• chilingarashvili19

12 აპრილი, აღდგომა


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით 20, 1-9

ერთ შაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ–პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: ,,უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“ მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა. სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა,  რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 

განმარტება

საყვარელნო, ვინ იცის, რაოდენი სიყვარული იდო ამ ქალების გულში... რომლებიც დილაადრიან მიდიან იესოს სამარხთან ნელსაცხებლებით მის დასაბალზამებლად... აშკარაა რომ დიდ სიყვარულთან ერთად დიდი სევდაც დაუფლებიათ... იმედგაცრუება... იესო მოკვდა... ნელსაცხებლები, ხელთ რომ უპყრიათ ამის ნიშანია. ბალზამირება ხომ სიკვდილისათვის დადგმული ძეგლიაო, მსმენია ვიღაცისგან!!! ამას გარდა.... ამას გარდა შეშფოთებულან, საზრუნავი აქვთ: ვინ გადააგორებს სამარხიდან ლოდს? ამ ქალების გზა ჰგავს ჩემს, ჩვენს, ეკლესიის გზას. ზოგჯერ გგონია ადამიანს, რომ ვეღარ მიაღწევ, მიზანი მუდამ ადგილს იცვლის და თან გვშორდება, რომ ლოდებს ჩაუხერგავს ჩვენი მისწრაფებანი, ჩვენი ლამაზი სურვილები, ჩვენი ოცნებები. რამდენჯერ დაგვხვედრია გზაზე ეს ლოდები. მაგრამ, აი, მიწისძვრა! სწორედ ისეთი მიწისძვრა მეორდება, იესოს სიკვდილს რომ მოჰყვა! იესოს სიკვდილიც და მისი აღდგომაც მიწისძვრაა! მიწისძვრა ხომ შერყევას ნიშნავს, ცხოვრების შეცვლას, მოულოდნელობას, ბიძგს, უძრაობიდან რომ გამოჰყავხარ. და მართლაც, ანგელოზი ეუბნება ქალებს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?“ უნდოდა ეთქვა: „რატომ გგონიათ, რომ ყველაფერმა უსარგებლოდ ჩაიარა? რად ჩაგიქნევიათ ხელი? საიდან მოიტანეთ სიტყვა «მარცხი»? რამ დაგაღონათ?“ ეს კითხვები ჟღერს ჩვენში, განსაკუთრებით ამ წმიდა პასექზე, ჩვენში, რომლებიც შორსა ვართ საკრებულოსგან, ცარიელ ტაძრებში, ლოცვებსა და მსახურებაზე, რომლებსაც არარეალური იერი აქვთ ტელეკამერებისა და კომპიუტერების ეკრანების ფილტრში გავლისას... რისთვის მოხდა ყოველივე ეს? ერთმა მომწერა: მომბეზრდა სევდიანი ამბების სმენა. კმარა! უიმედობა ლოდივითაა! ცოდვა ლოდია! ცოდვაა ეძიო სიცოცხლე მკვდრებს შორის! რად ეძებთ სიცოცხლეს მკვდრებს შორის? რად არ გადაწყვეტ შეცვლას? ნეტავ მალე შეძრას მიწისძვრამ გულები! საყვარელნო, ადამიანის ცხოვრება არ მთავრდება საფლავის ლოდთან. არ მთავრდება ჩიხში, მომაკვდავი იმედის წინაშე. პასექი გადაგორებული ლოდების დღესასწაულია. იესოს სიკვდილი და მისი აღდგომა ის მიწისძვრაა, რომელიც ცვლის და განაახლებს, ლოდებს გადააგორებს! წადით და უთხარით ძმებს, რომ უფალი აღდგა!!! აღდგა! ლოდი გადაგორებულია!!! პასექი ნიშნავს განთიადს, სიახლეს, სიყვარულის მზერას, გულის ამავსებელ უწყებას!

ძვირფასო დანო და ძმანო, გისურვებთ რომ ამ დღეებში თვალები სიხარულმა გაგიბრწყინოთ, დროგამოშვებით მიაპყროთ ხოლმე ისინი მოწმენდილ ზეცას, რათა სხვაგვარად შეძლოთ შეხედოთ გვერდითმდგომს, ცხოვრების მეგზურს. რათა მშვიდობამ, რომელსაც გვანიჭებს აღმდგარი უფალი – მისი პირველი სიტყვაც ხომ სწორედ მშვიდობა იქნება –, შეძრას ძირის ძირამდე თქვენი გულები და დამკვიდრდეს მათში!! მშვიდობა თქვენდა!

ქრისტე აღდგა

მეუფე ჯუზეპე პაზოტო

27 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge