• Akaki Chelidze

სახარების განმარტება 14 ოქტომბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან მარკოზის მიხედვით

10, 17-30

იმ დროს, გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთი ღვთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“ იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია, წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“ ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში.“ მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“ დაიწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი ან შვილები, ან მიწები, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლე.

სახარების განმარტება

,,რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში!“, - ეუბნება იესო მოწაფეებს. და კიდევ ერთხელ იმეორებს: ,,შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! (მარკ. 10, 23-24). ეს მანუგეშებელი ზუსტი განმარტება ,,სიმდიდრეზე დანდობილი“ მათესა და ლუკასთან არ გვხვდება. ის არც მარკოზის სახარების ძირითად ხელნაწერშია მოცემული. შესაძლოა მოგვიანებით დაამატეს, რათა დაემშვიდებინათ მდიდარი ადამიანები, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს? მაგრამ ის კარგად გადმოგვცემს იესოს აზრს. თავად სიმდიდრის ფლობა როდია ცოდვა, არც თავად ფული გვიკეტავს სასუფევლის გზას. საფრთხე სწორედ ამქვეყნიური კეთილდღეობისადმი გულით მიჯაჭვულობაშია. მასზე მიჯაჭვა კი ასე ადვილია! რამდენია ამქვეყნად ისეთი, რომლისთვისაც კეთილდღეობა იქცევა მახედ! გულს ხლართავს ათასი ძაფით, რომელიც მალე ბორკილებად გადაიქცევა. მათ, რომლებიც ამქვეყნად კარგად გრძნობენ თავს, სხვა სამყარო არ ანაღვლებთ. ბარგით დატვირთულები ვერ შეუდგებიან აღმართს. მოგების დათვლით დაკავებულებს ხსნის გზა გამორჩებათ. და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა მეტისმეტად ძნელია. როგორი რწმენაა საჭირო იმისათვის, რომ მონეტებით სავსე საფულეზე მაღლა სახარება დააყენო! რა ნებისყოფაა საჭირო, რომ ყველაფერი გასცე, რაც ამდენი წლის განმავლობაში დააგროვე! და აი, ძველი აფრიკული ანდაზა გვეუბნება: ,,ვინც ღვინით თვრება, ის გამოფხიზლდება. მაგრამ ვინც სიმდიდრითაა მთვრალი, ის ვერასდროს გამოფხიზლდება“. იესო კი ამბობს: ,,უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“(მარკ.10, 25). ეს საშინელი სიტყვებია, ვინაიდან აბსოლუტურ შეუძლებლობას ნიშნავს. მოციქულებმაც ასე გაიგეს: ,,ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ - შეშფოთებულები ეკითხებოდნენ ისინი ერთმანეთს (მარკ. 10, 26). წუთით დავრჩეთ ამ განცვიფრებისა და შიშის ატმოსფეროში. შეიძლება შენთვის სულ ერთი იყოს როგორ წარიმართა ახალგაზრდის ბედი სახარებიდან. მაგრამ ახლა საუბარია შენს ბედზე. იმაზე, რომ შენ როგორღაც გააღწიო ამ ვიწრო კარიბჭეში. ჩვენ ცოტა რამეს თუ ვფლობთ. ეს სიმართლეა. ალბათ, არცერთი ჩვენგანი არ ელოდება, რომ ხვალ მილიონერთა მეთაური გახდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხომ რაღაც შეგვიძლია. მაინც რაღაცაზე ვართ დამოკიდებულნი. აუცილებელი არაა ეს იყოს ფული. ადამიანის გული შეიძლება სხვადასხვა ჯაჭვით იყოს შედუღებული. ბევრ წვრილმანს შეუძლია დაგვაბრკოლოს ღმერთისკენ სავალ გზაზე, თუ ეს წვრილმანები არ არის სიყვარულის საზომი. და სწორედ ამ დროს ხდება ეს სამწუხარო და საშინელი რამ: გვესმის რა იესოს სიტყვები ,,გაყიდე, გაეცი და გამომყევი“, ჩვენ ყურებს ვიხშობთ და გავრბივართ, თავს ვიმართლებთ ცრუ კეთილგონიერებით, რითაც ვამართლებთ ჩვენს უარს. უკეთეს შემთხვევაში, მივდივართ ისე, როგორც ის ადამიანი სახარებიდან, დანაღვლიანებული, იმ შეგრძნებით, რომ შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.

მ. მიხეილ სურმავა


98 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge