• Akaki Chelidze

სახარების განმარტება 7 ოქტომბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან მარკოზისაგან 10, 2 – 16

იმ დროს, მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლა კაცს ცოლის გაშვება?“ და სცდიდნენ მას. მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“ მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“ იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს.

და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“

სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. და ეუბნება მათ: „ვინც თავსი ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.“

და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“ მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.

სახარების განმარტება

მივაქციოთ ყურადღება იესოს პასუხს, ფარისევლების დასმულ შეკითხვაზე: თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?

იესოს პასუხი კონკრეტული და ამომწურავია, ვინაიდან იგი პასუხობს არა როგორც ფარისეველი, არამედ როგორც ხელმწიფების მქონე, რომელსაც ხელთ უპყრია ყოველივე, და ყოველივე მისი ხელით შეიქმნა და არსებობს, სულიწმიდის ძალით მამა ღმერთის სადიდებლად.

იესო საუბარს იწყებს მოსეს მიერ დაწესებული მცნებით „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება“, და მან განუმარტა -„მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“. რომლებიც შემდეგ ერთ ხორცად იქნებიან, -„ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს.

დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი ადამიანი იტანჯება მსგავსი სიტუაციით, და არა მარტო შორდებიან თავიანთ ცოლებს, თუ ქმრებს, არამედ ღმერთს, რადგან თუ ისინი იქნებიან სხვასთან, მათ უკვე ეკრძალებათ წმიდა ზიარების მიღება, რადგან ამ შემთხვევაში ისინი მრუშობენ სხვასთან, „არამედ, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ“.

ამიტომ იესო მოგვიწოდებს, რომ მივიღოთ ცათა სასუფეველი როგორც ბავშვი სულისა და ხორცის უმანკოებით, რათა შეგვეძლოს მასში შესვლა. ხოლო მრუშობით ვიქნებით განდევნილი და განსჯილნი საუკუნო სატანჯველში, სადაც მათი მატლი არ კვდება, და ცეცხლი არ ნელდება.

ამიტომ ძვირფასო დანო და ძმანო ქრისტეში, სანამ გადადგამდეთ ნაბიჯს ოჯახის შესაქმნელად, ნუ იჩქარებთ, ვინაიდან ჯვრისწერაზე მიცემული ფიცი ღმერთისა და ხალხის წინაშე მეორე ნახევრის მიმართ, არ აღმოჩნდეს საბედისწერო, თქვენი მომავლისათვის, „რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ გაყრის მათ.“

კარგად გაიცანი შენი მომავალი მეუღლე, როგორც გარეგნულად ასევე სულიერად რათა მიიღოთ იგი ისეთი როგორიც არის ყოველგვარი კომპრომისის გარეშე! და დაფიქრდით: ხომ არაფერი არ უშლის ხელს თქვენს შეუღლებას? და შემდეგ გადადგით ნაბიჯი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია თქვენს ცხოვრებაში

. „ეძიეთ უპირველესად ღმერთის სასუფეველი და ჭეშმარიტება მისი, სხვა დანარჩენი მოგეცემათ თქვენ“, ამიტომაც ვინც ქრისტეში რჩება და მის ნებას ასრულებს, ის ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

ამენ.

მ. მერაბი ტატალაშვილი


124 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge