• Akaki Chelidze

წმ. ქეთევანის რელიკვიები კათედრალში


26-27 თებერვალი ქართველი კათოლიკეებისათვის გამორჩეული დღე იყო - გვქონდა საშუალება დიდი ქართველი მოწამის ქეთევან დედოფლის რელიკვიებისათვის მიგვეგო პატივი. დიდ მარხვის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს საშუალება, ვინაიდან ქრისტეს სიყვარულის ყველაზე სავსე ფორმა სწორედ მოწამეობაა მისი სახელის გულისათვის.

თბილისის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში კათოლიკე მრევლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოვიდა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 2017 წლის სექტემბერის თვეში, ექვსი თვით დაუბრუნდა.

ამ ხნის განმავლობაში, წმიდა ნაწილები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სხვადახვა ეპარქიებში იყო ჩატანილი. კათოლიკე ეკლესიის თხოვნით, ნეშტის წმიდა ნაწილები 26 თებერვალს თბილისის კათოლიკურ ტაძარში დაასვენეს.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. შაჰმა შესთავაზა მას ცოლობა და მაჰმადიანობის მიღება, მაგრამ დედოფალმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

დედოფლის წამების მოწმე, პორტუგალიელმა კათოლიკე მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანსა და ბელგიაში.

გოაში მდებარე მონასტერი XIX საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

წყარო: https://katolicblog.wordpress.com/

#ქეთევანი #წამებული #რელიქვიები

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge