. ადაპტაციები, ადგილის გარემოებათა მიხედვით, თუკი ისინი აუცილებელია, უნდა შეესაბამოს 39-ე და 40-ე მუხლის ნორმებს.

 

     108. ერთგულთა სულები უნდა მიმართული იყოს, უპირველეს ყოვლისა, უფლის Dდღესასწაულებზე, რომლებზეც წლის განმავლობაში აღინიშნება გამოხსნის საიდუმლოებანი. ამიტომ უფლის დღესასწაულებმა (Proprium de Tempore)  მისთვის შესაფერისი ადგილი უნდა დაიკავოს, რომელიც აღემატება წმიდანთა დღესასწაულებს, რათა გამოხსნის საიდუმლოებათა მთელი ციკლი სათანადოდ აღინიშნოს.

 

     109. დიდი მარხვის პერიოდს ორმაგი დატვირთვა აქვს. ის, უპირველეს ყოვლისა, ნათლობის მოგონებით ან მისთვის მზადებით, აგრეთვე სინანულით, ერთგულებს განაწყობს იმისთვის, რომ უფრო მონდომებით ისმინონ უფლის სიტყვა, მიეცნენ ლოცვას და იზეიმონ სააღდგომო საიდუმლოება. ეს უფრო ნათლად უნდა წარმოჩნდეს როგორც ლიტურგიაში, ასევე ლიტურგიულ კატეხიზაციაში. აქედან გამომდინარე,

  1. დიდი მარხვის ლიტურგიისთვის დამახასიათებელი ნათლობის ელემენტები უფრო ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული. საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი რამ ძველი ტრადიციიდან უნდა აღდგეს.

  2. იგივე უნდა ითქვას სინანულის ელემენტებზე. რაც შეეხება კატეხეზაციას, ერთგულთა გულებში უნდა აღიბეჭდოს, ცოდვის სოციალურ შედეგებთან ერთად, საკუთრივ სინანულის ბუნება, რომელსაც სძულს ცოდვა, როგორც ღმრთის შეურაცხყოფა. ამასთანავე გასათვალისწინებელია ეკლესიის როლი სინანულის ქმედებაში. ყურადღება უნდა მიექცეს ლოცვას ცოდვილთათვის.

 

     110. დიდი მარხვის განმავლობაში სინანული არა მარტო შინაგანი და ინდივიდუალური უნდა იყოს, არამედ გარეგანი და სოციალურიც. საჭიროა სინანულის პრაქტიკისთვის ხელშეწყობა, ჩვენი ეპოქისა და სხვადასხვა რეგიონების შესაძლებლობათა მიხედვით, აგრეთვე, ერთგულთა მდგომარეობის მიხედვით. ხელისუფალნი, რომლის შესახებ არის ლაპარაკი 22-ე მუხლში, ამის რეკომენდაციას უნდა იძლეოდნენ.

     წმიდა უნდა იყოს აღდგომის მარხვა, ვნების პარასკევს და უფლის სიკვდილის დღეს. მისი აღნიშნვა ყველგან უნდა მოხდეს და, თუ საჭიროა, შაბათსაც გაგრძელდეს, რომ ამგვარად, ამაღლებული და ღია გულით, უფლის აღდგომას შევხვდეთ.

 

     111. ტრადიციის მიხედვით, წმიდანებს თაყვანს სცემენ ეკლესიაში, აგრეთვე მათ ნამდვილ და წარმოსახვით ნაწილებს. წმიდანთა დღესასწაულები ქადაგებს ქრისტეს სასწაულებს მის მსახურთა სახით და ერთგულებს სთავაზობს შესაფერის მაგალითებს მისაბაძად.

     წმიდანთა დღესასწაულებს არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა იმ დღესასწაულთა მიმართ, რომლებიც თავად გამოხსნის საიდუმლოებას ზეიმობენ. ამიტომ ბევრი მათგანი აღინიშნება ცალკეულ ეკლესიაში, ერსა თუ მოწესეთა საძმოში (Religiosae Familiae). ხოლო საყოველთაო ეკლესიაზე ის დღესასწაულები უნდა გავრცელდეს, რომლებიც მართლაც საყოველთაო მნიშვნელობის წმიდანებს მოიგონებს.

თავი VI
სასულიერო მუსიკა

 

     112. საყოველთაო ეკლესიის მუსიკალური ტრადიცია ფასდაუდებელი საუნჯეა, რომელიც ხელოვნების სხვა დარგებს აღემატება, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სასულიერო გალობა, სიტყვებთან შერწყმული, წარმოადგენს საზეიმო ლიტურგიის აუცილებელ და განუყოფელ ნაწილს.

     მართლაც, სასულიერო გალობის განდიდება ხდებოდა როგორც წმიდა წერილით[1], ასევე წმიდა მამებისა და რომის პონტიფექსების მიერ, რომლებმაც უკანასკნელ დროს, წმიდა პიუს X-სთან ერთად, მეტი სიზუსტით წარმოაჩინეს სასულიერო მუსიკის მსახურებითი ფუნქცია ღმრთისმსახურებაში.

     ამიტომ სასულიერო მუსიკა მით უფრო წმიდა იქნება, რაც უფრო მჭიდროდ იქნება ის დაკავშირებული ლიტურგიულ ქმედებასთან, თუ ის საამურად (suavis) გამოხატავს ლოცვას, ან ხელს შეუწყობს ერთსულოვნებას, ან უფრო მდიდრულს და საზეიმოს გახდის წმიდა წესებს. ამასთანავე, ეკლესია იწონებს და ღმრთისმსახურებაში დაუშვებს ჭეშმარიტი ხელოვნების ყველა ფორმას, რომლებიც სათანადო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

     წმიდა კრება იცავს საეკლესიო ტრადიციის ნორმებსა და მითითებებს და ითვალისწინებს სასულიერო მუსიკის დანიშნულებას, რომელიც ღმრთის დიდებასა და ერთგულთა წმიდაყოფაში მდგომარეობს, და ადგენს შემდეგს:

 

     113. ლიტურგიული ქმედება უფრო კეთილშობილ სახეს იძენს, როდესაც საღმრთო მსახურება საზეიმოდ სრულდება სიმღერით, რომლის აქტიური მონაწილენიც არიან მღვდელმსახურნი და აგრეთვე ხალხი.

     რაც შეეხება ენას, რომელიც ამ დროს უნდა იქნას გამოყენებული, უნდა დაცულ იქნას 36-ე მუხლის მითითებანი; მესასთან დაკავშირებით – 54-ე მუხლი; საიდუმლოებთან დაკავშირებით – 63-ე მუხლი; საღმრთო მსახურებასთან დაკავშირებით – 101-ე მუხლი.

 

     114. სასულიერო მუსიკის საგანძური უდიდესი მზრუნველობით უნდა იყოს დაცული და განვითარებული. მგალობელთა გუნდებისთვის გულმოდგინე ხელშეწყობა არის საჭირო, განსაკუთრებით საკათედრო ტაძრებთან. ეპისკოპოსებმა და სულთა სხვა მწყემსებმა ბეჯითად უნდა იზრუნონ, რათა ნებისმიერ საღმრთისმსახურო ქმედებაში, რომელიც გალობით სრულდება, ერთგულთა მთელმა საკრებულომ მისთვის შესაფერისი აქტიური მონაწილეობა მიიღოს, 28-ე და 30-ე მუხლის ნორმების თანახმად.

 

     115. დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მუსიკის სწავლებასა და პრაქტიკას სემინარიებში, ორივე სქესის მოწესეთა ნოვიციატში და სასწავლო სახლებში, აგრეთვე სხვა კათოლიკურ ინსტიტუტებსა და სკოლებში. ამგვარი აღზრდისათვის საჭიროა იმ მოძღვართა საფუძვლიანი მომზადება, რომლებსაც სასულიერო მუსიკის სწავლება ეკისრებათ.

            გარდა ამისა, სასურველია დაარსდეს სასულიერო მუსიკის უმაღლესი სასწავლებლები იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია.

            მუსიკოსებს, მგალობლებს, უპირველეს ყოვლისა, - ბავშვებს, ნამდვილი ლიტურგიული განათლება უნდა მიეცეს.

 

     116. ეკლესია ცნობს გრიგორიანულ გალობას როგორც საკუთრივ რომაული ლიტურგიისთვის დამახასიათებელს. ამიტომ, სხვა გარემოებათა თანასწორობის პირობებში, მან ძირითადი ადგილი უნდა დაიკავოს.

            ამასთან ერთად, საღმრთო მსახურების აღსრულებისას სრულიად არ არის გამორიცხული სასულიერო მუსიკის სხვა ჟანრები, უპირველეს ყოვლისა, პოლიფონია, თუ ის ლიტურგიული ქმედების სულს პასუხობს, 30-ე მუხლის ნორმის შესაბამისად.

 

     117. უნდა დასრულდეს გრიგორიანული გალობის წიგნების ტიპური გამოცემა. გარდა ამისა, უნდა მომზადდეს იმ წიგნების უფრო კრიტიკული გამოცემა, რომლებიც უკვე გამოქვეყნდა წმ. პიუს X-ის გარდაქმნის შემდეგ.

            სასურველია, რომ უფრო მომცრო ეკლესიებში სახმარად მომზადდეს ისეთი გამოცემა, რომელიც უფრო მარტივ მელოდიებს შეიცავს. 

 

     118. საფუძვლიანად უნდა ხელი შეეწყოს რელიგიურ სახალხო გალობას, ისე, რომ ერთგულთა ხმებს შეეძლოთ გაჟღერება, წესდებათა ნორმებისა და მითითებების შესაბამისად, ღმრთისმოსავი და სულიერი წვრთნებისას და თვით ლიტურგიულ ქმედებებშიც.

 

     119. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით მისიონერულ ქვეყნებში, მუსიკალური ტრადიციის ხალხი ცხოვრობს. ამ ტრადიციას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი რელიგიური და სოციალური ცხოვრებისთვის. ასეთ მუსიკას სათანადო დაფასება უნდა და შესაფერისი ადგილის მიკუთვნება სჭირდება, როგორც რელიგიური გრძნობის ფორმირებისას, ასევე ამ ხალხის თავისებურების შესაბამისად კულტმსახურების ადაპტაციისას.

    ამიტომ მისიონერთა მუსიკალური ფორმირების პროცესში დიდად არის საჭირო ზრუნვა იმისათვის, რომ მათ, შეძლებისდაგვარად, ხელი შეუწყონ ამ ხალხთა მუსიკას როგორც სკოლებში ასევე წმიდა ღმრთისმსახურებაში.

 

     120. ლათინურ ეკლესიაში დიდად პატივსაცემია ორგანი (Organum tubulatum), როგორც ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტი. მის ხმას შეუძლია საეკლესიო ცერემონიებს განსაცვიფრებელი ბრწყინვალება მიანიჭოს, სულები კი ღმრთისკენ და ზეციურისკენ ძლიერად აღამაღლოს.

            სხვა ინსტრუმენტები შეიძლება დაშვებულ იქნას საღმრთო კულტმსახურებაში ადგილობრივი უფლებამოსილი ხელისუფლების განსჯითა და თანხმობით, 22-ე მუხლის §2, 37 და 40-ის თანახმად, რამდენადაც ისინი სასულიერო მიზნებისათვის შესაფერისი არის, ან შეიძლება ასეთი გახდეს, აგრეთვე თუ ისინი უპასუხებს ტაძრის ღირსებას და ხელს უწყობს ერთგულთა ჭეშმარიტ აღზრდას.

 

     121. ქრისტიანული სულით გამსჭვალულმა მუსიკოსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი მოწოდებაა, განავითარონ  სასულიერო მუსიკა და ამრავლონ მისი საუნჯე.

     დაე, მათ შექმნან მელოდიები, რომლებიც ჭეშმარიტი მუსიკის ნიშნებს ატარებს. მათი შესრულება არა მარტო მგალობელთა დიდ გუნდებს უნდა შეეძლოს, არამედ უფრო მცირე გუნდებსაც. ეს მელოდიები ხელს უნდა უწყობდეს ერთგულთა მთელი საკრებულოს აქტიურ მონაწილეობას.

      სასულიერო დანიშნულების საგალობლების ტექსტები კათოლიკურ მოძღვრებას უნდა შეესაბამოს. მათი წყარო უმთავრესად წმიდა წერილი და ლიტურგიული წყაროები უნდა იყოს.

 

 

 

 

თავი VII
სასულიერო ხელოვნება და სასულიერო ნივთები

 

     122. ადამიანის სულის უკეთილშობილეს საქმიანობებს სამართლიანად მიაკუთვნებენ ხელოვნების დარგებს, უპირველეს ყოვლისა, რელიგიურ ხელოვნებას და მის მწვერვალს, სასულიერო ხელოვნებას. თავისი ბუნებით ისინი მიმართულია უსასრულო საღმრთო მშვენიერებისკენ, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ადამიანური ხერხებით უნდა გამოიხატოს. ისინი სრულად მიეძღვნება ღმერთს, მის ქებასა და დიდებას, რამდენადაც მათ არა აქვს სხვა მიზანი, გარდა ერთისა: თავისი ქმნილებებით ადამიანთაA სულები მაქსიმალურად ღმრთისკენ მიმართოს.

     ამიტომ მასაზრდოებელი დედა ეკლესია მუდამ იყო ხელოვნებათა მეგობარი. ის მუდამ მიმართავდა მათ კეთილშობილ მსახურებას და თავად აღზრდიდა ხელოვანთ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რათა ჭეშმარიტად ღირსეული, კაზმული და მშვენიერი ყოფილიყო წმიდა კულტმსახურებასთან დაკავშირებული ნივთების _ უზენაესი რეალობის ნიშნები და სიმბოლოები. მეტიც: ეკლესიას მუდამ მიაჩნდა, რომ მათი ერთგვარად განსჯის უფლება ჰქონდა. ხელოვნების ქმნილებათა შორის ის ისეთებს გამოარჩევდა, რომლებიც რწმენას, ღმრთისმოსაობასა და ტრადიციულ რელიგიურ კანონებს შეესაბამებოდა, და სასულიერო დანიშნულებისთვის შესაფერისი იყო.

     ეკლესია საგანგებო გულმოდგინებით ზრუნავდა სასულიერო ნივთებისთვის: მათ უნდა ღირსეულად და ლამაზად ემსახურათ კულტმსახურების კაზმულობისთვის, მიეღოთ და გამოეხატათ მასალაში, ფორმასა თუ მორთულობაში ის ცვლილებები, რომლებიც დროთა სვლაში ტექნიკის პროგრესთან ერთად გაჩნდა.

     ამიტომ ისურვეს მამებმა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი დაედგინათ:

 

     123. ეკლესიას არასდროს მიაჩნდა ხელოვნების რომელიმე სტილი თავის საკუთარ სტილად. ხალხთა თავისებურებებისა და პირობების, აგრეთვე სხვადასხვა წესთა მოთხოვნილებების შესაბამისად, მან დაუშვა ამა თუ იმ ეპოქის სტილი და საუკუნეთა მანძილზე შექმნა ხელოვნების საგანძური, რომელიც დიდი მზრუნველობით უნდა იქნას დაცული. ჩვენი დროისა და ყველა ხალხისა თუ რეგიონის ხელოვნება თავისუფლად უნდა ვითარდებოდეს, რამდენადაც ის სასულიერო სახლებსა და სასულიერო წესებს შესაფერისი მოწიწებითა და სათანადო პატივით ემსახურება, რათა ამგვარად შეუერთოს თავისი ხმა დიდების იმ განსაცვიფრებელ გალობას, რომელიც უდიდესმა ადამიანებმა განვლილ საუკუნეთა მანძილზე კათოლიკურ სარწმუნოებას მიუძღვნეს.

 

     124. დაე, ჭეშმარიტად სასულიერო ხელოვნებისთვის ხელშესაწყობად და დასახმარებლად ორდინარიუსებმა მიზნად დაისახონ უფრო კეთილშობილი მშვენიერება, ვიდრე ცარიელი მდიდრული კაზმულობა. იგივე ითქმის სასულიერო შესამოსლისა და სამკაულთა შესახებ.

     ეპისკოპოსებმა უნდა იზრუნონ იმისთვის, რომ ღმრთის სახლებს და სხვა წმიდა ადგილებს დაბეჯითებით მოარიდონ ხელოვნების ისეთი ქმნილებები, რომლებიც სარწმუნოებასა და ზნეთ, აგრეთვე ქრისტიანულ ღმრთისმოსაობას ეწინააღმდეგება და ჭეშმარიტად რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს, იქნება ეს ფორმის სიმახინჯისა თუ ხელოვნების ნაკლულობის გამო, ან იმიტომ, რომ ისინი საშუალო დონის ან წაბაძვითი არიან.

     წმიდა სახლთა შენებისას გულდასმით გასათვალისიწნებელია შემდეგი: ისინი განკუთვნილი უნდა იყოს ლიტურგიული ქმედებების შესასრულებლად და ერთგულთა მხრივ აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

 

     125. მტკიცედ უნდა იქნას შენარჩუნებული ეკლესიებში წმიდა გამოსახულებების მოთავსების პრაქტიკა, ერთგულთა მხრიდან თაყვანისცემის მიზნით. ამასთანავე, მათი გამოფენა უნდა მოხდეს შეზღუდული რაოდენობით და სათანადო წესით, რათა მათ ქრისტიან ერში მეტისმეტი განცვიფრება არ გამოიწვიონ და არ უბიძგონ ერთგვარად არაჯანსაღი მოწიწებისკენ.

 

     126. ხელოვნების ნიმუშთა შეფასებისას ადგილობრივმა ორდინარიუსებმა უნდა უსმინონ დიოცეზურ კომისიას სასულიერო ხელოვნების სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა გამოცდილ ადამიანებს, აგრეთვე კომისიებს, რომელთა შესახებ ლაპარაკია 44-ე, 45-ე, 46-ე მუხლებში.

     ორდინარიუსებმა გულმოდგინედ უნდა ადევნონ თვალყური იმას, რომ სასულიერო ნივთები ან ძვირფასი ნივთები, როგორც ღმრთის სახლის სამკაულები, არ გასხვისდეს და არ დაიკარგოს.

 

     127. ეპისკოპოსებმა უნდა იზრუნონ ხელოვანთათვის (ან თვითონ, ან იმ მღვდელმსახურთა მეშვეობით, რომლებიც გამოცდილნი და ხელოვნების ერთგულნი არიან), რათა ისინი სასულიერო ხელოვნების სულითა და საღმრთო ლიტურგიით განიმსჭვალონ.

     გარდა ამისა, რეკომენდირებულია დაარსდეს სასულიერო ხელოვნების სკოლები ან აკადემიები ხელოვანთა აღსაზრდელად იმ რეგიონებში, სადაც ეს მიზანშეწონილია.

     ხოლო ყველა ხელოვანი, რომელიც თავისი ნიჭის ერთგულია, მიზნად უნდა ისახავდეს, ემსახუროს ღმრთის დიდებას წმიდა ეკლესიაში. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ საქმე ეხება შემოქმედი ღმრთის წმიდა მიბაძვას და კათოლიკური კულტმსახურებისთვის განკუთვნილ ნაწარმოებებს, რომელთა დანიშნულებაა ერთგულთა აღზრდა და ღმრთისმოსაობა, აგრეთვე მათი რელიგიურ დამოძღვრა.

 

     128. კანონები და საეკლესიო დადგენილებები, რომლებიც გარეშე ნივთების წმიდა კულტმსახურებაში მოხმარებას ეხება (აქ იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა,  სასულიერო ნაგებობების ღირსეული და შესაფერისი კონსტრუქცია, საკურთხეველთა ფორმა და აგებულება, ევქარისტიული ტაბერნაკულუმის კეთილშობილება, განლაგება და დაცულობა, ბაპტისტერიუმის მოხერხებულობა და ღირსება, სასულიერო გამოსახულებების, დეკორაციისა და მორთულობის შესაფერისი განლაგება) სასწრაფოდ უნდა იქნას გადასინჯული, ლიტურგიულ წიგნებთან ერთად, 25-ე მუხლის ნორმის თანახმად. უნდა გასწორდეს ან ამოღებულ იქნას ის, რაც ლიტურგიის განახლებისთვის ნაკლებად შესაფერისი ჩანს, ხოლო რაც შესაფერისია, ის უნდა შენარჩუნდეს და შემოღებულ იქნას.

