• chilingarashvili19

სახარების განმარტება 22 მარტი IV დიდმარხვის კვირა


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით 9, 1-41

მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: ,,რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ მიუგო იესომ: ,,არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ.“ ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა მას: ,,წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: ,,ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“ ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო. მაშინ უთხრეს მას: ,,როგორ აგეხილა თვალები?“ მიუგო მან: ,,კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: 'წადი შილოახს და მოიბანე.' წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“ და უთხრეს მას: ,,სადაა იგი?“ ამბობს: ,,არ ვიცი. “მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო. შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: ,,ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“ თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: ,,ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს.“ სხვებმა კი თქვეს: ,,როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება. კვლავ ეუბნებიან ბრმას: ,,შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. და ჰკითხეს მათ: ,,ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: ,,ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“ ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო. მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: ,,მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“ მიუგო მან: ,,არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“ კვლავ უთხრეს მას: ,,რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“ მიუგო მათ: ,,მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“ მათ გალანძღეს იგი და თქვეს: ,,შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი.“ მიუგო კაცმა და უთხრა მათ: ,,საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს. დასაბამიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს. ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა. მიუგეს და უთხრეს მას: ,,შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი. გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: ,,შენ გწამს ძე კაცისა?“ მიუგო მან და თქვა: ,,ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ უთხრა იესომ: ,,შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა.“ მან თქვა: ,,მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას. და თქვა იესომ: განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“ გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: ,,ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ უთხრა მათ იესომ: ,,ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ.“


განმარტება

დიდ მარხვის კვირის ლიტურგიებში, გვეცხადება იესოს მხსნელი მისიის სხვადასხვა საიდუმლო. უდაბნოში ყოფნისას უფალმა გვაჩვენა, როგორ ვებრძოლოთ მაცდურს, რათა ღვთისშვილის იდენტობა შევინარჩუნოთ. ტაბორის მთაზე თავისი ღვთაებრიობის სიბრწყინვალე გვაჩვენა, რომელიც ადამიანურ ბუნებას ასხივოსნებს. სამარიელ ქალთან საუბრისას განაცხადა, რომ ზუსტად ის არის მხსნელი - მესია, რომელსაც ელოდნენ. სამაგიეროდ დღეს, როცა ბრმადშობილს უბრუნებს მხედველობას, ცხადყოფს ჩვენი რწმენის მნიშვნელობას და წმინდა ნათლობის საიდუმლოებას.

შეიძლება დავსვათ კითხვა, თუ როგორ ვუყურებთ / აღვიქვამთ ღმერთს: თვალებით, წარმოსახვით, თუ გულით? ან იქნებ ამაში ყველა შეგრძნება მონაწილეობს? რთულია ამის გაგება. როგორ დავინახოთ ვინმე, ვინც წარმოუდგენელია, ვინც თეოლოგიის ენაზე რომ ვთქვათ, არის ტრანსცენდენტული? ის შეიძლება შევიცნოთ მხოლოდ გულით, არა თვალებით. ზუსტად ამას ემყარება ჩვენი რწმენა. ვინაიდან ღმერთს მხოლოდ გულითა და სულით შევიმეცნებთ. ზუსტად ღმერთის ამგვარ შემეცნებაზეა საუბარი ჩვენს პირველ საკითხავში, რომელიც ღვთის მიერ ცხებულის, მეფის არჩევას ეხება. უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.(1 მეფ 16,7).

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ბრმადშობილის განკურნების სახარების მონაკვეთს იმ კათაკმეველებს (კატეხუმენებს) უკითხავდნენ, ვინც წმინდა ნათლობას მიღებისთვის ემზადებოდნენ, რომელიც აღდგომის ღამისთევა ტარდებოდა. ამით უნდა ესწავლათ, რომ ნათლობასთან ერთად ისინი რწმენის ნიჭს მიიღებდნენ, ანუ უნარი იხილონ იმაზე მეტი ვიდრე თვალი ხედავს. მათთვის ვინც ნათლობას ბავშვობაში იღებს, ბრმადშობილის განკურნების წაკითხვამ უნდა შეახსენოს იმ დროს მიღებული რწმენის ნიჭის შესახებ და მოამზადოს ისინი აღდგომის ღამისთევას ამ რწმენის დასადასტურებლად.

რწმენის ნიჭი, რომელიც ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამსახურებების გარეშე მივიღეთ, შეიძლება ასევე ადვილად დავკარგოთ, ამის მაგალითია ნეტარი მამა ჰონორატ კოზმინსკი (1829-1916). რწმენა მან დაკარგა გიმნაზიაში. როგორც „ათეიზმის მოციქულმა”, თვითონ უწოდა თავის თავს, თავს ესხმოდა და დასცინოდა მორწმუნეებს. ეკლესიაში მხოლოდ ღმერთის შეურაწხყოფისათვის დადიოდა, ”, მკრეხელობდა, დასცინოდა ჯვარცმულ იესოს. ენანებოდა ადამიანების მიერ დაღვრილი ცრემლები იესოს წამების გამო”, წითელ პარასკევს დემონსტრაციულად ჭამდა ძეხვს. 16 წლის ასაკში, რუსეთის მეფის ხელისუფლებამ ის შეიბყრო და ვარშავის ციტადელის ციხეში მოათავსა. უდანაშუაულოდ ბრალდებულმა, საშინელ საკანში 11 თვე გაატარა, სადაც ტიფი შეიძინა და „ჭკუაზე შეირყა”. დედა მისს, რომელიც თავისი შვილისთვის ყოველ დღე ეკლესიაში ლოცულობდა, ეუბნებოდნენ, რომ მისი ვაჟი გაგიჟდა. მამა ჰონორატის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ გადარჩა და მოქცევა განიცადა. ასე წერდა: „იესო მოვიდა ჩემთან საბყრობილის საკანში და ნაზათ რწმენამდე მიმიყვანა”. 26 ორდენის სახლი დააარსა, რომელთაგან დღემდე ათზე მეტი არსებობს. დღეში 19 საათს მუშაობდა. იყო სააღმსარებლოლ მოწამე, მხურვალე სულიერი მოძღვარი, ღრმად ჩამწდომი მქადაგებელი. ხოლო ყველაზე დიდ ბედნიერებად წმინდა წირვების ჩატარება მიაჩნდა.

როგორც ქრისტიანები, ვართ მოწოდებულნი მისთვის, რომ დავფიქრდეთ ჩვენს რწმენაზე,რომელიც ეკლესიის მიერ არის აღიარებული. ამგვარად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ ის მხოლოდ სუბიექტური განცდის საგანი კი არაა, არამედ რომ მისი განცდა საკრებულოშიც ხდება და რომ მას თაობიდან თაობამდე გადავცემთ. რწმენა ყველა მორწმუნის მოღვაწეობას წარმოადგენს, მისი მდიდარი სწავლება, „რომელიც ეკლესიამ მიიღო, გაავრცელა და შეინარჩუნა თავისი ორიათასწლლიანი არსებობის ისტორიის მანძილზე. ეკლესიის მამებისა და თეოლოგიის მოძღვრების წერილები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მოღვაწეობდნენ. [...] ეკლესია აანალიზებდა და ავითარებდა თავის სწავლებას, რათა მორწმუნეებისთვის მეტი სიმტკიცე მიეცა მათ რწმენაში” (ბენედიკტ XVI, სამოციქულო წერილი Porta fidei, 11).

წმ. პავლე წერილში ეფესელთა მიმართ მოგვიწოდებს მოვიქცეთ როგორც ნათლის შვილები. ამ მდგომარეობის დასაწყისი არის ნათლობა, რომლის დამსახურებით სიბნელის მდგომარეობიდან სინათლეში გადავდივართ. ამ ცვლილებას ნატლობას მეშვეობით ახორციელებს ქრისტე, სინათლე, ქრისტიანულ სააღდგომო ცხოვრების გზაზე. მხოლოდ იესოს, რომელიც მამის სიყვარულს გვიცხადებს, შეუძლია აგვიხილოს ცოდვებით დაბრმავებული ჩვენი თვალები და განკურნოს ჩვენი ხედვა ღმერთზე, ჩვენზე და ჩვენს მოყვასზე. რწმენის მადლი არ მიოპოვება დამსახურებით. ღმერთს სწყურია უხვად გაგვიზიაროს ის უანგაროდ. ჩვენზეა დამოკიდებული მოგვინდება თუ არა მისი მიღება, რათა ჩვენს ცხოვრებაშიც ღვთის დიდებული საქმენი გამოვლინდეს. ხოლო ნატელის კონკრეტული ნაყოფები, როგორც ყველაფერი მართალი, არის სამართლიანობა, გულის სიკეთე და გულწრფელობა სიტყვებსა და საქმეებში და სხვათა უფლებების დაცვა.

გვახსოვდეს, რომ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ „დამაჯერებელ დამოწმებას საჭიროებს, იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც შეძლებენ უსასრულოდ მრავალ ადამიანს გაუხსნან გული და გონება ღმერთის მისაღებად” (Porta fidei, 15).

იესო, მადლობას გიხდი რწმენის მადლისათვის. გთხოვ, ამიხილე თვალები შენი საქმეებისადმი ჩემს ცხოვრებაში.

მამა ზიგმუნტ ნიეჯვიეჯი

29 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge