დოგმატური კონსტიტუცია

საღმრთო გამოცხადების შესახებ

 

DEI VERBUM

 

პავლე ეპისკოპოსი,

ღმრთის მსახურთა მსახური,

წმიდა კრების მამებთან ერთად,

სამუდამო სახსოვრად

 

დოგმატური კონსტიტუცია

საღმრთო გამოცხადების შესახებ

 

 
შესავალი

 

1. ღმრთის სიტყვის კრძალულებით მსმენელი და დარწმუნებით განმცხადებელი წმიდა კრება მისდევს წმ. იოანეს სიტყვებს: „გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამასა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ; რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესო ქრისტესსა“ (1იოანე 1, 2-3). ამიტომ კრებას, ტრიდენტისა და ვატიკანის I კრებათა მიმდევარს, განზრახული აქვს წარმოადგინოს ჭეშმარიტი მოძღვრება საღმრთო გამოცხადებისა და მისი გადმოცემის  შესახებ, რათა გამოხსნის უწყების მოსმენით მთელმა მსოფლიომ ირწმუნოს, რწმენით იმედოვნებდეს, იმედოვნებით უყვარდეს.[1]

 

 
თავი I
თავად გამოცხადება

 

2. ღმერთმა მისი სათნოებითა და სიბრძნით ისურვა თავისი თავის გამოცხადება და უწყება თავისი ნების საიდუმლოსი (შდრ. ეფეს. 1, 9), რომლითაც ადამიანები ქრისტეს, განხორციელებული სიტყვის საშუალებით სული წმიდაში მამას მიეახლებიან და საღმრთო ბუნების თანამოზიარენი ხდებიან (შდრ. ეფეს. 2, 18; 2 პეტრ. I, 4). ამ გამოცხადებით უხილავი ღმერთი (შდრ. კოლ. I, 15;  1ტიმ. 1, 17) თავისი სიყვარულის სიუხვით ადამიანებს, როგორც მეგობრებს, მიმართავს (შდრ. გამოსვლ. 33, 11; იოანე 15, 14-15) და მათთან საუბრობს (შდრ. ბარ. 3, 38), რათა ისინი თავისთან საურთიერთოდ  მიიწვიოს და ამ ურთიერთობის წევრებად მიიღოს. გამოცხადების ეს განგებულება იქმნება ქმედებათა და სიტყვათა შინაგანი ურთიერთკავშირით, ისევე როგორც საქმენი, გამოხსნის ისტორიაში ღმრთის მიერ აღსრულებულნი, ცხადყოფენ და განამტკიცებენ მოძღვრებასა და მას, რაც სიტყვებით გამოხატულა, ხოლო სიტყვები გვაუწყებენ საქმეებს და აშუქებენ საიდუმლოს, რომელსაც ისინი შეიცავენ. როგორც ღმრთის, ასევე ადამიანთა გამოხსნის შესახებ ღრმა ჭეშმარიტება ჩვენთვის ამ გამოცხადებით ქრისტეში სხივოსნდება, რომელიც არის შუამავალი და იმავდროულად მთელი გამოცხადების სისავსე.[2]

 

3. ღმერთმა, სიტყვით ყოველივეს შემქმნელმა (შდრ. იოან. 1, 3) და შემნახველმა, _ რომელიც ქმნილებებში მუდმივად ამოწმებს თავის თავს ადამიანთათვის (შდრ. რომ. I, 19-20) და უზენაესი გამოხსნის გზის გახსნას განიზრახავს, _ დასაბამითვე გამოუჩინა თავისი თავი ჩვენს პირველწინაპართ. მათი დაცემის შემდეგ მან ისინი გამოსყიდვის დაპირებით გამოხსნის იმედით აღადგინა (შდრ. დაბ. 3, 15). იგი განუწყვეტლად ზრუნავდა ადამიანთა მოდგმისთვის, რომ ყველასთვის, ვინც ერთგულებით კეთილ საქმეებში გამოხსნას ეძიებდა, საუკუნო ცხოვრება ეჩუქებინა (შდრ. რომ. 2, 6-7). თავის დროზე მან აბრაამს მოუწოდა, რათა მისი შთამომავლობა დიდ ხალხად ექცია (შდრ. დაბ. 12, 2). ღმერთმა ეს ხალხი პატრიარქების შემდეგ მოსესა და წინასწარმეტყველთა მიერ განასწავლა, რათა ხალხს იგი ეცნო ერთადერთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთად, წინაგანმგებელ მამად და სამართლიან მსაჯულად, და დალოდებოდა აღთქმულ მხსნელს. ასე, საუკუნეთა მანძილზე, მან განუმზადა გზა სახარებას.

 

     4. მას შემდეგ, რაც ღმერთმა მრავალგზის და მრავალგვარად წინასწარმეტყველთა პირით ილაპარაკა, იგი „უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა“ (ებრ. 1, 1-2). მან მართლაც გამოგზავნა თავისი ძე _ საუკუნო სიტყვა, რომელიც ყველა ადამიანს განანათლებს (illuminat),  რათა ძემ იცხოვროს ადამიანთა შორის და მათ ღმრთის საიდუმლონი აუწყოს (შდრ. იოან. 1, 1-18). იესო ქრისტე, განხორციელებული სიტყვა, „ადამიანი ადამიანებთან“ მოვლინებული,[3] „სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“ (იოან. 3, 34) და ასრულებს გამოხსნის საქმეს, რომელიც მას მამამ მისცა საქმნელად (შდრ. იოან. 5, 36; 17, 4). ამიტომ იგი, ვისი მხილველიც ხედავს მამასაც (შდრ. იოან. 14, 9), სრულად აღასრულებს გამოცხადებას, აღასრულებს მთელი თავისი აქმყოფობითა (praesentia) და გამოჩინებით, სიტყვებითა და საქმეებით, ნიშნებითა და სასწაულებით, განსაკუთრებით კი თავისი სიკვდილითა და მკვდრეთით ბრწყინვალე აღდგომით, და ბოლოს ჭეშმარიტების სული წმიდის მოვლინებით. საღმრთო მოწმეობით იესო ქრისტე ადასტურებს, რომ ღმერთი ნამდვილად ჩვენთან არის, რათა ცოდვისა და სიკვდილის წყვდიადისაგან გაგვათავისუფლოს და საუკუნო ცხოვრებაში აღგვადგინოს.

მაშასადამე, ქრისტიანული განგებულება, რამდენადაც ის არის ახალი და საბოლოო კავშირი (foedus... definitivum), არასოდეს გარდავა, და უკვე არ არის მოსალოდნელი არავითარი ახალი საჯარო გამოცხადება ბრწყინვალე გამოჩინებამდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (შდრ. 1ტიმ. 6, 14 და ტიტ. 2, 13).

 

     5. გამომცხადებელი ღმრთის მიმართ შეგვფერის „სარწმუნოების მორჩილება“ (რომ. 16, 26; შდრ. რომ. 1, 5; 2 კორ. 10, 5-6), რომლითაც ადამიანი მთლიანად და თავისუფლად ეძლევა ღმერთს, როცა „გონებასა და ნებას სრულად უქვემდებარებს“ გამომცხადებელ ღმერთს[4] და მისგან მოცემულ გამოცხადებას ნებაყოფლობით იღებს. ამ სარწმუნოების არსებობისთვის საჭიროა ღმრთის მადლი, რომელიც მას წინუძღვის და ეხმარება, და სული წმიდის შინაგანი შემწეობა, რომელიც აღძრავს გულს და მას ღმრთისკენ მიაქცევს, გონებას თვალს უხელს, და ანიჭებს „ყველას ჭეშმარიტების მიღებისა და რწმენის სიტკბოებას.“[5] იმისათვის, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს გამოცხადების გაგება, სული წმიდა თავის ნიჭთა საშუალებით (per dona sua) განუწყვეტლივ სრულყოფს სარწმუნოებას.

 

6. ღმერთმა ინება, საღმრთო გამოცხადებით გამოეჩინა და ემცნო თავისი თავი და ადამიანთა გამოხსნასთან დაკავშირებული თავისი ნების საუკუნო გადაწყვეტილებები (decreta), „რათა ისინი საღმრთო სათნოებებს ეზიარონ, რომლებიც სრულიად აღემატება ადამიანური განსჯისათვის ხელმისაწვდომ გაგებას.“[6]

წმიდა კრება აღიარებს (confitetur), რომ „ღმერთი, ყოველივეს თავი და ბოლო, ნამდვილად შეიძლება შეცნობილ იქნას ქმნილებათა საფუძველზე ადამიანური გონების ბუნებრივი ნათლით“ (შდრ. რომ. 1, 20). კრება ასწავლის, რომ ამ გამოცხადებას უნდა ვუმადლოდეთ, „რომ ის, რაც საღმრთო საქმეთა შორის ადამიანური გონებისთვის თავისთავად მიუწვდომელი არ არის, ყველამ შეიძლება შეიცნოს ადამიანური მოდგმის დღევანდელ მდგომარეობაშიც, შეიცნოს ადვილად, მტკიცე დარწმუნებულობითა და შეცდომის ყოველგვარი მინარევის გარეშე.“[7]

 

 
 
თავი II
საღმრთო გამოცხადების გადმოცემა

 

     7. რაც ღმერთმა ყველა ხალხთა ხსნისათვის გამოგვიცხადა, მან ეს უკეთილესად ისე განაწესა, რომ საუკუნოდ ხელისშეუხებად ეგოს (permanerent) და ყველა თაობას გადმოეცეს. ამიტომ ქრისტემ _ უფალმა, რომელშიც უზენაესი ღმრთის მთელი გამოცხადება სრულდება (შდრ. 2 კორ. 1, 20; 3, 16 _ 4, 6), დააკისრა მოციქულებს, რომ სახარება, ადრე წინასწარმეტყველთა მიერ აღთქმული,  თავად მის მიერ აღსრულებული და საკუთარი პირით განცხადებული, ყველას უქადაგონ, როგორც ხსნის ყველა ჭეშმარიტებისა და ზნეობრივი წესის წყარო,[8] და ამცნონ საღმრთო ნიჭნი. ეს ერთგულად შეასრულეს იმ მოციქულებმა, რომლებმაც ზეპირ ქადაგებაში, მაგალითებსა და დაწესებულებებში (institutionibus) ის გადმოსცეს, რაც ქრისტეს ბაგეთაგან, საუბრიდან თუ საქმეთაგან შეიტყვეს ან სული წმიდის ჩაგონებით შეიცნეს, ასევე იმ მოციქულებმა და სამოციქულო მამებმა, რომელთაც, იმავე სული წმიდის შთაგონებით, წერილობით გვაუწყეს ხსნის შესახებ.[9]

     იმისათვის, რათა სახარება ყოველთვის ხელშეუხებლად და ცოცხლად შენახულიყო ეკლესიაში, მოციქულებმა მემკვიდრეებად დატოვეს ეპისკოპოსები, რომელთაც „თავისი საკუთარი სამოძღვრო ხარისხი გადასცეს“.[10] ეს წმიდა გადმოცემა და ორივე აღთქმის წმიდა წერილი არის სარკესავით, რომელშიც ეკლესია თავის მიწიერ გზაზე ჭვრეტს ღმერთს; ღმრთისაგან ეკლესია ყველაფერს იღებს, სანამ არ მივა იქამდე, რომ ღმერთი პირისპირ იხილოს, იმგვარად, როგორიც ის არის (შდრ. 1იოან. 3, 2).

 

     8. ამგვარად, სამოციქულო ქადაგება, რომელიც შთაგონების გზით დაწერილ წიგნებში განსაკუთრებული სახით გადმოიცა, დროთა დასასრულამდე  უწყვეტი მემკვიდრეობით უნდა შენახულიყო. ამიტომ მოციქულები, რომლებიც გადმოსცემენ იმას, რაც თავად მიიღეს, მოუწოდებენ ერთგულთ, მისდიონ გადმოცემებს, რომლებიც სიტყვისა თუ წერილის საშუალებით შეითვისეს (შდრ. 2თეს. 2, 15), და იბრძოლონ სარწმუნოებისთვის, რომელიც მათ ერთხელ გადმოეცათ (შდრ. იუდ. 3).[11] მოციქულთაგან გადმოცემული მოიცავს ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ღმრთის ხალხის ცხოვრების წმიდად წარმართვასა და სარწმუნოების ზრდას. ასე, თავის მოძღვრებაში, ცხოვრებასა და ღმრთისმსახურებაში ეკლესია მარადამყოფებს (perpetuat) და ყველა თაობას გადასცემს ყოველივეს, რაც თავად არის, ყოველივეს, რაც სწამს.

     მოციქულთაგან მომდინარე ეს გადმოცემა სული წმიდის შემწეობით ეკლესიაში ვითარდება:[12] იზრდება გადმოცემულ საქმეთა და სიტყვათა წვდომა, როგორც მორწმუნეთა ჭვრეტითა და სწავლით, რომლებიც ყოველივე ამას თავის გულში შემოიკრებენ (შდრ. ლუკ. 2, 19 და 51), ასევე განცდილ სულიერ საქმეთა შინაგანი გაგებით, და აგრეთვე იმათი უწყებით (praeconio), ვინც საეპისკოპოსო მემკვიდრეობით ჭეშმარიტების მყარი (certum) ქარიზმა მიიღო. ასე, საუკუნეთა სვლაში, ეკლესია განუწყვეტლივ მიისწრაფის საღმრთო ჭეშმარიტების სისავსისაკენ, სანამ მასში არ აღსრულდება სიტყვანი ღმრთისანი.

     წმიდა მამათა ნათქვამნი ადასტურებენ ამ გადმოცემის მაცოცხლებელ აწმყოობას (praesentiam), რომლის სიმდიდრე მორწმუნე და მლოცველი (orantis) ეკლესიის მოღვაწეობასა და ცხოვრებას შეერწყმის. ამავე გადმოცემით ცნობილი ხდება წმიდა წიგნთა მთლიანი კანონი; თავად წმიდა წიგნები ეკლესიაში უფრო ღრმად გაიგება და განუწყვეტლივ ცხოველმოქმედი ხდება. ასე ღმერთი, რომელმაც ადრე ილაპარაკა და რომელიც თავისი საყვარელი ძის სძალს განუწყვეტლივ ესაუბრება, და სული წმიდა, რომლის საშუალებით სახარების ცოცხალი ხმა ჟღერს ეკლესიაში, ხოლო ეკლესიის საშუალებით – სამყაროში, მორწმუნეთ უძღვება ჭეშმარიტების სისავსეში და მათში ამკვიდრებს ქრისტეს სიტყვას (შდრ. კოლ. 3, 16).

 

     9. ამგვარად, წმიდა გადმოცემა და წმიდა წერილი ერთმანეთთან მჭიდროდ კავშირსა და ურთიერთობაში არიან: ორივე, ერთი და იმავე საღმრთო წყაროდან მომდინარე, გარკვეულწილად ერთ მთლიანობად შეირწყმის და ერთი და იმავე მიზნისკენ ისწრაფვის. მართლაც, წმიდა წერილი არის ღმრთის ლაპარაკი (locutio), რამდენადაც ის საღმრთო სულის შთაგონებით შექმნილი ნაწერით დასტურდება, ხოლო წმიდა გადმოცემა სიტყვას ღმრთისას (verbum Dei), რომელიც უფალმა ქრისტემ და სული წმიდამ მოციქულებს მიანდო, მათ მემკვიდრეებს სრულად გადასცემს, რათა მას, ჭეშმარიტების მანათობელი სულის შემწეობით, თავისი ქადაგებით ერთგულად ემსახურონ, განმარტონ ის და გაავრცელონ. მაშასადამე, ეკლესია თავის დარწმუნებულობას ყოველივე გამოცხადებულთან მიმართებაში მხოლოდ წმიდა წერილიდან არ იძენს. ამიტომ ორივეს მიღება და თაყვანისცემა კრძალვისა (pietatis) და პატივისცემის თანაბარი განცდით გვმართებს.[13]

 

10. Oწმიდა გადმოცემა და წმიდა წერილი შეადგენენ საღმრთო სიტყვის ერთ წმიდა საუნჯეს, რომელიც ეკლესიისთვის იქნა მინდობილი. მასზე დამოკიდებული მთელი წმიდა ხალხი, თავის მწყემსებთან ერთიანი, მუდმივად განკრძალულია (perservat) მოციქულთა მოძღვრებასა და ზიარებაში, პურის გატეხვასა და ლოცვებში (შდრ. საქმ. 2, 42). ასე, გადმოცემული სარწმუნოების შენახვაში, აღსრულებასა და აღსარებაში აღმოცენდება წინამძღვართა და მორწმუნეთა (Antistitum et fidelium) განუმეორებელი ერთსულოვნება.[14]

         საღმრთო სიტყვის, დაწერილისა თუ გადმოცემულის, ნამდვილი განმარტების მოვალეობა მხოლოდ ეკლესიის ცოცხალ მოძღვრობას (magisterium) დაეკისრა,[15] რომლის უფლებამოსილება (auctoritas) იესო ქრისტეს სახელით სრულდება. ეს მოძღვრობა ღმრთის სიტყვის ზემდგომი კი არ არის, არამედ მას ემსახურება; ის ასწავლის მხოლოდ იმას, რაც გადმოიცა, რადგან საღმრთო დავალებითა (mandato) და სული წმიდის შემწეობით სიტყვას კრძალვით ისმენს, მას წმიდად იცავს და ერთგულად განმარტავს; ის რწმენის ერთიანი საუნჯიდან იძენს ყოველივე იმას, რასაც წარმოგვიდგენს ღმრთივგამოცხადებულად და ამდენად როგორც სარწმუნოს.

     ამგვარად, ცხადია, რომ წმიდა გადმოცემა, წმიდა წერილი და ეკლესიის მოძღვრობა, ღმრთის უბრძნესი განზრახვის (consilium) თანახმად, იმდენად ურთიერთდაკავშირებული და თანაზიარია (consociari), რომ უერთმანეთოდ არ არსებობენ, და ყველა ერთად და თითოეული თავისებურად, ერთიანი სული წმიდის მოქმედებით, წარმატებით უწყობს ხელს სულთა გამოხსნას. 

 

თავი III
წმიდა წერილის ღმრთივშთაგონებულობა და მისი განმარტება

 

     11. ყოველივე საღმრთოდ გამოცხადებული, რასაც წმიდა წერილი შეიცავს და წარმოგვიდგენს, სული წმიდის ჩაგონებით ჩაიწერა. სამოციქულო სარწმუნოების საფუძველზე, წმიდა დედას – ეკლესიას წმიდად და კანონიკურად მიაჩნია როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის წიგნები, მთლიანად, მათი ყველა ნაწილითურთ, იმიტომ რომ მათ, სული წმიდის შთაგონებით დაწერილთ (შდრ. იოან. 20, 31; 2 ტიმ. 3, 16, 2პეტ. 1, 19-21; 3, 15-16), ავტორად ღმერთი ჰყავთ, და ასეთებად გადმოეცნენ ისინი ეკლესიას.[1] წმიდა წიგნების შესადგენად ღმერთმა მართლაც ის ადამიანები აირჩია, რომლებსაც თავიანთ უნარებისა და შესაძლებლობების სრული გამოყენებით,[2] თავად ღმრთის მათში და მათი საშუალებით მოქმედების საფუძველზე,[3] წერილობით, როგორც ნამდვილ ავტორებს, ყოველივე ის და მხოლოდ ის უნდა გადმოეცათ, რაც თავად მას სურდა.[4]  

     ყველაფერი, რასაც განაცხადებენ შთაგონებული ავტორები ანუ ჰაგიოგრაფები, სული წმიდისგან განცხადებულად უნდა ვცნოთ (retineri) და ვაღიაროთ, რომ წმიდა წერილის წიგნები მტკიცედ, ერთგულად და უცდომელად ასწავლიან იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ღმერთმა ისურვა, რომ ჩვენი გამოხსნის მიზნით, წმიდა ნაწერთა სახით (Litteris Sacris) აღბეჭდილიყო.[5] ამგვარად, „წერილი ერთობილი ღმრთივშთაგონებულ და სარგებელ სამოძღურებლად არს და სამხილებელად, გამოსასწორებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა სრულქმნილი იყოს კაცი ღმრთისა, ყოველი კეთილი საქმისთჳს განმზადებული“ (2ტიმ. 3, 16-17).

     12. წმიდა წერილში ღმერთმა ილაპარაკა  ადამიანთა პირით, როგორც ადამიანმა.[6] იმისათვის, რომ წმიდა წერილის განმმარტებელი ჩასწვდეს იმას, რისი შეტყობინებაც ღმერთს ჩვენთვის სურდა, მან ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს, თუ რის გამოხატვას განიზრახავდნენ სინამდვილეში ჰაგიოგრაფები და რისი განცხადება ინდომა ღმერთმა მათი სიტყვებით.

     ჰაგიოგრაფთა განზრახვის ამოსახსნელად სხვათა და სხვათა შორის გასათვალისწინებელია „ლიტერატურული ჟანრები“. ჭეშმარიტება ხომ სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგება და გამოიხატება სხვადასხვა ტექსტში, იქნება ის ისტორიული, წინასწარმეტყველური, პოეტური თუ კიდევ სხვა რომელიმე ჟანრისა. განმმარტებელმაც ის აზრი უნდა ეძიოს, რომლის გამოხატვა სურდა ჰაგიოგრაფს გარკვეულ პირობებში, დროისა და კულტურის გარემოს შესაბამისად, და რომელსაც ის იმ დროისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ჟანრის გამოყენებით გამოხატავდა.[7] იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ის, რისი განცხადება სურდა თავისი ნაწერით წმიდა საქმეთა აღმწერს (sacer auctor), სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ განცდის, თქმის, თხრობის ჩვეული, მკვიდრი თავისებურებები, რომლებიც ჰაგიოგრაფის დროს იყო გაბატონებული, ასევე ის თავისებურებები, რომლებიც იმ ხანაში იყო დამახასიათებელი საზოგადოდ  ადამიანთა ურთიერთობებისთვის.[8]

     წმიდა წერილი უნდა წაკითხულ იქნეს და განიმარტოს იმავე სულის საშუალებით, რომლის საშუალებითაც ის დაიწერა.[9] ამიტომ წმიდა ტექსტების აზრის სწორი გაგებისათვის არანაკლებ საგულისხმოა მთლიანი წერილის შინაარსი და მისი ერთიანობა, მთელი ეკლესიის ცოცხალი გადმოცემისა და სარწმუნოების თანხმობის გათვალისწინებით. ამ წესების შესაბამისად, ეგზეგეტებმა  ხელი უნდა შეუწყონ წმიდა წერილის აზრის უფრო ღრმად გაგებასა და გადმოცემას, რათა მათი ერთგვარად მოსამზადებელი შესწავლით ეკლესიის მსჯავრი (iudicum) მწიფდებოდეს. ყველაფერი, რაც წერილის განმარტების თავისებურებას შეეხება, საბოლოოდ ექვემდებარება ეკლესიის მსჯავრს, ეკლესია კი ღმრთის სიტყვის შენახვითა და განმარტებით ასრულებს საღმრთო დავალებასა და სამსახურს.[10] 

 

     13.    ამგვარად, წმიდა წერილში ვლინდება, ღმრთის შეურყვნელი ჭეშმარიტებისა და სიწმიდის სამუდამო შენახვისას, საუკუნო სიბრძნის საოცარი „ჩამოსვლა“ (condescensio), რათა ვისწავლოთ ღმრთის გამოუთქმელი სათნოება, და ის, თუ როგორ მდაბლდება იგი თავის მეტყველებაში, როცა ჩვენს ბუნებას წინაგანაგებს და მისთვის ზრუნავს.“[11] მართლაც, ღმრთის სიტყვანი, ადამიანურ ენებზე გამოხატულნი, ადამიანური მეტყველების მსგავსნი შეიქმნენ, ისევე როგორც ოდესღაც ადამიანთა მსგავსი შეიქმნა საუკუნო მამის სიტყვა, რომელმაც ადამიანური ხორცის სიძაბუნე მიიღო.

  

 

 
 
თავი IV
ძველი აღთქმა

 

     14. უაღრესად მოსიყვარულე ღმერთმა, რომელიც მზრუნველად განიზრახავს და ამზადებს მთელი ადამიანური მოდგმის გამოხსნას, განსაკუთრებული გეგმის საფუძველზე თავისთვის აირჩია ხალხი, რომელსაც დაპირებებს მიანდობდა. ღმერთმა კავშირი დაამყარა აბრაამთან (შდრ. დაბ. 15, 18) და, მოსეს გზით, ისრაელის ხალხთან (შდრ. გამოსვლ. 24, 8), ხოლო ამ კავშირის საშუალებით გამოეცხადა, სიტყვებშიცა და საქმეებშიც, თავის რჩეულ ხალხს ერთადერთ ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთად. ეს მოხდა იმისთვის, რათა ისრაელს გამოეცადა, თუ რა საღმრთო გზები მიდის ადამიანებისკენ, და, წინასწარმეტყველთა პირით  ღმრთის საუბრის საფუძველზე, ეს გზები დღიდან დღემდე სულ უფრო ღრმად და მკაფიოდ გაეგო და მათ შესახებ ცოდნა სულ უფრო ფართოდ გაევრცელებინა ხალხებში (შდრ. ფს. 21, 28-29; 95, 1-3; ის. 2, 1-4; იერ. 3, 17). გამოხსნის განგებულება, წმიდა ავტორთა მიერ წინასწარნაუწყები, მოთხრობილი და განმარტებული, ძველი აღთქმის წიგნებში წარმოდგება როგორც სიტყვა ღმრთისა. ამიტომ ეს ღმრთივშთაგონებული წიგნები წარუვალ ღირებულებას ინახავენ: „რამეთუ რაოდენი-იგი დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებლად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს“ (რომ. 15, 4).

 

     15. ძველი აღთქმის განგებულება უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ მოემზადებინა ქრისტეს _ საყოველთაო გამომხსნელის (redemptoris) მოსვლა და მისი მესიანური მეუფების დადგომა, წინასწარმეტყველურად ემცნო ის (შდრ. ლუკ. 24, 44; იოან. 5, 39; 1პეტ. 1, 10) და სხვადასხვა ნიშნით გამოეხატა (შდრ. 1კორ. 10, 11). ძველი აღთქმის წიგნები (ისინი ადამიანთა მოდგმის იმ მდგომარეობას^ითვალისწინებენ, რომელიც ქრისტეს მიერ გამოხსნის დროთა უწინარესია) ყველასთვის ცხადყოფენ იმის ცოდნას, თუ ვინ არის ღმერთი და ვინ – ადამიანები, და თუ როგორ მოქმედებს მოსამართლე და მოწყალე ღმერთი ადამიანებთან მიმართებაში. რაც უნდა არასრულყოფილსა და დროებითს შეიცავდეს ეს წიგნები, ისინი მაინც ჭეშმარიტ საღმრთო პედაგოგიას ამჟღავნებს;[12] ისინი  გამოხატავს ღმრთის ცოცხალ აღქმას (sensum), მათში შენახულია უმაღლესი მოძღვრებანი ღმრთის შესახებ, მხსნელი სიბრძნე ადამიანური ცხოვრების შესახებ, ლოცვათა საოცარი საგანძური და, ბოლოს, მათში ჩვენი გამოხსნის საიდუმლოა დაფარული. ამიტომ ქრისტიანებმა ეს წიგნები მოწიწებით (devote) უნდა მიიღონ.

 

     16. მაშასადამე, ღმერთმა, აღთქმათა ორივე წიგნის შთამაგონებელმა და ავტორმა, ბრძნულად ისე განაწესა, რომ ახალი აღთქმა დაფარულია ძველში, ახალში კი ძველი იხსნება.[13] მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ თავის სისხლში დააფუძნა ახალი კავშირი (Foedus) (შდრ. ლუკ. 22, 20; 1კორ. 11, 25), მაინც, ძველი აღთქმის წიგნები, სახარების უწყებაში მთლიანად მიღებულნი,[14] ახალ აღთქმაში იძენენ და ავლენენ თავის სრულ მნიშვნელობას (შდრ. მათ. 5, 17; ლუკ. 24, 27; რომ. 16, 25-26; 2კორ. 3, 14-16), ხოლო ახალ აღთქმას ისინი, თავის მხრივ,  ნათელს ჰფენენ და განმარტავენ.   

 

 
 
თავი V
ახალი აღთქმა

 

     17. სიტყვა ღმრთისა, რომელიც არის ძლიერება ღმრთისა ყველა მორწმუნის გამოსახსნელად (შდრ. რომ. 1, 16), ახალი აღთქმის ნაწერებში არაჩვეულებრივი სახით წარმოდგება და თავის ძალას ავლენს. როცა მოიწია ჟამთა სისავსე (შდრ. გალ. 4, 4), სიტყვა ხორციელ იქმნა და დამკვიდრდა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით (შდრ. იოან. 1, 14). ქრისტემ დაამყარა მიწაზე მეუფება ღმრთისა, მოქმედებებითა და სიტყვებით გამოავლინა თავისი მამა და თავისი თავი, ხოლო სიკვდილით, აღდგომითა და ბრწყინვალე ამაღლებით, აგრეთვე სული წმიდის გამოგზავნით თავისი საქმე აღასრულა. მიწიდან ამაღლებული, ყველას თავისკენ მიიზიდავს (შდრ. იოან. 12, 32) თავად იგი, ერთადერთი, ვისაც საუკუნო ცხოვრების სიტყვანი აქვს (შდრ. იოან. 6, 68). მაგრამ ეს საიდუმლო არ იყო განხსნილი სხვა თაობათათვის ისე, როგორც ის ახლა გამოეცხადა სული წმიდაში მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს (შდრ. ეფეს. 3, 4-6), გამოეცხადა იმისთვის, რომ მათ სახარება ექადაგათ, იესოსადმი, ქრისტესა და უფლისადმი რწმენა აღეძრათ და ეკლესია შეეკრიბათ. ამ საქმეთა მუდმივ და საღმრთო მოწმეობას ახალი აღთქმის ნაწერები წარმოადგენენ.

 

     18. ყველასთვის ცნობილია, რომ ყველა ნაწერთა შორის, თვით ახალი აღთქმისაც კი, სახარებები დამსახურებულად გამორჩეულია, რადგან ისინი  განხორციელებული სიტყვის, ჩვენი გამომხსნელის ცხოვრებისა და მოძღვრების განსაკუთრებულ მოწმეობას წარმოადგენენ.

     ეკლესია ყოველთვის და ყველგან ცნობდა და ცნობს ოთხი სახარების სამოციქულო წარმომავლობას. ქრისტეს განკარგულებით მოციქულებმა ის იქადაგეს, რაც შემდეგ მათ და მათთან დაახლოვებულმა სამოციქულო მამებმა სული წმიდის შთაგონებით ჩვენ წერილობით გადმოგვცეს, როგორც რწმენის საფუძველი, _ ოთხთავი ანუ მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარება.[15]

 

    19. წმიდა დედა ეკლესია მტკიცედ და სრულიად უცვლელად ცნობდა და ცნობს, რომ ოთხი ხსენებული სახარება, რომელთა ისტორიულობას იგი უყოყმანოდ ადასტურებს, სარწმუნოდ გადმოსცემს იმას, რასაც იესო ძე ღმრთისა, ადამიანთა შორის მკვიდრი, მათი საუკუნო გამოხსნისთვის აკეთებდა და ასწავლიდა, ვიდრე დღემდე მისი ამაღლებისა (შდრ. საქმე 1, 1-2). ხოლო ის, რაც მას უთქვამს და გაუკეთებია, მოციქულებმა უფლის ამაღლების შემდეგ მსმენელებს გაგების იმ განსაკუთრებული სისავსით გადმოსცეს, რომელიც თავად მიიღეს,[16] ქრისტეს ბრწყინვალე მოვლენებით დარიგებულებმა და ჭეშმარიტების სულის ნათებით განსწავლულებმა.[17] წმიდა  ავტორებმა შეადგინეს ოთხი სახარება, რომელშიც ზოგი რამ ზეპირი ან სულაც უკვე წერილობითი გადმოცემიდან შერჩევის შედეგად შეიტანეს, ზოგისაც სინთეზი გააკეთეს, ან ეკლესიათა მდგომარეობის გათვალისწინებით განმარტეს. საბოლოო ჯამში მათ მაცნეობის (praeconii) ფორმა ისე შეინარჩუნეს, რომ ის, რასაც იესოს შესახებ გვატყობინებდნენ, მუდამ ჭეშმარიტი და გულწრფელი ყოფილიყო.[18] ისინი წერდნენ თავიანთი საკუთარი ხსოვნისა და მოგონების თუ იმათი მოწმეობის საფუძველზე, „რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,“ მათი განზრახვა იყო ის, რომ ჩვენ გვეცნო იმ სიტყვების „ჭეშმარიტება“, რომლებიც გვისწავლია (შდრ. ლუკ. 1, 2-4).

 

    20. ოთხი სახარების გარდა, ახალი აღთქმის კანონი შეიცავს წმიდა პავლეს ეპისტოლეებსა და სხვა სამოციქულო ნაწერებსაც, რომლებიც სული წმიდის შთაგონებით შეიქმნა. ღმრთის ბრძნული განზრახვით (consilio), ამ ნაწერებით ის დასტურდება, რაც უფალ ქრისტეს უკავშირდება. ეს ნაწერები სულ უფრო მეტად განაცხადებენ მის ჭეშმარიტ მოძღვრებას (genuina Eius doctrina), გვამცნობენ ქრისტეს საღმრთო საქმის გამომხსნელ ძალას, მოგვითხრობენ ეკლესიის დასაბამისა და მისი საოცარი გავრცელების შესახებ, და წინასწარ გვაუწყებენ მის ბრწყინვალე დასრულებას.

    უფალი იესო, დაპირებისამებრ, თავის მოციქულებთან იყო (შდრ. მათ. 28, 20); მან მოციქულებს გამოუგზავნა ნუგეშინისმცემელი სული, რომელიც მათ ჭეშმარიტების სისავსეში გაძღოლოდა (შდრ. იოვან. 16, 13).

თავი VI
წმიდა წერილი ეკლესიის ცხოვრებაში

 

    21. ეკლესია მუდამ თაყვანს სცემდა წმიდა წერილს, ისევე როგორც თავად სხეულს უფლისას. როგორც ღმრთის სიტყვის, ასევე ქრისტეს სხეულის სუფრიდან იგი ყოველთვის, განსაკუთრებით წმიდა ლიტურგიაში, იღებს პურს და მას მორწმუნეთ სთავაზობს. ეკლესიას მუდამ მიაჩნდა და მიაჩნია წმიდა წერილი, წმიდა გადმოცემასთან ერთად, თავისი სარწმუნოების უზენაეს წესად. წმიდა წერილი, ღმრთივშთაგონებული და ერთხელ და სამუდამოდ ნაწერით დადასტურებული, უცვლელად გვაუწყებს თავად ღმრთის სიტყვას და წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვებში აჟღერებს სული წმიდის ხმას. ამიტომ, საეკლესიო მქადაგებლობა (praedicatio), ისევე როგორც თავად ქრისტიანული რელიგია, წმიდა წერილით უნდა საზრდოობდეს და ხელმძღვანელობდეს. მამა, რომელი არს ცათა შინა, თავის შვილებს სიყვარულით ეგებება და ესაუბრება წმიდა წიგნებში. ღმრთის სიტყვაში ისეთი სიმტკიცე და ძალაა (vis ac virtus), რომ ის ეკლესიისთვის წარმოადგენს საყრდენსა და ენერგიას, ეკლესიის შვილთათვის კი სარწმუნოების  სიმძლავრეს, სულის საზრდოსა (animae cibus) და სულიერი ცხოვრების (vitae spiritualis) სუფთა და მუდმივ წყაროს. ამიტომ წმიდა წერილსაც შესანიშნავად მიესადაგება ეს სიტყვები: „რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და მოქმედ“ (ებრ. 4, 12), „რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შინა წმიდათა.“ (საქმე 20, 32; შდრ. 1 თეს. 2, 13).

 

    22. ქრისტიანებს ფართოდ უნდა მიესვლებოდეთ წმიდა წერილთან. ამიტომ ეკლესიამ დასაბამითვე ძველი აღთქმის ის უძველესი ბერძნული თარგმანი ცნო თავისად, რომელიც სამოცდაათი კაცის სახელს ატარებს. ეკლესია ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა სხვა, აღმოსავლურსა და ლათინურ თარგმანებსაც, უპირველეს ყოვლისა კი იმას, რომელსაც „ვულგატა“ ეწოდება. სიტყვა ღმრთისა ყველა დროის განკარგულებაში უნდა იყოს, ამიტომ ეკლესია დედობრივად ზრუნავს იმისთვის, რომ სხვადასხვა ენის თარგმანები შესაბამისი და ზუსტი იყოს და თარგმანი ძირითადად წმიდა წიგნების პირველადი ტექსტებიდან განხორციელდეს. თუ ეს თარგმანები, ხელსაყრელ პირობებში და ეკლესიის ძალაუფლების (auctoritate)  თანხმობით, შესრულდა ჩვენგან გამიჯნულ ძმებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ისინი მაინც შეიძლება გამოიყენოს ყველა ქრისტიანმა.

 

    23. განხორციელებული სიტყვის სძალი, ეკლესია, განსწავლული სული წმიდისგან, ცდილობს, ყოველდღიურად სულ უფრო ღრმად ჩასწვდეს წმიდა წერილის გაგებას, რომ თავისი შვილები უწყვეტლივ ასაზრდოოს საღმრთო საუბრით (eloquiis). ამიტომ, წესისამებრ, იგი მხარს უჭერს წმიდა მამების, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის, და წმიდა ლიტურგიების შესწავლას. კათოლიკე ეგზეგეტებმა და წმიდა ღმრთისმეტყველების სხვა მოღვაწეებმაც (cultores), ძალთა გულმოდგინედ გაერთიანებით იმისთვის უნდა იღვაწონ, რომ წმიდა მოძღვრობის ზედამხედველობით, შესაბამისი დამხმარე საშუალებების გამოყენებით, საღმრთო წერილები ისე გამოიკვლიონ და წარმოადგინონ, რომ საღმრთო სიტყვის რაც შეიძლება მეტ მსახურს შეეძლოს ღმრთის ხალხისთვის წერილობითი საზრდოს უხვად მიწოდება. ეს განანათლებს გონებას, განამტკიცებს ნებას და აღაგზნებს ადამიანთა გულებს ღმრთის სიყვარულისკენ.[1] წმიდა კრება შეაგულანებს ეკლესიის შვილებს, ბიბლიის მცოდნეთ (cultoribus), რომ ბედნიერად წამოწყებული საქმე ყოველდღიურად და განუხრელად განაგრძონ განახლებული ძალებითა და მთელი გულმოდგინებით, ეკლესიის სულისკვეთების შესაბამისად.

 

    24. წმიდა ღმრთისმეტყველება, წმიდა გადმოცემასთან ერთად, ეყრდნობა ღმრთის დაწერილ სიტყვას როგორც ურყევ საძირკველს. იგი მასში ძლიერდება და მუდამ ახალგაზრდავდება, როცა ქრისტეს საიდუმლოში დაფარულ მთელ ჭეშმარიტებას სარწმუნოების ნათლით იკვლევს. წმიდა წერილი შეიცავს სიტყვას ღმრთისას; ღმრთივშთაგონებულნი, ის ჭეშმარიტად ღმრთის სიტყვაა. ამიტომ წმიდა წერილის შესწავლა წმიდა ღმრთისმეტყველების სამშვინველს ჰგავს.[2] წმიდა წერილის ამ სიტყვით ჯანსაღად იკვებება და წმიდად ძლიერდება სიტყვის მსახურება, კერძოდ სამოძღვრო ქადაგება, კატეხიზაცია და ყოველგვარი ქრისტიანული დარიგება, რომელშიც ლიტურგიულ ჰომილიას განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს.

 

    25. ამიტომ ყველა ღმრთისმსახურნი, უპირველეს ყოვლისა ქრისტეს მღვდელნი და სხვები, როგორებიც არიან დიაკონნი და კატეხიზატორნი, რომელნიც წესისამებრ სიტყვის სამსახურში დგანან, გულმოდგინე სულისმიერი (sacra) კითხვითა და გამოწვლილვითი შესწავლით წმიდა წერილს უნდა დაეყრდნონ, რათა რომელიმე მათგანი არ გახდეს „ღმრთის სიტყვის უშინაარსო და ზედაპირულად მქადაგებელი, თუ ის შინაგანად მისი მსმენელი არ არის“.[3] განსაკუთრებით წმიდა ლიტურგიაში მათ უნდა გადასცენ საღმრთო სიტყვის უკიდეგანო სიმდიდრე მათთვის მინდობილ მორწმუნეებს. წმიდა კრება დაბეჯითებითა და საგანგებოდ მოუწოდებს ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით მოწესეებს, რომ საღმრთო წერილის ხშირი კითხვით შეისწავლონ „გარდამატებული მეცნიერება იესო ქრისტესი“ (ფილ. 3, 8), რადგან „წმიდა წერილის არცოდნა ქრისტეს არცოდნაა“.[4] ასე რომ ხალისით შეუდგნენ თავად წმიდა ტექსტის წვდომას, იქნება ეს წმიდა ლიტურგიის გზით, რომელიც საღმრთო სიტყვებით არის დატვირთული, ან კრძალულებითი კითხვის მეშვეობით, ან ამისთვის განკუთვნილი დაწესებულებათა გზით, ან სხვა დამხმარე საშუალებებით, რომლებიც ჩვენს დროში ყველგან სანაქებოდ ვრცელდება ეკლესიის მწყემსთა თანხმობითა და მზრუნველობით. საგულისხმოა, რომ ლოცვას თან უნდა ახლდეს წმიდა წერილის კითხვა, რათა ღმერთსა და ადამიანს შორის შედგეს საუბარი, რადგან „მას ვესაუბრებით, როცა ვლოცულობთ, მას ვისმენთ, როცა საღმრთო გამონათქვამთ ვკითხულობთ“.[5]

    ეკლესიის მესვეურთ (sacris...Antistitibus), „ვისთანაც არის სამოციქულო მოძღვრება“,[6] შეჰფერის, რომ სათანადოდ განასწავლონ მათთვის მინდობილი მორწმუნეები, თუ როგორ გამოიყენონ მათ საღმრთო წიგნები, განსაკუთრებით ახალი აღთქმა და,  უპირველეს ყოვლისა, სახარება. ეს შესაძლებელია წმიდა ტექსტების იმ თარგმანთა დახმარებით, რომლებსაც აუცილებელი და ნამდვილად საკმარისი განმარტებები ახლავთ, რათა ეკლესიის შვილები უხიფათოდ და სარგებლით ურთიერთობდნენ წმიდა წერილთან და მისი სულით გარემოიცვან (imbuantur).

        გარდა ამისა, უნდა მომზადდეს წმიდა წერილის გამოცემანი, სათანადო შენიშვნების დართვით, რომლებსაც არაქრისტიანნიც მოიხმარენ და რომლებიც მათთვის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შედგეს. სულთა მწყემსებმა (animarum Pastores) და ნებისმიერი მდგომარეობის ქრისტიანებმა გონივრულად უნდა იზრუნონ მათი გავრცელებისთვის.

 

    26. დაე, წმიდა წიგნთა კითხვითა და სწავლით „სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის“ (2 თეს. 3, 1) და გამოცხადების საუნჯე, ეკლესიისთვის მინდობილი, ადამიანთა გულებს სულ უფრო მეტად ავსებდეს. როგორც ზიარების საიდუმლოებაში გულმოდგინე ხშირი (frequente) მატულობს ეკლესიის ცხოვრება, ასევე შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ სულიერ ცხოვრებას ახალ ბიძგს მისცემს მომეტებული თაყვანისცემა ღმრთის სიტყვისა, რომელიც „ჰგიეს უკუნისამდე“ (ეს. 40, 8; შდრ. 1პეტ. 1, 23-25).

 

    ყოველივე ერთად და ცალ-ცალკე, რაც ამ კონსტიტუციაში გამოცხადდა (edicta sunt), წმიდა კრების მამებმა მოიწონეს. და ჩვენც ამას იმ სამოციქულო უფლებამოსილებით, რომელიც ქრისტესაგან გადმოგვეცა, პატივდებულ (venerabilis) მამებთან ერთად სული წმიდაში ვეთანხმებით, ვადგენთ და ვაწესებთ, და ვბრძანებთ, რომ ის, რაც კრებაზე დადგინდა, გამოქვეყნდეს სადიდებლად ღმრთისა.

 

    რომი, წმ. პეტრესთან, 1965 წლის  18 ნოემბერი

   

მე, პავლე, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი

 

    (მოჰყვება მამათა ხელმოწერები)

  1. შდრ. S. AUGUSTINUS, De cathechizandis rudibus, c. IV, 8: PL 40, 316.

  2. შდრ. მათე 11, 27; იოანე 1, 14 და 17; 14, 6; 17, 1-3; 2 კორ. 3, 16 და 4, 6; ეფ. 1, 3-14.

  3. Epist. ad Diognetum, 8, 4: Funk I, 403.

  4. Conc. Vat. I, Const. dogm. De fide cath., cap. 3 de fide: DENZ. 1789 (3008).

  5. Conc. Araus, II, can. 7: Denz. 180 (377). – Conc. Vat. I, l. c.: DENZ, 1791 (3010).

  6. Conc. Vat. I, Const. dogm. De fide cath., cap. 2 de revelatione: DENZ. 1786 (3005).

  7. იქვე,  DENZ. 1785 და 1786 (3004 და 3005).

  8. შდრ. Mt. 28, 19 – 20 და Mc. 16, 15. – Conc. Trid., Sess. 4, decr. De canonicis Scripturis : DENZ. 783 (1501).

  9. შდრ. Conc. Trid., l. c. – Conc. Vat. I, Sess. 3, Const. dogm. De fide catholica, cap. 2 de revelatione : DENZ, 1787 (3006).

  10. S. IRENAEUS, Adv. Haer. III, 1: PG 7, 848; Harvey, 2, p. 9

  11. შდრ. Conc. Nicaenum II: Denz. 303 (602). – Conc. Const. IV, Sess. 10, can. 1: DENZ. 336 (650-652).

  12. შდრ. Conc. Vat. I, Const. dogm. De fide catholica, cap. 4 de fide et ratione: DENZ. 1800 (3020).

  13. შდრ. Conc. Trid., Sess. 4, l. c.: DENZ. 783 (1501).

  14. შდრ. Pius XII, Const. apost. Munificentissimus Deus, 1 nov. 1950: AAS 42 (1950), p. 756, S. Cypriani, Epist. 66, 8: CSEL (Hartel) III, B, p. 733: “ეკლესია, მღვდელთან ერთიანი ხალხი და თავის მწყემსზე დამოკიდებული სამწყსო”.

  15. შდრ. Conc. Vat. I, Const. dogm. De fide catholica, cap. 3 de fide: DENZ. 1792 (3011).

  16. შდრ. Conc. Vat. I, Const. dogm. de fide catholica, cap. 2 de revelatione: DENZ. 1787 (3006). – Comm. BIBLICA, Decr. 18 iunii 1915: DENZ. 2180 (3629); EB 420. (Enchr. Bibl.). – S. S. C. S. Officii, epist. 22 dec. 1923: EB 499.

  17. შდრ. Pius XII, encycl. Divino afflante Spiritu, 30 sept. 1943: AAS 35 (1943), p. 314; EB 556.

  18. ადამიანში და ადამიანის საშუალებით: შდრ. ებრ. 1, 1 და 4, 7; 2 სამ. 23, 2; მათე 1, 22 და სხვ. – Conc. Vat. I: Schema de doctr. cath., nota 9: Coll. Lac. VII, 522.

  19. Leo XIII, encycl. Providentissimus Deus, 18 nov. 1893: DENZ. 1952 (3293); EB 125.

  20. შდრ. S. AUGUSTINUS, Gen. ad litt. 2, 9, 20: PL 34, 270-271; Epist. 82, 3: PL 33, 277; CSEL 34, 2, p. 354. – S. THOMAS, De ver. q. 12, a. 2, c. – CONC. TRID., Sess. 4, de canonicis Scripturis: DENZ. 783 (1501). – Leo XIII, encycl. Providentissimus: EB 121, 126-127. – Pius XII, encycl. Sivino afflante: EB 539.

  21. S. AUGUSTINUS, De Civ. Dei, XVII, 6, 2: PL 41, 537; CSEL XL, 2, 228.

  22. S. AUGUSTINUS, De Doctr. Christ., III, 18, 26: PL 34, 75-76.

  23. PIUS XII, l. c.: DENZ. 229 (3829-3830); EB 557-562.

  24. შდრ. BENEDICTUS XV, encycl. Spiritus Paraclitus, 15 sept. 1920: EB 469. – S. HIERONYMUS, In Gal. 5, 19-21: PL 26, 417 A..

  25. შდრ. CONC. VAT. I, Const. dogm. De fide catholica, cap. 2 de revelatione: DENZ. 1788 (3007).

  26. S. Io. CHRYSOSTOMUS, In Gen. 3, 8 (hom. 17, 1): PG 53, 134.

  27. PIUS XI, encycl. Mit brenennder Sorge, 14 martii 1937: AAS 29 (1937), p. 151.

  28. S. AUGUSTINUS, Quest. in Hept. 2, 73: PL 34, 623.

  29. S. IRENAEUS, Adv. Haer. III, 21, 3: PG 7, 950 ( = 25, 1: HARVEY 2, p. 115). – S. CYRILLUS HIEROS., Catech. 4, 35: PG 33, 497. – THEODORUS MOPS., In Soph. 1, 4-6: PG 66, 452D – 453A..

  30. შდრ. S. IRENAEUS, adv. Haer. III, 11, 8: PG 7, 885; SAGNARD, p. 194.

  31. იოანე 2, 22; 12, 16; შდრ. 14, 12; 16, 12, 12-13; 7, 39.

  32. შდრ. იოანე 14, 26; 16, 13.

  33. შდრ. ინსტრუქცია Sancta Mater Ecclesia, გამოცემული ბიბლიის შესწავლის პაპის საბჭოს მიერ: AAS 56 (1964), p. 715.

  34. შდრ. Pius XII, encycl. Divino afflante: EB 551, 553, 567. – Comm. BIBLICA, Instructio de S. Scriptura in Clericorum Seminariis et Religiosorum Collegiis recte docenda, 13 maii 1950: AAS 42 (1950), pp. 495-505.

  35. შდრ. Leo XIII, encycl. Providentissimus: EB 114. – BENEDICTUS XV, encycl. Spiritus Paraclitus: EB 483.

  36. S. AUGUSTINUS, Serm. 179, I : PL 38, 966.

  37. S. Hieronymus, Comm. in Is., Prol.: PL 24, 17. – შდრ. BENEDICTUS XV, encycl. Spiritus Paraclitus: EB 475-480. – PIUS XII, encycl. Divino afflante: EB 544.

  38. S. AMBROSIUS, De officiis ministrorum I, 20, 88: PL 16, 50.

  39. S. IRENAEUS, Adv. Haer. IV, 32, 1: PG 7, 1071 ( = 49, 2 HARVEY, 2, p. 255).

©2017 by Catholicchurch.ge