            ამ საქმეში, უპირველეს ყოვლისა, სასულიერო ნივთებისა და შესამოსლის მასალასა და ფორმასთან დაკავშირებით, ეპისკოპოსთა ადგილობრივ შეკრებებს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს ადგილობრივი მოთხოვნილებებისა და ზნე-ჩვეულებების შესაფერისი ადაპტაციები, მოცემული კონსტიტუციის 22-ე მუხლის ნორმის თანახმად.

 

     129. სამღვდელო პირებმა, ფილოსოფიურ და თეოლოგიურ განათლებასთან ერთად, უნდა შეისწავლონ სასულიერო ხელოვნების ისტორია და მისი ევოლუცია, აგრეთვე ჩასწვდენ იმ ჯანსაღ საწყისებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს სასულიერო ხელოვნების ნიმუშებს. მათ უნდა  დააფასონ ეკლესიის პატივდებული ძეგლები და მათ ემსახურონ. მათ უნდა შეეძლოთ, ხელოვანებს შემოქმედებით პროცესში შესაფერისი რჩევები მისცენ.

 

     130. მიზანშეწონილია, რომ პონტიფიკალიებით სარგებლობის უფლება დარჩეთ იმ საეკლესიო პირებს, რომლებიც ეპისკოპოსები არიან ან რაღაც სხვა განსაკუთრებული იურისდიქცია გააჩნიათ.

 

 

 

 

დ ა მ ა ტ ე ბ ა

 

ვატიკანის წმიდა მსოფლიო კრების დეკლარაცია კალენდრის რეფორმის შესახებ

 

     ვატიკანის წმიდა მსოფლიო მეორე კრებას ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნია მრავალთა მიერ გამოთქმული სურვილი, რომელიც ითვალისწინებს აღდგომის დღესასწაულის გარკვეულ კვირა დღეს დაწესებას და  მყარი კალენდრის შემოღებას. ახალი კალენდრის შემოღებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგის გათვალისიწნების საფუძველზე, კრება განაცხადებს შემდეგს:

 

  1. წმიდა კრება არ არის წინააღმდეგი, რომ აღდგომის დღესასწაული კვირის გარკვეულ დღეს დაწესდეს გრიგორიანულ კალენდარში, თუ თანახმანი არიან ისინი, ვისაც ეს საკითხი ეხება, უპირველეს ყოვლისა, ძმები, რომლებიც სამოციქულო საყდართან ერთობისგან გამოცალკავებულნი არიან.

  2. ამასთანავე, წმიდა კრება განაცხადებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება წამოწყებებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაში მუდმივი კალენდრის შემოღებას ითვალისწინებს.

 

     სხვადასხვა სისტემათა შორის, რომლებიც მუდმივი მყარი კალენდრის შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოებაში მისი დაწესებისთვის მოიაზრება, ეკლესია არ უპირისპირდება მხოლოდ ისეთებს, რომლებიც ინახავენ და იცავენ შვიდდღიან კვირეულს კვირა დღით, და არ შემოაქვთ არავითარი დღეები გარდა ამ შვიდისა, ასე რომ კვირეულების მიმდევრობა ხელუხლებელი რჩება. ყოველივე ამის შეცვლაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ძალიან სერიოზული მიზეზების შემთხვევაში, რომლებიც სამოციქულო საყდარმა უნდა განსაჯოს.

 

 

        ყოველივე ერთად და ცალ-ცალკე, რაც ამ კონსტიტუციაში გამოცხადდა, წმიდა კრების მამებმა მოიწონეს. და ჩვენც, იმ სამოციქულო უფლებამოსილებით, რომელიც ქრისტესგან გადმოგვეცა, ამას პატივდებულ მამებთან ერთად სული წმიდაში ვეთანხმებით, ვადგენთ და ვაწესებთ, და ვბრძანებთ, რომ ის, რაც კრებაზე დადგინდა, გამოქვეყნდეს სადიდებლად ღმრთისა.

 

     რომი, წმ. პეტრესთან, 1963 წლის 4 დეკემბერი

               

მე, პავლე, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი      

 

(მოჰყვება მამათა ხელმოწერები)   

 

 

 

 

  1. ორმოცდამეათე დღის მომდევნი 9-ე კვირის საძღვნო ლოცვა (secreta).

  2. შდრ. ებრ. 13, 14.

  3. ეფეს. 2, 21, 22.

  4. ეფეს. 4, 13.

  5. შდრ. ეს. 11, 12.

  6. იოან. 11, 52.

  7. იოან. 10, 16.

  8. ეს. 61, 1; ლუკ. 4, 18.

  9. S. IGNATUS M., Ad Ephesios, 7, 2: FUNK I, 218.

  10. შდრ. 1ტიმ. 2, 5.

  11. Sacramentum Verinense (Leonianum): MOHLBERG, Romae 1956, n. 1265, p. 162.

  12. Praefatio paschalis in Missali Romano.

  13. შდრ. ლოცვა, რომელიც მოჰყვება წმიდა შაბათის მეორე საკითხავს რომაული წირვის წესში, წმიდა კვირის განახლებამდე.

  14. მარკ. 16, 15.

  15. შდრ. საქმე 26, 18.

  16. შდრ. რომ, 6, 4; ეფეს. 2, 6.

  17. შდრ. იოან. 4, 23.

  18. შდრ. I კორ. 11, 26.

  19. CONC. TRID., Sess. 13, 11 oct. 1551, decr. De ss. Eucharist., c. 5: CONC. TRID., Diariorum, Actorum, Epistolarum, Tractatum nova collectio, ed. Soc. Goeresiana, t. VII, Actorum pars IV, Friburgi Brisgoviae 1961, p. 202.

  20. CONC. TRID., Sess. 22, 17 sept. 1562, doctr. De ss. Missae sacrif., c. 2: CONC. TRID., ed. cit., t. VIII. Actorum pars V, Friburgi Brisgoviae 1919, p. 960.

  21. შდრ. S. AUGUSTINUS, in Io. Evang. Tract. VI, I, 7: PL 35, 1428.

  22. შდრ. გამოცხ. 21, 2; კოლ. 3, 1; ებრ. 8, 2.

  23. შდრ. ფილ. 3, 20; კოლ. 3, 4.

  24. შდრ. იოან. 17, 3; ლუკ. 24, 27; საქმე 2, 38.

  25. მათ. 28, 20.

  26. სააღდგომო ღამისთევისა და აღდგომის კვირის ზიარების შემდგომი ლოცვა.

  27. აღდგომის სამშაბათის მესის ლოცვა.

  28. შდრ. 2კორ. 6, 1.

  29. შდრ. მათ. 6, 6.

  30. შდრ. 1თესალ. 5, 7.

  31. შდრ. 2კორ. 4, 10-11.

  32. ორმოცდამეათე დღის მომდევნო ორშაბათის საძღვნო ლოცვა (secreta).

  33. S.CYPRIANUS, De cath. eccl. unitate, 7: CSEL (Hartel) III, 1, pp. 215-216. – შდრ. Epist. 66, n. 8, 3: ed. cit., III; 2, pp. 732-733.

  34. შდრ. CONC. TRID., Sess. 22, 17 sept. 1562, doctr. De ss. Missae sacrif., c. 8: CONC. TRID., ed. cit., VIII, 961.

  35. შდრ. S. IGNATIUS M., Ad Magn. 7; Ad Phil. 4; Ad Smyrn. 8: FUNK I, 236, 266, 281.

  36. შდრ. S. AUGUSTINUS, In Io. Evang. Tract. XXVI, VI, 13: PL 35, 1613.

  37. Breviarium Romanum, In festo Sanctissimi Corporis Christi. Ad II Vesperas, antiphona ad Magnificat.

  38. შდრ. S. Cyrillus Alex., Comment. in Io. Evang., lib. XI-XII: PG 74, 557-564.

  39. შდრ. 1 ტიმ. 2, 1-2.

  40. Sess. 21, 16 iul. 1562. DOCTRINA DE Communione sub utraque specie et parvulorum, c. 1-3: CONC. TRID., ed. cit., VIII, 698-699.

  41. CONC: TRID., Sess. 24, 11 nov. 1563, de reformatione, cap. 1: CONC. TRID., ed. cit., IX. Actorum pars VI, Friburgi Brisgoviae 1924, p. 969. – შდრ. Rituale Romanum, tit. VIII, c. II, n. 6.

  42. შდრ. ეფეს. 5, 19; კოლ. 3, 16.

©2017 by Catholicchurch.ge