• chilingarashvili19

ნაცრისყრის ოთხშაბათი, სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით 6, 1-6.16-18

ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთ საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.


განმარტება

დიდი მარხვა ყოველწლიურად გვიბრუნდება, ეს არის ორმოცდღიანი სავსე ჟამი, რაც ყველამ ერთად უნდა მივიღოთ როგორც მოქცევის ჟამი. ეკლესია - აცნობიერებს რა კაცობრიობის უმწეობას დიდი ძალისხმევით იაროს ყოველდღიური სიწმინდის გზაზე, დროის ისეთ სიზუსტეს ითხოვს, რაც გამოეყოფა ყოველდღიურობას და რასაც ერთდროულად შეიგრძნობს ყველა ქრისტიანი, ანუ "სხვა" ჟამი, "ძლიერი" ჟამი, რაშიც თავს მოუყრის ენერგიის იმ დიდ ნაწილს, რასაც თითოეული ადამიანი ფლობს. ეს არის ორმოცი დღე ღმერთთან დასაბრუნებლად, იმის უარსაყოფად, რაც მასთან გვაუცხოებს, მისი უსასრულო წყალობის უფრო მეტად შესაცნობად.

რწმენაში მოქცევა, რეალურად, არ არის ერთხელ და სამუდამოდ მომხდარი მოვლენა, ის დინამიზმია, რომელიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ასაკში უნდა განახლდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დროთა მსვლელობამ შეიძლება ქრისტიანი აიძულოს თანამედროვე აზროვნებას, გადაღლილობას, აზრისა და მიზნის დაკარგვას შეეგუოს, რითაც იგი სიგიჟეში ამყოფებს საკუთარ რწმენას. დიახ, მარხვა უპირველესად საკუთარი ჭეშმარიტებისა და ავთენტიურობის მიგნების ჟამია, ვიდრე მონანიების: ეს არ არის რაიმე სიქველის “კეთების“ ან უფრო მეტად თვითგვემის ჟამი; დღევანდელ სახარებაში იესო აცხადებს, რომ ფარისევლებიც მარხულობენ, ქველმოქმედებენ და ლოცულობენ (შდრ. მთ. 6,1-6.16-18); საჭიროა გაერკვე ქრისტიანული ცხოვრების მიზანსა და საშუალებაში, ღმერთს შეუერთო ცხოვრება, იპოვო ჭეშმარიტება საკუთარ არსებობაზე. "იყავი წმიდა, რამეთუ უფალი შენი ვარ წმინდა"; „იყავით სრულყოფილი, როგორც მამათქვენია სრულყოფილი“; ამ სიტყვებს ვისმენდით ბოლო კვირას. ჩვენი არსებობა- ეს ღვთის წმიდანობაა ჩვენში, როგორც მის შვილებში. მოწოდებები, რაც დიდებულად გაიჟღერენ ჩვენი ეკლესიის წლევანდელ გზაზე.

სწორედ ნაცრისყრის ოთხშაბათს დგება ეს ხელსაყრელი ჟამი, რათა ვიცხოვროთ წმიდანობაში; და ამ დღეს, როგორც ამაზე სახელიც მეტყველებს, ყველა ქრისტიანი თავზე ნაცარს იყრის. ალბათ ეს ქმედება ყოველთვის გასაგები არ არის, მაგრამ ის შეიძლება უფრო მეტად ეფექტური იყოს, ვიდრე ბევრი სიტყვა. ნაცარი, ცეცხლის ნაყოფი, რომელიც იწვის და იღვენთება, განწმენდის სიმბოლოს შეიცავს, მაგრამ იგი ჩვენი სხეულის მდგომარეობასაც შეგვახსენებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ იხრწნება და მტვრად იქცევა - სწორედ ისე, როგორც ოდესღაც ამაყად მდგარი ხე, უკვე მოჭრილი და დამწვარი, ნაცრად იქცევა, ასევე ემართება მიწასთან დაბრუნებულ ჩვენს სხეულს, მაგრამ ამ ნაცრის საბოლოოდ მიზანი აღდგომაა.

ნაცრის მრავლისმთქმელი სიმბოლო, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში და იუდეველთა ლოცვებში გვხვდება: თავზე ნაცრის მოყრა ეს იყო მონანიების ნიშანი, შეცვლის სურვილი გამოცდის, მძიმე განსაცდელის, გამწმენდი ცეცხლის მეშვეობით. ცხადია, ეს მხოლოდ ნიშანია, რომელსაც სურს ქრისტიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ავთენტიური სულიერი მოვლენა აღნიშნოს: მომნანიებელი გულის მოქცევა და სინანული. და თუ რწმენით და სულიწმიდისადმი მოხმობით შესრულდება ეს ნიშანი, ეს ჟესტი, მისი თვისება აღიბეჭდება ქრისტიანის სხეულში, გულში და სულში, რითაც გააძლიერებს მოქცევის პროცესს წმიდა ცხოვრებისკენ.

დიახ, ნაცრისყრა, ნიშნავს გააცნობიერო ის, რომ ღვთის სიყვარულის ცეცხლი ჩვენს ცოდვას შთანთქავს; ნიშნავს იმის აღქმას, რომ ჩვენი ცოდვების წონა, ღვთის გულმოწყალებით დაღვენთილი, "მსუბუქია"; ნაცრისყრა ნიშნავს ჩვენი ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, რასაც სააღდგომო ცისკარზე საზეიმოდ განვაახლებთ: ჩვენ ნაცრად ვიქცევით, მაგრამ საბოლოოდ აღვდგებით. ნაცრისყრის დღე უკვე თითოეული ჩვენგანის აღდგომის მაუწყებელია. "და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.", შეგვაგონებს დღევანდელი სახარება.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

54 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge