• chilingarashvili19

19 აპრილის სახარების განმარტება, პასექის II კვირადღე


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით

20, 19-31

იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: ,,მშვიდობა თქვენდა!“ ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.  კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: ,,მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“ თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: ,,ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: ,,თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ. რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: ,,მშვიდობა თქვენდა.“ მერე თომას ეუბნება: ,,მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“ მიუგო თომამ და უთხრა მას: ,,უფალო ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ეუბნება მას იესო: ,,შენ მერწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“ ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისის სახელით.


განმარტება

დღევანდელი სახარება წარმოგვიდგენს მოციქულ თომას - ადამიანს, რომელიც სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იესოსთან ერთად, უსმენდა მას და ხედავდა სასწაულებს! მაგრამ როდესაც გამოცდის ჟამი დადგა, მძიმე ჟამი - ის გაიქცა. მაშინაც კი, როცა ჰორიზონტზე გამოჩნდება მშვენიერი, იმედით სავსე სხივი, - მას არ სჯერა და ამბობს: ,,თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში - საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!“

მაგრამ ღმერთი, რომელიც ყოვლად მოსიყვარულეა, თითოეულს აძლევს შესაძლებლობას და, ასევე, თომასაც - ეგებება მას - აძლევს შესაძლებლობას, შეიცვალოს მცდარი აზრი და დაადგეს ახალ გზას!

იესო, სინაზით, სიყვარულით, თანაგრძნობითა და სიკეთით სავსე, მიდის მასთან, მაგრამ გადაჭრით - ამ შეხვედრის შედეგად ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“, ურწმუნოება გარდაიქცევა მტკიცე რწმენად, რომელიც ცვლის ცხოვრებასა და საქციელს!

დღეს ჩვენ არაჩვეულებრივ დღეს განვიცდით ეკლესიაში. ყოველი წლის აღდგომის მეორე კვირა - ღვთაებრივი გულმოწყალების კვირაა. არაჩვეულებრივი ჟამი, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. უფალმა იესომ თავის გამოცხადებაში, წმიდა ფაუსტინა კოვალსკას მეშვეობით რომ გადმოგვცა, განაცხადა: ,,ასულო ჩემო, აუწყე მთელ მსოფლიოს ჩემი უსაზღვრო გულმოწყალების შესახებ. მსურს, რომ გულმოწყალების დღესასწაული იყოს ხსნა და თავშესაფარი ყოველი სულისთვის. განსაკუთრებით კი უბედურ ცოდვილთათვის. ამ დღეს გამოვლინდება სიღრმე ჩემი გულმოწყალებისა. მე გავიღებ მადლს იმ სულზე, რომელიც დაეწაფება ჩემი გულმოწყალების წყაროს; ვინც მიიღებს წმიდა ზიარებას და აღასრულებს გულმოწყალების საქმეებს, სრულად მიეტევება ცოდვები და დაიხსნება სასჯელისაგან; ამ დღეს უხვად გაიღებს უფალი წყალობას. დაე, ნურავინ შედრკება, რომ მომეახლოს - თუნდაც მწველი იყოს მისი ცოდვები“. მე მოგიტევებ აღსარების საიდუმლოში - განაგრძე გზა!

ღვთის ძლევამოსილება სავსებით გამოვლინდება გულმოწყალებაში. მაგრამ ამით რომ ვისარგებლოთ, ჩვენი აქტიური მონაწილეობაა საჭირო. წმიდა ფაუსტინას მეშვეობით იესო გვეუბნება:

,,მე მოვითხოვ შენგან გულმოწყალების საქმეებს, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ჩემდამი სიყვარულიდან. შენ უნდა გამოიჩინო მოყვასისადმი სიყვარული ყველგან და ყოველთვის, არ ძალგიძს თავის არიდება, უარის თქმა ან უარყოფა.

მე გაძლევ სამ საშუალებას მოყვასისადმი გულმოწყალების გამოსაჩენად: პირველი - საქციელი, მეორე - სიტყვა, მესამე - ლოცვა; ამ სამ დონეში გამოიხატება სისრულე გულმოწყალებისა, რაც ჩემდამი სიყვარულის უდავო მოწმობაა. ამგვარად სული განადიდებს ჩემს გულმოწყალებას და პატივს მიაგებს მას. დიახ, პირველი კვირა აღდგომის შემდეგ - ეს გულმოწყალების კვირაა, მაგრამ აუცილებელია ქმედებაც. რადგან თვით ყველაზე მტკიცე რწმენაც კი ვერაფერს გახდება საქმეთა გარეშე“.

უფალო იესო, მუდამ შენი შემწეობის იმედით, გთხოვთ: შეგვეწიე ყოველივეში, ხომ ხედავ, რა მცირენი ვართ! ღმერთო, მე, ჩვენ მხოლოდ შენს სიკეთეზე ვართ დანდობილნი. ამენ.

მამა მიხეილ სურმავა

49 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge