• chilingarashvili19

1 მარტი სახარების განმარტება, დიდმარხვის I კვირა


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით 4, 1-11

მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: ,,თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: ,,დაწერილია, რომ 'არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. მაშინ წაიყვანა ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. უთხრა მას: ,,თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: ,,თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა. უთხრა მას: ,,ასევე დაწერილია: 'არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.'“ ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან დიდ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: ,,ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“ მაშინ იესომ უთხრა: ,,განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: 'უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.'“ მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.


განმარტება

ერთი რამ ნათელია: იესოს რომ სხვაგვარად ეპასუხა სამ წინადადებაზე, სატანა რომ სთავაზობს მას უდაბნოში, მისი მისიის დასაწყისში, არც ჯვარი გვექნებოდა და არც ქრისტიანობა. და რას სთავაზობდა ეშმაკი ასეთ გადამწყვეტს? იმ წინადადებათა მეშვეობით, ეშმაკი რომ სთავაზობს მას, იესო იმყოფება არჩევანის წინაშე, რა სახის მესია გახდეს, რა სახის ადამიანი იყოს! მართლაც, სამი ცდუნება მას და ჩვენ გვაყენებს ურთიერთობათა სამყაროს წინაშე: ესაა ურთიერთობა საკუთარ თავთან და საგნებთან (ქვები ან პურები?); ურთიერთობა ღმერთთან, რწმენისადმი გახსნილი გამოწვევის მეშვეობით (ჩვენს სამსახურში მყოფი მაგიური ღმერთის ძიება); ურთიერთობა სხვებთან (ძალაუფლება და ბატონობა). ესაა ცხოვრების სამი მთავარი მიმართულება და მათ ვიღებთ იმიტომაც, რომ ისინი იმ სამი აღთქმის შინაარსია, ბერ-მონაზვნები რომ დებენ (მათი გამოცდილება მუდამ რაღაცას გვასწავლის): სიღარიბის, მორჩილებისა და უბიწოების აღთქმა! სამი მთავარი გადაწყვეტილება მათი ცხოვრებისთვის, რომ იყვნენ ღმერთთან თანხმობაში.

პირველი ცდუნება: რომ ეს ქვები პურებად იქცნენ! პური სიკეთეა, უსათუო ფასეულობაა, მაგრამ იესოს არასდროს უძებნია პური საკუთარი სარგებლისათვის, თავად გახდა პური ყველას სასარგებლოდ. დიდმარხვის ჟამს მეც უნდა ვკითხო საკუთარ თავს: როგორი ურთიერთობა მაქვს საგნებთან? ის, რაც მაქვს, ვის სასარგებლოდაა? იესო მას პასუხობს ფსონის აწევით და მეტ სიცოცხლეს სთავაზობს: «არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი ». პური კარგია, პური სიცოცხლეს იძლევა, მაგრამ მეტი სიცოცხლე გამოდის ღმერთის ბაგიდან. ყოველივე კარგია და ეხმარება ჩვენ ცხოვრებას, მაგრამ მეტი სიცოცხლე მოდის ღმერთისგან. მისი ბაგიდან მოდის სინათლე, კოსმოსი, ქმნილება. რაოდენ ადვილია საგნებით დაბრმავება, იმის ფიქრი, რომ პური ყველაფერია ცხოვრებაში. არსებობს ამ პირველი მონობის რისკი, იესოსთვის და ჩემთვის! მუდმივი ცდუნება!

მეორე ცდუნება: “გადაიგდე თავი, ასე ვიხილავთ მფრინავ ანგელოზთა დასს”... მშვენიერი სასწაულია, ხალხს უყვარს სასწაულები, და ისინი შენ გამოგყვებიან. ეშმაკი მაცდუნებელია, მეგობრად გაჩვენებს თავს, თითქოს სურდეს, იესოს დაეხმაროს, რომ უკეთესი მესია იყოს. და მეტიც, ცდუნება ხდება ბიბლიით ხელში (“დაწერილია...”). გადაიგდე თავი, მოახდინე სასწაული! პასუხი: არ გამოსცადო ღმერთი, რითაც ჩანს უდიდესი ნდობა განგებისადმი, ამის საპირისპირო კი არის კარიკატურა, ვინაიდან ის მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძიებაა. შენ არ ენდობი ღმერთს, მხოლოდ მისი გამოყენება გწადია, შენ გინდა ღმერთი შენს სამსახურში. აქ ცენტრში ოდენ ჩემი ნება, ჩანაფიქრი და სურვილია. ღმერთი ისე მცირდება, რომ შემიძლია ვთხოვო, შემიძლია მივმართო, როდესაც სხვა გზა არა მაქვს. იესოს არ სჭირდება ღმერთი, რომელიც სასწაულებს სჩადის, არამედ ღმერთი, რომელიც არის მამა! მორჩილება ნიშნავს, რომ მეტად ენდო ღმერთს, ვიდრე საკუთარ თავს!

მესამე ცდუნებაში ეშმაკი კიდევ ერთხელ სწევს ფსონს: თაყვანი მეცი და წუთისოფლის მთელ ძალაუფლებას მოგცემ. თაყვანი მეცი, მაშასადამე, მიჰყევი ჩემ ლოგიკას, ჩემ პოლიტიკას. აიღე ძალაუფლება, დაიკავე საკვანძო თანამდებობები, შეცვალე კანონები. რაც მეტი ძალაუფლება გაქვს, მით მეტი წარმატება გექნება! გინდა, შენს მხარეს გყავდეს ადამიანები? მიეც მათ პური, სასწაულები და ლიდერი, და ისინი ხელთ გეყოლება. დღესაც როგორ იზიდავს ძალაუფლება! მაგრამ იესო როდი ეძებს ადამიანებს, რომ მათზე იბატონოს, მას სურს თავისუფალი და საყვარელი შვილები, ყველას სამსახურში და ყოველგვარი ბატონის გარეშე. იესოსთვის ყველანაირი ძალაუფლება კერპთაყვანისმცემლობაა.

იესოს ამ შემოთავაზებებიდან ერთიც რომ მიეღო, არ დაასრულებდა ჯვარზე! იქნებოდა ის, ვისაც ადამიანები მოელოდნენ: გამარჯვებული, მდიდარი, ძლიერი მესია და ადამიანი, რომელსაც ემსახურებიან! მაგრამ არ იქნებოდა ღმერთის მესია!

“და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას”. მიახლება და მსახურება, ანგელოზისებური ზმნები, ზმნები ჩვენთვის! თუ ამ დიდმარხვისას შევძლებდი, რომ მივეახლო ვინმეს და ვიზრუნო მასზე, მცირე დრო და გული ვაჩუქო, მეტი სიფაქიზე გამოვიჩინო, იმ ვიღაცისთვის ვიქნებოდი უმშვენიერესი აღმოჩენა და, ჩემი შემხედვარე, იგი წამოიძახებდა: “ღმერთს ვუყვარვარ და მემსახურება ანგელოზის მეშვეობით”.

მეუფე ჯუზეპე პაზოტო

40 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge