წმიდა მამის

იოანე პავლე II-ის

სამოციქულო წერილი

DIES DOMINI

უფლის დღე

კათოლიკე ეკლესიის

ეპისკოპოსებს, ხუცესთა

და მორწმუნეებს

უფლის დღის წმიდაჰყოფის შესახებ

 

 

 

პატივგებულო მოძმე ეპისკოპოსნო

და ხუცესნო,

საყვარელო ძმანო და დანო!

1. უფლის დღე, - კვირადღედ რომ მოიხსენიებოდა მოციქულთა დროიდან1 - მუდამ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებდა ეკლესიის ისტორიაში, ქრისტიანული საიდუმლოს გულთან თავისი მჭიდრო კავშირის წყალობით. მართლაც, ყოველ კვირას ჟამის მოგონებით, კვირადღე ქრისტეს აღდგომის დღის მოგონებაა. აღდგომაა, ყოველ კვირას რომ ბრუნდება, ცოდვასა და სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვებას რომ აღნიშნავს, მასში პირველი ქმნილების აღსრულებას და «ახალი ქმნილების» (შეად. 2 კორ 5,17) განთიადს რომ მოასწავებს. ესაა დღე, მადლიერ თავყვანისცემაში წუთისოფლის პირველ დღეს რომ შეახსენებს და ქმედით იმედში «უკანასკნელ დღეს» რომ მოელის, როდესაც ქრისტე დიდებით მოვა (შეად. საქ 1,11; 1 თეს 4,13-17) და ყველაფერი შეიქმნება ახალი (შეად. გამოცხ 21,5).

მეფსალმუნის ღაღადი მართლაც რომ სწორად მიესადაგება კვირადღეს: «ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში» (ფს 118,24). სიხარულის ეს მოხმობა, აღდგომის ლიტურგია რომ ითავისებს, ასახავს იმ ქალის განცვიფრებას, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქრისტეს ჯვარცმა იხილა, ცარიელი ნახა სამარხი, როდესაც იქ მივიდნენ «კვირის პირველ დღეს, დილაადრიან» (მარკ 16,2). ესაა მოხმობა, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ახალი სიცოცხლე მიეცეს ორ ემაუსელ მოწაფეს, რომლებსაც «მკერდში უხურდათ» გულები, როდესაც აღმდგარი წერილს უხსნიდა მათ გზაში და საკუთარი თავი განუცხადა «პურის გატეხისას» (შეად. ლკ 24,32.35). და ის ასახავს სიხარულს - თავდაპირველად ბუნდოვანს, შემდეგ კი მომძლავრებულს - მოციქულები რომ განიცდიდნენ იმავე დღეს, საღამოხანს, როდესაც აღმდგარი იესო მივიდა მათთან და მისი მშვიდობისა და სულის ნიჭი მიიღეს (შეად. იო 20,19-23).

2. იესოს აღდგომა უპირველესი მოვლენაა, რომელსაც ქრისტიანული სარწმუნოება ეფუძნება (შეად. 1 კორ 15,14). ესაა განსაცვიფრებელი სინამდვილე, სრულად გაგებული რწმენის შუქზე, თუმც კი ისტორიულად დამოწმებული მათ მიერ, ვისაც აღმდგარი უფლის ხილვის პატივი ერგოთ. ესაა გასაოცარი მოვლენა, რომელიც არა მარტო სრულიად უნიკალურია საკაცობრიო ისტორიაში, არამედ ჟამის საიდუმლოს გულშიცაა. მართლაც, «ყოველი ჟამი [ქრისტესია] და ყოველი ეპოქა», როგორც სააღდგომო ღამისთევის მოხმობის ლიტურგია შეახსენებს საპასექო სანთლის მომზადებისას. ამიტომ, ქრისტეს აღდგომის დღის მოგონებით წელიწადში არა მხოლოდ ერთხელ, არამედ ყოველ კვირადღეს, ეკლესიას სწადია, რომ ყოველ თაობას აჩვენოს ისტორიის ჭეშმარიტი ღერძი, რომლისკენაც მიმართულია სამყაროს შექმნისა და მისი საბოლოო ბედისწერის საიდუმლო.

ამიტომ, სწორია იმის მტკიცება, მეოთხე საუკუნის ჰომილიის სიტყვებით, რომ «უფლის დღე» არის «დღეთა უფალი».2 ვისაც კი აღმდგარ უფალში რწმენის მადლი მიუღია, ისეთივე ღრმა ემოციით შეძლებს კვირის ამ დღის მნიშვნელობის გაგებას, წმ. იერონიმეს რომ ათქმევინებს: «კვირადღე აღდგომის დღეა, ქრისტიანთა დღეა, ჩვენი დღეა».3 ქრისტიანთათვის, კვირადღე «უპირველესი დღესასწაულია»,4 დადგენილი არა მარტო იმისათვის, რომ ჟამთასვლა აჩვენოს, არამედ იმისთვისაც, რომ დროის ღრმა მნიშვნელობა წარმოაჩინოს.

3. კვირადღის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ამტკიცებს ორიათასწლოვანი ისტორია და მას ხაზგასმით აღნიშნავდა ვატიკანის II კრებაც: «სამოციქულო ტრადიციით (ის დასაბამს თავად ქრისტეს აღდგომიდან იღებს), აღდგომის საიდუმლოებას ეკლესია ზეიმობს ყოველ მერვე დღეს. მას სამართლიანად ეწოდება უფლის დღე».5 პავლე VI კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ამ მნიშვნელობას, როდესაც გენერალური რომაული კალენდარი და საყოველთაო ნორმები დაამტკიცა, რომლებიც ლიტურგიული წელიწადის განრიგს ადგენენ.6 მესამე ათასწლეულის დადგომა, რომელიც მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ ქრისტეს შუქზე გაიაზრონ ისტორიის მსვლელობა, აგრეთვე მოუხმობს მათ, რომ განახლებული ძალით აღმოაჩინონ კვირადღის აზრი: მისი «საიდუმლო», დღესასწაული, ქრისტიანული და ადამიანური ცხოვრების აზრი.

სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ კრების შემდგომ წლებში ამ მნიშვნელოვანმა თემამ ბიძგი მისცა არა მარტო თქვენს, როგორც სარწმუნოების მასწავლებელთა, არაერთ ჩარევას, საყვარელო მოძმე ეპისკოპოსებო, არამედ სხვადასხვა სამწყსო სტრატეგიებსაც, რომლებიც - სამღვდელოთა მხარდაჭერით - ინდივიდუალურად ან ერთობლივად განავითარეთ. 2000 წლის დიდი იუბილის განთიადზე, მოვისურვე, რომ შემოგთავაზოთ ეს სამოციქულო წერილი, რათა მხარი დავუჭირო თქვენს სამწყსო მცდელობებს ამ სასიცოცხლო სფეროში. მაგრამ, იმავე დროს, მსურს მოგმართოთ ყველა თქვენგანს, ქრისტეს ერთგულნო, თითქოს სულიერად ვიმყოფებოდე ყველა საკრებულოში, სადაც ყოველ კვირადღეს იკრიბებით თქვენს მწყემსებთან ერთად, ევქარისტია და «უფლის დღე» რომ იზეიმოთ. მრავალი დაკვირვება და მოსაზრება, რომლებიც ბიძგს აძლევს ამ სამოციქულო წერილს, შედეგია ჩემი საეპისკოპოსო მსახურებისა კრაკოვში და, მას შემდეგ რაც რომის ეპისკოპოსისა და პეტრეს მემკვიდრის მსახურებას შევუდექი, ჩემი ვიზიტებისა რომის სამრევლოებში, რომლებსაც მუდმივად ვაწყობდი ლიტურგიული წელიწადის სხვადასხვა სეზონების კვირადღეებში. ამ წერილით განვაგრძობ ცოცხალ აზრთა მიმოცვლას მორწმუნეებთან, რასაც მუდამ სიამოვნებით ვაკეთებ, მაშინ როცა თქვენთან ერთად ვმსჯელობ კვირადღის მნიშვნელობაზე და კვირადღის, როგორც ჭეშმარიტად «უფლის დღის», ხორცშესხმის მიზეზებს ვუსვამ ხაზს, ჩვენი დროის ცვალებად გარემოებებშიც.

4. უკანასკნელ ხანებამდე, ტრადიციულად ქრისტიანულ ქვეყნებში უფრო ადვილი იყო კვირადღის წმიდაჰყოფა, ვინაიდან ის თითქმის საყოველთაო პრაქტიკას წარმოადგენდა და ვინაიდან, სამოქალაქო საზოგადოების წყობილებაშიც, კვირადღის დასვენება სამუშაო განრიგის დადგენილ ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, დღეს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც სამართლებრივად აღიარებენ კვირადღის საზეიმო ხასიათს, სოციო-ეკონომიკურ პირობათა ცვლილებები ხშირად სიღრმისეულად უცვლის სახეს საზოგადოებრივ ქცევას და, ამდენად, კვირადღის ხასიათსაც. «შაბათ-კვირის» ჩვეულება უფრო ფართოდ გავრცელდა, შესვენების ამ ყოველკვირეულ პერიოდს ხშირად სახლისგან მოშორებით ატარებენ და კულტურულ, პოლიტიკურ ან სპორტულ აქტივობებში მონაწილეობენ, რომლებიც ჩვეულებრივ დასვენების დღეებში ტარდება ხოლმე. ეს სოციალური და კულტურული ფენომენი არავითარ შემთხვევაში არაა განძარცვული თავისი დადებითი ასპექტებისგან, თუკი, ჭეშმარიტ ფასეულობათა პატივისცემით, ხელს უწყობს ადამიანთა განვითარებას და მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლას. ეს ყველაფერი პასუხობს არა მარტო დასვენების საჭიროებას, არამედ იმ დღესასწაულის საჭიროებასაც, ჩვენი კაცობრიობის თანმდევი რომაა. საუბედუროდ, როდესაც კვირადღე თავის ფუნდამენტურ მნიშვნელობას კარგავს და «შაბათ-კვირის» უბრალო ნაწილად იქცევა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანები იმდენად შეზღუდულ სივრცეში ჩაიკეტონ, რომ «ზეცის»7 დანახვაც კი ვეღარ შეძლონ. ამიტომ, მზადაც რომ იყვნენ სადღესასწაულოდ, სინამდვილეში ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას.

თუმცა, ქრისტეს მოწაფეებმა თავიდან უნდა აიცილონ ნებისმიერი აღრევა კვირადღის დღესასწაულს, ნამდვილად რომ უნდა იყოს უფლის დღის წმიდაჰყოფის საშუალება, და «შაბათ-კვირას» შორის, უბრალო დასვენებისა და განტვირთვის დროდ რომაა გაგებული. ეს ნამდვილ სულიერ სიმწიფეს მოითხოვს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქრისტიანებს, რომ «იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან», რწმენის ნიჭთან სრულ თანხმობაში, მუდამ მზად იყვნენ, რომ თავიანთი სასოების ახსნა მიუგონ (შეად. 1 პეტ 3,15). ამგვარად, ისინი სიღრმისეულად შეიცნობენ კვირადღეს, იმ შედეგით, რომ რთულ ვითარებებშიც კი შეძლებენ მის ცოცხალქმნას სულიწმიდისადმი სრული მორჩილებით.

5. ამ ხედვით, მდგომარეობა გარკვეულწილად რთული ხასიათისაა. ერთი მხრივ, არსებობს ზოგიერთი ახალგაზრდა ეკლესიის მაგალითი, რომელიც აჩვენებს, როგორი გზნებით შეიძლება კვირადღის ზეიმობა, გინდ ქალაქის ზონებში და გინდ შორეულ სოფლებში. ამის საპირისპიროდ, მსოფლიოს სხვა რეგიონებში, უკვე ხსენებული სოციოლოგიური წნეხის გამო და, შესაძლოა, რწმენის მოტივაციის სისუსტის მიზეზითაც, საკვირაო ლიტურგიაზე დამსწრეთა პროცენტული რაოდენობა შესამჩნევლად დაბალია. მრავალი მორწმუნის გონებაში მცირდება არა მარტო ევქარისტიის უპირველესი მნიშვნელობის განცდა, არამედ იმ მოვალეობის გრძნობაც, რომ მადლობა შესწირონ უფალს და საეკლესიო საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად ილოცონ მის მიმართ.

ისიც სიმართლეა, რომ მისიის ქვეყნებშიც და დიდი ხნის წინ ევანგელიზებულ ქვეყნებშიც მღვდლების სიმწირე იმდენად საგრძნობია, რომ კვირადღის ევქარისტიის დღესასწაულიც კი ვერ ტარდება ხოლმე ყოველთვის ყველა საკრებულოში.

6. ახალ ვითარებათა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხთა გათვალისწინებით, დღეს, ვიდრე ოდესმე, საჭიროა, აღდგეს სიღრმისეული სამოძღვრო საფუძვლები, ეკლესიის მცნებებს რომ ქმნიან, რათა ქრისტიანულ ცხოვრებაში კვირადღის მარადიული ფასეულობა ცხადი იყოს ყველა მორწმუნისათვის. ამით, ჩვენ მივყვებით ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის ნაკვალევს, ასე ძლიერად რომ იმეორებს ვატიკანის II კრება თავის სწავლებაში, რომლის თანახმადაც კვირადღეს «ქრისტეს ერთგულნი უნდა ერთად შეიკრიბონ, რათა ღმრთის სიტყვის მოსმენითა და ევქარისტიაში მონაწილეობით, მოიგონონ უფალი იესოს ვნება, აღდგომა და დიდება და უთხრან მადლობა ღმერთს, რომელმაც ისინი კვლავ შობა “სასოებად ცხოელად აღდგომითა იესო ქრისტესითა მკუდრეთით” (1 პეტ 1,3)».8

7. კვირადღის წმიდაჰყოფის მოვალეობა, განსაკუთრებით ევქარისტიაში მონაწილეობით და ქრისტიანული სიხარულისა და ძმობის სულისკვეთებაში სიმშვიდის პოვნით, ადვილად გასაგები გახდება, თუკი მხედველობაში მივიღებთ ამ დღის მრავალ ასპექტს, რომლებზეც წინამდებარე წერილში იქნება გამახვილებული ჩვენი ყურადღება.

კვირადღე ქრისტიანული ცხოვრების გულია. ჩემი პონტიფიკატის დასაწყისიდანვე, მუდამ ვიმეორებ: «ნუ გეშინიათ! გაუღეთ, ფართოდ გაუღეთ კარები ქრისტეს!».9 მსგავსადვე, დღეს მტკიცედ ვთხოვ ყველას, რომ ხელახლა აღმოაჩინონ კვირადღე: ნუ გეშინიათ, რომ დრო დაუთმოთ ქრისტეს! დიახ, ჩვენი დრო დავუთმოთ ქრისტეს, რათა ნათელი მოჰფინოს და მიმართულება მისცეს მას. იგია, ვინც იცის დროის და მარადისობის საიდუმლო, და ის გვაძლევს «თავის დღეს», როგორც თავისი სიყვარულის მარად ახალ ნიჭს. ამ დღის ხელახლა აღმოჩენა არის მადლი, რომელიც უნდა ვითხოვოთ, მარტოოდენ იმისათვის კი არა, რომ რწმენის მოთხოვნები შევასრულოთ, არამედ იმისთვისაც, რომ კონკრეტულად ვუპასუხოთ ადამიანის უღრმეს მისწრაფებებს. ქრისტესთვის დათმობილი დრო არასდროსაა დაკარგული დრო, მეტადრე ის შეძენილი დროა, რათა ჩვენი ურთიერთობები და, მართლაც, მთელი ჩვენი ცხოვრება უფრო ღრმად ადამიანური გახდეს.

თავი I

DIES DOMINI

შექმოქმედის საქმის დღესასწაული

«ყველაფერი მის მიერ შეიქმნა» (იო 1,3)

8. ქრისტიანისთვის კვირადღე, პირველ რიგში, აღდგომის დღესასწაულია, ერთიანად რომ ბრწყინავს აღმდგარი ქრისტეს დიდებით. ის «ახალი ქმნილების» ზეიმია. კიდევ, როდესაც სიღრმისეულადაა გაგებული, ეს ასპექტი განუყოფელია მისგან, რასაც წმიდა წერილის პირველი გვერდები მოგვითხრობს ღმრთის ჩანაფიქრზე სამყაროს შექმნისას. სიმართლეა, რომ სიტყვა ხორციელ იქმნა «ჟამის სისარულეში» (გალ 4,4); მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ მისი, როგორც მამის მარადიული ძის, ვინაობის საიდუმლოს წყალობითაც, იგი სამყაროს დასაბამი და დასასრულია. როგორც იოანე წერს თავისი სახარების შესავალში: «ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა» (1,3). ამას პავლეც აღნიშნავს კოლასელთა მიმართ წერილში: «მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც;... ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა» (1,16). ძის ამგვარი ქმედითი ყოფნა ღმრთის შემოქმედებით საქმეში სრულად ვლინდება საპასექო საიდუმლოში, რომელშიც ქრისტემ, რომ აღდგა «მკვდრეთით განსვენებულთა პირმშო» (1 კორ 15,20), დაამკვიდრა ახალი ქმნილება და დაიწყო პროცესი, რომელსაც თვითონ აღასრულებს, დიდებით რომ დაბრუნდება და «სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას ..., რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში» (1 კორ 15,24.28).

ამიტომ, უკვე შექმნის გარიჟრაჟზე, ღმრთის ჩანაფიქრი გულისხმობდა ქრისტეს «კოსმიურ მისიას». ამგვარი ქრისტეზე ორიენტირებული ხედვა, დროის მთლიან რკალს რომ მოიცავს, აღავსებდა ღმრთის სიტკბოებით სავსე მზერას, როდესაც ყველა თავისი საქმისგან დასვენების შემდეგ, «აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი» (დაბ 2,3). ბიბლიური შექმნის პირველი ამბის ხუცესი ავტორის თანახმად, შემდეგ იშვა «შაბათი», ესოდენ თანმდევი პირველი აღთქმისა, და რომელიც გარკვეულწილად მოასწავებს ახალი და საბოლოო აღთქმის წმიდა დღეს. თემა «ღმრთის დასვენებისა» (შეად. დაბ 2,2) და იმ დასვენებისა, მან რომ უწყალობა გამოსვლის ხალხს წმიდა მიწაზე შესვლისას (შეად. გამოს 33,14; რჯლ 3,20; ოს 21,44; ფს 95,11), ხელახლაა წაკითხული ახალ აღთქმაში ჩვეული «შაბათობის» (ებრ 4,9) შუქზე, რომელშიც თავად ქრისტე შევიდა თავისი აღდგომით. ღმრთის ხალხი მოხმობილია, რომ შევიდეს იმავე სიმშვიდეში შვილობრივი მორჩილების ქრისტესეული მაგალითის მიყოლით (შეად. ებრ 4,3-16). ამიტომ, მთელი სისავსით რომ გავიგოთ კვირადღის მნიშვნელობა, ხელახლა უნდა წავიკითხოთ შექმნის დიდებული ამბავი და უფრო ღრმად შევიცნოთ «შაბათის» ღმრთისმეტყველება.

«თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა» (დაბ 1,1)

9. დაბადების ამბის პოეტური სტილი კარგად გადმოსცემს იმ რიდსა და კრძალვას, ადამიანებს რომ აქვთ შექმნის უსაზღვროების მიმართ და, შესაბამისად, მის მიმართ თაყვანისცემის გრძნობას, ვინც ყოველივე არაფრისგან მოიყვანა არსებაში. ეს მძლავრი რელიგიური მნიშვნელობის ამბავია, სამყაროს ქმნილების ქება-დიდებაა, რომელიც ერთადერთი უფალია პერიოდულ ცდუნებათა წინაშე, რომ თავად სამყარო გააღმერთონ. იმავე დროს, ისაა შექმნის სიკეთისათვის ხოტბის შესხმა, ყოველივე რომ ღმრთის შემძლე და მოწყალე მარჯვენამ შექმნა.

«დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო» (დაბ 1,10,12, და ა.შ.). ამბის წარმოჩინებით ისე, როგორიც სინამდვილეშია, ასეთი თავშეკავება დადებით შუქს ჰფენს სამყაროს ყოველ ელემენტს და წარმოაჩენს მისი შესაფერისი გაგებისა და მისი შესაძლო აღორძინების საიდუმლოს: სამყარო კარგია იმდენად, რამდენადაც კავშირს ინარჩუნებს თავის წარმოშობასთან და, ცოდვისგან მიყენებული ვნების შემდეგაც, კვლავაც სიკეთედ იქცევა, როდესაც მადლის შემწეობით თავის შემოქმედს უბრუნდება. ცხადია, რომ ეს პროცესი პირდაპირ უკავშირდება არა უსულო საგნებს და ცხოველებს, არამედ ადამიანებს, თავისუფლების შეუდარებელი ნიჭი რომ აქვთ და მისი რისკის წინაშეც რომ დგანან. შექმნის ამბების შემდეგ უმალვე, ბიბლია ყურადღებას ამახვილებს დრამატულ განსხვავებაზე ადამიანის სიდიადეს, ღმრთის ხატად და მსგავსებად რომ შეიქმნა, და ადამიანის დაცემას შორის, ცოდვისა და სიკვდილის ბნელში რომ აქცევს წუთისოფელს (შეად. დაბ 3).

10. ღმრთის მარჯვენიდან რომ გამოდის, კოსმოსი მისი სიკეთის კვალს ტოვებს. ესაა მშვენიერი სამყარო, სამართლიანად რომ იწვევს ჩვენს აღტაცებასა და გაოცებას, მაგრამ ზრუნვას და განვითარებასაც რომ საჭიროებს. ღმრთის საქმის «აღსრულებისას», სამყარო მზადაა ადამიანის საქმეებისთვის. «გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა» (დაბ 2,2). ღმრთის «საქმის» ამ ანთროპომორფული სახით, ბიბლია არა მარტო შემოქმედსა და ქმნილებას შორის საიდუმლოებრივი ურთიერთობის შთაბეჭდილებას გვიქმნის, არამედ კოსმოსთან ურთიერთობაში ადამიანთა დავალებასაც ჰფენს ნათელს. ღმრთის «საქმე» გარკვეულწილად მაგალითია ადამიანისათვის, რომელიც მოხმობილია, რომ არა მარტო იცხოვროს კოსმოსში, არამედ «ააშენოს» კიდეც ის და, ამდენად, გახდეს ღმრთის «თანა-მოღვაწე». როგორც ჩემს ენციკლიკაში Laborem Exercens ვწერდი, დაბადების პირველი თავები, გარკვეული აზრით, პირველი «შრომის სახარებაა».10 ესაა ჭეშმარიტება, რომელსაც ვატიკანის II კრებაც აღნიშნავდა: «ღმრთის ხატად შექმნილმა ადამიანმა ხომ მიიღო დავალება, რომლის თანახმად მან უნდა დაიმორჩილოს დედამიწა მის ყველა არსთან ერთად, სამყაროს სიმართლითა და სიწმიდით განაგებდეს, ღმერთი ყოველივეს შემოქმედად ცნოს და მას შეუფარდოს საკუთარი თავი და ყველაფრის ერთობლიობა, რათა ყველაფრის ადამიანისადმი მორჩილებისას დიდებული იყოს ღმრთის სახელი მთელს დედამიწაზე».11

მეცნიერების, ტექნოლოგიისა და კულტურის ამაღელვებელი წინსვლა მათი მრავალგვარი ფორმებით - უსწრაფესი და დღეს მოჭარბებული განვითარება - ისტორიული შედეგია იმ მისიისა, რომლითაც ღმერთმა მამაკაცსა და ქალს მიანდო დავალება და პასუხისმგებლობა, რომ აღავსონ მიწა და იბატონონ მასზე საკუთარი შრომის საშუალებით, ღმრთის რჯულის დაცვით.

«შაბათი»: შემოქმედის სიხარულით აღსავსე დასვენება

11. თუკი დაბადების წიგნის პირველი გვერდი ღმრთის «საქმეს» ადამიანისათვის მისაბაძ მაგალითად წარმოადგენს, იგივე ხდება ღმრთის «დასვენების» შემთხვევაშიც: ««გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა» (დაბ 2,2). აქ ჩვენ ისევ ვხედავთ დიდი მნიშვნელობის მქონე ანთროპომორფიზმს.

ბანალური იქნებოდა, ღმერთის «დასვენება» მის «უმოქმედობად» რომ ჩაგვეთვალა. თავისი ბუნებით, შემოქმედებითი აქტი, სამყაროს რომ ამკვიდრებს, მარადიულია და ღმერთი მუდამ მოქმედებაშია, როგორც თვითონ იესო აცხადებს შაბათის წესზე საუბრისას: «მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი» (იო 5,17). მეშვიდე დღეს ღმრთის დასვენება უმოქმედო ღმერთს როდი გულისხმობს, არამედ შექმნილის სისავსეს უსვამს ხაზს. ის საუბრობს, ვითომდა, ღმრთის შეყოვნებაზე «ძალიან კარგი» საქმის წინაშე (დაბ 1,31), მისმა მარჯვენამ რომ გააკეთა, რათა სასიხარულო აღტაცებით სავსე მზერა მოავლოს მას. ესაა «მჭვრეტელობითი» მზერა, რომელიც ახალ მიღწევებს კი არ უცქერს, არამედ უკვე მიღწეული მშვენიერებით ტკბება. ესაა მზერა, რომლითაც ღმერთი უცქერს ყოველივეს, განსაკუთრებით კი, ადამიანს, ქმნილების გვირგვინს. ესაა მზერა, რომელიც უკვე წარმოაჩენს გარკვეულ ნაწილს იმ საქორწინო ურთიერთობისა, ღმერთს რომ სურს დაამყაროს თავის ხატად შექმნილ არსებასთან, და მოუხმობს ამ არსებას, რომ სიყვარულის აღთქმაში შეაბიჯოს. სწორედ ესაა, ღმერთი რომ აღასრულებს თანდათანობით, ხსნას რომ გაუწვდის მთელ კაცობრიობას ისრაელთან დადებული და ქრისტეში აღსრულებული მაცხონებელი აღთქმით. ეს იქნება განხორციელებული სიტყვა, სულიწმიდის ესქატოლოგიური ნიჭით და ეკლესიის წარმოჩინებით, როგორც მისი სხეული და სასძლო, რომელიც მთელ კაცობრიობას მიაწვდის წყალობასა და მამის სიყვარულის მოხმობას.

12. შემოქმედის ჩანაფიქრში, სხვაობაც არსებობს და მჭიდრო კავშირიც ქმნილების წყობას და ხსნის წყობას შორის. ეს ხაზგასმულია ძველ აღთქმაში, როდესაც «შაბათის» ცნება დაკავშირებულია არა მარტო შექმნის დღეთა შემდეგ ღმრთის საიდუმლოებრივ «დასვენებასთან» (შეად. გამოს 20,8-11), არამედ ხსნასთანაც, იგი რომ სთავაზობს ისრაელს ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლებაში (შეად. რჯლ 5,12-15). ღმერთი, რომელიც მეშვიდე დღეს ისვენებს, თავისი ქმნილებით რომ ხარობს, იგივე ღმერთია, თავის დიდებას რომ ავლენს ფარაონის ჩაგვრისაგან თავისი შვილების გათავისუფლებაში. წინასწარმეტყველთა საყვარელი სურათის აღებით, შეიძლება თქვან, რომ ორივე შემთხვევაში ღმერთი საკუთარ თავს ავლენს, როგორც ნეფე პატარძლის წინაშე (შეად. ოს 2,16-24; იერ 2,2; ეს 54,4-8).

იმავე ებრაული ტრადიციის ზოგიერთი ელემენტის მიხედვით,12 «შაბათის», ღმრთის «დასვენების» არსს რომ ჩავწვდეთ, ძველ და ახალ აღთქმაშიც უნდა შევიცნოთ ის საქორწინო დაძაბულობა, ღმერთსა და მის ხალხს შორის ურთიერთობას რომ აღნიშნავს. მაგალითად, ოსია ამას შისანიშნავი ნაწყვეტით გადმოგვცემს: «დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას და მშვიდობით დავავანებ მათ. და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით; დაგწინდავ რწმენით  და შეიცნობ უფალს» (2,20-22).

«აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი» (დაბ 2,3)

13. შაბათის წესი, პირველ აღთქმაში ახალი და საუკუნო აღთქმის კვირადღეს რომ ამზადებს, სწორედ ღმრთის ჩანაფიქრშია ღრმად ფესვგადგმული. სწორედ ამიტომ, ბევრი სხვა წესისგან განსხვავებით, თაყვანისცემის მკაცრი მოთხოვნების გარემოში როდია მოქცეული, არამედ დეკალოგში, «ათ სიტყვაში», რომლებიც ადამიანის გულში ჩაწერილი ზნეობრივი ცხოვრების საყრდენს წარმოადგენს. ამ ცნების მოქცევით ეთიკის ძირეულ სფეროში, ისრაელი და შემდეგ ეკლესია აცხადებენ, რომ მათთვის რელიგიური დისციპლინა უბრალოდ საკრებულოს საქმე როდია, არამედ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის განმსაზღვრელი და წარუშლელი გამოხატულებაა, ბიბლიური გამოცხადებით ნაუწყები და განმარტებული. ესაა ხედვა, რომელშიც დღეს ქრისტიანებმა ხელახლა უნდა აღმოაჩინონ ეს წესი. თუმც კი ეს წესი შესაძლოა ბუნებრივად უკავშირდებოდეს ადამიანისთვის დასვენების საჭიროებას, მხოლოდ რწმენაა, რომლითაც მის ღრმა აზრს ვწვდებით და რომლის წყალობითაც არ ხდება ბანალური და დაკნინებული.

14. ამიტომ, პირველ რიგში, კვირადღე დასვენების დღეა, ვინაიდან ის ღმერთმა «აკურთხა» და «წმიდაჰყო», გამოარჩია სხვა დღეებისგან, რომ ყოფილიყო მათში «უფლის დღე».

სრულად რომ გავიგოთ, რას გულისხმობს ბიბლიური შექმნის პირველი გადმოცემა შაბათის «წმიდა» ჰყოფით, თვალი უნდა შევავლოთ მთლიან ამბავს, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ უკავშირდება ყოველი სინამდვილე, გამონაკლისის გარეშე, ღმერთს. დრო და სივრცე მას ეკუთვნის. ის მხოლოდ ერთი დღის ღმერთი როდია, არამედ კაცობრიობის ყოველი დღის ღმერთია.

ამიტომ, თუკი ღმერთი «წმიდაჰყოფს» მეშვიდე დღეს განსაკუთრებული კურთხევით და მას არსებითად  «თავის დღედ» აქცევს, ეს გაგებული უნდა იყოს აღთქმის დიალოგის, მართლაც «ქორწინების» დიალოგის ღრმა დინამიკაში. ესაა სიყვარულის დიალოგი, უწყვეტად რომ მიმდინარეობს, თუმც კი არასდროსაა მონოტონური. მართლაც, ის იყენებს სიყვარულის სხვადასხვა საშუალებებს, უბრალოდან და არაპირდაპირიდან უფრო ძლიერამდე, წერილის სიტყვები და ამდენი მისტიკოსის მოწმობა რომ უყოყმანოდ აღწერს ცოლქმრული სიყვარულის გამოცდილებიდან მიღებულ წარმოსახვაში.

15. ადამიანის მთელი ცხოვრება და, ამდენად, ადამიანის მთელი დრო შემოქმედის განდიდებად და მის მიმართ მადლიერებად უნდა იქცეს. მაგრამ ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან აგრეთვე მოითხოვს კონკრეტულ ლოცვის დროს, რომელშიც ეს ურთიერთობა მძლავრ დიალოგად იქცევა, ადამიანის ყოველ განზომილებას რომ მოიცავს. «უფლის დღე» არსებითად ამ ურთიერთობის დღეა, როდესაც მამაკაცები და ქალები ღმერთს უგალობენ და მთელი ქმნილების ხმად იქცევიან.

სწორედ ამიტომ ის დასვენების დღეცაა. «განახლებასა» და «განცალკევებაზე» ცხადად საუბრისას, შრომის ხშირად მჩაგვრელი რითმის შეწყვეტა გამოხატავს ადამიანის და კოსმოსის ღმერთზე დამოკიდებულებას. ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის! უფლის დღე ბრუნდება კვლავაც და კვლავაც, რომ ეს პრინციპი განაცხადოს ჟამის ყოველკვირეული მოგონებისას. ამიტომ, «შაბათი» მოიხსენიება, როგორც განმსაზღვრელი ელემენტი ჟამის «წმიდა არქიტექტურაში», ბიბლიურ გამოცხადებას რომ აღნიშნავს.13 ის შეახსენებს, რომ სამყარო და ისტორია ღმერთს ეკუთვნის; ამ ჭეშმარიტების მუდმივი შეგნების გარეშე კი, ადამიანი სამყაროში ვერ იქნება შემოქმედის თანა-მოღვაწე.

«წმიდაყოფა მოხსენიებით»

16. დეკალოგის მცნება, რომლითაც ღმერთი შაბათის დაცვას ადგენს, გამორჩეულადაა წარმოდგენილი გამოსვლის წიგნში: «გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდაჰყო იგი» (20,8). ამ შთაგონებული ტექსტის გაგრძელება კი ამის მიზეზს იძლევა, ღმრთის საქმეს რომ შეახსენებს: «რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი» (11). გაკეთების დავალებაზე უწინ, მცნება ხსოვნას მოითხოვს. ესაა მოხმობა, რომ აღიძრას ღმრთის დიდი და უპირველესი საქმის ხსოვნა, რომელიც შექმნის საქმეა, - ხსოვნა, რომელიც ადამიანის მთლიან რელიგიურ ცხოვრებას უნდა შთააგონებდეს და ავსებდეს დღეს, როდესაც ადამიანმა უნდა დაისვენოს. ამიტომ, დასვენება წმიდა ფასეულობას იძენს: მორწმუნენი მოხმობილნი არიან, რომ დაისვენონ არა მარტო, როგორც ღმერთმა დაისვენა, არამედ დაისვენონ უფალში, წარუდგინონ მას მთელი ქმნილება, განდიდებითა და  მადლიერებით, შვილივით ახლობელი და სასძლოსავით მეგობრული.

17. კავშირი შაბათის დასვენებას და ღმრთის სასწაულთა «ხსოვნის» თემას შორის მეორე რჯულის წიგნშიც მოიპოვება (5,12-15), სადაც ეს წესი ნაკლებად ეფუძნება შექმნის საქმეს, ვიდრე გამოსვლაში ღმრთის მიერ აღსრულებული გათავისუფლების საქმეს: «გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა» (რჯლ 5,15).

ასეთი ფორმულაცია ავსებს პირველს, რომელიც უკვე განვიხილეთ; ერთად აღებული კი, ორივე აჩვენებს «უფლის დღის» მნიშვნელობას ერთ საღმრთისმეტყველო ხედვაში, შექმნასა და ხსნას რომ აერთიანებს. ამიტომ, ამ წესის მთავარი მომენტი უბრალოდ რაიმე სახის შრომის შეწყვეტა როდია, არამედ იმ სასწაულთა დღესასწაულია, ღმერთი რომ აღასრულებს.

რამდენადაც ეს «ხსოვნა» ცოცხალია, ღმრთისადმი მადლიერებითა და განდიდებით აღსავსე, ადამიანის დასვენება უფლის დღეს თავის სრულ აზრს იძენს. ამის შედეგია ის, რომ ადამიანი შეაბიჯებს ღმრთის «დასვენების» სიღრმეებში და შეუძლია შეიგრძნოს შემოქმედის სიხარულის ჟრუანტელი, როდესაც შექმნის შემდეგ მან დაინახა, რომ ყველაფერი, რაც კი შექმნა, «ძალიან კარგი იყო» (დაბ 1,31).

შაბათიდან კვირადღემდე

18. ვინაიდან მესამე მცნება დამოკიდებულია ღმრთის მაცხონებელ საქმეთა ხსოვნაზე და ვინაიდან ქრისტიანებისთვის ქრისტესგან დაწყებული საბოლოო ჟამი ახალ დასაწყისს წარმოადგენდა, მათ შაბათის მომდევნო დღე საზეიმო დღედ აქციეს, ვინაიდან ეს იყო დღე, უფალი რომ მკვდრეთით აღდგა. ქრისტეს საპასექო საიდუმლო სამყაროს შექმნის საიდუმლოს სრული გაცხადებაა, ხსნის ისტორიის მწვერვალი და სამყაროს ესქატოლოგიური აღსრულების მომასწავებელია. რაც ღმერთმა შექმნაში აღასრულა  და დევნილობაში მყოფი თავისი ხალხისათვის გააკეთა, თავის უსრულეს გამოხატულებას ჰპოვებს ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში, თუმცა მისი საბოლოო აღსრულება არ მოხდება მეორედ მოსვლამდე, როდესაც ქრისტე დიდებით დაბრუნდება. მასში სრულად ხორციელდება შაბათის «სულიერი» მნიშვნელობა, როგორც წმ. გრიგოლ დიდი აცხადებს: «ჩვენთვის, ჭეშმარიტი შაბათი ჩვენი მხსნელის, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს პიროვნებაა».14 სწორედ ამიტომ ის სიხარული, რომლითაც ღმერთი, კაცობრიობის პირველ შაბათს, ჭვრეტს ყველაფერს, რაც კი შეუქმნია არაფრისგან, ახლა გამოიხატება იმ სიხარულში, რომლითაც ქრისტე, აღდგომის კვირადღეს, ეჩვენა თავის მოწაფეებს, მშვიდობისა და სულის ნიჭი რომ უბოძა მათ (შეად. იო 20,19-23). საპასექო საიდუმლოში იყო, რომ კაცობრიობამ, და მასთან ერთად მთელმა ქმნილებამ, რომელიც «ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე» (რომ 8,22), შეიცნო თავისი ახალი «გამოსვლა» ღმრთის შვილების თავისუფლებაში, ქრისტესთან ერთად რომ შეჰღაღადებენ: «აბბა, მამაო!» (რომ 8,15; გალ 4,6). ამ საიდუმლოს შუქზე, უფლის დღესთან დაკავშირებით ძველი აღთქმისეული წესის მნიშვნელობა აღდგენილი, სრულქმნილი და სრულად გაცხადებულია დიდებაში, აღმდგარი ქრისტეს სახეზე რომ ბრწყინავს (შეად. 2 კორ 4,6). ჩვენ «შაბათს» ვცვლით «კვირის პირველი დღით», მეშვიდე დღეს - პირველი დღით: dies Domini ხდება dies Christi!

 

თავი II

DIES CHRISTI

აღმდგარი უფლისა და

სულიწმიდის ნიჭის დღე

ყოველკვირეული აღდგომა

19. «ჩვენ ვზეიმობთ კვირადღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტეს პატივგებული აღდგომის გამო, და ამას ვაკეთებთ არა მარტო აღდგომის დღეს, არამედ ყოველი კვირის დასასრულს»: ასე წერდა პაპი ინოკენტი I მეხუთე საუკუნის დასაწყისში,15 რითაც ამტკიცებდა უკვე კარგად დადგენილ პრაქტიკას, უფლის აღდგომის შემდგომი წლებიდან რომ განვითარდა. წმ. ბასილი საუბრობს «წმიდა კვირადღეზე, უფლის აღდგომით პატივდებულზე, ყველა სხვა დღის პირმშოზე»;16 წმ. ავგუსტინე კი კვირადღეს «აღდგომის საიდუმლოს»17 უწოდებდა.

შინაგან კავშირს კვირადღეს და უფლის აღდგომას შორის ძლიერ უსვამს ხაზს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესია. განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიათა ტრადიციაში, ყოველი კვირადღე არის anastàsimos hemèra, აღდგომის დღე,18 და სწორედ ამიტომაა, რომ ის მთლიანი თაყვანისცემის გულშია.

ამ მუდმივი და საყოველთაო ტრადიციის შუქზე, ცხადია, რომ თუმც კი უფლის დღე შექმნის საქმესა და, მეტადაც, ღმრთის ბიბლიური «დასვენების» საიდუმლოს ეფუძნება, მაინც ქრისტეს აღდგომას უნდა ვუმზერდეთ, სრულად რომ შევიცნოთ უფლის დღე. სწორედ ამას აკეთებს ქრისტიანული კვირადღე, ყოველ კვირას უბიძგებს მორწმუნეებს, რომ იფიქრონ აღდგომის მოვლენაზე, სამყაროს ხსნის ჭეშმარიტ წყაროზე და ცოცხალჰყონ იგი.

20. სახარებათა საერთო მოწმობის მიხედვით, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა მოხდა «კვირის პირველ დღეს» (მარკ 16,2-9; ლკ 14,1; იო 20,1). იმავე დღეს, აღმდგარი უფალი ეჩვენა ორ ემაუსელ მოწაფეს (შეად. ლკ 24,13-35) და ერთად შეკრებილ თერთმეტ მოციქულს (შეად. ლკ 24,36; იო 20,19). ერთი კვირის შემდეგ - როგორც იოანეს სახარება მოგვითხრობს (შეად. 20,26) - მოწაფეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, როდესაც იესო ეჩვენა მათ და საკუთარი თავი განუცხადა თომას, თავისი ვნების ნიშნები რომ აჩვენა. კვირადღე იყო ორმოცდაათობის დღეც - მერვე კვირის პირველი დღე ებრაული პასექის შემდეგ (შეად. საქ 2,1), აღდგომის შემდეგ მოციქულთათვის იესოს მიერ მიცემული პირობა რომ აღსრულდა სულიწმიდის გარდმოსვლით (შეად. ლკ 24,49; საქ 1,4-5). ეს იყო დღე პირველი შეგონებისა და პირველი ნათლობებისა: პეტრე აუწყებდა შეკრებილთ ქრისტეს აღდგომას და «ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა» (საქ 2,41). ეს იყო გაცხადება ეკლესიისა, როგორც ხალხისა, რომელშიც ერთიანდებიან ღმრთის გაფანტული შვილები, მიუხედავად მათი განსხვავებებისა.

კვირის პირველი დღე

21. სწორედ ამ მიზეზით, მოციქულთა დროიდან «კვირის პირველი დღე» ძერწავდა ქრისტეს მოწაფეთა ცხოვრების რითმს (შეად. 1 კორ 16,2). «კვირის პირველი დღე» აგრეთვე იყო დღე, ტროას მორწმუნეები რომ შეიკრიბნენ «პურის გასატეხად», როდესაც პავლე მათ გამოემშვიდობა, შემდეგ კი სასწაულებრივად გააცოცხლა ჭაბუკი ევტიქე (შეად. საქ 20,7-12). გამოცხადების წიგნი ამგვარ პრაქტიკას ამოწმებს, როდესაც კვირის პირველ დღეს უწოდებს «უფლის დღეს» (1,10). ამიერიდან ეს იქნებოდა ქრისტიანთა განმასხვავებელი ნიშანი გარე სამყაროსგან. მეორე საუკუნის დასაწყისში, ვიფინიის მმართველი, პლინიუს უმცროსი თავის წერილში ქრისტიანული პრაქტიკის შესახებ წერდა, რომ «იკრიბებიან დადგენილ დღეს მზის ამოსვლამდე და უგალობებენ ქრისტეს, როგორც ღმერთს».19 და როდესაც ქრისტიანები «უფლის დღეზე» საუბრობდნენ, ამ ცნებას ისინი აღდგომის გაცხადების სრულ საზრისს ანიჭებდნენ: «ქრისტე არის უფალი» (ფილ 2,11; შეად. საქ 2,36; 1 კორ 12,3). ამიტომ, ქრისტემ იგივე სახელი მიიღო, სეპტუაგინტი რომ თარგმნიდა მას, რაც ძველი აღთქმის გამოცხადებაში იყო ღმრთის აღუწერელი სახელი: იაჰვე.

22. ქრისტიანობის იმ ადრეულ პერიოდებში, დღეთა ყოველკვირეული რითმი არ იყო იმ რეგიონთა ცხოვრების ნაწილი, სადაც სახარება ვრცელდებოდა, და ბერძნული და რომაული კალენდრების სადღესასწაულო დღეები არ ემთხვეოდა ქრისტიანულ კვირადღეს. ამიტომ, ქრისტიანთათვის ძალზე რთული იყო უფლის დღის შენახვა ყოველი კვირის დადგენილ დღეს. ეს ხსნის, რატომ უნდა შეკრებილიყვნენ მორწმუნეები მზის ამოსვლამდე.20 თუმცა, ყოველკვირეული რითმისადმი ერთგულება ნორმად იქცა, ვინაიდან ახალ აღთქმას ეფუძნებოდა და ძველი აღთქმის გამოცხადებას უკავშირდებოდა. ამას გულმოდგინედ აღნიშნავენ აპოლოგეტები და ეკლესიის მამები თავიანთ წერილებსა და ქადაგებაში, სადაც, საპასექო საიდუმლოზე საუბრისას, იმავე ბიბლიურ ტექსტებს იყენებენ, რომლებსაც, წმ. ლუკას მოწმობის მიხედვით (შეად. 24,27; 44,47), თავად აღმდგარი ქრისტე უხსნიდა მოწაფეებს. ამ ტექსტების შუქზე, აღდგომის დღის დღესასწაულმა სამოძღვრო და სიმბოლური ფასეულობა შეიძინა, მთელი მისი სიახლით რომ გადმოსცემს მთელ ქრისტიანულ საიდუმლოს.

თანდათანობით დაშორება შაბათისგან

23. სწორედ ამ სიახლეს აღნიშნავდა პირველ საუკუნეთა კატექეზა, ებრაულ შაბათთან შედარებით უწინარესად რომ წარმოაჩენდა კვირადღეს. სწორედ შაბათს იკრიბებოდნენ ებრაელები სინაგოგაში და ისვენებდნენ რჯულის წესისამებრ. თავდაპირველად მოციქულები, განსაკუთრებით კი წმ. პავლე, განაგრძობდნენ სინაგოგაში სიარულს, რომ ეუწყებინათ იესო ქრისტე, შეაგონებდნენ რა «წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს» (საქ 13,27). ზოგიერთი საკრებულო ინახავდა შაბათს, იმავე დროს კი კვირადღესაც ზეიმობდა. თუმცა, მალევე სულ უფრო აშკარად დაიწყო ამ ორი დღის გარჩევა, პირველ რიგში, იმ ქრისტიანთა მოთხოვნის საპასუხოდ, რომელთაც იუდაისტური ფესვები აიძულებდა, რომ დაეცვათ ძველი რჯულის ვალდებულება. წმ. ეგნატე ანტიოქიელი წერს: «თუკი ისინი, ვინც წინანდებურად ცხოვრობდნენ, ახალი სასოებით შეიმოსებიან, აღარ შეინახავენ შაბათს და დაიცავენ უფლის კვირადღეს, იმ დღეს, როდესაც ჩვენი სიცოცხლე აღდგა მისით და მისი სიკვდილით..., იმ საიდუმლოს, საიდანაც ჩვენი რწმენა მივიღეთ და რომელშიც მტკიცენი ვართ, ქრისტეს, ჩვენი ერთადერთი ბატონის, მოწაფეებად რომ ვიწოდებოდეთ, მაშინ როგორღა ვიცხოვრებთ მის გარეშე, მაშინ როცა წინასწარმეტყველნიც კი, როგორც მისი მოწაფენი სულიწმიდაში, მოელოდნენ მას, როგორც ბატონს?».21 წმ. ავგუსტინე კი აღნიშნავს: «ამიტომ, უფალმაც აღბეჭდა თავის დღე, ვნების შემდეგ მესამე რომაა. თუმცა, ყოველკვირეულ ციკლში ის კვირის პირველი დღეა».22 ებრაული შაბათისგან კვირადღის დაშორება სულ უფრო გაძლიერდა ეკლესიის მეხსიერებაში, თუმც კი ისეთი პერიოდებიც იყო ისტორიაში, როდესაც კვირადღის დასვენების ვალდებულების გამო, უფლის დღე შაბათს დაემსგავსა. გარდა ამისა, ქრისტიანობაში ყოველთვის არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც შაბათსაც იცავენ და კვირადღესაც, როგორც «ორ მოძმე დღეს».23

ახალი შექმნის დღე

24. შაბათის ძველ აღთქმისეულ ხედვასთან ქრისტიანული კვირადღის შედარებამ დიდი ინტერესის საღმრთისმეტყველო დაკვირვებებს მისცა ბიძგი. განსაკუთრებით, უნიკალური კავშირი წარმოიშვა აღდგომას და შექმნას შორის. ქრისტიანულმა აზროვნებამ აღდგომა, «კვირის პირველ დღეს» რომ მოხდა, სპონტანურად დააკავშირა იმ კოსმიური კვირის პირველ დღესთან (შეად. დაბ 1,1-2,4), შექმნის ამბავს რომ გადმოგვცემს დაბადების წიგნში: ნათელის შექმნის დღესთან (შეად. 1,3-5). ასეთმა კავშირმა აღდგომა შეიცნო, როგორც ახალი ქმნილების დასაწყისი, რომლის პირმშოც დიდებით მოსილი ქრისტეა, «ყველა ქმნილებაზე უწინარესი» (კოლ 1,15) და «პირმშო მკვდართაგან» (კოლ 1,18).

25. მართლაც, კვირადღე ყველა დანარჩენზე აღმატებული დღეა, ქრისტიანებს რომ მოუხმობს, მოიგონონ ხსნა, რომელიც მათ მიეცათ ნათლობაში და რომელმაც ახალი სიცოცხლე მისცა მათ ქრისტეში. «მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი» (კოლ 2,12; შეად. რომ 6,4-6). ლიტურგია ხაზს უსვამს კვირადღის ამ ნათლობისეულ განზომილებას, როდესაც მოუხმობს ნათლობათა ზეიმს - აგრეთვე სააღდგომო ღამისთევისას - კვირის იმ დღეს, «როდესაც ეკლესია უფლის აღდგომას ზეიმობს»,24 და წირვის დაწყებისას შესაფერის პენიტენციალურ წესად გულისხმობს წმიდა წყლის შეპკურებას, ნათლობის მომენტს რომ შეახსენებს, რომელშიც მთელი ქრისტიანული ცხოვრება იშვება.25

 

მერვე დღე: მარადისობის სახე

26. საპირისპიროდ, შაბათის სტატუსი, როგორც კვირის მეშვიდე დღე, უფლის დღეს შემავსებელ სიმბოლიზმს ჰმატებს, ძლიერ რომ უყვართ მამებს. კვირადღე მხოლოდ პირველი დღე როდია, ის «მერვე დღეცაა», შვიდდღეულში უნიკალური და ტრანსცენდენტური ადგილი რომ უკავია, რომელიც არა მარტო ჟამის დასაწყისს აღნიშნავს, არამედ მის დასასრულსაც «მომავალ დროში». წმ. ბასილი ხსნის, რომ კვირადღე ჭეშმარიტად ერთადერთი დღეა, აწმყოს რომ მიჰყვება, უსასრულო დღეა, რომელმაც არც საღამო იცის და არც დილა, წარუვალი ჟამია, რომელიც არასდროს მოძველდება; კვირადღე მარად უსასრულო სიცოცხლის მომასწავებელია, ქრისტიანთა იმედს რომ აახლებს და მათ გზას რომ აგულიანებს.26 უკანასკნელი დღისადმი მზერით, სრულად რომ ასხამს ხორცს შაბათის ესქატოლოგიურ სიმბოლიზმს, წმ. ავგუსტინე აღსარებანის დასასრულს აღწერს ესქატონს, როგორც «მდუმარების მშვიდობას, შაბათის მშვიდობას, საუკუნო მშვიდობას».27 კვირადღის, «პირველი» და «მერვე» დღის ზეიმობით, ქრისტიანი საუკუნო სიცოცხლის მიზნისკენ მიდის.28

ქრისტე-ნათელის დღე

27. ამგვარი ქრისტეზე ორინტირებული ხედვა ნათელს ჰფენს კიდევ ერთი სახის სიმბოლიზმს, ქრისტიანული განაზრება და სამწყსო პრაქტიკა რომ ჰმატებს უფლის დღეს. ბრძნული სამწყსო აზროვნება ეკლესიას სთავაზობდა კვირადღის, როგორც «მზის დღის», ცნების ქრისტიანიზებას, რომელიც ამ დღის რომაული სახელწოდება იყო და ზოგიერთ თანამედროვე ენაშიც შემორჩა.29 ამის მიზანი ის იყო, რომ მორწმუნეები ჩამოეშორებინა მზის კულტებზე მიჯაჭვულობისაგან და ამ დღის ზეიმი მიემართა ქრისტესაკენ, კაცობრიობის ჭეშმარიტი «მზისაკენ». წარმართთა მიმართ წერილებში, წმ. იუსტინე იმ დროის ენას იყენებს იმის აღსანიშნავად, რომ ქრისტიანები ერთად იკრიბებიან «მზის სახელობის დღეს»,30 მაგრამ მორწმუნეთათვის ამ გამოთქმას უკვე შეძენილი ჰქონდა ახალი მნიშვნელობა, უდავოდ სახარებას რომ ეფუძნებოდა.31 ქრისტე ქვეყნის ნათელია (შეად. იო 9,5; აგრეთვე 1,4-5,9) და, ჟამის ყოველკვირეული მოგონებისას, მისი აღდგომის საზეიმო დღე მისი დიდების გაცხადების მარადიული გამოხატულებაა. კვირადღის, როგორც აღდმგარი ქრისტეს გამარჯვებით განათებული დღის, თემა ჟამის ლიტურგიაშიც მოიპოვება32 და განსაკუთრებულად მოიხსენიება პანიკიდაში, ვიგილიაში, რომელიც აღმოსავლურ ლიტურგიებში კვირადღისთვის მზადებაა. ყოველ თაობაში, ამ დღეს რომ იკრიბება, ეკლესია ითავისებს ზაქარიას აღტაცებას ქრისტეს დანახვისას, ვისშიც განთიადს ხედავს, რათა «გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი» (ლკ 1,78-79), და იზიარებს სიმონის სიხარულს, როდესაც ხელში იყვანს ღმრთის ყრმას, რომელიც არის «ნათელი წარმართთა გასანათლებლად» (ლკ 2,32).

სულიწმიდის ნიჭის დღე

28. კვირადღეს, ნათლის დღეს, შეიძლება აგრეთვე ეწოდოს «ალის» დღე, სულიწმიდასთან მიმართებით. ქრისტეს ნათელი შანაგან კავშირშია სულის «ალთან», ორივე სახე კი ერთად წარმოაჩენს ქრისტიანული კვირადღის მნიშვნელობას.33 მოციქულებს რომ ეჩვენა აღდგომის საღამოხანს, იესომ შეუბერა და უთხრა მათ: «მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ» (იო 20,22-23). სულიწმიდის გარდმოსვლა იყო აღმდგარი უფლის დიდი ძღვენი თავისი მოწაფეების მიმართ აღდგომის კვირადღეს. კვლავაც კვირადღე იყო, აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ სულიწმიდა რომ გადმოვიდა ძალმოსილებით, როგორც «მოგუგუნე გრიგალი» და «ალი» (საქ 2,2-3), მარიამთან ერთად შეკრებილ მოციქულებზე. სულთმოფენობა არა მარტო ეკლესიის დამფუძნებელი მოვლენაა, არამედ საიდუმლოცაა, სამარადჟამოდ რომ ანიჭებს სიცოცხლეს ეკლესიას.34 ასეთ მოვლენას თავისი ძლიერი ლიტურგიული მომენტი აქვს ყოველწლიურ დღესასწაულში, «დიდ კვირადღეს»35 რომ ასრულებს, მაგრამ ის ყოველი კვირადღის ღრმა აზრის ნაწილადაც რჩება, საპასექო საიდუმლოსთან თავისი შინაგანი კავშირის წყალობით. ამიტომ, «ყოველკვირეული აღდგომა», გარკვეული თვალსაზრისით, «ყოველკვირეული სულთმოფენობა» ხდება, როდესაც ქრისტიანები ახალ სიცოცხლეს აძლევენ მოციქულთა სიხარულით აღსავსე შეხვედრას აღმდგარ უფალთან და მის სიცოცხლისმომნიჭებელ სულს იღებენ.

რწმენის დღე

29. ამ სხვადასხვა განზომილებათა გათვალისწინებით, მას რომ გამოარჩევენ, კვირადღე რწმენის უზენაესი დღეა. ესაა დღე, როდესაც სულიწმიდის ძალით, ეკლესიის ცოცხალი «მოგონება» (შეად. იო 14,26) რომაა, აღმდგარი უფლის პირველი ჩვენება იქცევა მოვლენად, ქრისტეს ყოველი მოწაფის «აწმყოში» რომ ახლდება. კვირადღეს მის ყოფნაში შეკრებილნი, მორწმუნენი მოხმობილნი არიან თომა მოციქულის მსგავსად: «მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს» (იო 20,27). დიახ, კვირადღე რწმენის დღეა. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ კვირადღის ევქარისტიული ლიტურგია, სხვა დღესასწაულთა ლიტურგიის მსგავსად, რწმენის აღსარებასაც მოიცავს. წარმოითქმება ის თუ იგალობება, მრწამსი კვირადღის ნათლობისეულ და საპასექო ხასიათს აცხადებს, აქცევს მას დღედ, როდესაც განსაკუთრებით მონათლულები აახლებენ თავიანთ ერთგულებას ქრისტეს და მისი სახარების მიმართ, თავიანთ ნათლობის აღთქმათა მგზნებარე შეგნებით. სიტყვის მოსმენით და უფლის ხორცის მიღებით, მონათლულები უჭვრეტენ აღმდგარ იესოს, «წმიდა ნიშნებში» რომ იმყოფება, და თომა მოციქულთან ერთად აღიარებენ: «უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!» (იო 20,28).

სავალდებულო დღე!

30. ამიტომ ცხადია, ჩვენ რთულ დროშიც კი, რატომ უნდა იყოს დაცული და, უპირველეს ყოვლისა, მთელი თავისი სიღრმით ხორცშესხმული ამ დღის რაობა. მესამე საუკუნის დასაწყისის აღმოსავლელი მწერალი მოგვითხრობს, რომ იმ დროს ყველა რეგიონში მორწმუნეები მუდამ წმიდაჰყოფდნენ კვირადღეს.36 ერთდროს სპონტანური პრაქტიკა მოგვიანებით იურიდიულად დადგენილ ნორმად იქცა. ორიათასი წელია, რაც უფლის დღე ეკლესიის ისტორიას ძერწავს: როგორღა შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მის მომავალს აღარ გამოძერწავს? დღეს არსებულმა არაერთმა განსაცდელმა შესაძლოა გაართულოს კვირადღის ვალდებულების აღსრულება; ეკლესია კი დედობრივი მგრძნობიარეობით უცქერს თავისი ყოველი შვილის ყოფას. განსაკუთრებით, იგი მოხმობილია კატექეტური და სამწყსო ვალდებულებისთვის, რათა ცხოვრების ყოველდღიურობაში მისი არცერთი შვილი არ დარჩეს იმ უხვი მადლის გარეშე, უფლის დღის ზეიმს რომ მოაქვს. სხვადასხვა სამოქალაქო კალენდრებთან მისადაგების მიზნით, საეკლესიო კალენდრის რეფორმირების შესაძლებლობაზე საუბრისას, სწორედ ამ სულისკვეთებით აცხადებდა ვატიკანის II კრება, რომ ეკლესია «არ უპირისპირდება მხოლოდ ისეთებს, რომლებიც ინახავენ და იცავენ შვიდდღიან კვირეულს კვირა დღით».37 მისი მრავალი მნიშვნელობისა და ასპექტის, და სარწმუნოების საფუძვლებთან მისი კავშირის გათვალისწინებით, ქრისტიანული კვირადღის დღესასწაული, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზეც, ჩვენი ქრისტიანული ვინაობის სავალდებულო ელემენტად რჩება.

 

თავი III

DIES ECCLESIAE

ევქარისტიული შეკრება:

კვირადღის არსი

აღმდგარი უფლის ყოფნა

31. «მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე» (მთ 28,20). ქრისტეს ეს დაპირება მუდამ ჟღერს ეკლესიაში, როგორც მისი ცხოვრების ნაყოფიერი საიდუმლო და მისი სასოების წყარო. როგორც აღდგომის დღე, კვირადღე ოდენ წარსული მოვლენის მოგონება როდია: ის თავის ხალხში აღმდგარი უფლის ცოცხალი ყოფნის დღესასწაულია.

ამიტომაც, შესაფერისად რომ იყოს ამგვარი ყოფნა გაცხადებული და ხორცშესხმული, არ კმარა ქრისტეს მოწაფეთა ლოცვა განმარტოებით, ცალ-ცალკე, და ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული ფარულად, გულის სიღრმეში. ვინც ნათლობის მადლს იღებენ, დახსნილნი როდი არიან მხოლოდ როგორც ინდივიდები, არამედ როგორც მისტიკური სხეულის ასონი, ღმრთის ხალხის ნაწილად რომ იქცნენ.38 ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი ერთად შეკრება, მთელი სისავსით რომ წარმოაჩინონ ვინაობა ეკლესიისა, - ekklesia - კრებულისა, აღმდგარმა უფალმა რომ მოუხმო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირა, «რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები» (იო 11,52). ისინი გახდნენ «ერთი» ქრისტეში (შეად. გალ 3,28), სულის ნიჭით. ეს ერთობა ხილული ხდება, როდესაც ქრისტიანები ერთად იკრიბებიან: სწორედ მაშინ შეიცნობენ ნათლად და მოწმობენ წუთისოფელს, რომ გამოსყიდულნი არიან, «ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან» (გამოცხ 5,9). ქრისტეს მოწაფეთა კრებული ყოველ ეპოქაში განასახიერებს პირველ ქრისტიანულ საკრებულოს, რომლის მაგალითსაც იძლევა ლუკა მოციქულთა საქმეებში, როდესაც მოგვითხრობს, რომ პირველი მონათლული მორწმუნეები «ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ» (2,42).

ევქარისტიული შეკრება

32. ევქარისტია არა მარტო ეკლესიის ცხოვრების გამორჩეულად ძლიერი გამოხატულებაა, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, მისი «პირველწყაროცაა».39 ევქარისტია კვებავს და ძერწავს ეკლესიას: «ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით» (1 კორ 10,17). უფლის ხორცისა და სისხლის საიდუმლოსთან ამ სასიცოცხლო კავშირის წყალობით, ეკლესიის საიდუმლო განცდილი, გაცხადებული და უსაზღვროდ ხორცშესხმულია ევქარისტიაში.40

ევქარისტიისათვის ჩვეული ეს საეკლესიო განზომილება ხორცს ისხამს ყოველ ევქარისტიულ დღესასწაულში. მაგრამ ის ყველაზე გამორჩეულად წარმოჩნდება იმ დღეს, როდესაც მთელი საკრებულო ერთად იკრიბება, უფლის აღდგომა რომ იზეიმოს. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ნიშანდობლივად ასწავლის, რომ «უფლის დღისა და ევქარისტიის საკვირაო აღნიშვნა საეკლესიო ცხოვრების ცენტრშია განლაგებული».41

33. საკვირაო წირვაზე, ქრისტიანები განსაკუთრებული მგზნებარებით ცოცხალჰყოფენ მოციქულთა გამოცდილებას აღდგომის საღამოხანს, როდესაც ქრისტე ეჩვენა მათ, ერთად რომ იყვნენ შეკრებილნი (შეად. იო 20,19). გარკვეული თვალსაზრისით, მოწაფეთა, ეკლესიის პირველ პირმშოთა, ამ მცირე ჯგუფში წარმოდგენილი იყო ღმრთის ერი ყოველი ჟამისა. თავისი მოწმობით, მორწმუნეთა ყოველ თაობას ესმის ქრისტეს მისალმება, მშვიდობის მესიანური ძღვენით მდიდარი, მისი სისხლით მოპოვებული და მისი სულით ბოძებული: «მშვიდობა თქვენდა!» ქრისტეს დაბრუნება მათ შორის «რვა დღის შემდეგ» (იო 20,26) შეიძლება გაგებული იყოს, როგორც უპირველესი წინასწარმეტყველება ქრისტიანული საკრებულოს პრაქტიკისა, რომ ერთად შეიკრიბონ ყოველ მეშვიდე დღეს, «უფლის დღეს», ანუ კვირადღეს, რომ აღიარონ რწმენა მის აღდგომაში და მიიღონ კურთხევა, მან რომ აღუთქვა: «ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს» (იო 20,29). ეს მჭიდრო კავშირი აღმდგარი უფლის გამოჩინებას და ევქარისტიას შორის, მოცემულია ლუკას სახარებაში ორი ემაუსელი მოწაფის ამბავში, რომლებსაც მიუახლოვდა ქრისტე და უხსნიდა წერილებს, შემდეგ კი მათთან ერთად მიუჯდა სუფრას. მათ იცნეს იგი, როდესაც მან «აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ» (24,30). ამ გადმოცემაში იესოს ჟესტები საიდუმლო სერობაზე მისი ჟესტების დარია, აშკარად რომაა ნახსენები «პურის გატეხვა», რომელსაც ქრისტიანთა პირველი თაობა ევქარისტიას უწოდებდა.

საკვირაო ევქარისტია

34. სიმართლეა, რომ საკვირაო ევქარისტია, თავისთავად, არ განსხვავდება იმ ევქარისტიისგან, სხვა დღეებში რომ ვზეიმობთ, ვერც მთლიან ლიტურგიულ და საკრამენტულ ცხოვრებას გაემიჯნება. თავისი ბუნებით, ევქარისტია ეკლესიის გაცხადებაა;42 ეს კი ყველაზე ძლიერ მაშინ იგრძნობა, როდესაც საეპარქიო საკრებულო ლოცვაში ერთიანდება თავის მწყემსთან: «ეკლესიის ძირითადი გამოვლინება ხდება მაშინ, როდესაც ღმრთის მთელი წმიდა ხალხი სრულად და აქტიურად მონაწილეობს ერთსა და იმავე ლიტურგიულ მსახურებაში, უპირველეს ყოვლისა, ევქარისტიაში, ერთ ლოცვაში, ერთ საკურთხეველთან, რომელსაც წარმართავს ეპისკოპოსი, გარემოცული თავისი მღვდლებითა და მსახურებით».43 ასეთი ურთიერთობა ეპისკოპოსთან და მთლიან საეკლესიო საკრებულოსთან თანმდევია ყოველი ევქარისტიული დღესასწაულისთვის, თუნდაც რომ მას არ წარმართავდეს ეპისკოპოსი, მიუხედავად იმისა, თუ კვირის რომელ დღეს იზეიმება. ევქარისტიულ ლოცვაში ამის მაჩვენებელია ეპისკოპოსის მოხსენიება.

მაგრამ მისი განსაკუთრებული სადღესასწაულო ხასიათის და საკრებულოს სავალდებულო ყოფნის გამო, და ვინაიდან ის იზეიმება «იმ დღეს, როდესაც ქრისტემ სძლია სიკვდილს და თავის უკვდავ სიცოცხლეს გვაზიარა»,44 საკვირაო ევქარისტია თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მისთვის თანმდევ საეკლესიო განზომილებას. ის სხვა ევქარისტიულ დღესასწაულთა პარადიგმად იქცევა. ყოველი საკრებულო, თავის ყველა წევრს რომ კრებს «პურის გასატეხად», იქცევა ადგილად, სადაც კონკრეტულად ისხამს ხორცს ეკლესიის საიდუმლო. ევქარისტიის დღესასწაულში, საკრებულო გახსნილია საყოველთაო ეკლესიასთან თანაზიარებისთვის,45 ევედრება მამას, რომ «მოიხსენიოს ეკლესია მთელს დედამიწასა ზედა განვრცობილი» და ზრდის მას პაპთან და ცალკეულ ეკლესიათა მწყემსებთან ყველა მორწმუნის ერთობაში, ვიდრე სრულყოფილებას არ მიაღწევდეს სიყვარული.

ეკლესიის დღე

35. ამიტომ, dies Domini აგრეთვე არის dies Ecclesiae. სწორედ ამიტომ სამწყსო დონეზე გამორჩეულად უნდა აღინიშნოს საკვირაო დღესასწაულის კომუნიტარული ასპექტი. სხვა დროს როგორც აღვნიშნავდი, სამრევლოს მრავალ საქმიანობას შორის, «არც ერთია ისეთივე სასიცოცხლო ანდა არც ერთი არ ძერწავს საკრებულოს იმდენად, როგორც უფლის დღისა და მისი ევქარისტიის საკვირაო დღესასწაული».46 ამ შეგნებით, ვატიკანის II კრება შეახსენებდა, რომ ყოველივე უნდა იღონონ, რათა ხელი შეეწყოს «საკრებულოს ერთობის შეგრძნების განმტკიცებას, უპირველეს ყოვლისა, კვირის წირვის ერთობლივ მსახურებაში».47 იმავეზე საუბრობს შემდგომი ლიტურგიული დირექტივებიც, რომელთა მიხედვითაც ყოველ კვირადღეს და წმიდა დღეებში ევქარისტიული დღესასწაულები, ჩვეულებისამებრ რომ ზეიმობენ სხვა ეკლესიებსა და სატრაპეზოებში, შეთანხმებული იყოს დღესასწაულთან სამრევლო ეკლესიაში, რომ «ხელი შეუწყოს საეკლესიო საკრებულოს შეგრძნებას, გამორჩეულად რომ საზრდოობს და წარმოჩინდება საკრებულო დღესასწაულით კვირადღეს, გინდ ეპისკოპოსის გარშემო, განსაკუთრებით საკათედრო ტაძარში, და გინდ სამრევლო შეკრებაში, სადაც მწყემსი წარმოადგენს ეპისკოპოსს».48

36. საკვირაო შეკრება ერთობის პრივილეგირებული ადგილია: ესაა ადგილი sacramentum unitatis-ის დღესასწაულისათვის, სიღრმისეულად რომ წარმოაჩენს ეკლესიას, როგორც ხალხს, შეკრებილს მამის, ძისა და სულიწმიდის «ერთობითა» და «ერთობაში».49 ქრისტიანული ოჯახებისთვის, საკვირაო შეკრება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ გამოხატულებათაგანია მათი ვინაობისა და მათი «მსახურებისა», როგორც «შინაური ეკლესია»,50 როდესაც მშობლები საკუთარ შვილებთან ერთად შეუერთდებიან სიტყვისა და სიცოცხლის პურის მსახურებას. კარგია, თუკი ამ თვალსაზრისით შევახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მშობლებმა უნდა ასწავლონ საკუთარ შვილებს საკვირაო წირვაში მონაწილეობა; ამ საქმეში მათ ეხმარებიან კატექისტები, რომელთაც უნდა იზრუნონ, რომ წირვაში მონაწილეობის დაწყება იქცეს შვილების ფორმაციის ნაწილად, რომ ახსნას ამ წესის სავალდებულო ბუნების მნიშვნელოვანი მიზეზები. როდესაც გარემოებები მოითხოვს, ამ მხრივ დახმარების გაწევა შეუძლია ბავშვებისთვის წირვების დღესასწაულსაც, ლიტურგიული ნორმების პირობებთან თანხმობაში.51 

საკვირაო წირვებზე სამრევლოებში, რამდენადაც სამრევლოები «ევქარისტიული საკრებულოებია»,52 სამრევლოში ჩვეულებრივი ამბავია სხვადასხვა ჯგუფების, მოძრაობების, გაერთიანებებისა და მცირე რელიგიური საკრებულოების არსებობაც. ეს შესაძლებლობას აძლევს ყველას, რომ განიცადონ ის, რაც ყველაზე სიღრმისეულად აქვთ საერთო, გასცდნენ ცალკეულ სულიერ გზებს, რომლებიც, საეკლესიო ავტორიტეტის გარჩევით,53 კანონიერად გამოარჩევს მათ. სწორედ ამიტომ კვირადღეს, შეკრების დღეს, არ უნდა მიეცეს სტიმული მცირე ჯგუფების წირვებს: აქ საქმე ეხება არა მარტო იმ საკითხს, რომ სამრევლო შეკრებები არ შედგეს მღვდელთა საჭირო მსახურების გარეშე, არამედ იმ საკითხსაც, რომ სრულად დაიცვან და ხელი შეუწყონ საეკლესიო საკრებულოს ცხოვრებასა და ერთობას.54 ამ საყოველთაო სახელმძღვანელო პრინციპში შესაძლო და აშკარად შეზღუდული გამონაკლისების დაშვება დამოკიდებული იქნება ცალკეული ეკლესიების მწყემსთა ბრძნულ გარჩევაზე, ფორმაციისა და სამწყსო მზრუნველობის სფეროში განსაკუთრებულ საჭიროებათა ხედვით და პიროვნებების ან ჯგუფების სიკეთის გათვალისწინებით - განსაკუთრებით იმ სარგებლისა, რომელიც ასეთ გამონაკლისებს შეუძლიათ მოუტანონ მთლიან ქრისტიანულ საკრებულოს.

მსხემი ხალხი

37. მაშინ, როდესაც ეკლესია ჟამთასვლაში მსხემობს, ქრისტეს აღდგომისა და ამ ყოველკვირეული საზეიმო მოგონების მოხსენიება შეგვახსენებს ღმრთის ხალხის მსხემ და ესქატოლოგიურ ხასიათს. კოველ კვირადღეს ეკლესია მიელტვის საბოლოო «უფლის დღეს», იმ კვირადღეს, დასასრული რომ არ აქვს. ქრისტეს მოსვლის მოლოდინი ჩაწერილია ეკლესიის საიდუმლოში55 და ვლინდება ყოველ ევქარისტიულ დღესასწაულში. მაგრამ, აღმდგარი ქრისტეს დიდების კონკრეტული მოგონებით, უფლის დღე სულ უფრო ძლიერად შეახსენებს მისი «დაბრუნების» მომავალ დიდებას. ეს კვირას აქცევს დღედ, როდესაც ეკლესია, უფრო თვალნათლივ რომ წარმოაჩენს თავის ვინაობას როგორც «სასძლო», გარკვეული თვალსაზრისით მოასწავებს ზეციური იერუსალიმის ესქატოლოგიურ სინამდვილეს. თავის შვილებს რომ აერთიანებს ევქარისტიულ შეკრებაში და ასწავლის, რომ დაელოდონ «ღმრთიურ ნეფეს», იგი ჩაბმულია «სურვილის ასრულებაში»,56 მოასწავებს ახალი ცისა და ახალი მიწის სიხარულს, როდესაც წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი ღმრთისგან ჩამოვა, «სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული» (გამოცხ 21,2).

იმედის დღე

38. ამგვარად გაგებული, კვირადღე მხოლოდ რწმენის დღე როდია, ის ქრისტიანული იმედის დღეცაა. «უფლის სერობაზე» დასწრება მოასწავებს «კრავის საქორწინო სერობის» (გამოცხ 19,9) ესქატოლოგიურ დღესასწაულს. ქრისტეს, აღმდგარისა და ზეცად ამაღლებულის, მოგონების ზეიმით, ქრისტიანული საკრებულო მოელის «სიხარულით სავსე იმედით ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, მოსვლას».57 ამ მძლავრი ყოველკვირეული რითმით განახლებული და ნასაზრდოები, ქრისტიანული იმედი ადამიანის იმედის საფუარი და ნათელი ხდება. სწორედ ამიტომაა, რომ მორწმუნეთა ლოცვა პასუხობს არა მარტო ცალკეული ქრისტიანული საკრებულოს საჭიროებებს, არამედ მთელი კაცობრიობის საჭიროებებსაც; ხოლო ეკლესია, ერთად რომ იკრიბება ევქარისტიული დღესასწაულისთვის, სამყაროს აჩვენებს, რომ იგი ითავისებს «სიხარულსა და იმედს, ჩვენი დროის ადამიანთა მწუხარებასა და შიშს, უპირველეს ყოვლისა გლახაკთა და ყველა ტანჯულისა».58 საკვირაო ევქარისტიის ძღვენით, ეკლესია აგვირგვინებს იმ მოწმობას, მისი შვილები რომ კვირის ყოველდღე იძლევიან სახარების უწყებით და სიყვარულის ხორცშესხმით შრომის სამყაროსა და მრავალ ცხოვრებისეულ დავალებაში; ამგვარად, იგი უფრო ნათლად წარმოაჩენს თავის ვინაობას, «რომ ერთგვარია საიდუმლოა... იგი არის ღმერთთან შინაგანი ერთიანობისა და მთელი კაცობრიობის ერთობის ნიშანი და საშუალება».59

სიტყვის ტრაპეზი

39. ყოველი ევქარისტიული დღესასწაულის მსგავსად, აღმგარ უფალთან შეხვედრა ხდება საკვირაო შეხვედრაზეც, სიტყვისა და სიციცხლის პურის ორგზის მსახურებაზე. სიტყვის მსახურებას ერთნაირად ესმის ხსნის ისტორია და, განსაკუთრებით, საპასექო საიდუმლო, აღმდგარმა იესომ თავად რომ უბოძა თავის მოწაფეებს: ქრისტეა, ვინც ლაპარაკობს, ვინც არის თავის სიტყვაში, «როდესაც ეკლესიაში წმიდა წერილს კითხულობენ».60 სიცოცხლის პურის მსახურებაზე ნადმვილად, არსობრივად და მარად იმყოფება აღმდგარი უფალი მისი ვნებისა და აღდგომის მოგონებით, სიცოცხლის პური კი მომავალი დიდების საწინდარია. ვატიკანის II კრება შეახსენებდა, რომ «სიტყვის ლიტურგია და ევქარისტია ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი კულტმსახურების ერთ აქტს ქმნიან».61 კრება აგრეთვე აცხადებდა, რომ «რათა ღმრთის სიტყვის ტრაპეზი ერთგულებისთვის უფრო უხვი იყოს, საჭიროა ბიბლიის საუნჯის უფრო ფართოდ გაღება».62 შემდეგ ადგენდა, რომ საკვირაო წირვებსა და სავალდებულო წმიდა დღეებში, მხოლოდ სერიოზულ მიზეზთა გამო შეიძლებოდა ჰომილიის გამოტოვება.63 ეს დროული დადგენილებები ერთგულად განხორციელდა ლიტურგიულ რეფორმაში, რომლის შესახებ პავლე VI წერდა, კვირადღესა და წმიდა დღეებში ბიბლიური საკითხავების უფრო უხვ შეთავაზებაზე რომ საუბრობდა: «ეს ყოველივე აღდგენილი იქნა, რათა მორწმუნეებში სულ მეტად შეუწყოს ხელი “შიმშილს უფლის სიტყვების მოსმენისას” (ამოს 8,11), რომელიც, სულიწმიდის შემწეობით, ახალი აღთქმის ხალხს ეკლესიის სრული ერთობისკენ მიუძღვის».64 

40. კრებიდან ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ თვალს რომ გადავავლებთ საკვირაო ევქარისტიას, უნდა შევაფასოთ, რაოდენ კარგად ხდება ღმრთის სიტყვის უწყება და რაოდენ ქმედითად იზრდება ღმრთის ხალხი წმიდა წერილის ცოდნასა და სიყვარულში.65 ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორი ასპექტი - დღესასწაული და პიროვნული კუთვნილება - და ისინი ძალზე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. სადღესასწაულო ასპექტს რაც შეეხება, ფაქტმა, რომ კრებამ შესაძლებელი გახადა ღმრთის სიტყვის უწყება დღესასწაულში მონაწილე საკრებულოს ენაზე, უნდა გააღვივოს სიტყვის მიმართ პასუხისმგებლობის ახალი გრძნობა, შესაძლებლობას რომ აძლევს «წმიდა ტექსტის გამორჩეულ ბუნებას», გაიბრწყინოს «საკითხავის ან გალობის ფორმითაც».66 პიროვნული კუთვნილების დონეზე, გაცხადებული ღმრთის სიტყვის მოსმენა კარგად უნდა მომზადდეს მორწმუნეთა სულებში წმიდა წერილის ბეჯითი ცოდნით და, სამწყსო თვალსაზრისით რამდენადაც შესაძლებელია, კონკრეტული ინიციატივებით ბიბლიური საკითხავების გაგების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მათი, კვირაობით და წმიდა დღეებში რომ გამოიყენება. თუკი ქრისტიანი ადამიანები და ოჯახები გამუდმებით არ იღებენ ახალ სიცოცხლეს წმიდა ტექსტის წაკითხვიდან ლოცვისა და ეკლესიისმიერი განმარტებისადმი მორჩილების სულისკვეთებით,67 მაშინ რთულია მხოლოდ ღმრთის სიტყვის ლიტურგიული უწყებისათვის, რომ მოსალოდნელი ნაყოფი გამოიღოს. ესაა ინიციატივათა ფასეულობა სამრევლო საკრებულოებში, რომლებიც კვირის განმავლობაში ერთად კრებენ ევქარისტიაში მონაწილეებს - მღვდლევს, მსახურებსა და მორწმუნეებს68 - საკვირაო ლიტურგია რომ მოამზადონ, უწინ კი ღმრთის სიტყვას გაიაზრებენ, მოგვიანებით რომ იქნება გაცხადებული. ამის მიზანია, რომ მთლიანმა დღესასწაულმა - ლოცვამ, გალობამ, მოსმენამ, და არა მარტოოდენ ქადაგებამ - გარკვეულწილად წარმოაჩინოს საკვირაო ლიტურგიის თემა, რათა ყველა მონაწილემ უფრო ძლიერ განიცადოს იგი. ცხადია, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული მათზე, ვინც სიტყვის მსახურებას აღასრულებენ. მათი მოვალეობაა, მოამზადონ ქადაგება უფლის სიტყვაზე ლოცვითა და წმიდა ტექსტის შესწავლით, რათა შემდეგ ერთგულად წარმოაჩინონ მისი შინაარსი და ადამიანთა საზრუნავსა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას მიუსადაგონ იგი.

41. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმრთის სიტყვის ლიტურგიული უწყება, განსაკუთრებით ევქარისტიულ შეკრებაზე, იმდენად მედიტაციისა და კატექიზაციის დრო როდია, რამდენადაც დიალოგია ღმერთსა და მის ხალხს შორის, დიალოგი, რომელშიც ხსნის სასწაულები ვლინდება და მუდამ აღთქმის მოთხოვნები ჟღერს. თავის მხრივ, ღმრთის ხალხი მოხმობილია, რომ უპასუხოს სიყვარულის ამ დიალოგს მადლიერებითა და განდიდებით, ასევე მუდმივი «მოქცევის» დავალების მიმართ თავისი ერთგულებით წარმოჩენით. ამიტომაც, საკვირაო შეკრება ვალდებულებას გვაკისრებს ჩვენ ნათლობის აღთქმათა შინაგანი განახლებისადმი, რომლებიც, გარკვეულწილად, ნაგულისხმებია მრწამსის წარმოთქმაში და სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიის ცხადი ნაწილია, და როცა კი წირვის დროს ნათლობის ზეიმია. ამ კონტექსტში, კვირადღის ევქარისტიულ დღესასწაულზე სიტყვის უწყება საზეიმო ჟღერადობას იძენს, ძველ აღთქმაში რომაა იმ დროს, როდესაც აღთქმა იქნა განახლებული, როდესაც რჯული იქნა გამოცხადებული და ისრაელის საკრებული იქნა მოხმობილი - სინაის მახლობლად უდაბნოში მყოფი ხალხის მსგავსად (შეად. გამოს 19,7-8; 24,3.7) - რომ გაემეორებინა თავისი «კი», განეახლებინა თავისი გადაწყვეტილება, რომ უერთგულებდა ღმერთს და მისი მცნებების მორჩილი იქნებოდა. თავისი სიტყვის წარმოთქმისას, ღმერთი ჩვენს პასუხს მოელის: პასუხს, ქრისტემ რომ უკვე გაგვცა თავისი «ამინით» (შეად. 2 კორ 1,20-22), და ჩვენში რომ ვლინდება სულიწმიდის მეშვეობით, რათა ჩვენს მიერ გაგონილმა მთელი თავისი სიღრმით მოგვიცვას.69

ქრისტეს ხორცის ტრაპეზი

42. ბუნებრივია, სიტყვის მსახურება იქცევა ევქარისტიული პურის მსახურებად და ამზადებს საკრებულოს, რომ ცოცხალქმნას მისი მრავალი ასპექტი, საკვირაო ევქარისტიაში რომ იძენს განსაკუთრებით საზეიმო ხასიათს. როდესაც მთელი საკრებულო იკრიბება, «უფლის დღე» რომ იზეიმოს, სხვა დღეებზე მეტად  ევქარისტია უფრო ნათლად წარმოჩნდება, როგორც დიდი «მადლიერება», რომლითაც სულიწმიდით სავსე ეკლესიაა განწყობილი მამის მიმართ, ქრისტესთან რომ ერთიანდება და მთელი კაცობრიობის სახელით რომ საუბრობს. კვირის რითმი გვიბიძგებს, რომ მადლიერებით მოვიგონოთ განვლილ დღეთა მოვლენები, ღმრთის შუქზე დავინახოთ ისინი და მადლობა შევწიროთ მას მისი უთვალავი ძღვენისათვის, განვადიდოთ იგი «ქრისტეს მიერ, ქრისტესთან ერთად და ქრისტეში, სულიწმიდის ერთობაში». ამგვარად, ქრისტიანული საკრებულო განახლებული ძალით შეიცნობს იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ქრისტეს მიერ შეიქმნა (შეად. 1 კოლ 1,16; იო 1,3), და რომ ქრისტეში, რომელიც მონად მოვიდა, ჩვენი ადამიანური ყოფა რომ მიეღო და გამოესყიდა, აღდგა ყველაფერი (შეად. ეფ 1,10), რომ გადასცეს მამა ღმერთს, რომლისაგან გამოდის ყველაფერი და სიცოცხლეს იღებს. ამიტომ, ევქარისტიულ დოქსოლოგიას რომ მოწმობს თავისი «ამინით», ღმრთის ხალხი რწმენითა და იმედით უცქერს ესქატოლოგიურ დასასრულს, როდესაც ქრისტე «სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას... რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში» (1 კორ 15,24.28).

43. ეს «აღმავალი» მოძრაობა ყოველი ევქარისტიული დღესასწაულის თანმდევია და სასიხარულო მოვლენად აქცევს მას, მადლიერებით და იმედით აღსავსე რომაა. მაგრამ ის განსაკუთრებულად ვლინდება საკვირაო წირვაზე, აღდგომის ზეიმთან მისი გამორჩეული კავშირის წყალობით. ამის საპირისპიროდ, «ევქარისტიული» სიხარული, რომელიც «ჩვენს გულებს აღანთებს», ჩვენს მიმართ ღმრთის «დაღმავალი» მოძრაობის ნაყოფია, სამუდამოდ რომ იბეჭდება ევქარისტიის არსებით სამსხვერპლო ელემენტში, კენოზისის საიდუმლოს უმაღლეს გამოხატულებასა და დღესასწაულში, იმ ჩამომავლობით, რომლითაც ქრისტემ «თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე» (ფილ 2,8).

მართლაც, წირვა ჭეშმარიტად ხორცს ასხამს ჯვრის მსხვერპლს. პურისა და ღვინის სახით, რომლითაც მოხმობილია სულიწმიდის გარდმოსვლა, სრულიად უნიკალური ძალით რომ მოქმედებს მსხვერპლშეწირვის სიტყვებში, ქრისტე საკუთარ თავს უძღვნის მამას იმავე სამსხვერპლო აქტში, რომლითაც ჯვარზე დადო თავი. «ამ ღმრთიურ მსხვერპლში, წირვაზე რომ სრულდება, ქრისტე, რომელმაც სისხლით გასცა საკუთარი თავი ერთხელ და სამუდამოდ ჯვრის სამსხვერპლოზე, უსისხლოდაა წარმოდგენილი და გაცემული».70 თავის მსხვერპლთან ქრისტე აერთიანებს ეკლესიის მსხვერპლსაც: «ევქარისტიაში ქრისტეს მსხვერპლი ხდება მისი მისტიური სხეულის ასოთა მსხვერპლშეწირვაც. მორწმუნეთა ცხოვრება, მათი დიდებისმეტყველება, მათი ტანჯვა და ლოცვა, მათი შრომა გაერთიანებულია ქრისტესთან და მის ყოვლისმომცველ მსხვერპლთან და ამის გამო ახალ მნიშვნელობას ღებულობს».71 ჭეშმარიტება, რომ მთელი საკრებულო ქრისტეს მსხვერპლის მოზიარეა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა საკვირაო შეკრებაში, რომელიც შესაძლებელს ხდის სამსხვერპლოზე განვლილი კვირის მიტანას, მთელი მისი ადამიანური ტვირთით.

სააღდგომო ნადიმი და ძმური შეკრება

44. ევქარისტიის კომუნიტარული ხასიათი განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როდესაც ის განიხილება როგორც სააღდგომო ნადიმი, რომელზეც თავად ქრისტე იქცევა ჩვენს საზრდოდ. მართლაც, «ამ მიზნით, ეს მსხვერპლშეწირვა ქრისტემ თავის ეკლესიას მიანდო: რათა მორწმუნენი მისი მოზიარენი იყვნენ სულიერადაც, რწმენასა და სიყვარულში, და საკრამენტალურადაც, წმიდა ზიარების ნადიმზე. უფლის სერობაში მონაწილეობა მუდამ ქრისტესთან თანაზიარებაა, საკუთარ თავს რომ გვიძღვნის მამისადმი მსხვერპლშეწირვაში».72 სწორედ ამიტომ ეკლესია იძლევა რჩევას, რომ მორწმუნეებმა ზიარება მიიღონ მაშინ, როდესაც ევქარისტიაში მონაწილეობენ, იმ პირობით, თუკი შესაფერისად მომზადებულნი არიან და, მძიმე ცოდვის შეგნებით, მიღებული აქვთ ღმრთის შენდობა შერიგების საიდუმლოში,73 იმ სულისკვეთებით, წმ. პავლე რომ წერს კორინთოს საკრებულოს (შეად. 1 კორ 11,27-32). ცხადია, ევქარისტიული ზიარების მოხმობა უფრო მედგარია საკვირაო და წმიდა დღეთა წირვის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს, რომ ქრისტესთან თანაზიარება სიღრმისეულ კავშირშია ჩვენს ძმებსა და დებთან თანაზიარებასთან. საკვირაო ევქარისტიული შეკრება ძმობის გამოცდილებაა, რომელსაც დღესასწაული უნდა ცხადყოფდეს, სულ მეტად რომ უფრთხილდება ლიტურგიული აქტის ბუნებას. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს მიღების ჟესტები და ლოცვის ელფერი, ყურადღებით რომ ეკიდება მთელი საკრებულოს საჭიროებებს. მშვიდობის ნიშანი - რომაულ წესში ნიშანდობლივად ევქარისტიული ზიარების წინ რომ დგას - განსაკუთრებულად მეტყველი ჟესტია, მორწმუნეებმა რომ უნდა გაითავისონ, როგორც გამოვლინება ღმრთის ხალხის მიერ დღესასწაულში ყოველივე აღსრულებულის მიღებისა74 და ურთიერთსიყვარულის ვალდებულებისა, რომელიც ხორცს ისხამს ერთი პურის გაყოფაში, ქრისტეს მომთხოვნი სიტყვებით: «თუ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი» (მთ 5,23-24).

წირვიდან «მისიამდე»

45. სიცოცხლის პურის  მიღებით, ქრისტეს მოწაფენი ემზადებიან, რომ მკვდრეთით აღმდგარი უფლისა და მისი სულის ძალით  საკუთარ თავზე იტვირთონ ის დავალებები, მათ უბრალო ცხოვრებაში რომ ელოდებათ. მორწმუნეთათვის, ვისაც ესმით თავიანთი გაკეთებული საქმის მნიშვნელობა, ევქარისტიული დღესასწაული ეკლესიის კართან არ მთავრდება. აღდგომის პირველ მოწმეთა მსგავსად, ქრისტიანები, რომლებიც ყოველ კვირადღეს იკრიბებიან, აღმდგარი უფლის ყოფნა რომ განიცადონ და აუწყონ, მოხმობილნი არიან, რომ აუწყონ სახარება და დაამოწმონ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის გათვალისწინებით, ზიარებისა და დასკვნითი რიტუალის შემდგომი ლოცვა - საბოლოო დალოცვა და წასვლა - უკეთ უნდა იყოს გააზრებული და დაფასებული, რათა ყველამ, ვინც კი ევქარისტიაში მონაწილეობს, უფრო სიღრმისეულად განიცადოს ის პასუხისმგებლობა, მათზე რომაა მინდობილი.  შეკრების დასრულების შემდეგ, ქრისტეს მოწაფეები უბრუნდებიან თავიანთ ყოველდღიურ გარემოცვას იმ ვალდებულებით,  რომ მთელი თავიანთი სიცოცხლე სულიერ მსხვერპლად მიუძღვნან ღმრთის წყალობისათვის (რომ 12,1). იმის გამო, რასაც ამ დღესასწაულში იღებენ, ისინი მოვალენი არიან საკუთარი ძმებისა და დების მიმართ, მსგავსად ემაუსელი მოწაფეებისა, რომლებსაც, აღმდგარი ქრისტე რომ იცნეს «პურის გატეხვაში» (ლკ 24:30-32), გაუჩნდათ წადილი, უმალვე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ძმებსა და დებთან, უფალთან შეხვედრის სიხარული რომ გაეზიარებინათ (შეად. ლკ 24,33-35).

კვირადღის ვალდებულება

46. ევქარისტია რომ კვირადღის არსია, ამიტომაც ნათელია, პირველივე საუკუნეებიდან მუდამ რატომ შეახსენებდნენ ეკლესიის მწყემსები მორწმუნეებს ლიტურგიულ შეკრებაში მონაწილეობის საჭიროებას. «შეწყვიტეთ ყველაფერი ღმრთის დღეს», გვაფრთხილებს მესამე საუკუნის ტექსტი, რომელიც დიდასკალიას სახელითაა ცნობილი, «და დაუღალავად მიაშურეთ შეკრებას, რადგან ეს არის თქვენი საზღაური ღმრთისადმი, სხვა შემთხვევაში რა გამართლება შეიძლება გამოძებნონ ღმრთისთვის, მათ ვინც ერთად არ მივა ღმრთის დღეზე სიცოცხლის სიტყვის მოსასმენად და ღვთაებრივი საკვებით გამოსაკვებად, რომელიც სამუდამოდ გასტანს?».75 მორწმუნეებმა სულის სიმტკიცით მიიღეს მწყემსთა ეს მოხმობა და, მიუხედავად იმისა რომ, იყო დრო და პერიოდი, როდესაც ამ ვალდებულებათა შესრულება სრულყოფილად არ ხდებოდა, არ უნდა დავივიწყოთ იმ მორწმუნეთა და მღვდელთა თავდადებული გმირობა, რომლებიც ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებას ხიფათისა და რელიგიური თავისუფლების აკრძალვის წინაშეც კი, როგორც ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან დღემდე განვლილი პერიოდი მოწმობს ამას.

თავის პირველ აპოლოგიაში იმპერატორ ანტონინუსისა და სენატის მიმართ, წმ. იუსტინე ამაყად აღწერდა საკვირაო შეკრების ქრისტიანულ პრაქტიკას, რომელიც სოფლისა თუ ქალაქის ქრისტიანებს ერთ ადგილას უყრიდა თავს.76 დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში, მათი შეკრება განსაკუთრებული სიმკაცრით იკრძალებოდა, ბევრი საკმაოდ თამამი აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია იმპერატორის დადგენილებისათვის და სასიკვდილოთაც კი სწირავდნენ თავს, ოღონდაც კი საკვირაო ევქარისტია არ გამოეტოვათ. ამის მაგალითს წარმოადგენდნენ აბითინიელი წამებულნი, აფრიკის პროკონსულის საგანმგებლო ტეროტორიაზე, თავიანთ ბრალმდებლებს ასე რომ პასუხობდნენ: «სრულიად უშიშრად ვზეიმობთ უფლის სერობას, რადგან მისი გამოტოვება არ შეიძლება: ეს ჩვენი რჯულია»; «უფლის სერობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია». თავისი რწმენის აღიარებისას ერთ-ერთი წამებული ამბობდა: «დიახ, მე დავესწარი შეკრებას და ვიზეიმე უფლის სერობა ჩემს დებსა და ძმებთან ერთად, ვინაიდან მე ქრისტიანი ვარ».77

47.  თუ ადრეულ პერიოდში ის არ ითვლებოდა სავალდებულო ჩვეულებად, ეკლესია მუდამ ამტკიცებდა ამ სინდისისმიერ ვალდებულებას, რომელიც შინაგანი საჭიროებიდან მომდინარეობს, ასე ძლიერ რომ განიცდიდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები. მხოლოდ მოგვიანებით იყო, რომ ზოგიერთის გულგრილობისა და დაუდევრობის გამო ეკლესიამ თავი მოვალედ სცნო, სავალდებულოდ გამოეცხადებინა საკვირაო წირვაზე დასწრება: როგორც წესი, ეს კეთდებოდა შეგონების სახით, მაგრამ დროდადრო ეკლესიას უნდა მიემართა კონკრეტული კანონიკური მითითებებისათვის. ასე მოხდა მრავალ ადგილობრივ კრებაზე მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული (როგორც ელვირის კრებაზე 300 წელს, რომელიც საუბრობს არა ვალდებულებაზე, არამედ სასჯელზე სამჯერ დაუსწრებლობის შემთხვევაში)78 და, განსაკუთრებით, მეექსვე საუკუნის შემდეგ (როგორც აგდის კრებაზე 506 წელს).79 ადგილობრივ კრებათა ამ დადგენილებებმა საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო პრაქტიკას, რომლის სავალდებულო ხასიათიც ნორმად იქცა. 80

1917 წლის კანონიკური სამართლის კოდექსმა პირველად მოუყარა თავი ამ ტრადიციას საყოველთაო  რჯულში.81 დღევანდელი კოდექსი მტკიცედ იმეორებს ამას და აცხადებს, რომ «კვირაობით და სხვა წმინდა დღეებში მორწმუნეთა მოვალეობაა წირვაზე დასწრება».82 ამგვარი რჯულმდებლობა, როგორც წესი, გაგებული იყო როგორც ბიძგის მიცემა სერიოზული ვალდებულებისათვის: ეს  კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს სწავლებაა83 და ადვილი გასაგებია რატომაც, თუკი გვემახსოვრება, რაოდენ  საციცოცხლოა კვირადღე ქრისტიანული ცხოვრებისათვის.

48. დღეს, როგორც დასაწყისში ხიფათით აღსავსე ჟამს, ბევრი, ვისაც სურს თავისი რწმენის მოთხოვნათა მიხედვით იცხოვროს, სხვადასხვა სიძნელეებს აწყდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ისინი ცხოვრობენ გარემოში, რომელიც ზოგჯერ მტრულადაა განწყობილი, ზოგჯერ კი - სინამდვილეში უფრო ხშირადაც  - გულგრილი და უგრძნობია სახარების უწყებისადმი. იმისათვის, რომ მორწმუნეებმა ფარ-ხმალი არ დაყარონ, მათ უნდა შეეძლოთ ქრისტიანული საკრებულოს მხარდაჭერაზე დაიმედება. ამიტომაც, ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რწმენის დღეგრძელობისათვის. ისინი სხვებთან ერთად უნდა შეიკრიბონ ყოველ კვირადღეს, რომ იზეიმონ უფლის პასექი ახალი აღთქმის საიდუმლოში. ამიტომ, ეპისკოპოსთა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, «დარწმუნდნენ, რომ კვირადღეს აფასებს ყველა მორწმუნე, წმიდაჰყოფს და ზეიმობს მას, როგორც ჭეშმარიტად “უფლის დღეს”, როდესაც ეკლესია ერთად იკრიბება, რომ განაახლოს აღდგომის საიდუმლოს მოგონება ღმრთის სიტყვის მოსმენით, უფლის მსხვერპლის შეთავაზებით, ამ დღის წმინდაჰყოფით, ლოცვის, გულმოწყალების საქმეთა და დასვენების საშუალებით».84

49.  იმის გამო, რომ მორწმუნენი ვალდებულნი არიან დაესწრონ წირვას, თუ არ არსებობს სერიოზული დაბრკოლებები, მწყემსებს აქვთ შესაბამისი ვალდებულება, ყველას მისცენ ამ წესის შესრულების ნამდვილი შესაძლებლობა. საეკლესიო სამართლის პირობები ამ მიმართულებით ვითარდება როგორც, მაგალითად, მღვდლებისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ხდება, ეპარქიის ეპისკოპოსის წინასწარი ნებართვით, რომ ყოველ კვირადღეს და წმიდა დღეებში  ერთზე მეტი წირვა ჩატარდეს,85 საღამოს წირვები დაწესდეს86 და დადგენილი იქნას ნორმა, რომელიც ამ ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას იძლევა შაბათს საღამოდან მოყოლებული, კვირადღის პირველი მწუხრის ჟამიდან.87 ლიტურგიული თვალსაზრისით, მართლაც, წმიდა დღეები პირველი მწუხრით იწყება.88 ამგვარად, ლიტურგია, რომელსაც ზოგჯერ “ღამისთევის წირვა” ეწოდება, ნამდვილად კვირადღის “საზეიმო” წირვაა, რომლის დროსაც მღვდელმა უნდა იქადაგოს და  მორწმუნეთა ლოცვა წარმოთქვას.

გარდა ამისა, მწყემსები უნდა შეახსენებდნენ მორწმუნეებს, რომ როდესაც კვირაობით სახლისგან შორს იმყოფებიან, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ დაესწრონ წირვას, სადაც არ უნდა იყვნენ, საკუთარი პიროვნული მოწმობით გაამდიდრონ ადგილობრივი საკრებულო. ამავე დროს, საკრებულოები გულთბილად უნდა იღებდნენ მომსვლელ ძმებსა და დებს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომლებიც ბევრ ტურისტს და მომლოცველს იზიდავს, რომელთათვისაც ხშირად საჭირო იქნება  განსაკუთრებული რელიგიური თანადგომის აღმოჩენა.89

სიხარულით სავსე დღესასწაული გალობაში

50. საკვირაო წირვის ბუნების და მორწმუნეთა ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ის განსაკუთრებული მზრუნველობით უნდა მომზადდეს. იმ საშუალებებით, რომლებიც ნაკარნახებია სამწყსო გამოცდილებით და ადგილობრივი ჩვეულებით, ლიტურგიულ ნორმებთან თანხმობაში,  საჭიროა ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ დღესასწაულს იმ დღის შესაფერისი საზეიმო ხასიათი ჰქონდეს, უფლის აღდგომას რომ მოიგონებს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ შეკრებილთა გალობებს, ვინაიდან გალობა გამორჩეულად მარჯვე საშუალებაა სიხარულით სავსე გულის საჩვენებლად, ამ დღის საზეიმო ხასიათის აღსანიშნავად და საერთო რწმენის და ერთობლივი სიყვარულის შეგრძნების სიყვარულის გასაღრმავებლად. უნდა იზრუნონ, რომ ტექსტებისა და მელოდიების ხარისხი, იმისათვის, რომ დღეს ახლებურად და შემოქმედებითად წარმოდგენილნი თანხმობაში იყვნენ ლიტურგიულ მოთხოვნებთან და ეკლესიის ტრადიციასთან, წმიდა მუსიკის სფეროში, უკვდავჰყოფდეს შეუფასებელ მემკვიდრეობას.

დღესასწაული, რომელიც ყველას მოიცავს

51. საჭიროა ისიც, რომ ყველა დამსწრემ, ბავშვებმა და მოზრდილებმა, ძლიერი ინტერესი გამოიჩინონ, აქტიურად ჩაერთონ იქ, სადაც ლიტურგია მოითხოვს და საჭიროებს ამას.90 რასაკვირველია, ეს მხოლოდ მათ ეხება,  ვინც სამღვდლო მსახურებენ ასრულებენ, რომ ხორცი შეასხან ევქარისტიულ მსხვერპლს და ის მიუძღვნან ღმერთს მთელი ხალხის სახელით.91 ეს არის ძირეული განსხვავება, რომელიც დისციპლინის საკითხზე გაცილებით მეტია, მღვდლის შესაფერის დავალებას და დიაკვანთა და არამოწესე მორწმუნეთა კუთვნილ დანიშნულებას შორის.92 თუმცა, მორწმუნეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ნათლობაში მიღებული საერთო მღვდლობის წყალობით, «ისინი ევქარისტიის ძღვენის მოზიარენი არიან».93 თუმც კი გასხვავებულ როლებს ასრულებენ, ისინი კვლავაც «უძღვნიან ღმერთს ღმრთიურ მსხვერპლს და მასთან ერთად საკუთარ თავსაც. მსხვერპლის მიძღვნით და წმიდა ზიარების მიღებით, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ ლიტურგიაში»,94 მასში ჰპოვებენ ნათელსა და ძალას, რომ ცოცხალჰყონ საკუთარი ნათლობისმიერი მღვდლობა და წმიდა ცხოვრების მოწმობა.

ქრისტიანული კვირადღის სხვა მომენტები

52.  ევქარისტიაში თანამოზიარეობა კვირადღის არსია, მაგრამ კვირადღის წმიდაჰყოფის მოვალეობა მარტოოდენ ამით არ შემოიფარგლება. მართლაც, უფლის დღე მაშინაა შესაფერისად ცოცხალქმნილი, როდესაც თავიდან ბოლომდე ღმრთის მაცხონებელი საქმის მადლიერი და ქმედითი მოგონებით ხასიათდება. ეს ავალდებულებს ქრისტეს თითოეულ მოწაფეს, რომ შექმნან ამ დღის სხვა მომენტებიც - ისინი, რომლებიც ლიტურგიული გარემოს მიღმაა: ოჯახური ცხოვრება, საზოგადოებრივი ურთიერთობები, განტვირთვის წუთები - იმგვარად, რომ აღმდგარი უფლის მშვიდობამ და სიხარულმა დაისადგუროს უბრალო ცხოვრებისეულ მომენტებში. მაგალითად, მშობლებისა და შვილების გულღია და უშფოთველი შეკრება შეიძლება იყოს შესაძლებლობა, არა მარტო მოუსმინონ ერთმანეთს, არამედ გარკვეული ფორმაციული და მეტად სააზროვნო მომენტებიც გაუზიარონ. საერო ცხოვრებაშიც კი, როდესაც შესაძლებელია, რატომ არ უნდა გამოვნახოთ კონკრეტული ლოცვის დრო - მაგალითად, განსაკუთრებით მწუხრის საზეიმო მოვლენაზე,  - ან კატექიზაციის მომენტები, რამაც კვირის წინა დღეს ან კვირადღის საღამოს შეიძლება მოამზადოს ან სრულჰყოს ევქარისტიის ძღვენი ადამიანთა გულებში?

კვირადღის წმინდაჰყოფის ეს მეტადრე ტრადიციული გზა ალბათ უფრო გართულდა მრავალი ადამიანისათვის; მაგრამ ეკლესია დარწმუნებულია აღმდგარი უფლის ძლიერებასა და სულიწმიდის ძალაში, იმის გაცხადებით, რომ დღეს როგორც არასდროს, მას არ სურს, უკიდურესი უბრალოება და საშუალოობა დააყენოს რწმენის დონეზე.  მას სურს, დაეხმაროს ქრისტიანებს იმის გაკეთებაში, რაც ყველაზე სწორია და რაც უფალს ეამება. სირთულეების მიუხედავად, დადებითი და გამამხნევებელი ნიშნებიც არსებობს. ეკლესიის მრავალ ნაწილში იგრძნობა ლოცვის განახლებული საჭიროება  მისი მრავალგვარი ფორმით; ეს კი სულიწმიდის ნიჭია. ძალას იკრებს უძველესი რელიგიური პრაქტიკებიც. როგორიცაა მომლოცველობა; და ხშირად მორწმუნეები სარგებლობენ კვირადღის დასვენებით, რომ ეწვიონ ტაძარს, სადაც შესაძლოა მთელი ოჯახით გაატარონ დრო რწმენის უფრო ძლიერი გამოცდილებით. ესაა მადლის მომენტი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყოს ევანგელიზაციის მეშვეობით და წარიმართოს ნამდვილი სამძღვრო სიბრძნით.

საკვირაო შეკრება მღვდლის გარეშე

53. არსებობს იმ სამრევლოთა პრობლემა, რომლებიც საკვირაო ევქარისტიის დღესასწაულზე მოკლებულნი არიან მღვდლის მსახურებას. ასე ხშირად ხდება ახალგაზრდა ეკლესიებშიც, სადაც ერთ მღვდელს აკისრია სამწყსო პასუხისმგებლობა მორწმუნეთა წინაშე, რომლებიც დიდ ტერიტორიაზე არიან გაფანტულნი. თუმცა, გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება წარმოიშვას საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყნებშიც, სადაც სამღვდელოთა რაოდენობის მუდმივი კლება შეუძლებელს ხდის მღვდლის ყოფნას ყველა სამრევლო საკრებულოში. იმ შემთხვევებში, როდესაც ევქარისტიის ზეიმი შეუძლებელია, ეკლესია რჩევას იძლევა, რომ საკვირაო შეკრება მოხდეს მღვდლის გარეშეც,95 წმიდა საყდრის მითითებების და დირექტივების შესაბამისად, რომელთა განხორციელებაც ეპისკოპოსთა კონფერენციებს დაევალა.96 და მაინც, მიზანი მუდამ უნდა იყოს წირვის მსხვერპლშეწირვის ზეიმი, გზა, რომლითაც უფლის პასექი ჭეშმარიტად სახიერი ხდება, ევქარისტიული შეკრების ერთადერთი სრულყოფილი ხორცშესხმა, რომელსაც მღვდელი უძღვება in Persona Christ (ქრისტეს პიროვნებაში), სიტყვისა და ევქარისტიის პურის გატეხვით. ამიტომ, სამწყსო დონეზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წირვის მსხვერპლი შესაძლებლობისამებრ ხშირად იყოს ხელმისაწვდომი იმ მორწმუნეთათვის, რომლებიც რეგულარულად მოკლებულნი არიან მას, ან დროდარო მღვდლის იქ ყოფნით, ან, ყოველი შესაძლებლობის გამოყენებით, რომ შეიკრიბონ ისეთ ცენტრალურ ადგილას, სადაც ყველა გაფანტული ჯგუფი შეძლებს მისვლას.

54. და ბოლოს, მორწმუნეები, რომლებიც ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობების  ან  სხვა რაიმე სერიოზული მიზეზის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეუერთდნენ საკვირაო წირვის დღესასწაულს შორიდან, უპირატესად კონდაკიდან ამ დღის საკითხავებისა და ლოცვების მეშვეობით, ასევე მათი სურვილით, რომ შეუერთდნენ ევქარისტიას.97 ბევრ ქვეყანაში, რადიო და ტელევიზია შესაძლებელს ხდის, რომ თვალყური ადევნონ ევქარისტიულ დღესასწაულის მაუწყებლობას რომელიმე წმიდა ადგილიდან.98 ნათელია, რომ ამგვარი მაუწყებლობა თავისთავად ვერ ავსებს საკვირაო ვალდებულებას, რომელიც მოითხოვს ერთ კონკრეტულ ადგილას ძმურ შეკრებაში მონაწილეობას, სადაც შესაძლებელია ევქარისტიული ზიარების მიღება. მაგრამ მათთვის, ვინც ვერ მონაწილეობენ ევქარისტიაში და, ამიტომ, ვინც მოკლებულნი არიან ამ ვალდებულებას, რადიო და ტელევიზია შესანიშნავი დახმარებაა, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს სულგრძელი მსახურება იმ არაჩვეულებრივი მსახურებისა, რომლებსაც ევქარისტია მიაქვთ სნეულებთან, ამით კი მათთან საკრებულოს მოკითხვა და სოლიდარობაც მიაქვთ. ამგვარად, საკვირაო წირვა უხვ ნაყოფს იძლევა ამ ქრისტიანებისთვისაც, და მათ მართლაც ეძლევათ შესაძლებლობა, განიცადონ კვირადღე, როგორც «უფლის დღე» და «ეკლესიის დღე».

თავი მეოთხე

DIES HOMINI

კვირადღე: სიხარულის,

დასვენებისა და სოლიდარობის დღე

ქრისტეს «სრული სიხარული»

55.  «კურთხეულ იყოს ის, ვინც დიდებულ კვირადღეს ყველა დანარჩენ დღეზე მაღლა აყენებს. ცა და მიწა, ანგელოზები და ადამიანები სიხარულს ეძლევიან«.99 მარონიტული ლიტურგიის ამგვარი ღაღადი კარგად აღწერს სიხარულის იმ მძლავრ აღტყინებას, მუდამ რომ თან სდევდა კვირადღეს დასავლეთის და აღმოსავლეთის ლიტურგიაში. მეტიც, ისტორიულად - მიუხედავად იმისა, რომ წინათ დასვენების დღედ ითვლებოდა, რომელიც ისედაც არ იყო გათვალისწინებული სამოქალაქო კალენდარში - ქრისტიანები ზეიმობდნენ აღმდგარი უფლის ყოველკვირეულ დღეს, უპირველეს ყოვლისა, როგორც სიხარულის დღეს.  «კვირის პირველ დღეს, თქვენ ყველა გაიხარებთ» გვაგულიანებს დიდასკალია.100 ამაზე ყურადღებას ამახვილებდა ლიტურგიული პრაქტიკაც, შესაბამისი ჟესტების შერჩევის მეშვეობით.101 ახმოვანებს რა ეკლესიაში ფართოდ გავრცელებულ შეგნებას, წმ. ავგუსტინე აღწერს ყოველკვირეული აღდგომის სიხარულს: «მარხვაზე უარს ამბობენ და ფეხზე ამდგარნი ლოცულობენ, აღდგომის ნიშნად; სწორედ ამიტომ ყოველ კვირადღეს იგალობება ალელუია».102

56.  თავი რომ დავანებოთ ცალკეულ სარიტუალო ფორმებს, რომლებიც შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს საეკლესიო განაწესის გათვალისწინებით, კვლავაც ფაქტია, რომ კვირადღე, როგორც აღმდგარ უფალთან პირველი შეხვედრის ყოველკვირეული გამოძახილი, უცვლელად აღნიშნება იმ სიხარულით, რომლითაც მოწაფეები შეეგებდნენ მოძღვარს: «მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით» (იო 20:20). ეს იყო დადასტურება იმ სიტყვებისა, იესომ რომ წარმოთქვა თავისი ვნების წინ, და რომლებიც კვლავაც ჟღერს ყოველ ქრისტიანულ თაობაში: «დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ» (იო 16:20). განა იმისთვის არ ლოცულობდა, რომ მოწაფეებს ჰქონოდათ «სრულად მისი სიხარული» (შეად. იო 17:13)? საკვირაო ევქარისტიის საზეიმო ხასიათი გამოხატავს სიხარულს, რომელსაც ქრისტე გადასცემს თავის ეკლესიას სულიწმიდის ნიჭით. სიხარული ხომ სწორედაც სულიწმიდის ერთ-ერთი ნაყოფთაგანია (შეად. რომ 14,17; გალ 5,22).

57.  ამგვარად, თუკი გვსურს, ხელახლა აღმოვაჩინოთ კვირადღის სრული მნიშვნელობა, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ რწმენაში ცხოვრების ეს ასპექტიც. რასაკვირველია, სიხარული მთელ ცხოვრებას უნდა გასდევდეს, და არა მხოლოდ კვირის ერთ დღეს. მაგრამ მისი მნიშვნელობის წყალობით, როგორც აღმდგარი უფლის დღე, ღმრთის შექმნის და «ახალი შექმნის» საქმეს რომ ზეიმობს, კვირადღე სიხარულის დღეა ძალზე გამორჩეული თვალსაზრისით, მართლაც ყველაზე შესაფერისი დღეა იმის სასწავლად, როგორ შევიტკბოთ და კიდევ ერთხოლ როგორ აღმოვაჩინოთ სიხარულის ჭეშმარიტი ბუნება და ღრმა ფესვები. ეს სიხარული არასდროს უნდა აგვერიოს დაკმაყოფილების და სიამოვნების ზედაპირულ გრძნობებში, განწყობათა და ემოციათა წამიერ თრობას რომ იწვევს, მაგრამ გულს ცარიელსა და, შესაძლოა, გაავებულსაც კი ტოვებდეს. ქრისტიანული ხევით, სიხარული გაცილებით უფრო მტკიცე და მანუგეშებელია; როგორც წმიდანები მოწმობენ, ის ტანჯვის ბნელ ღამეშიც კი ურყევია.103 გარკვეული თვალსაზრისით, ეს «სიქველეა», რომელსაც საზრდოობა ესაჭიროება.

58. თუმცა, არ არსებობს რაიმე კონფლიქტი ქრისტიანულ სიხარულსა და ჭეშმარიტ ადამიანურ სიხარულს შორის, მართლაც რომ განდიდებულია და თავის საბოლოო საფუძველს რომ  სწორედ განდიდებული ქრისტეს, ღმრთის მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სრულყოფილი ხატისა და გამოვლინების, სიხარულში ჰპოვებს. როგორც ჩემი პატივგებული წინამორბედი, პავლე VI, წერდა თავის ექსჰორტაციაში ქრისტიანული სიხარულის შესახებ: «არსებითად, ქრისტიანული სიხარული არის თანამოზიარეობა განუზომელ სიხარულში, ერთდროულად ღმრთიურსა და ადამიანურში, განდიდებული ქრისტეს გულში რომაა».104 თავისი ექსჰორტაციის დასასრულს, პაპი პავლე თხოვნით მიმართავდა, რომ უფლის დღეს ეკლესიამ მტკიცედ დაამოწმოს ის სიხარული, მოციქულები რომ განიცდიდნენ აღდგომის საღამოხანს უფლის ხილვისას. ამ მიზნით, იგი მოუწოდებდა მწყემსებს, რომ შეეხსენებინათ «მონათლულთათვის საკვირაო ევქარისტიის სიხარულით სავსე ზეიმის საჭიროება. როგორ შეუძლიათ მათ უგულებელჰყონ ეს შეხვედრა, ნადიმი, ქრისტე რომ ამზადებს ჩვენთვის თავისი სიყვარულით? დაე, ჩვენი მონაწილეობა მასში ყველაზე ღირსეული და სასიხარულო იყოს! ქრისტეა, ჯვარცმული და განდიდებული, რომელიც თავის მოწაფეებს შორის მოდის, ყველა მათგანს რომ აღდგომის სიახლისაკენ მიუძღვის. ესაა მწვერვალი, აქ დაბლა, სიყვარულისმიერი თანხმობისა ღმერთსა და მის ხალხს შორის: ქრისტიანული სიხარულის ნიშანი და წყარო, ეტაპი მარადიული დღესასწაულისაკენ».105 რწმენის ამგვარი ხედვა აჩვენებს, რომ ქრისტიანული კვირადღე ჭეშმარიტი «სადღესასწაული ჟამია», დღე, ღმერთმა რომ მისცა მამაკაცებსა და ქალებს მათი სრულყოფილი ადამიანური და სულიერი ზრდისათვის.

შაბათის აღსრულება

59. ქრისტიანული კვირადღის ეს ასპექტი კონკრეტულად აჩვენებს, თუ როგორაა ის ძველი აღთქმისეული შაბათის აღსრულება. უფლის დღეს, რომელსაც - როგორც უკვე ვთქვით - ძველი აღთქმა შექმნის საქმესა (შეად. დაბ 2,1-3; გამოს 20,8-11) და გამოსვლასთან (რჯლ 5,12-15) აკავშირებს, ქრისტიანი მოხმობილია, რომ აუწყოს ახალი შექმნა და ახალი აღთქმა, ქრისტეს საპასექო საიდუმლოში აღსრულებული. გაქრობის ნაცვლად, შექმნის დღესასწაული უფრო სიღრმისეული ხდება ქრისტეზე ორიენტირებულ ხედვაში, ღმრთის ჩანაფიქრის შუქზე, «რომ ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში» (ეფ 1,10). გამოსვლის გათავისუფლების მოგონება აგრეთვე იძენს თავის სრულ მნიშვნელობას, როდესაც იქცევა მოგონებად საყოველთაო ხსნისა, ქრისტეს რომ აღასრულა თავისი სიკვდილით და აღდგომით. ამიტომ, შაბათის «ჩანაცვლებაზე» მეტად, კვირადღე მისი აღსრულება და, გარკვეული თვალსაზრისით, მისი განვრცობა და სრული გამოხატულებაა ხსნის ისტორიის თანმიმდევრულ გამოვლინებაში, ქრისტეში რომ აღწევს თავის მწვერვალს.

60. ამ ხედვით, «შაბათის» ბიბლიურ ღმრთისმეტყველებას შეუძლია სრულად დაიბრუნოს თავისი მნიშვნელობა, ისე რომ ზიანი არ მიაყენოს კვირადღის ქრისტიანულ ხასიათს. ესაა ღმრთისმეტყველება, მუდამ ახალი და ულევი საკვირველებით რომ მიგვიძღვის დასაბამის საიდუმლოსკენ, როდესაც ღმრთის მარადიულმა სიტყვამ, სიყვარულის თავისუფალი არჩევანით, არაფრისგან შექმნა სამყარო. შექმნის საქმე დაგვირგვინდა იმ დღის კურთხევითა და წმიდაჰყოფით, როდესაც ღმერთმა დაისვენა «ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა და აკეთებდა» (დაბ 2,3). ღმერთის დასვენების დღე მნიშვნელობას სძენს დროს, რომელიც კვირების მსვლელობაში არა მარტო ქრონოლოგიურ კანონზომიერებას იძენს, არამედ, საუბრის ფორმით, საღმრთისმეტყველო გამოძახილსაც ჰპოვებს. «შაბათის» მუდმივი ბრუნება ამტკიცებს, რომ არ არსებობს იმის რისკი, რომ დრო ჩაიკეტება საკუთარ თავში, მაშინ როცა, ღმერთის და მისი კაიროის - მისი მადლისა და მაცხონებელი საქმეების მომენტების - მიღებით, დრო გახსნილია მარადიულობისადმი.

61. როგორც მეშვიდე დღე, კურთხეული და წმიდაჰყოფილი ღმერთის მიერ, «შაბათი» შექმნის მთელ საქმეს ასრულებს და, ამიტომ, უშუალო კავშირშია მეექვსე დღის საქმესთან, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი «თავის ხატად და მსგავსებად» (შეად. დაბ 1,26). ეს მჭიდრო კავშირი «ღმრთის დღეს» და «ადამიანის დღეს» შორის ყოველთვის განიხილებოდა მამათა მედიტაციაშიც ბიბლიური შექმნის ამბის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, წმ. ამბროსი ამბობს: «დაე, მადლობა შევწიროთ უფალს ჩვენს ღმერთს, რომელმაც აღასრულა საქმე, რომელშიც დაისვენა. მან შექმნა ცა, მაგრამ მე არ ვკითხულობ, რომ მასში დაისვენა; მან შექმნა ვარსკვლავები, მთვარე, მზე, და არც აქ ვკითხულობ, რომ მან დაისვენა მათში. ნაცვლად, მე ვკითხულობ, რომ მან შექმნა ადამიანი და რომ ამის შემდეგ დაისვენა, ადამიანში ჰპოვა ის, ვისაც მიუტევებდა ცოდვებს».106 ამგვარად, მუდამ იარსებებს პირდაპირი კავშირი «ღმრთის დღეს» და «ადამიანის დღეს» შორის. როდესაც ღმრთის მცნება აცხადებს: «გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდაჰყო იგი» (გამოს 20,8), დასვენება, დადგენილი იმისათვის, რომ პატივი მიაგონ ღმრთისათვის მიძღვნილ დღეს, სრულებითაც არაა ადამიანისათვის თავსმოხვეული ტვირთი, არამედ დახმარებაა, რათა მან შეიცნოს თავისი სიცოცხლისმომნიჭებელი და გამათავისუფლებელი დამოკიდებულება შემოქმედზე და, იმავე დროს, თავისი მოწოდება, რომ ითანამშრომლოს შემოქმედის საქმეში და მიიღოს მისი მადლი. ღმრთის «დასვენებისათვის» პატივის მიგებით, ადამიანი სრულად აღმოაჩენს საკუთარ თავს და, ამგვარად, უფლის დღე ატარებს ღმრთის კურთხევის ღრმა ანაბეჭდს (შეად. დაბ 2,3), რომლის წყალობითაც შესაძლოა ვთქვათ, რომ ის ერთნაირადაა განკუთვნილი როგორც ცხოველებისთვის, ისე თავად ადამიანისათვის, გარკვეული სახის «ნაყოფიერებით» (შეად. დაბ 1,22.28). ეს «ნაყოფიერება» თვალსაჩინოა, უპირველეს ყოვლისა, თვითონ დროის შესრულებასა და, გარკვეული აზრით, «გამრავლებაში», მამაკაცებსა და ქალებში რომ აღრმავებს სიცოცხლის სიხარულსა და სურვილს, რომ სათუთად მოუარონ სიცოცხლეს და გადასცენ ის.

62. ამიტომ, ქრისტიანთა მოვალეობაა, ახსოვდეთ, რომ თუმც კი ებრაული შაბათის პრაქტიკები უკვე წარსულია, ვინაიდან ისინი კვირადღის «აღსრულებამ» დასძლია, «უფლის დღის» წმიდაჰყოფის ძირითადი მიზეზები - საზეიმოდ ჩაწერილი ათ მცნებაში - კვლავაც ქმედითია, თუმცა საჭიროა მათი ხელახლა ახსნა და განმარტება კვირადღის ღმრთისმეტყველებისა და სულიერების შუქზე: «დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს, შენს ღმერთს უბრძანებია. ექვს დღეს იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე.  მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია: არაფერი საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმაწვილმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არცერთმა შენმა პირუტყვმა, და არც შენმა მდგმურმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს, რომ დაისვენოს შენმა ყმამ და ყმაქალმა შენთან ერთად. გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა» (რჯლ 5,12-15). აქ შაბათის შენახვა მჭიდროდ უკავშირდება გათავისუფლებას, ღმერთმა რომ აღასრულა თავისი ხალხისთვის.

63. ქრისტე მოვიდა, რათა აღესრულებინა ახალი «გამოსვლა», თავისუფლება დაებრუნებინა ჩაგრულთათვის. ქრისტე მრავალს კურნავდა შაბათ დღეს (შეად. მთ 12,9-14, და ანალოგიები), რასაკვირველია არა იმიტომ, რომ დაერღვია უფლის დღე, არამედ წარმოეჩინა მისი სრული მნიშვნელობა: «შაბათი კაცისთვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის» (მარკ 2,27). ეწინააღმდეგება რა ზოგიერთი თავისი თანამედროვეს უკიდურესად იუდიულ განმარტებას და ავითარებს რა ბიბლიური შაბათის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, იესო, როგორც «შაბათის უფალი» (მარკ 2,28), შაბათის დაცვას უბრუნებს მის გამათავისუფლებელ ხასიათს, გულმოდგინედ რომ იცავს ღმრთისა და ადამიანის უფლებებს. სწორედ ამიტომაა, რომ ქრისტიანები, მოხმობილნი, რომ აუწყონ ქრისტეს სისხლით მოპოვებული გათავისუფლება, გრძნობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ძალაუფლება, შაბათის მნიშვნელობა გადაეცათ აღდგომის დღისათვის. მართლაც, ქრისტეს პასექმა ადამიანი გაათავისუფლა მონობისაგან, რომელიც გაცილებით უფრო რადიკალურია, ვიდრე სხვა რაიმე სახის ზეწოლა ჩაგრულ ადამიანებზე - ესაა ცოდვის მონობა, ადამიანს რომ ღმერთისგან და, აგრეთვე, საკუთრი თავისგან და სხვებისგან აშორებს, გამუდმებით რომ ბოროტებისა და ძალადობის მარცვლებს თესავს ისტორიაში. 

დასვენების დღე

64. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ქრისტიანები ინახავდნენ კვირადღეს უბრალოდ როგორც თაყვანისცემის დღეს, ისე რომ მას არ ანიჭებდნენ შაბათის დასვენების კონკრეტულ მნიშვნელობას. მხოლოდ მეოთხე საუკუნეში აღიარა რომის იმპერიის სამოქალაქო სამართალმა ეს ყოველკვირეული მოვლენა, მან დაადგინა, რომ «მზის დღეს» მსაჯულები, ქალაქის მაცხოვრებლები და სხვადასხვა სავაჭრო გაერთიანებები არ იმუშავებდნენ.107 ქრისტიანები კმაყოფილნი იყვნენ, რომ მოიხსნა დაბრკოლებები, რომლებიც წინათ ზოგჯერ უფლის დღის შენახვისათვის მათგან გმირობას საჭიროებდა. ახლა მათ შეეძლოთ საკუთარი თავი მიეძღვნათ ერთობლივი ლოცვისათვის ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე.108

ამიტომ, არასწორი იქნებოდა, თუკი ყოველკვირეული რითმის ამგვარ კანონმდებლობაში უბრალო ისტორიულ გარემოებას დავინახავდით, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ეკლესიისათვის და რომელიც მას შეეძლო უბრალოდ გვერდით გაეწია. იმპერიის დაცემის შემდეგაც, კრებები კვლავაც იღებდნენ განკარგულებებს კვირადღის დასვენებასთან დაკავშირებით. იმ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან და როდესაც კალენდრის სადღესასწაულო დღეები არ ემთხვევა კვირადღეს, კვლავაც კვირადღეა, უფლის დღედ რომ რჩება, დღედ, როდესაც მორწმუნეები ერთად იკრიბებიან ევქრისტიული დღესასწაულისათვის. მაგრამ ის ნამდვილ მსხვერპლსაც გულისხმობს. ქრისტიანთათვის ნორმალური როდია, რომ კვირადღე, სიხარულით სავსე სადღესასწაულო დღე, არ უნდა იყოს დასვენების დღეც, და რთულია მათთვის, რომ წმიდად შეინახონ კვირადღე, თუკი არ აქვთ საკმარისი თავისუფალი დრო.

65. მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებაში უფლის დღეს და დასვენების დღეს შორის კავშირს აქვს აზრი და მნიშვნელობა, რომელიც მკაფიოდ ქრისტიანულ ხედვას სცდება. მონაცვლეობა შრომას და დასვენებას შორის, ადამიანის ბუნებაში ჩაწერილი, თავად ღმერთის სურვილია, როგორც დაბადების წიგნის შექმნის ამბავში ჩანს (შეად. 2,2-3; გამოს 20,8-11): დასვენება რაღაც «წმიდაა», ვინაიდან ესაა საშუალება, რომლითაც ადამიანი თავს აღწევს ამქვეყნიურ დანიშნულებათა ზოგჯერ უსაზღვროდ მომთხოვნ ციკლს, რათა განაახლოს თავისი შეგნება, რომ ყველაფერი ღმრთის საქმეა. არსებობს რისკი, რომ იმ უშველებელმა ძალაუფლებამ ქმნილებაზე, ღმერთი რომ აძლევს ადამიანს, შეიძლება მას დაავიწყოს, რომ ღმერთი შემოქმედია, რომელზეცაა დამოკიდებული ყველაფერი. სულ უფრო საშურია ამგვარი დამოკიდებულების აღიარება ჩვენს დროში, როდესაც მეცნიერებას და ტექნოლოგიას ესოდენ დაუჯერებლად გაზრდილი ძალაუფლება აქვს, რომელსაც ადამიანი თავისი შრომით იყენებს.

66. და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს დროშიც შრომა ძალზე მძიმეა მრავალი ადამიანისათვის, გაუსაძლისი სამუშაო პირობების და ხანგრძლივი საათების გამო - განსაკუთრებით მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში - ან ეკონომიკურად უფრო განვითარებულ საზოგადოებებში უსამართლობისა და ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაციის ძალზე მრავალი შემთხვევის არსებობის გამო. როდესაც, საუკუნეთა განმავლობაში, კვირადღის დასვენებასთან დაკავშირებულ კანონებს ქმნიდა,109 ეკლესია ითვალისწინებდა, პირველ რიგში, მსახურთა და მშრომელთა ყოველგვარი სახის სამუშაოს, რასაკვირველია არა იმიტომ, რომ ამგვარი შრომა ნაკლებად ღირსეული იყო, როდესაც კვირადღის შენახვის სულიერ მოთხოვნებთან აკეთებდა შედარებას, არამედ იმიტომ, რომ ის მოითხოვდა მეტ რეგულაციას, რათა შემსუბუქებულიყო მისი დატვირთვა და, ამგვარად, შესაძლებლობა მიეცა ყველასთვის, რომ წმიდად შეენახათ უფლის დღე. ამ თვალსაზრისით, ჩემი წინამორბედი, პაპი ლეონ XIII, თავის ენციკლიკაში Rerum Novarum საუბრობდა კვირადღის დასვენებაზე, როგორც მშრომელის უფლებაზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს.110

ჩვენს ისტორიულ კონტექსტში, კვლავაც არსებობს ვალდებულება იმისა, რომ ყველამ ისარგებლოს თავისუფლებით, დასვენებით და განტვირთვით, რასაც ადამიანის ღირსება მოითხოვს, თანმხლებ რელიგიურ, ოჯახურ, კულტურულ და ადამიანთაშორის საჭიროებებთან ერთად, რომელთა დაკმაყოფილებაც რთულია, თუკი უზრუნველყოფილი არაა, სულ მცირე, კვირის ერთი დღე, როდესაც ადამიანები დაისვენებენ და იზეიმებენ. ბუნებრივია, მშრომელთა დასვენების უფლება გულისხმობს მათი შრომის უფლებას და, როდესაც კვირადღის ქრისტიანული გაგების საკითხზე ვმსჯელობთ, სოლიდარობის ღრმა გრძნობით უნდა შევახსენოთ უთვალავი მამაკაცისა და ქალის გაჭირვება, რომლებიც, სამუშაოს უქონლობის გამო, იძულებულნი არიან, რომ უმოქმედოდ იყვნენ სამუშაო დღეებშიც.

67. კვირადღის დასვენების მეშვეობით, ყოველდღიური საზრუნავი და დანიშნულებები თავის შესაფერის განზომილებას ჰპოვებს: მატერიალური საკითხები, რომლებიც გვაწუხებს, გზას უთმობს სულიერ ფასეულობებს; შეხვედრისა და მეტად მშვიდი დიალოგის მომენტში, ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანთა ჭეშმარიტ სახეს, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ. შეიძლება ხელახლა აღმოაჩინონ და სრულყოფილად შეიგრძნონ ბუნების სილამაზეც - ძალზე ხშირად მისი ბოროტად სარგებლობის სურვილით წახდენილი, თავად ადამიანის წინააღმდეგ რომ ტრიალდება. როგორც დღე, როდესაც ადამიანი მშვიდობაშია ღმერთთან, საკუთარ თავთან და სხვებთან, კვირადღე იქცევა მომენტად, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სხვა თვალით შეხედონ ბუნების საოცრებებს, ნება მისცენ საკუთარ თავს, რომ ამ საუცხოო და საიდუმლოებრივმა ჰარმონიამ დაატყვევოს, რომელიც, წმ. ამბროსის სიტყვებით, კოსმოსის მრავალ ელემენტს აერთიანებს «თანაზიარებისა და მშვიდობის კავშირით», «ჰარმონიისა და სიყვარულის ურღვევი კანონით».111 ამ დროს, მამაკაცები და ქალები უფრო ღრმად შეიგრძნობენ, როგორც მოციქული ამბობს, რომ «კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება» (1 ტიმ 4,4-5). თუკი ექვსი სამუშაო დღის შემდეგ - ბევრი ადამიანისათვის ხუთ დღემდე რომ შემცირდა - ადამიანები ეძებენ დროს, რომ განიტვირთონ და მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი ცხოვრების სხვა ასპექტებს, ეს შეეფერება ნამდვილ საჭიროებას, რომელიც სრულ ჰარმონიაშია სახარებისეული უწყების ხედვასთან. ამიტომაც, მორწმუნეები მოხმობილნი არიან, რომ დაიკმაყოფილონ ეს საჭიროება ისე, რომ ეთანხმებოდეს მათი პიროვნული და კომუნიტარული რწმენის გამოვლინებას, უფლის დღის დღესასწაულსა და წმიდაჰყოფაში რომ გამოიხატება.

ამიტომ, ჩვენი დროის კონკრეტულ გარემოებებშიც, ბუნებრივია ქრისტიანები ისწრაფვიან, რომ სამოქალაქო კანონმდებლობამ პატივი სცეს მათ მოვალეობას, რომ წმიდად შეინახონ კვირადღე. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი სინდისით, კვირადღის დასვენება დაგეგმონ ისე, რომ მონაწილეობა მიიღონ ევქარისტიაში, თავი შეიკავონ შრომისგან და ყოველგვარი საქმიანობისაგან, რაც შეუთავსებელია უფლის დღის წმიდაჰყოფასთან, მის თანმხლებ სიხარულსა და სულისა და ხორცის აუცილებელ დასვენებასთან.112 

68. იმისათვის, რომ დასვენება არ იქცეს სიცარიელედ ან მოწყენილობად, ის უნდა იძლეოდეს სულიერ გამდიდრებას, მეტ თავისუფლებას, განჭვრეტისა და ძმური თანაზიარების შესაძლებლობებს. ამიტომ, კულტურისა და გართობის იმ ფორმათა შორის, საზოგადოება რომ სთავაზობს, მორწმუნეებმა უნდა აირჩიონ ისინი, რომლებიც ყველაზე მეტადაა ჰარმონიაში იმგვარ ცხოვრებასთან, სახარებისეული ნორმებისადმი მორჩილებას რომ გულისხმობს. ამ დროს, კვირადღის დასვენება ხდება «წინასწარმეტყველური», ამტკიცებს არა მარტო ღმრთის სრულ პირველობას, არამედ პიროვნების პირველობასა და ღირსებასაც საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების მოთხოვნებთან მიმართებით და, გარკვეული თვალსაზრისით, მოასწავებს «ახალ ცას» და «ახალ მიწას», სადაც საჭიროებათა მონობისაგან გათავისუფლება საბოლოო და სრულყოფილი იქნება. მოკლედ რომ ითქვას, უფლის დღე იქცევა, ყველაზე ჭეშმარიტი თვალსაზრისით, აგრეთვე ადამიანის დღედ.

სოლიდარობის დღე

69. კვირადღემ აგრეთვე შესაძლებლობა უნდა მისცეს მორწმუნეებს, რომ საკუთარი თავი მიუძღვნან გულმოწყალების, სიყვარულისა და მოციქულობის საქმეებს. აღმდგარი უფლის სიხარულის ღრმა შინაგანი განცდა არის იმ სიყვარულის სრულად გაზიარება, მის გულში რომ ფეთქავს: არ არსებობს სიხარული უსიყვარულოდ! თავად იესო ხსნის ამას, როდესაც «ათ მცნებას» სიხარულის ნიჭთან აკავშირებს: «თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში. ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ» (იო 15,10-12).

ამიტომაც, საკვირაო ევქარისტია არა მარტო არ ათავისუფლებს მორწმუნეებს სიყვარულის მოვალეობებისგან, არამედ, პირიქით, სულ მეტად ავალდებულებს «სიყვარულის, გულმოწყალების, მოციქულობის საქმეთა მიმართ, რომელთა მეშვეობითაც ცხადი ხდება, რომ ქრისტეს ერთგულები არ არიან ამ სამყაროსი, თუმც კი წუთისოფლის ნათელს წარმოადგენენ, მამას რომ განადიდებენ ადამიანთა ყოფნაში».113

70. მოციქულთა დროიდან, საკვირაო შეკრება ქრისტიანთათვის ყველაზე უპოვრებთან ძმური თანაზიარების მომენტს წარმოადგენს. «კვირის ყოველ პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს» (1 კორ 16,2), ამბობს წმ. პავლე იუდეის ღარიბი ეკლესიებისათვის განკუთვნილ შეწირულობაზე საუბრისას. საკვირაო ევქარისტიაში, მორწმუნე გული ფართოდაა გაღებული, რომ ეკლესიის ყველა ასპექტი მოიცვას. მაგრამ მთელი თავისი სიღრმით მიღებული უნდა იქნას მოციქულის მოხმობა: ნაცვლად «შეწირულობის» ვიწრო აზროვნების დამკვიდრებისა, პავლე მოუწოდებს მომთხოვნი თანაზიარების კულტურისკენ, რომელსაც ხორცი უნდა შეესხას არა მარტო თავად საკრებულოს წევრთა შორის, არამედ მთლიანად საზოგადოებაშიც.114 მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვუსმინოთ მკაცრ გაფრთხილებას, პავლე რომ აძლევს კორინთოს საკრებულოს, რომელსაც ბრალს სდებს უპოვართა დამცირებაში ძმურ აგაპეში, რომელიც თან ახლდა «უფლის სერობას»: «როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ?» (1 კორ 11,20-22). იაკობიც მსგავს სიმტკიცეს იჩენს, როდესაც წერს: «თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო, განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?» (2,2-4).

71. მოციქულთა სწავლებები უშუალო გამოძახილს ჰპოვებს პირველივე საუკუნეებიდან და ძლიერად ჟღერს ეკლესიის მამათა ქადაგებაშიც. წმ. ამბროსი მგზნებარე სიტყვებით მიმართავდა მდიდრებს, რომლებიც საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებს მხოლოდ ეკლესიაში მისვლით ასრულებდნენ, უპოვრებს კი არ უწილადებდნენ საკუთარ სიკეთეებს, და რომლებიც საკუთარი სარგებლისათვისაც კი იყენებდნენ მათ: «შენ, რომელიც ხარ მდიდარი, გესმის კი, რას ამბობს უფალი ღმერთი? თუმცა, შენ მოდიხარ ეკლესიაში არა იმიტომ, რომ მისცე უპოვრებს, არამედ რომ სანაცვლოდ მიიღო».115 წმ. იოანე ოქროპირი არანაკლებ მომთხოვნია: «გინდა, რომ პატივი მიაგო ქრისტეს სხეულს? ნუ უარყოფ მას, როდესაც შიშველია. ნუ გამოიჩენ ყურადღებას მის მიმართ ტაძარში, მხოლოდ აბრეშუმით შემოსილს რომ ნახავ, რათა შემდეგ უარყო გარეთ, სადაც სიცივე და სიშიშვლე სტანჯავს. ვინც თქვა: ‘ესე არც ხორცი ჩემი’, მანვე თქვა: ‘მშიერი მნახეთ და დამაპურეთ’, და ‘რაც კი გაუკეთეთ ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, ის გამიკეთეთ მეც’ ... რა სიკეთეა, თუკი ევქარისტიული ნადიმი ოქროს თასებითაა დატვირთული, ის კი შიმშილით კვდება? ჯერ ის გააძღეთ, შემდეგ კი რაც დაგრჩებათ, შეგიძლიათ იმითაც მორთოთ საკურთხეველი».116 

ეს სიტყვები ქრისტიანულ საკრებულოს ქმედითად შეახსენებს მოვალეობას, რომ ევქარისტია აქციოს ადგილად, სადაც ძმობა ხდება პრაქტიკული სოლიდარობა, სადაც უკანასკნელნი არიან პირველნი ძმების გონებასა და გულისყურში, სადაც თავად ქრისტემ - სულგრძელი ძღვენით მდიდართა მხრიდან უპოვართა მიმართ - შეიძლება რაიმეგვარად გააგრძელოს დროში პურის გამრავლების სასწაული.117 

72. ევქარისტია ჭეშმარიტი ძმობის მოვლენა და პროგრამაა. საკვირაო წირვიდან მოედინება სიყვარულის ზღვა, მორწმუნეთა მთელ ცხოვრებას რომ მოიცავს, იწყება იმის შთაგონებით, თუ როგორ შეინახონ კვირადღის დასვენება. თუკი კვირადღე სიხარულის დღეა, ქრისტიანებმა თავიანთი ნამდვილი ქცევით უნდა განაცხადონ, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი «საკუთარი ძალებით». ისინი ირგვლივ იხედებიან, რათა იპოვნონ ადამიანები, რომელთაც მათი დახმარება სჭირდებათ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მათ სამეზობლოში ან სანაცნობოშიც იყვნენ სნეულები, მოხუცები, ბავშვები ან იმიგრანტები, რომლებიც სწორედ კვირადღეს გრძნობენ უფრო ძლიერად საკუთარ გარიყულობას, გაჭირვებას და ტანჯვას. სიმართლეა, რომ ვალდებულება ამ ადამიანთა მიმართ ვერ შემოიფარგლება პერიოდული საკვირაო ჟესტებით. მაგრამ ვალდებულების უფრო დიდი გრძნობის დაშვებით, რატომ არ შეიძლება გახდეს უფლის დღე თანაზიარების უფრო ინტენსიური ჟამი, ქრისტიანული სიყვარულის მთელ შემოქმედებითობას რომ აგულიანებს? მარტოხელა ადამიანთა დაპურება, სნეულთა მონახულება, გაჭირვებული ოჯახების საკვებით მომარაგება, რამდენიმე საათის გატარება სამოხალისეო და სოლიდარობის საქმეებში: რასაკვირველია, ეს ყველაფერი საშუალებებია, რომლებითაც ადამიანთა ცხოვრებაში უნდა შეიტანონ ქრისტეს სიყვარული, ევქარისტიულ ნადიმზე მიღებული.

73. ამგვარად განცდილი, არა მარტო საკვირაო ევქარისტია, არამედ მთელი კვირადღე სიყვარულის, სამართლიანობისა და მშვიდობის დიდ სკოლად იქცევა. აღმდგარი უფლის ყოფნა თავის ხალხში იქცევა სოლიდარობის საქმედ, შინაგანი განახლების შემაგულიანებელ ძალად, ცოდვის სტრუქტურათა შეცვლის შთაგონებად, რომლებშიც ინდივიდები, საზოგადოებები და, ზოგჯერ, მთლიანი ხალხებიც კი არიან მოქცეულნი. თავდაღწევის ნაცვლად, ქრისტიანული კვირადღე არის «წინასწარმეტყველება», თავად დროში ჩაწერილი, წინასწარმეტყველება, რომელიც ავალდებულებს მორწმუნეებს, რომ მიჰყვნენ მის ნაკვალევს, ვინც მოვიდა «გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად» (ლკ 4,18-10). აღმდგომის საკვირაო დღესასწაულში, მორწმუნეები სწავლობენ ქრისტესგან და მოიგონებენ მის აღთქმას: «მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გიბოძებთ თქვენ» (ლკ 14,27), ისინი კი, თავიანთ მხრივ, მშვიდობის მშენებლებად იქცევიან.

თავი V

DIES DIERUM

კვირადღე: დასაბამიერი დღესასწაული,

დროის მნიშვნელობას რომ წარმოაჩენს

ქრისტე: დროის ალფა და ომეგა

74. «ქრისტიანობაში დროს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. დროის განზომილებაში შეიქმნა სამყარო; მასში ვლინდება ხსნის ისტორია, თავის მწვერვალს რომ ჰპოულობს განხორციელების “ჟამის სისავსეში”, ხოლო თავის მიზანს - ღმრთის ძის დიდებულ დაბრუნებაში ჟამის დასასრულს. იესო ქრისტეში, ხორცადქმნილ სიტყვაში, დრო იქცევა ღმრთის განზომილებად, რომელიც თავადაა მარადიული».118

ახალი აღთქმის შუქზე, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლები ჭეშმარიტად დროის ცენტრია; ეს ცენტრი კი თავის მწვერვალს აღდგომაში აღწევს. სიმართლეა, რომ იესო განკაცებული ღმერთია ნეტარი ქალწულის წიაღში ჩასახვის მომენტიდანვე, მაგრამ მხოლოდ აღდგომაშია მისი ადამიანურობა მთლიანად ფერცვლილი და განდიდებული, რითაც მისი ღმრთიური ვინაობისა და დიდების სისავსე ვლინდება. პისიდიაში, ანტიოქიის სინაგოგაში წარმოთქმულ თავის სიტყვაში (შეად. საქ 13,33), პავლე მე-2 ფსალმუნის სიტყვებს უკავშირებს ქრისტეს აღდგომას: «ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ» (7). სწორედ ამ მიზეზითაა, რომ, სააღდგომო ვიგილიის ზეიმობისას, ეკლესია შეჰღაღადებს აღმდგარ ქრისტეს, როგორც «დასაწყისსა და დასასრულს, ალფასა და ომეგას». ამ სიტყვებს წარმოთქვამს მღვდელი სააღდგომო კანდელის მომზადებისას, რომელიც მიმდინარე წლის რიგითობას აჩვენებს. ეს სიტყვები ცხადად მოწმობს, რომ «ქრისტე დროის უფალია; იგი მისი დასაწყისი და დასასრულია; ყოველ წელი, ყოველი დღე და ყოველი წუთი მისი განხორციელებითა და აღდგომითაა მოცული და, ამგვარად, “ჟამის სისავსის” ნაწილად იქცევა».119

75. მაშინ როცა კვირადღე ყოველკვირეული აღდგომაა, იმ დღეს რომ მოიგონებს და ცოცხალჰყოფს, როდესაც მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ის აგრეთვე არის დღე, დროის მნიშვნელობას რომ აჩვენებს. მას არაფერი აქვს საერთო კოსმიურ ციკლებთან, რომელთა მიხედვითაც ბუნებითი რელიგია და ადამიანის კულტურა თავის სტრუქტურაში აქცევს დროს, რითაც შესაძლოა ემორჩილება მარადიული დაბრუნების მითს. ქრისტიანული კვირადღე სრულიად სხვა რამაა! მომდინარეობს რა აღდგომიდან, ის გადის ადამიანურ დროს, თვეებს, წლებს, საუკუნეებს, მსგავსად მიმართულების მაჩვენებლისა, მიზნისკენ რომ მიუთითებს: ქრისტეს მეორედ მოსვლისკენ. კვირადღე მოასწავებს უკანასკნელ დღეს, პარუსიის დღეს, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, უკვე გაცხადებულია ქრისტეს დიდებით აღდგომის მოვლენაში.

მართლაც, ყველაფერი, რაც მოხდება სამყაროს დასასრულამდე, სხვა არაფერი იქნება, გარდა იმ დღეს მომხდარის გაგრძელებისა და გამომჟღავნებისა, როდესაც ჯვარცმული უფლის გვემული სხეული სულის ძალით ამაღლდა და, თავის მხრივ, მთელი კაცობრიობისათვის სულის წყაროდ იქცა. ქრისტიანებმა იციან, რომ არ უნდა ელოდნენ ხსნის კიდევ ერთ ჟამს, მაშინ როცა, თუმც კი სამყარომ შესაძლოა კიდევ დიდხანს იარსებოს, ისინი უკვე ცხოვრობენ უკანასკნელ დროში. არა მარტო ეკლესია, არამედ თვით კოსმოსიც და ისტორიაც მუდამ განდიდებული ქრისტეს მიერ იმართება. სწორედ ეს სასიცოცხლო ძალაა, ქმნილებას რომ ამოძრავებს, რომელიც «ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე» (რომ 8,22), მისი სრული გამოსყიდვის მიზნისკენ. კაცობრიობას შეიძლება ამ პროცესის მხოლოდ სუსტი შეგრძნება ჰქონდეს, მაგრამ ქრისტიანებს აქვთ ახსნა და სიცხადე. კვირადღის წმიდაჰყოფა მნიშვნელოვანი მოწმობაა, რომელსაც ხორცი უნდა შეასხან, რათა საკაცობრიო ისტორიის ყოველი ეტაპი იმედით იყოს აღსავსე.

კვირადღე ლიტურგიულ წელიწადში

76. თავისი ყოველკვირეული გამეორებით, უფლის დღე ფესვგადგმულია ეკლესიის უძველეს ტრადიციაში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქრისტიანისათვის. მაგრამ მალევე დამკვიდრდა კიდევ ერთი რითმი: ყოველწლიური ლიტურგიული ციკლი. მართლაც, ადამიანის ფსიქოლოგიას სურს წლისთავების აღნიშვნა, რომლებიც თარიღებისა და სეზონების ბრუნვას წარსულ მოვლენათა მოგონებასთან აკავშირებს. როდესაც ეს მოვლენები გადამწყვეტია ხალხის ცხოვრებაში, მათი აღნიშვნა საყოველთაოდ ქმნის საზეიმო ატმოსფეროს, რომელიც ყოველდღიურ ერთფეროვნებას არღვევს.

ახლა, ღმრთის ჩანაფიქრისამებრ, დიდი მაცხონებელი მოვლენები, რომლებსაც ეფუძნება ეკლესიის ცხოვრება, მჭიდროდ იყო დაკავშირებული პასექისა და ორმოცდაათობის დღის ებრაულ დღესასწაულებთან, და წინასწარმეტყველურად იყო ნაუწყები მათში. მეორე საუკუნიდან, ქრისტიანთა მიერ აღდგომის ყოველწლიურმა აღნიშვნამ - რაც თან ახლდა ყოველკვირეულ სააღდგომო დღესასწაულს - შესაძლებელი გახადა ჯვარცმული და აღდმგარი ქრისტეს საიდუმლოს უფრო ძლიერი განჭვრეტა. მოსამზადებელ მარხვასთან, ხანგძლივი ვიგილიის დღესასწაულთან, სულთმოფენობის წინა ორმოცდაათ დღესთან ერთად, აღდგომის ზეიმი - «დღესასწაულთა დღესასწაული» - არსებითად ნათლობის კანდიდატთა ინიციაციის დღედ იქცევა. ნათლობის მეშვეობით ისინი კვდებიან ცოდვაში და ხელახლა იბადებიან, ვინაიდან იესო «გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად» (რომ 4,25; შეად. 6,3-11). საპასექო საიდუმლოსთან შინაგანად დაკავშირებული, სულთმოფენობის დღესასწაული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ზეიმობს სულიწმიდის გარდმოსვლას მარიამთან ერთად შეკრებილ მოციქულებზე და აუწყებს მისიას ყველა ხალხისთვის.120 

77. მოხსენიების მსგავსი ლოგიკა წარმართავდა მთელი ლიტურგიული წელიწადის შედგენილობას. როგორც ვატიკანის II კრება შეახსენებს, ეკლესიას სურდა, რომ მთელი წლის განმავლობაში განევრცო «ქრისტეს მთლიანი საიდუმლო, განხორციელებიდან და შობიდან ამაღლებამდე, სულთმოფენის დღემდე და ნეტარი იმედით უფლის დაბრუნების მოლოდინამდე. ამგვარად ხსნის საიდუმლოთა მოგონებით, ეკლესია მორწმუნეებს უხსნის უფლის ძალისა და ღირსებათა საუნჯეს, გარკვეულწილად ნამდვილად აქცევს მათ ყოველ დროში, რათა მორწმუნეები მიუახლოვდნენ მათ და მათი მეშვეობით ხსნის მადლით აღივსონ».121 

აღდგომისა და სულთმოფენობის შემდეგ, ყველაზე ბრწყინვალე დღესასწაული უდავოდ უფლის შობაა, როდესაც ქრისტიანები იაზრებენ განხორციელების საიდუმლოს და ჭვრეტენ ღმრთის სიტყვას, რომელიც ღირსად თვლის, რომ მიიღოს ჩვენი ადამიანურობა, რათა თავისი ღმრთიურობის მოზიარეებად გვაქციოს.

78. ამასთანავე, «ქრისტეს საიდუმლოებათა ამ წლიური ციკლის აღნიშვნისას, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული სიყვარულით სცემს თაყვანს ნეტარ მარიამს, ღმრთის დამბადებელს, ის ურღვევი კავშირით არის დაკავშირებული თავისი ძის გამოხსნის საქმესთან».122 მსგავსადვე, ყოველწლიურ ციკლში წამებულთა და სხვა წმიდანთა მოხსენიებით მათ წლისთავებზე, «ეკლესია ქადაგებს აღდგომის საიდუმლოებას ქრისტესთან ერთად თანავნებულ და თანაგანდიდებულ წმიდანებში».123 როდესაც ლიტურგიის ამ ჭეშმარიტი სულით იზეიმება, წმიდანთა მოხსენიება ჩრდილს არ აყენებს ქრისტეს ძირითად მნიშვნელობას, არამედ პირიქით, განადიდებს მას, მის მიერ მოტანილი ხსნის ძალას აჩვენებს. როგორც წმ. პავლინე ნოლელი გალობს, «ყოველივე გადავა, მაგრამ წმიდანთა დიდება მარად ქრისტეში იქნება, რომელიც ყველაფერს ქმნის ახალს, თვითონ კი არ იცვლება».124 შინაგანი ურთიერთობა წმიდანთა დიდებას და ქრისტეს დიდებას შორის მოცემულია ლიტურგიული წლის სტრუქტურაში და ყველაზე მეტყველად გამოხატულია კვირადღის, როგორც უფლის დღის, ფუნდამენტურ და ძლიერ ხასიათში. ლიტურგიული წლის სეზონების შემდეგ კვირადღის ჩვეულებაში, რომელიც აყალიბებს მას თავიდან ბოლომდე, ქრისტიანთა საეკლესიო და სულიერი ვალდებულება ღრმად ფესვგადგმულია ქრისტეში, რომელშიც მორწმუნეები პოულობენ ცხოვრების მიზეზს და რომლისგანაც იღებენ საზრდოს და შთაგონებას.

79. ამიტომაც, კვირადღე ბუნებრივი ნიმუშია იმისათვის, რომ გავიგოთ და ვიზეიმოთ ლიტურგიული წლის ეს სადღესასწაულო დღეები, რომლებიც ისეთი ფასეულობისაა ქრისტიანული ცხოვრებისათვის, რომ ეკლესიამ გადაწყვიტა მათზე ყურადღების გამახვილება და სავალდებულო გახადა მორწმუნეთათვის, რომ დაესწრონ წირვას და შეინახონ დასვენების დრო, თუმც კი ეს სადღესასწაულო დღეები შესაძლოა კვირის სხვადასხვა დღეებში იყოს.125 მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში შეიცვალა, სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ტრადიციაში მტკიცედ დამკვიდრებითაც და სამოქალაქო კანონმდებლობის ძლიერი მხარდაჭერითაც.126 

დღევანდელი კანონიკური და ლიტურგიული ნორმები შესაძლებლობას აძლევს ეპისკოპოსთა ყველა კონფერენციას, ამა თუ იმ ქვეყანაში კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომ შეამცირონ სავალდებულო წმიდა დღეების ჩამონათვალი. ამ კუთხით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სამოციქულო საყდრისგან საგანგებო დასტურს მოითხოვს,127 და, ასეთ შემთხვევებში, უფლის საიდუმლოს დღესასწაული, როგორიცაა უფლის გაცხადება, ამაღლება ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული, გადატანილი უნდა იქნას კვირადღეს, ლიტურგიულ ნორმებთან თანხმობაში, რათა მორწმუნეებს არ წაერთვათ შესაძლებლობა, რომ განჭვრიტონ ეს საიდუმლო.128 მწყემსებმა აგრეთვე უნდა შეაგულიანონ მორწმუნეები, რომ წირვას დაესწრონ სხვა მნიშვნელოვან სადღესასწაულო დღეებშიც კვირის განმავლობაში.129

80. საჭიროა განსაკუთრებული სამწყსო ყურადღება მრავალი ვითარების მიმართ, როდესაც არსებობს რისკი იმისა, რომ რეგიონის ხალხური და კულტურული ტრადიციები დაეუფლოს კვირადღეთა და სხვა ლიტურგიული საზეიმო დღეების დღესასწაულს და ნამდვილი ქრისტიანული რწმენის სული შეურიოს იმ ელემენტებს, რომლებიც მისთვის უცხოა და რომლებმაც შეიძლება დაამახინჯონ ის. ასეთ შემთხვევებში, კატექიზაციამ და შესაფერისმა სამწყსო ინიციატივებმა ნათელი უნდა მოჰფინოს ასეთ ვითარებებს და აღმოფხვრას ყოველივე ის, რაც შეუთავსებელია ქრისტეს სახარებასთან. იმავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტრადიციები - და, მსგავსადვე, ზოგიერთი უახლესი კულტურული ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებაში - ხშირად განასახიერებს ფასეულობებს, რომელთა ინტეგრირებაც რწმენის მოთხოვნებთან სულაც არაა რთული. მწყემსთა კომპეტენციაა, რომ მიმართონ გარჩევას, რათა დაიცვან კონკრეტული სოციალური კონტექსტის კულტურასა და, განსაკუთრებით, სახალხო რელიგიურობაში არსებული ნამდვილი ფასეულობები, რათა ლიტურგიული დღესასწაული - უპირველეს ყოვლისა, ყოველ კვირადღეს და წმიდა დღეებში - ტანჯვა კი არ იყოს, არამედ მართლაც სიკეთისმომტანი გახდეს.130  

 

დასკვნა

81. კვირადღის სულიერი და სამწყსო სიმდიდრენი, ჩვენ რომ გადმოგვეცა ტრადიციით, ჭეშმარიტად დიდია. როდესაც მისი მნიშვნელობა და შედეგები მისივე მთლიანიბითაა გაგებული, გარკვეული თვალსაზრისით, კვირადღე ქრისტიანული ცხოვრების სინთეზად და მისი შესაფერისად ტარების პირობად იქცევა. ამიტომ, ცხადია, თუ რატომაა უფლის დღის ჩვეულება ასე ახლოს ეკლესიის გულთან, და რატომ რჩება ის ნამდვილ ვალდებულებად ეკლესიის განაწესში. თუმცა, უბრალო წესზე მეტად, ამგვარი ჩვეულება გაგებული უნდა იყოს, როგორც საჭიროება, ქრისტიანული ცხოვრების სიღრმეებიდან რომ იშვება. არსებითად მნიშვნელოვანია, ყველა მორწმუნე დარწმუნებული იყოს, რომ ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი რწმენის შენარჩუნებას ან ქრისტიანული საკრებულოს ცხოვრებაში სრულყოფილად მონაწილეობას, თუკი მუდმივად არ მიიღებენ მონაწილეობას საკვირაო ევქარისტიულ შეკრებაში. ევქარისტია სრული ხორცშესხმაა იმ თაყვანისცემისა, კაცობრიობა რომ მიაგებს ღმერთს, და ის ვერც ერთ სხვა რელიგიურ გამოცდილებას ვერ შეედრება. ამის განსაკუთრებულად ქმედითი გამოვლინებაა მთლიანი საკრებულოს საკვირაო შეკრება, აღმდგარი უფლის ხმას რომ მორჩილებს, რომელიც ერთად კრებს მორწმუნეებს, რათა მისცეს მათ თავისი სიტყვის ნათელი და თავისი ხორცის საზრდო, როგორც ხსნის მარადიული საკრამენტული წყარო. მადლი, ამ წყაროდან რომ მოედინება, ანახლებს კაცობრიობას, ცხოვრებას და ისტორიას.

82. სწორედ ამ მტკიცე რწმენით და საკაცობრიო ფასეულობათა მემკვიდრეობის იმ შეგნებით, კვირადღის ჩვეულებას რომ ახლავს თან, უნდა გაუმკლავდნენ დღეს ქრისტიანები იმ კულტურის ცდუნებებს, რომელიც იღებს დასვენებისა და თავისუფალი დროის უპირატესობებს, მაგრამ ხშირად ფუქსავატურად იყენებს მათ და დროდადრო გართობის ზნეობრივად სათუო ფორმებიც კი იზიდავს. რასაკვირველია, ქრისტიანები არ განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან დასვენების ყოველკვირეული დღის უფლებით სარგებლობაში; მაგრამ, იმავე დროს, მათ ძლიერ აქვთ გაცნობიერებული კვირადღის უნიკალურობა და თავისებურება, - დღე, როდესაც მოხმობილნი არიან, რომ იზეიმონ საკუთარი ხსნა და მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა. კვირადღე სიხარულისა და დასვენების დღეა სწორედაც იმიტომ, რომ «უფლის დღეა», აღმდგარი უფლის დღე.

83. ამგვარად გაგებული და ხორცშესხმული, გარკვეული თვალსაზრისით, კვირადღე დანარჩენ დღეთა სული ხდება და, ამ გაგებით, შეგვიძლია გავიხსენოთ ორიგენეს მოსაზრება, რომ სრულყოფილი ქრისტიანი «მუდამ უფლის დღეშია, და მუდამ კვირადღეს ზეიმობს».131 კვირადღე ჭეშმარიტი სკოლაა, საეკლესიო პედაგოგიის მუდმივი პროგრამაა, - ის შეუცვლელი პედაგოგიაა, განსაკუთრებით იმ სოციალურ პირობებთან, სულ მეტად რომ ხასიათდება ფრაგმენტაციითა და კულტურული პლურალიზმით, გამუდმებით რომ სცდის ცალკეულ ქრისტიანთა ერთგულებას მათი რწმენის პრაქტიკულ მოთხოვნათა მიმართ. მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ჩვენ ვხედავთ «დიასპორულ» ქრისტიანობას, რომელიც გამოცდის წინაშეა, ვინაიდან ქრისტეს გაფანტული მოწაფეები ადვილად ვეღარ ურთიერთობენ ერთმანეთთან, და არ აქვთ ქრისტიანული კულტურისათვის შესაფერისი სტრუქტურებისა და ტრადიციების მხარდაჭერა. ასეთ რთულ მდგომარეობაში, შესაძლებლობა, რომ ყოველ კვირადღეს მოძმე მორწმუნეებთან ერთად შევიკრიბოთ, რომ ძმობის ძღვენი გავცვალოთ, ხელშესახები დახმარებაა.

84. ქრისტიანული ცხოვრების შენარჩუნებით, კვირადღეს დამატებითი ფასეულობა გააჩნია, - ის მოწმობა და უწყებაა. როგორც ლოცვის, თანაზიარების და სიხარულის დღე, კვირადღე მთელ საზოგადოებას მოიცავს, სასიცოცხლო ძალებს და იმედის მიზეზებს იძლევა. კვირადღე არის უწყება, რომ დრო, რომელშიც ისტორიის აღმდგარი უფალი იდებს თავის ბინას, ჩვენი ილუზიების საფლავი როდია, არამედ სულ ახალი მომავლის აკვანია, ჩვენთვის ბოძებული შესაძლებლობაა, რომ ამ ცხოვრების სწრაფწარმავალი მომენტები მარადიულობის მარცვლებად ვაქციოთ. კვირადღე არის მოხმობა, რომ წინ გავიხედოთ; ესაა დღე, როდესაც ქრისტიანული საკრებულო შეჰღაღადებს ქრისტეს, «მარანათა: მოდი, უფალო!» (1 კორ 16,22). იმედისა და მოლოდინის ამ ღაღადით, ეკლესია ადამიანური იმედის თანამონაწილე და შემწეა. კვირადღიდან კვირადღემდე, ქრისტესგან განათებული, იგი მსხემობს ზეციური იერუსალიმის უსასრულო კვირადღისკენ, რომელსაც «არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი» (გამოცხ 16,22).

85. ძალუმად რომ მიიწევს თავისი მიზნისკენ, ეკლესიას აძლიერებს და აცოცხლებს სულიწმიდა. სწორედ იგია, მოგონებას რომ აღძრავს და მორწმუნეთა ყოველი თაობისათვის აღდგომის მოვლენას რომ ცოცხალჰყოფს. ის შინაგანი ნიჭია, ჩვენ რომ გვაერთიანებს აღმდგარ უფალთან და ჩვენს ძმებსა და დებთან ერთ სხეულად, რომელიც ჩვენს რწმენას აღვივებს, ჩვენს გულებს მოწყალებით აღავსებს და ჩვენს იმედს აახლებს. სული მუდამ ქმედითია ეკლესიის ცხოვრების ყოველდღეს, მოულოდნელად და გულუხვად რომ ვლინდება თავისი ნიჭების სიუხვით. მაგრამ აღდგომის ყოველკვირეული დღესასწაულისათვის სწორედაც საკვირაო შეკრებაშია, რომ ეკლესია განსაკუთრებულად უსმენს სულს და მასთან ერთად სწვდება ქრისტეს მგზნებარე სურვილით, რომ იგი დაბრუნდეს დიდებით: «სული და სასძლო ამბობენ: მოდი!» (გამოცხ 22,17). ზუსტად სულის როლის მხედველობაში მიღებით, მოვისურვე, რომ ამ ექსჰორტაციამ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ხელახლა აჩვენოს კვირადღის მნიშვნელობა, დღის შუქი იხილოს ამ წელს, რომელიც, იუბილის საშური მომზადებისას, სულიწმიდას ეძღვნება.

86. ამ სამოციქულო წერილს მივანდობ ნეტარი ქალწულის შუამდგომლობას, რათა ქრისტიანულმა საკრებულომ მიიღოს და პრაქტიკაში გამოიყენოს ის. ქრისტეს და მისი სულის ძირითადი მნიშვნელობის ყოველგვარი დაკნინების გარეშე, მარიამი მუდამ იმყოფება ეკლესიის კვირადღეში. თავად ქრისტეს საიდუმლო მოითხოვს ამას: მართლაც, განა შეიძლება Mater Domini და Mater Ecclesiae თავისი უნიკალურობით არ იმყოფებოდეს ამ დღეს, რომელიც ერთდროულად არის dies Domini და dies Ecclesiae?

როდესაც საკვირაო შეკრებაზე გაცხადებულ სიტყვას უსმენენ, მორწმუნეები ქალწულ მარიამს უმზერენ, მისგან სწავლობენ, რომ დაიმახსოვრონ და გულებში ჩაიმარხონ ის (შეად. ლკ 2,19). მარიამთან ერთად, ისინი სწავლობენ, რომ იდგნენ ჯვრის ფერხთით, მამას მიუძღვნან ქრისტეს მსხვერპლი და თანვე შესთავაზონ საკუთარი ცხოვრებაც. მარიამთან ერთად, ისინი განიცდიან აღდგომის სიხარულს, ითავისებენ Magnificat-ის სიტყვებს, ღმრთიური გულმოწყალების ულევ ძღვენს რომ განადიდებს ულმობელ ჟამთასვლაში: «წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდეა ღმრთისმოშიშთა მიმართ» (ლკ 1,50). კვირადღიდან კვირადღემდე, მსხემი ხალხი მარიამის ნაკვალევს მიჰყვება, მისი დედობრივი შუამდგომლობა კი განსაკუთრებულ ძალასა და მხურვალებას აძლევს ლოცვას, ეკლესია რომ აღავლენს ყოვლადწმიდა სამების მიმართ.

87. საყვარელო ძმანო და დანო, იუბილის მოახლოება უფრო ღრმა სულიერი და სამწყსო ვალდებულებისაკენ მოგვიხმობს. მართლად, ესაა მისი ჭეშმარიტი მიზანი. საიუბილეო წელიწადში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს, რასაც ღმრთის სიტყვის განხორციელებიდან მეორე ათასწლეულის დასასრული და მესამის დასაწყისი მოითხოვს. მაგრამ ეს წელიწადი და ეს გამორჩეული დრო გაივლის, როდესაც სხვა იუბილეებსა და სხვა საზეიმო მოვლენებს მოველით. თუმცა, როგორც ყოველკვირეული «ზეიმი», კვირადღე კვლავაც გამოძერწავს ეკლესიის მსხემობის ჟამს, იმ კვირადღემდე, რომელსაც არ ექნება დასასრული.

ამიტომაც, საყვარელო მოძმე ეპისკოპოსნო და ხუცესნო, მოგიწოდებთ, რომ დაუღალავად იშრომოთ მორწმუნეებთან ერთად, რათა ამ წმიდა დღის ფასეულობა სულ უფრო სიღრმისეულად იყოს გაგებული და ხორცშესხმული. ეს უხვ ნაყოფს გამოიღებს ქრისტიანულ საკრებულოებში და აუცილებლად დადებით გავლენას მოახდენს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაზე.

დაე, იმ ეკლესიასთან შეხვედრით, ყოველ კვირადღეს რომ სიხარულით ზეიმობს საიდუმლოს, საიდანაც თავის სიცოცხლეს იღებს, მესამე ათასწლეულის მამაკაცები და ქალები შეხვდნენ აღმდგარ ქრისტეს. დაე, აღდგომის ყოველკვირეული მოგონებით მუდმივად განახლებულნი, ქრისტეს მოწაფეები სულ მეტად იყვნენ ხსნის სახარების მაუწყებელნი და სიყვარული ცივილიზაციის ქმედითი მშენებელნი.

გლოცავთ ყველას!

ვატიკანიდან, 31 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, 1998 წელს, ჩემი პონტიფიკატის მეოცე წელიწადს.

IOANNES PAULUS II
 

 

 

1 შეად. გამოცხ 1,10: «Kyriake heméra»; შეად. აგრეთვე დიდაქე 14, 1, წმ. ეგნატე ანტიოქიელი, მაგნეზიელთა მიმართ 9, 1-2; SC 10, 88-89.

2 ფსევდო-ევსები ალექსანდრიელი, ქადეგება 16: PG 86, 416.

3 In Die Dominica Paschae II, 52: CCL 78, 550.

4 ვატიკანის II ეკუმენური კრება, კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 106.

5 იქვე.

6 შეად. Motu Proprio Mysterii Paschalis (14 თებერვალი, 1969წ.): AAS 61 (1969), 222-226.

7 შეად. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის სამწყსო შენიშვნა «უფლის დღე» (15 ივლისი, 1984წ.), 5: Enchiridion CEI 3, 1398.

8 კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 106.

9 პონტიფიკატის საზეიმო დაწყების ჰომილია (22 ოქტომბერი, 1978წ.), 5: AAS 70 (1978), 947.

10 პარაგ. 25: AAS 73 (1981), 639.

11 სამოძღვრო კონსტიტუცია თანამედროვე სამყაროში ეკლესიის შესახებ Gaudium et Spes, 34.

12 ჩვენი ებრაელი ძმებისა და დებისათვის, «ქორწინების» სულიერება ახასიათებს შაბათს, როგორც ჩანს, მაგალითად, შექმნის რაბაშის ტექსტებში, როგორიცაა X, 9 და XI, 8 (შეად. ჯ. ნოისნერი, შექმნის რაბაში, ტომ. I, ატლანტა, 1985წ, გვ. 107 და გვ. 117). თავისი ხასიათით გალობა Leka Dôdi -ც საქორწინოა: «შენი ღმერთი დატკბება შენით, როგორც ნეფე ტკბება სასძლოთი ... შენი საყვარელი ხალხის მორწმუნეთა შორის მოდი, სასძლოვ, დედოფალო შაბათო» (შეად. შაბათის საღამოს ლოცვა, რედ. ა. ტოუფი, რომი, 1968-69წწ., გვ. 3).

13 შეად. ა. ჯ. ჰესკელი, შაბათი: მისი მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანისათვის (22-ე გამოც., 1995წ.), გვ. 3-24.

14 «Verum autem sabbatum ipsum redemptorem nostrum Iesum Christum Dominum habemus»: Epist. 13, 1: CCL 140A, 992.

15 Ep. ad Decentium XXV, 4, 7: PL 20, 555.

16 Homiliae in Hexaemeron II, 8: SC 26, 184.

17 შეად. In Io. Ev. Tractatus XX, 20, 2: CCL 36, 203; Epist. 55, 2: CSEL 34, 170-171.

18 აღდგომაზე საუბარი განსაკუთრებით აშკარაა რუსულში, რომელიც კვირადღეს უწოდებს უბრალოდ «აღდგომას» (Voskresenie).

19 Epist. 10, 96, 7.

20 შეად. იქვე. პლინიუსის წერილის მოშველიებით, ტერტულიანე აგრეთვე საუბრობს coetus antelucani-ზე Apologeticum-ში 2, 6: CCL 1, 88; De Corona 3, 3: CCL 2, 1043.

21 მაგნეზიელთა მიმართ 9, 1-2: SC 10, 88-89.

22 მე-8 ქადაგება აღდგომის ოქტავაში 4: PL 46, 841. კვირადღის ამგვარი გაგება, როგორც «პირველი დღე», აშკარაა ლათინურ ლიტურგიულ კალენდარში, სადაც ორშაბათს ეწოდება feria secunda, სამშაბათს feria tertia და ა.შ. პორტუგალიურად, დღეეები იმავეგვარად იწოდება.

23 წმ. გრიგოლ ნისელი, De Castigatione: PG 46, 309. მარონიტული ლიტურგია აგრეთვე ხაზს უსვამს კავშირს შაბათს და კვირადღეს შორის, რომელიც «წმიდა შაბათის საიდუმლოთი» იწყება (შეად. M. Hayek, Maronite [Eglise], Dictionnaire de spiritualité, X [1980], 632-644).]

24 ბავშვთა ნათლობის წესი, პარაგ. 9; შეად.  მოზრდილთა ქრისტიანული ინიციაციის წესი, პარაგ. 59.

25 შეად. რომაული კონდაკი, დალოცვისა და წმიდა წყლის პკურების წესი.

26 შეად. წმ. ბასილი, სულიწმიდის შესახებ, 27, 66: SC 17, 484-485. შეად. აგრეთვე ბარნაბას წერილი 15, 8-9: SC 172, 186-189; წმ. იუსტინე საუბარი ტრიფონთან, 24; 138: PG 6, 528, 793; ორიგენე, კომენტარი ფსალმუნთა შესახებ, ფსალმუნი 118(119), 1: PG 12, 1588.

27 «Domine, praestitisti nobis pacem quietis, pacem sabbati, pacem sine vespera»: აღსარ., 13, 50: CCL 27, 272.

28 შეად. წმ. ავგუსტინე, ეპისტ. 55, 17: CSEL 34, 188: «Ita ergo erit octavus, qui primus, ut prima vita sed aeterna reddatur».

29 ამგვარად, ინგლისურში «Sunday», ხოლო გერმანულში «Sonntag».

30 აპოლოგია I, 67: PG 6, 430.

31 შეად. წმ. მაქსიმე ტურინელი, ქადაგება 44, 1: CCL 23, 178; ქადაგება 53, 2: CCL 23, 219; ევსები კესარიელი, Comm. in Ps. 91: PG23, 1169-1173.

32 იხილეთ, მაგალითად, საკითხავთა მსახურების ჰიმნი: «Dies aetasque ceteris octava splendet sanctior in te quam, Iesu, consecras primitiae surgentium» (I კვირა); და აგრეთვე: «Salve dies, dierum gloria, dies felix Christi victoria, dies digna iugi laetitia dies prima. Lux divina caecis irradiat, in qua Christus infernum spoliat, mortem vincit et reconciliat summis ima» (II კვირა). მსგავსი გამოთქმები მოიპოვება იმ ჰიმნებში, რომლებსაც ჟამის ლიტურგია მოიცავს მრავალ თანამედროვე ენაზე.

33 შეად. კლემენტ ალექსანდრიელი, Stromata, VI, 138, 1-2: PG 9, 364.

34 შეად. იოანე პავლე II, ნციკლიკა Dominum et Vivificantem (18 მაისი, 1986წ.), 22-26: AAS 78 (1986), 829-837.

35 შეად. წმ. ათანასე ალექსანდრიელი, კვირადღის წერილები 1, 10: PG 26, 1366.

36 შეად. ბარდესანი, საუბარი ბედისწერის შესახებ, 46: PS 2, 606-607.

37 კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, დანართი: დეკლარაცია კალენდრის რეფორმის შესახებ.

38 შეად. ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ Lumen Gentium, 9.

39 შეად. იოანე პავლე II, წერილი Dominicae Cenae (24 თებერვალი, 1980წ.), 4: AAS 72 (1980), 120; ენციკლიკა Dominum et Vivificantem (18 მაისი, 1986წ.), 62-64: AAS 78 (1986), 889-894.

40 შეად. იოანე პავლე II, სამოციქულო წერილი Vicesimus Quintus Annus (4 დეკემბერი, 1988წ.), 9: AAS 81 (1989), 905-906.

41 პარაგ. 2177.

42 შეად. იოანე პავლე II, სამოციქულო წერილი Vicesimus Quintus Annus (4 დეკემბერი, 1988წ.), 9: AAS 81 (1989), 905-906.

43 ვატიკანის II ეკუმენური კრება, კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 41; შეად. დეკრეტი ეკლესიაში ეპისკოპოსთა სამწყსო მსახურების შესახებ Christus Dominus, 15.

44 ეს ემბოლიზმის სიტყვებია, რომლებიც ამ ან მსგავსი ფორმით მოცემულია სხვადასხვა ენოვან ზოგიერთ ევქარისტიულ ლოცვაში. ისინი მტკიცედ უსვამენ ხაზს კვირადღის «საპასექო» ხასიათს.

45 შეად. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, წერილი კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსებს ეკლესიის, როგორც თანაზიარების, ზოგიერთი ასპექტის შესახებ Communionis Notio (28 მაისი, 1992წ.), 11-14: AAS 85 (1993), 844-847.

46 მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების ეპისკოპოსთა მესამე ჯგუფს (17 მარტი, 1998წ.), 4: L'Osservatore Romano, 18 March 1998, 4.

47 კონსტიტუცია საღმრთო ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 42.

48 რიტუალების წმიდა კონგრეგაცია, ინსტრუქცია ევქარისტიული საიდუმლოს თაყვანისცემის შესახებ Eucharisticum Mysterium (25 მაისი, 1967წ.), 26: AAS 59 (1967), 555.

49 წმ. კვიპრიანე, De Orat. Dom. 23: PL 4, 553; De Cath. Eccl. Unitate, 7: CSEL 31, 215; ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ Lumen Gentium, 4; კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 26.

50 შეად. იოანე პავლე II, სამოციქულო ექსჰორტაცია Familiaris Consortio (22 ნოემბერი, 1981წ.), 57; 61: AAS 74 (1982), 151; 154.

51 შეად. ღმრთიური თაყვანისცემის წმიდა კონგრეგაცია, ყმაწვილებისთვის წირვების სახელმძღვანელო (1 ნოემბერი, 1973წ.): AAS 66 (1974), 30-46.

52 შეად. რიტუალების წმიდა კონგრეგაცია, ინსტრუქცია ევქარისტიული საიდუმლოს თაყვანისცემის შესახებ Eucharisticum Mysterium (25 მაისი, 1967წ.), 26: AAS 59 (1967), 555-556; ეპისკოპოსთა წმიდა კონგრეგაცია, ეპისკოპოსთა სამწყსო მსახურების სახელმძღვანელო Ecclesiae Imago (22 თებერვალი, 1973წ.), 86c: Enchiridion Vaticanum 4, 2071.

53 შეად. იოანე პავლე II, პოსტ-სინოდური სამოციქულო ექსჰორტაცია Christifideles Laici (30 დეკემბერი, 1988წ.), 30: AAS 81 (1989), 446-447.

54 შეად. ღმრთიური თაყვანისცემის წმიდა კონგრეგაცია, ინსტრუქცია Masses for Particular Groups (15 მაისი, 1969წ.), 10: AAS 61 (1969), 810.

55 შეად. ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ Lumen Gentium, 48-51.

56 «Haec est vita nostra, ut desiderando exerceamur»: წმ. ავგუსტინე, In Prima Ioan. Tract. 4, 6: SC 75, 232.

57 რომაული კონდაკი, ემბოლიზმი საუფლო ლოცვის შემდეგ.

58 ვატიკანის II ეკუმენური კრება, სამოძღვრო კონსტიტუცია თანამედროვე სამყაროში ეკლესიის შესახებ Gaudium et Spes, 1.

59 ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ Lumen Gentium, 1; შეად. იოანე პავლე II, ენციკლიკა Dominum et Vivificantem (18 მაისი, 1986წ.), 61-64: AAS 78 (1986), 888-894.

60 ვატიკანის II ეკუმენური კრება, კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახევ Sacrosanctum Concilium, 7; შეად. 33.

61 იქვე., 56; შეად. Ordo Lectionum Missae, Praenotanda, პარაგ. 10.

62 კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 51.

63 შეად. იქვე., 52; კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 767, 2; აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 614.

64 სამოციქულო კონსტიტუცია Missale Romanum (3 აპრილი, 1969წ.): AAS 61 (1969), 220.

65 კრების კონსტიტუცია Sacrosanctum Concilium საუბრობს "suavis et vivus Sacrae Scripturae affectus" (პარაგ. 24).

66 იოანე პავლე II, წერილი Dominicae Cenae (24 თებერვალი, 1980წ.), 10: AAS 72 (1980), 135.

67 შეად. ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ღმრთიური გამოცხადების შესახებ Dei Verbum, 25.

68 შეად. Ordo Lectionum Missae, Praenotanda, თავ. III.

69 შეად. Ordo Lectionum Missae, Praenotanda, თავ. I, პარაგ. 6.

70 ტრენტის ეკუმენური კრება, XXII სესია, მოძღვრება და კანონები წირვის უწმიდესი მსხვერპლის შესახებ, II: DS 1743; შეად. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 1366.

71 კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 1368.

72 რიტუალების წმიდა კონგრეგაცია, ინსტრუქცია ევქარისტიული საიდუმლოს თაყვანისცემის შესახებSacred Eucharisticum Mysterium (25 მაისი, 1967წ.), 3b: AAS 59 (1967), 541; შეად. პიუს XII, ენციკლიკა Mediator Dei (20 ნოემბერი, 1947წ.), II: AAS 39 (1947), 564-566.

73 შეად. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 1385; შეად. აგრეთვე სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, წერილი კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსებს განქორწინებული და ხელმეორედ ქორწინებაში მყოფი მორწმუნეების მიერ ევქარისტიული ზიარების მიღების შესახებ (14 სექტემბერი, 1994წ.): AAS86 (1994), 974-979.

74 შეად. ინოკენტი I, ეპისტ. 25, 1 დეცენტიუს გუბიელს: PL 20, 553.

75 II, 59, 2-3: ed. F. X. Funk, 1905, pp. 170-171.

76 შეად. აპოლოგია I, 67, 3-5: PG 6, 430.

77 Acta SS. Saturnini, Dativi et aliorum plurimorum Martyrum in Africa, 7, 9, 10: PL 8, 707, 709-710.

78 შეად. კანონი 21, Mansi, Conc. II, 9.

79 შეად. კანონი 47, Mansi, Conc. VIII, 332.

80 შეად. საპირისპირო წინადადება, ინოკენტი XI-ის მიერ დაგმობილი 1679 წელს, რომელიც ეხებოდა საზეიმო დღის წმიდაჰყოფის ზნეობრივ ვალდებულენას: DS 2152.

81 კანონი 1248: «Festis de praecepto diebus Missa audienda est»: კანონი 1247, 1: «Dies festi sub praecepto in universa Ecclesia sunt...omnes et singuli dies dominici».

82 კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1247; აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 881, 1, ადგენს, რომ «ქრისტიან მორწმუნეებს აკისრიათ ვალდებულება, რომ კვირადღეებსა და სადღესასწაულო დღეებში მონაწილეობა მიიღონ ღმრთიურ ლიტურგიაში ანდა, მათი ეკლესიის sui iuris განკარგულებების ან კანონიერი ჩვეულებების შესაბამისად, ღმრთის თაყვანისცემის დღესასწაულში».

83 პარაგ. 2181: «ვინც ამ ვალდებულებას განზრახ არ ასრულებს, მძიმე ცოდვას სჩადის».

84 ეპისკოპოსთა წმიდა კონგრეგაცია, ეპისკოპოსთა სამწყსო მსახურების სახელმძღვანელო Ecclesiae Imago (22 თებერვალი, 1973წ.), 86a: Enchiridion Vaticanum 4, 2069.

85 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 905, 2.

86 შეად. პიუს XII, სამოციქულო კონსტიტუცია Christus Dominus (6 იანვარი, 1953წ.): AAS 45 (1953), 15-24; Motu Proprio Sacram Communionem (19 მარტი, 1957წ.): AAS 49 (1957), 177-178. წმიდა მსახურების კონგრეგაცია, ინსტრუქცია ევქარისტიულ მარხვასთან დაკავშირებული განაწესის შესახებ  (6 იანვარი, 1953წ.): AAS 45 (1953), 47-51.

87 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1248, 1; აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 881, 2.

88 შეად. Missale Romanum, Normae Universales de Anno Liturgico et de Calendario, 3.

89 შეად. ეპისკოპოსთა წმიდა კონგრეგაცია, ეპისკოპოსთა სამწყსო მსახურების სახელმძღვანელო Ecclesiae Imago (22 თებერვალი, 1973წ.), 86: Enchiridion Vaticanum 4, 2069-2073.

90 შეად. ვატიკანის II ეკუმენური კრება, კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 14; 26; იოანე პავლე II, სამოციქულო წერილი Vicesimus Quintus Annus (4 დეკემბერი, 1988წ.), 4; 6; 12: AAS 81 (1989), 900-901; 902; 909-910.

91 შეად. ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ Lumen Gentium, 10.

92 შეად. ინტერდიკასტერიული ინსტრუქცია მღვდელთა მსახურებაში საერო მორწმუნეთა თანამშრომლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ Ecclesiae de Mysterio (15 აგვისტო, 1997წ.), 6; 8: AAS 89 (1997), 869; 870-872.

93 ვატიკანის II ეკუმენური კრება, დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ Lumen Gentium, 10: «in oblationem Eucharistiae concurrunt».

94 იქვე., 11.

95 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1248, 2.

96 შეად. ღმრთიური თაყვანისცემის წმიდა კონგრეგაცია, მღვდლის არყოფნისას საკვირაო დღესასწაულთა სახელმძღვანელო Christi Ecclesia (2 ივნისი, 1988წ.): Enchiridion Vaticanum 11, 442-468; ინტერდიკასტერიული ინსტრუქცია მღვდელთა მსახურებაში საერო მორწმუნეთა თანამშრომლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ  Ecclesiae de Mysterio (15 აგვისტო, 1997წ.): AAS 89 (1997), 852-877.

97 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1248, 2; სარწმუნოების მოძღვრების კონგრეფაცია, წერილი Sacerdotium Ministeriale (6 აგვისტო, 1983წ.), III: AAS 75 (1983), 1007.

98 შეად. სოციალურ კომუნიკაციათა პონტიფიკალური კომისია, ინსტრუქცია Communio et Progressio (23 მაისი, 1971წ.), 150-152; 157: AAS63 (1971), 645-646; 647.

99 ესაა დიაკვნის განცხადება უფლის დღის სადიდებლად: შეად. ასირიული ტექსტი მარონიტთა ანტიოქიის ეკლესიის კონდაკში (ასირიული და არაბული გამოცემა), Jounieh (Lebanon) 1959, p. 38.

100 V, 20, 11: ed. F. X. Funk, 1905, p. 298; შეად. დიდაქე 14, 1: ed. F. X. Funk, 1901, p. 32; ტერტულიანე, Apologeticum 16, 11: CCL 1, 116. იხილეთ, განსაკუთრებით, ბარნაბას ეპისტოლე, 15, 9: SC 172, 188-189: «სწორედ ამიტომ ვზეიმობთ სიხარულით მერვე დღეს, როდესაც იესო აღდგა მკვდრეთით და, გამოჩინების შემდეგ, ზეცად ამაღლდა».

101 მაგალითად, ტერტულიანე გვეუბნება, რომ კვირადღეს აკრძალული იყო მუხლის მოყრა, რაც იმ დროს ძირითადად სინანულის ჟესტად ითვლებოდა და შეუფერებელი იყო სიხარულის დღისათვის. შეად. De Corona 3, 4: CCL 2, 1043.

102 ეპის. 55, 28: CSEL 342, 202.

103 შეად. წმ. თერეზა ყრმა იესოსი და წმიდა სახისა, Derniers entretiens, 5-6 ივლისი, 1897წ., : Oeuvres complètes, Cerf - Desclée de Brouwer, Paris, 1992, pp. 1024-1025.

104 სამოციქულო ექსჰორტაცია, Gaudete in Domino (9 მაისი, 1975წ.), II: AAS 67 (1975), 295.

105 იქვე. VII, l.c., 322.

106 Hex. 6, 10, 76: CSEL 321, 261.

107 შეად. კონსტანტინეს ედიქტი, 3 ივლისი, 321წ.: Codex Theodosianus II, tit. 8, 1, ed. T. Mommsen, 12, p. 87; Codex Iustiniani, 3, 12, 2, ed. P. Krueger, p. 248.

108 შეად. ევსები კესარიელი, კონსტანტინეს ცხოვრება, 4, 18: PG 20, 1165.

109 ამ სახის იძველესი ტექსტია ლაოდიკიის კრების 29-ე კანონი (მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარი: Mansi, II, 569-570. მეექვსედან მეცხრე საუკუნემდე, მრავალი კრება კრძალავდა «opera ruralia»-ს. კანონმდებლობა აკრძალულ საქმიანობათა შესახებ, სამოქალაქო კანონებით განმტკიცებული, სულ უფრო კონკრეტული გახდა.

110 შეად. ენციკლიკა Rerum Novarum (15 მაისი, 1891წ.): Acta Leonis XIII 11 (1891), 127-128.

111 Hex. 2, 1, 1: CSEL 321, 41.

112 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1247; აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 881, 1; 4.

113 ვატიკანის II ეკუმენური კრება, კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 9.

114 შეად. აგრეთვე წმ. იუსტინე, აპოლოგია I, 67, 6: «თითოეული მათგანი, ვისაც სიმდიდრე აქვს და ვისაც შესაწირის გაღება სურს, უანგაროდ გასცემს მას, რაც სურს, ხოლო შეწირული მიეცემა ხელმძღვანელს და ის ეხმარება ობლებს, ქვრივებს, ავადმყოფებს, უპოვრებს, პატიმრებს, უცხოებს - ერთი სიტყვით, იგი ეხმარება ყველას, ვინც კი გასაჭირშია»: PG 6, 430.

115 De Nabuthae, 10, 45: "Audis, dives, quid Dominus Deus dicat? Et tu ad ecclesiam venis, non ut aliquid largiaris pauperi, sed ut auferas": CSEL 322, 492.

116 ჰომილიები მათეს სახარების შესახებ, 50, 3-4: PG 58, 508-509.

117 წმ. პავლინე ნოლელი, ეპის. 13, 11-12 პამაქიუსს: CSEL 29, 92-93. რომის სენატორი ქებისღირსია, ვინაიდან, ევქარისტიაში მონაწილეობას აკავშირებს რა უპოვართათვის საკვების დარიგებასთან, გარკვეული თვალსაზრისით სახარებისეულ სასწაულს სჩადის.

118 იოანე პავლე II, სამოციქულო წერილი Tertio Millennio Adveniente (10 ნოემბერი, 1994წ.), 10: AAS 87 (1995), 11.

119 იქვე.

120 შეად. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 731-732.

121 კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ Sacrosanctum Concilium, 102.

122 იქვე., 103.

123 იქვე., 104.

124 Carm. XVI, 3-4: "Omnia praetereunt, sanctorum gloria durat in Christo qui cuncta novat, dum permanet ipse": CSEL 30, 67.

125 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1247; აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 881, 1; 4.

126 საყოველთაო კანონით, ლათინურ ეკლესიაში წმიდა სავალდებულო დღეებია უფლის შობის, უფლის გაცხადების, ამაღლების, ქრისტეს ხორცისა და სისხლის, ღმრთისმშობლის, უმანკო ჩასახვის, ზეცად აღყვანების, წმ. იოსების, წმიდანების პეტრესა და პავლეს და ყველაწმიდას დღესასწაულები: შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1246. აღმოსავლეთის ეკლესიებში წმიდა სავალდებულო დღეებია უფლის შობის, უფლის გაცხადების, ამაღლების, ღმრთისმშობელი მარიამის მიძინების და წმიდანების პეტრესა და პავლეს დღესასწაულები: შეად. აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 880, 3.

127 შეად. კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1246, 2; აღმოსავლეთის ეკლესიებისათვის, შეად. აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსი, კანონი 880, 3.

128 შეად. რიტუალების წმიდა კონგრეგაცია, Normae Universales de Anno Liturgico et de Calendario (21 მარტი, 1969წ.), 5, 7: Enchiridion Vaticanum 3, 895; 897.

129 შეად. Caeremoniale Episcoporum, ed. typica 1995, No. 230.

130 შეად. იქვე., No. 233.

131 Contra Celsum VIII, 22: SC 150, 222-224.

                             ქართული თარგმანი შეასრულეს ირაკლი ჯავახიშვილმა  და მარიამ ბაგაურმა

©2017 by Catholicchurch.ge