• chilingarashvili19

16 თებერვალი სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით 5, 17-37

არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთ წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგან უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: 'არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი. გსმენიათ, რომ თქმულა: 'არ იმრუშო' მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე , ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. ასევე ნათქვამია: 'ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.' მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს მრუშობს. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: 'არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.' მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. არც ქვეყანა რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია იგი, არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: 'ჰო' ჰო! 'არა' არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისაგანაა.


განმარტება

ამ კვირადღეს განვაგრძობთ მათეს სახარების იმ ნაწილის მოსმენას, რომელსაც მთაზე წარმოთქმული ქადაგება ჰქვია და რომელიც იწყება ნეტარებებით. იოლი არ უნდა ყოფილიყო იესოს მსმენელისათვის ღარიბთა, მოტირალთა, დევნილთა ნეტარად შერაცხვა, რაკი იმდროინდელი ადამიანისათვის, ისევე როგორც დღევანდელისათვის, ღვთისნიერება უკავშირდებოდა კეთილდღეობას და წარმატებას, ხოლო სიმდიდრე და გამარჯვება ღვთის კურთხევის უტყუარი ნიშანი იყო. რჩეული ერის მოლოდინით, ყველა სხვა ხალხი მათი მოხარკე უნდა გამხდარიყო, წარმართთა მეფე-მთავრები კი – მათი მოახლენი. იესო კი საუბრობს სიღარიბეზე, გაზიარებაზე, თვინიერებაზე, მშვიდობაზე, სამართლიანობაზე... იესო სწორედ ამ მოლოდინების შესახებ ამბობს, არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედიო, რაც ძალზე იოლად შეიძლება გავიგოთ იმ ბრძანებებისა და აკრძალვების დაცვის მნიშვნელობით, რასაც ძველ აღთქმაში ვხვდებით. იესო კი გვეუბნება, ღმერთი თავის დანაპირებს თავად აასრულებს, თავის მიზანს მიაღწევს, მაშინაც კი როცა ადამიანი უარს ეტყვის მას თვალის გახელაზე და მისკენ მოქცევაზე (რაც, სხვათა შორის, საკუთარი ხედვების გადახედვასაც გულისხმობს) და მიაწერს ღმერთს თავის პატარა იმედების ასრულებას. ღვთის ერთგულებაა ადამიანის დახსნის გარანტია, ადამიანისა, რომლის თავისუფლებით შეიზღუდა ღმერთმა საკუთარი თავისუფლება, მაგრამ არა სიყვარული. იესო გვიცხადებს ამ რჯულის ნამდვილ მნიშვნელობას. საქმე გვაქვს არა რაიმე გარეგან, თავს მოხვეულ კოდექსთან, რომლის შესრულება-შეუსრულებლობაზეა დამოკიდებული ღმერთის ჩვენდამი დამოკიდებულება, არამედ იმ გზასთან, რომელზეც ადამიანი ადამიანურდება, ახორციელებს იმ ჩანაფიქრს, რომლითაც ღმერთმა შექმნა ის. საუბარია არა ყველა, თვით უმცირესი წესის სკრუპულოზულ შესრულებაზე, არამედ ღვთის ჩანაფიქრით განათებულ ურთიერთობებზე, სადაც გამზადებული რეცეპტების ნაცვლად გვხვდება ის ისრები, რომლებიც ღვთისაკენ მიგვანიშნებენ. «მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლე» კმაყოფილდება დაწერილი ნორმის შესრულებით, რაც აუცილებლად იწვევს სიბრმავეს იმ გარემოებებზე, რისი გათვალისწინება არცერთ ნორმას არ შეუძლია. აშკარაა, რომ იესო ამძაფრებს მცნებების მოთხოვნებს, მაგრამ იძლევა კიდეც მათი შესრულების ძალას, რაკი მისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, თუ რა უნდა გააკეთო, არის ის, თუ რატომ აკეთებ, ან რატომ უნდა გააკეთო. აქ გვაპოვნინებს უფალი იმ ძალების წყაროს, რომლითაც თავს დავაღწევთ ღმერთთან ვაჭრობისა და რაც შეიძლება იაფად გამოსვლის ვირეშმაკულ სურვილს. მსაჯული ღმერთი, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ ერთია, მოსიყვარულე მამა, რომელთანაც არაფერი გაქვს დასამალი – მეორე, მას ხომ მხოლოდ შენი სიკეთე ამოძრავებს და შენი სიცოცხლის ნამდვილი გულშემატკივარია. ღმერთი, რომელიც არაფერს ითხოვს თავისთვის და ხარობს გაცემით – ადამიანი სწორედ ასეთი ღმერთის ხატადაა შექმნილი და რა გასაკვირია, თუკი საკუთარ თავზე ჩაშტერებული იგი ვერასოდეს განიცდის თავის თავს სისავსით. იესოს ახალი საკრებულო სწორედ ახლებურად უნდა იყოს მოწყობილი, ურთიერთობები უნდა აეწყოს არა იმის მიხედვით, თუ რამდენი კმარა, არამედ რამდენს მოითხოვს სიყვარული. ამის მიხედვით წარმოგვიდგინა იესომ მცნებები. ათასგვარად შეიძლება მოკლა ადამიანი. არამხოლოდ გული მოუკლა სიტყვით, საქმით, მზერით, არამედ ამოშალო, გააქრო შენი ცხოვრებიდან. ქრისტეს მოწაფეს უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შეიძულებს ვერავის, ვინც ღმერთს უყვარს. რა იოლია ადამიანი აქციო მოხმარების საგნად, საკუთრებად და ვერ იგრძნო მასზე პასუხისმგებლობა! ქრისტეს მოწაფეს არ ავიწყდება მოყვასით გაკვირვება და აღტაცება. ჩემს ნათქვამს არ უნდა სჭირდებოდეს ფიცი, ის აუცილებლად მართალი უნდა იყოს, რაკი იმითი, რითაც ყველაზე მეტად ვგავარ ღმერთს, ანუ სიტყვით, ვერ შეურაცხვყოფ მის ჭეშმარიტებას. ახალი რჯულმდებელია იესო, «ახალი მოსე», რომელიც გვიცხადებს ღმერთს და მის გულის სიღრმეს. რა გასაკვირია თუ მხოლოდ ჩვენი გულის სიღრმიდან თუ აღმოცენდება პასუხი, რომელიც ღმერთს კი არ ჩაატევს ჩვენს ზღუდეებში, არამედ ჩვენ გაგვაფართოებს მის ზომაზე.

მამა აკაკი ჭელიძე

6 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge