• Akaki Chelidze

21 მაისი. სახარების განმარტება ამაღლებაზე (დდ) მათე 28,16-20

ამაღლების დღესასწაული განეკუთვნება, საპასექო დღესასწაულების მეორე ფაზას; ეს არის საიდუმლო (მისტერიუმი), რომელიც პირდაპირ ეხება მიწიერ ეკლესიას. ამაღლების ფენომენთან დაკავშირებით მოციქულთა საქმეებში გადმოცემულია ასეთი სიტყვები, რომლითაც ანგელოზები მიმართავენ:“გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას?“ ეს სიტყვები მიმართული იყო მათდამი, რომლებიც იმ ღრუბელს მიჩერებოდნენ და თვალს ვერ წყვეტდნენ, რომელმაც უფალი იესო მოსწყვიტა თვალსაწიერს. იესო, რომელიც უხილავი იყო და განხორციელებით ხილულ იქმნა, ამაღლებით კვლავ უხილავობას უბრუნდება. სწორედ, ამაღლებამდე იესო მოწაფეებს აძლევს კონკრეტულ მისიას. ვინაიდან იესოს მისია დასასრულს უახლოვდება (ნათლისღებიდან დაწყებული მამასთან დაბრუნებამდე), აქედან მოყოლებული ეკლესია იწყებს მისიას (იესოს დადგენილებით). კარგად მოგეხსენებათ, რომ დასასრული არის ასევე რაიმეს დასაწყისი. ეს მუდმივი პროცესია, ვიდრე საბოლოო აღსრულებამდე.

იესოს თერთმეტი აჰყავს გალილეის მთაზე. ნეტა რომელია ეს მთა? ეგზეგეტების მიხედვით იგი ნეტარების მთაა. ცხადია ეს შემთხვევითი არ გახლავთ. გვახსოვს მოცემული ადგილი, სადაც იესო შემდგარი ცხოვრების „გეგმას“ აცნობს მათ, ვინც ესწრაფვის ნამდვილი წარმატებისაკენ. სწორედ შეხვედრის ბოლო ადგილადაც მას ირჩევს, სადაც აძლევს კურთხევას ამ გეგმის განხორციელებისა.

ისმის კითხვა, კი მაგრამ რა იყო იესოს უმთავრესი მისია? ცხადია გამოსყიდვა, ცათა სასუფევლის უწყება და ა.შ. თუმცა, ვფიქრობ იესოს უპირველესი მისია იყო, მამის სახის (ხატების) გაცხადება და ახლოდან ჩვენება. ის, რაც ნაწილობრივ მრავალმა რწმენის მამამ თუ წინასწარმეტყველმა გადმოსცა, მაგრამ ასე სრულყოფილად და ასე ზედმიწევნით ვერავინ შეძლო, მხოლოდ იესომ. ეს კარგად ჩანს იოანეს სახრებაში (14,8-9), ფილიპეს კითხვაზე იესო პასუხობს, რომ ვინც ძე იხილა, მან მამაც იხილა. რასაკვირველია, ეს დიადი ჭეშმარიტება ერთობ აღმაფრთოვანებელი და სასიხარულოა, თუმცა არა მოხოლოდ სასიხარულო, ასევე სარისკოც. რატომ? იმიტომ, რომ ეს ხატება ხშირად იწვევს დაბრკოლებას. ერთის მხრივ არის მამის ავთენთური სახე, მეორეს მხრივ კი ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული, აგებული, დახატული და შექმნილი; რაც სრულიად განსხვავებულია ვიდრე არის. ამიტომ, ადამიანი ამის აღმოჩენისას ვარდება კრიზისში და არ სურს დათმოს შეთხზული ხატება, რათა მიიღოს ის ნამდვილი და ჭეშმარიტი, რომელსაც უფალი სთავაზობს. ვინაიდან თავის შექმნილში თავს მყუდროდ გრძნობს. არ სურს ანდაც შიში აქვს მასთან განშორებისა თუ დაკარგვისა... ცხადია ამის ნათელი მაგალითი გახლავთ იესოს დროინდელი სხავდასხვა ტიპის ოპონენტები, რომელთა შორისაა, სასულიერო დასი, სხვადასხვა რელიგიური თუ ეროვნული ნიშნით გაერთიანებული დაჯგუფებანი, რომელთაც ვერ შეძლეს დაეთმოთ საკუთარი „ნაწილობრივი“, სრულყოფილის მისაღებად. ამიტომ, იესოს უწყება იმ მაშტაბის რეზონანსს ვერ აღწევს, რა ზომისაც სასურველი იქნებოდა. ღმერთის სიშორისა და დისტანცირების (საშიშის) ნათელი მაგალითია იერუსალიმის ტაძარი, რომელიც წმიდათაწმიდამდე უამრავ „ბარიერს“ წარმოადგენდა, და იქაც კი მიახლოება თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, იესოს მიერ გაცხადებული ღმერთი განსხვავებულია: ახლოს მყოფი, მოყვარული, მიმტევებელი და თავად იესოში წარმოდგენილი „სუსტიც“ კი. ცხადია ეს არც დღევანდელი მორწმუნე ადამიანისთვისაა „უცხო ხილი“. ამიტომ, იესო ქრისტე სათანადო ადგილზე ირჩევს ბოლო შეხვედრასა და მისიის მინიჭებას.

იესო მოწაფეებს აძლევს ხელმწიფებას. საინტერესოა რა ძალა-უფლებაზეა საუბარი. სწორად, რომ გავიგოთ, გაგვახსენდება იესოს გამოცდა მაცდურის მიერ, რომელიც სთავაზობს ხელმწიფებას, ასევ პილატესთან დიალოგი და სხვა მრავალი. რომელშიც ჩანს რომ მისი ძალა-უფლება გამოიხატება არა წუთისოფლისეულში, რომელიც აგებულია ეგოიზმსა და ძალადობაზე, არამედ იესოს ხელმწიფება - საკუთარი თავის მიძღვნაა. ამიტომ, მოწაფეები მოხმობილნი არიან წავიდნენ, თუმცა მანამდე „გამოვიდნენ“ ამ ჩაკეტილი ჩარჩოებიდან (წარმოდგენიდან, დარწმუნებიდან, ჩვეულებიდან...), რათა განახლებულებმა შეძლონ ჩაბარებული მისიის შესრულება.

მორიგი კითხვა კი - პრაგმატულია: რა უნდა გააკეთონ? სამმაგი მისია: 1. მოიმოწაფონ; 2. მონათლონ; 3. ასწავლონ დაცვა. ძალიან მოკლედ განვიხილოთ ეს სამი, რათა ჩავწვდეთ ამ დღესასწაულის კონკრეტულობას ჩვენს ცხოვრებაში.

1. მომოწაფება. ე.ი. ყველა ხალხი აქციონ მოწაფეებად. მოწაფე არის ის, ვინც უშუალოდ ცხოვრობს მასწავლებელთან და იღებს ცოცხალ გამოცდილებას და არა უბრალოდ ცოდნას. ამიტომ, ძვირფასნო რწმენაში გამოცდილება უპირატესია.

2. მონათლეთ. რაც ცხადია არ შემოიფარგლება საკრამენტალური აღსრულებით, არამედ ბერძნული სიტყვიდან გამომდინარე ნიშნავს, შთაფვლას, ჩაძირვას და ამ მდგომარეობაში დარჩენას. ანუ ღმერთში შთაფვლასა და დარჩენას.

3. ასწავლეთ დაცვა. ცხადია ამაში არ მოიაზრება რაიმე დოქტრინალური დამოძღვრა, არამედ იესოში დანახული მამის სახის უწყება/ჩვენება და მითითება, თუ როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა აკეთონ ცხოვრებაში, რათა ნამდვილად ნეტარნი იყონ.

სწორედ ასეთ მისიას გვანდობს უფალი ჩვენ, რათა ავმაღლდეთ და ავამაღლოთ სხვანი, მისი „დამდაბლებიდან“, რათა მუდამ განდიდებული იყოს ჩვენში მამის სახელი!

გილოცავთ მთელი გულით!

პატივისცემით მ. პაატა ქომოშვილი.

15 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge