პაპის გზავნილი დიდ მარხვისათვის

“ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მთ 24,12)

საყვარელო დანო და ძმანო,


კიდევ ერთხელ მოდის ჩვენსკენ უფლის პასექი! მისთვის მოსამზადებლად ღვთის განგება ყოველწლიურად გვიწვდის დიდმარხვას, «ჩვენი მოქცევის საიდუმლოებრივ ნიშანს»,[1] რომელიც გვაუწყებს და ახორციელებს უფალთან მთელი გულითა და მთელი ჩვენი ცხოვრებით დაბრუნების შესაძლებლობას.
ამ გზავნილით წელსაც მსურს დავეხმარო მთელ ეკლესიას სიხარულითა და სიმართლით განვვლოს მადლის ეს ჟამი; ამას ვაკეთებ მათეს სახარებაში იესოს ერთი ნათქვამით შთაგონებული: «ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული» (24,12).
ეს ფრაზა გვხვდება სიტყვაში, რომელიც ეხება ჟამთა აღსასრულს და ლოკალიზებულია იერუსალემში, ზეთისხილის მთაზე, სწორედ იქ, სადაც დაიწყება უფლის ვნება. მოწაფეების შეკითხვაზე პასუხისას, იესო აუწყებს მათ დიდ შეჭირვებას და აღწერს მდგომარეობას, რომელშიც შესაძლოა აღმოჩნდეს მორწმუნეთა კრებული: მტკივნეული მოვლენების წინაშე, ზოგიერთი ცრუ წინასწარმეტყველი მრავალს მოატყუებს, იმდენად, რომ ჩაქრობა დაემუქრება იმ სიყვარულს, რომელიცაა მთელი სახარების ცენტრი.
ცრუ წინასწარმეტყველნი
მოდით, მოვისმინოთ ეს მონაკვეთი და ვკითხოთ საკუთარ თავს: რა ფორმებს იძენენ ცრუ წინასწარმეტყველნი?
ისინი “გველების მხიბლავებს” ჰგვანან, ანუ, სარგებლობენ ადამიანთა ემოციებით მათ დასამონებლად და საკუთარ ნებაზე მათ სატარებლად. ღვთის რამდენი შვილი ექცევა მსწრაფლწარმავალი სიამოვნების ხიბლში, ბედნიერებაში რომ არევიათ! რამდენი მამაკაცი და ქალი ცხოვრობს ფულის ილუზიით მოხიბლულები, რომელიც სინამდვილეში აქცევს მათ მონაგებისა და წვრილმანი ინტერესების მონებად! რამდენს ჰგონია, რომ თვითონ ეყოფა საკუთარ თავს და მარტოობის მსხვერპლი ხდება! 
სხვა ცრუ წინასწარმეტყველნი არიან ის «შარლატანები», რომლებიც ტანჯვიდან იოლ და უშუალო გამოსავალს გვთავაზობენ, საშუალებებს, რომლებიც ვლინდებიან სრულებით არაეფექტურნი: რამდენ ახალგაზრდას სთავაზობენ ნარკოტიკების, «ერთჯერადი» ურთიერთობების, იოლი, მაგრამ უსინდისო მონაგების ყალბ გამოსავალს! რამდენი გაბმულა სრულებით ვირტუალური ცხოვრების ბადეში, რომელშიც ურთიერთობები ერთი შეხედვით მარტივი და სწრაფი ჩანს, არადა შემდგომ ვლინდება, რომ ყოფილა აზრისგან სრულებით დაცლილი! ეს თაღლითები, რომ იძლევიან ფასეულობას მოკლებულ საგნებს, ართმევენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ადამიანში – ღირსებას, თავისუფლებას და სიყვარულის უნარს. ამაოების სიცრუეა ფარშევანგებად რომ გვაქცევს... რათა ქვეყნის სასაცილონი გაგვხადოს; მასხრად აგდებულს კი უკან ხიდი ჩამტვრეული აქვს. არცაა გასაკვრი: ოდითგანვე ეშმაკი, რომელიცაა «მატყუარა და ტყუილის მამა» (იო 8,44), წარმოგვიდგენს ბოროტებას სიკეთის იერით, ხოლო სიცრუეს, როგორც სიმართლეს, რათა ადამიანის გულს თავგზა აუბნიოს. ამიტომაც, ყოველი ჩვენგანი მოხმობილია გაარჩიოს საკუთარ გულში და შეამოწმოს, ამ ყალბ წინასწარმეტყველთა სიცრუენი ხომ არ შეპარვია. გვმართებს ვისწავლოთ არ შევჩერდეთ უშუალო, ზედაპირულ დონეზე, არამედ ამოვიცნოთ ის, რაც ჩვენში ტოვებს კეთილ და ხანგრძლივ კვალს, რადგან ღვთისაგანაა და ნამდვილად ფასობს ჩვენი სიკეთისათვის.
ცივი გული
დანტე ალეგიერი, ჯოჯოხეთის აღწერისას, წარმოიდგენს ეშმაკს ყინულის ტახტზე მჯდომარეს;[2] ის მკვიდრობს ჩახშული სიყვარულის სიცივეში. კვლავ ვკითხოთ ჩვენ თავს: რაგვარად ცივდება ხოლმე ჩვენში სიყვარული? რა ნიშნები მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენში სიყვარულს ჩაქრობა ემუქრება?
ის, რაც სიყვარულს აქრობს, პირველ რიგში ფულის სიხარბეა, «ყოველი ბოროტების ფესვი» (1ტიმ 6,10); მას მოსდევს ღმერთის უარყოფა და, შესაბამისად, მასში ნუგეშის პოვნის უარყოფა, როდესაც საკუთარი გაპარტახება გვირჩევნია, ვიდრე მისი სიტყვისა და საიდუმლოების ნუგეში.[3] ყოველივე ეს იქცევა ძალადობად, რომელიც მიემართება იმათკენ, ვისაც მივიჩნევთ რომ საფრთხეს უქმნის ჩვენს «უტყუარ სიმტკიცეებს»: ჯერაც არ დაბადებული ბავშვი, სნეული მოხუცი, მოგზაური სტუმარი, უცხოელი, და ის მეზობელიც, რომელიც არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს.
ქმნილებაც სიყვარულის გაცივების უტყვი მოწმეა: დედამიწა მოწამლულია დაუდევრობითა და ანგარებით გადაყრილი ნაგვით; დაბინძურებულმა ზღვებმაც სამწუხაროდ უნდა დამარხონ იძულებითი მიგრაციის ამდენი მსხვერპლის ნაშთი; ცანი – ღვთის ჩანაფიქრში რომ გალობენ მის სადიდებელს – დაუსერავთ მანქანებს, სიკვდილის იარაღს რომ მიმოაბნევენ.
სიყვარული ცივდება ჩვენს საკრებულოებშიც: სამოციქულო ექსჰორტაციაში Evangelii gaudium შევეცადე აღმეწერა ამ სიყვარულის ნაკლებობის ყველაზე აშკარა ნიშნები. ესენია: თავკერძა სულიერი მცონარება (აკედია – მთ.), უნაყოფო პესიმიზმი, განკერძოების ცდუნება და გაუთავებელ ძმათამკვლელი ომების გამართვა, ამქვეყნიური მენტალიტეტი, რომელიც გვიბიძგებს დავკავდეთ მხოლოდ იმით, რაც აშკარაა, რითაც ამცირებს მისიონერულ სულისკვეთებას.[4]
როგორ მოვიქცეთ?
თუ ჩვენში და ჩვენს გარშემო ვხედავთ ამ ჩამოთვლილ ნიშნებს, აი, ეკლესიაც – დედა და მოძღვარი ჩვენი –, სიმართლის ხშირად მწარე წამალთან ერთად დიდმარხვის ამ ჟამს გვიწვდის ლოცვის, მოწყალებისა და მარხვის ტკბილ ბალზამს.
ლოცვისათვის მეტი დროის დათმობით საშუალებას მივცემთ ჩვენს გულს ნიღაბი ჩამოხსნას ფარულ სიცრუეებს, რომლებითაც ვიტყუებთ ჩვენს თავს, [5] რათა ბოლოს და ბოლოს ნუგეშის ძებნა ღმერთთან დავიწყოთ. იგია მამა ჩვენი და ჩვენი სიცოცხლე უნდა.
მოწყალების გაცემა გვათავისუფლებს სიხარბისაგან და გვეხმარება ამოვიცნოთ მოყვასში ძმა: ის, რაცა მაქვს, არასოდესაა მხოლოდ ჩემი. როგორ მინდა, რომ მოწყალების გაცემა იქცეს ყველასათვის ცხოვრების ნამდვილ სტილად! როგორ მინდა, რომ, როგორც ქრისტიანებმა, მივბაძოთ მოციქულთა მაგალითს და ვხედავდეთ ჩვენი ქონების სხვებისათვის გაზიარებაში, იმ თანაზიარების ხელშესახებ მოწმობას, რითაც ვცხოვრობთ ეკლესიაში. ამასთან დაკავშირებით მსურს დავესესხო წმიდა პავლეს მოწოდებას, რომლითაც იგი კორინთოელებს მოუხმობს, შესაწირი აკრიფონ იერუსალემის საკრებულოსათვის: «მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის» (2კორ 8,10). ეს განსაკუთრებული სახით ასეა დიდმარხვაში, როდესაც მრავალი ორგანიზაცია კრებს შესაწირს გასაჭირში მყოფი ეკლესიებისა და ხალხებისათვის. მაგრამ, როგორ მინდა, რომ ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებშიც, ყოველი ძმის წინაშე, ჩვენს დახმარებას რომ ითხოვს, ვფიქრობდეთ, რომ სწორედ ამგვარად გვიხმობს ღვთიური განგება: მოწყალების ყოველი გაცემა არის შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო იმ განგებაში, რითაც ღმერთი ექცევა თავის შვილებს; და თუკი იგი დღეს ჩემი საშუალებით ეხმარება ამა თუ იმ ძმას, როგორ არ იზრუნებს ხვალ და ზეგ ჩემს საჭიროებებზე, იგი ხომ არავის უდებს ტოლს სულგრძელობაში?[6]
დაბოლოს, მარხვა, ძალას ართმევს ჩვენს ძალადობას, ფარ-ხმალს გვართმევს და წარმოადგენს ჩვენი ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ერთი მხრივ ის საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ, თუ რას გრძნობენ ისინი, ვისაც არა აქვთ სრულებით აუცილებელიც და ყოველდღე ჩაჰყურებენ შიმშილს თვალებში; მეორე მხრივ კი გამოხატავს ჩვენი სულის მდგომარეობას, სიკეთე რომ მოშიებია და ღვთიური სიცოცხლე რომ სწყურია. მარხვა გვაღვიძებს, ყურადღებას გვმატებს ღვთისა და მოყვასის მიმართ, გვიღვიძებს იმ ღმერთისადმი მორჩილების ნებას, რომელიც ერთადერთი აკმაყოფილებს ჩვენს შიმშილს.
ვისურვებდი, რომ ჩემ ხმას მიეღწია კათოლიკე ეკლესიის საზღვრებს მიღმა და მოგწვდეთ ყველას, კეთილი ნების ყველა მამაკაცსა და ქალს, ღმერთის ხმაზე რომ ხართ გახსნილნი. თუკი ჩვენს მსგავსად, თქვენც გაწუხებთ ურჯულოების მომრავლება წუთისოფელში, თუკი გაშფოთებთ ის სიცივე, გულები და მკლავები რომ გაუყინავს, თუკი ხედავთ, რომ ქრება საერთო ადამიანობის შეგრძნება, შემოგვიერთდით, რათა ერთად მოვუხმოთ ღმერთს, ერთად ვიმარხულოთ და ჩვენთან ერთად გასცეთ, რამდენიც შეგიძლიათ ძმათათვის ხელის გასამართად!
პასექის ცეცხლი
მოვუწოდებ პირველ რიგში ეკლესიის წევრებს, მხურვალედ შეუდგნენ დიდი მარხვის გზას, მოწყალებით, მარხვითა და ლოცვით განმტკიცებულნი. თუ სიყვარული მრავალთა გულში, ზოგჯერ თითქოს ჩამქრალაო, არა ღვთისაში! ის მუდამ გვაძლევს ახალ-ახალ შესაძლებლობებს, რათა კვლავ დავიწყოთ სიყვარული.
ხელსაყრელი შესაძლებლობა წელსაც იქნება ინიციატივა «24 საათი უფალს», რომელიც გვიწვევს აღვასრულოთ შერიგების საიდუმლო ევქარისტიული ადორაციის კონტექსტში. 2018 წელს ის შედგება პარასკევს, 9 და შაბათს, 10 მარტს, შთაგონებული 130,4 ფსალმუნის სიტყვებით: «შენს მიერ არის შენდობა». ყოველ ეპარქიაში, ერთი ტაძარი მაინც დარჩება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად ღია, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა თაყვანი სცეს და აღსარების საიდუმლო მიიღოს.
პასექის ღამეს კვლავ აღვასრულებთ საპასექო კელაპტრის ანთების მრავლისმეტყველ წესს: «ახალი ცეცხლიდან» აღებული ნათელი თანდათანობით გაფანტავს წყვდიადს და გაანათებს ლიტურგიულ კრებულს. «ქრისტეს ნათელმა, ვინც დიდებულად დგება მკვდრეთით გაფანტოს გულისა და სულის წყვდიადი», [7] რათა ყველამ შევძლოთ ხელახლა განვიცადოთ ემაუსელ მოწაფეთა გამოცდილება: უფლის სიტყვის მოსმენა და ევქარისტიული პურით საზრდოობა საშუალებას მისცემს ჩვენს გულს, კვლავაც აღენთოს რწმენით, იმედითა და სიყვარულით.
გულით დაგლოცავთ და ვლოცულობ თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ ჩემთვის ლოცვა.


ვატიკანიდან, 2017 წლის 1 ნოემბერი


ყველაწმიდას დიდდღესასწაული

ფრანცისკე

[1] რომაული კონდაკი, დიდმარხვის 1-ლი კვირადღე, კოლექტა
[2] «Lo ’mperador del doloroso regno / da mezzo ’l petto uscia fuor de la ghiaccia» (Inferno XXXIV, 28-29).
[3] "საინტერესოა, რომ ასე ხშირად გვეშინია ნუგეშისცემის, ნუგეშისცემის მიღების. მეტიც, უფრო საიმედოდ ვგრძნობთ თავს სევდაში და გაპარტახებაში. იცით ამის მიზეზი? ეს იმიტომ ხდება, რომ სევდაში საკუთარ თავსა ვგრძნობთ მოქმედ გმირებად. ნუგეშისცემაში კი სული წმიდაა მოქმედი გმირი" (ანგელუსი, 2014 წლის 7 დეკემბერი).
[4] Nn. 76-109.
[5] შდრ ბენედიქტე XVI, ენციკლიკა Spe salvi, 33.
[6] შდრ პიუს XII, ენციკლიკა Fidei donum, III.
[7] რომაული კონდაკი, საპასექო ღამისთევა, ლუცერნალიუმი.

©2017 by Catholicchurch.ge