• Akaki Chelidze

სახარების განმარტება 28 ოქტომბერი


საკითხავი წმინდა სახარებიდან მარკოზის მიხადვით

10, 46-52

იმ დროს, იერიხოდან რომ გადიოდა, იესო თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი. როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე.“ ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: ,,დავითის ძეო, შემიწყალე!“ და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“ მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გავაკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“ იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე.

განმარტება

მზა ქადაგებაზე მეტად, მსურს შემოგთავაზოთ სამი ნაწილისგან შემდგარი მასალა, რომლითაც შესაძლებელია ქადაგების მომზადება რიგითი ჟამის ამ XXX კვირადღისათვის (წელი ბ): ესაა მონაკვეთი, რომელიც ეხება შეხვედრას იესოსა და ბარტიმეოსს (მარკ 10,46-52), ბრმა კაცს, შორის, რომელიც, უხილავის დანახვის შემძლე რწმენის წყალობით (შეად. ებრ 11,27), შეიცნობს ხსნას და გზას გაუყვება.

1. საკვანძო ამბავი ვიდრე ჩვენს მონაკვეთს განვიხილავდეთ, ის უნდა მოვათავსოთ მარკოზის სახარების კონტექსტში. როგორც ვნახავთ დეტალურად, ეს მოკლე ტექსტი შეიცავს ელემენტებს, სახარების პირველ ათ თავს რომ გასდევს, რომლებიც იერუსალიმში იესოს სახარების მსახურებას (შეად. მარკ 11,1-13,37) და მის ვნებას, სიკვდილსა და აღდგომას (შეად. მარკ 14,1-16,20) უსწრებს წინ. უფრო კონკრეტულად, თხრობისას მარკოზი მნიშვნელოვან შენიშვნას აკეთებს. სახარების ძირითადი ნაწილი (შეად. მარკ 8,27-10,52), რომელიც ვნების სამ განცხადებას შეიცავს და რომელშიც იესო მოწაფეებს მიყოლის რადიკალურ მოთხოვნებს უყენებს, სიბრმავისგან განკურნების ორი ამბისგან შედგება: როგორ მოჰყვა უმალვე ბეთსაიდაში ბრმის განკურნებას (შეად. მარკ 8,22-26) კესარიაში პეტრეს აღიარება (შეად. მარკ 8,27-30), ისევე ბარტიმეოსის განკურნება, უკანასკნელი მთელ სახარებაში, არის გარკვეული შესავალი იმ ხალხისგან იესოს მიმართ მესიანური მისალმებისა, რომელიც თან ახლდა მას წმიდა ქალაქში შესვლისას (შეად. მარკ 11,1-10). ახლა, უნიკალურ ფაქტს, რომ მახარებელი ორჯერ ეხება ერთსა და იმავე პათოლოგიას, სიბრმავეს, ზუსტი მნიშვნელობა აქვს, ასე კარგად რომ აჯამებს თანამედროვე მიმომხილველი: ბრმის განკურნების ორი ამბავი სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს, რომელმაც, მიუხედავად შემადგენლობითი განსხვავებებისა, არ შეიძლება არ მოგვაგონოს დაბადებიდან ბრმა კაცის ნიშნის შესახებ თხრობა იოანეს სახარების მე-9 თავში. მარკოზი ორი ფიზიკური განკურნების თხრობით როდი შემოიფარგლება, არამედ კითხულობს, თუ რას ნიშნავს დანახვა ან სიბრმავე, გაგება ან ვერგაგება. იმავე დროს, იგი იესოს გზის საკითხზე ფიქრობს. გარდა ამისა, ეს ორი თემა ბარტიმეოსის ამონარიდის ცენტრშია, რომელიც მართლაც საკვანძო ამბავია: ესაა ერთი გზის კულმინაცია (სრული სიცხადე) და მეორე გზის დასაწყისი (გზა/მისვლა იერუსალიმში). სხვა სიტყვებით რომ ითქვას, მარკოზს იმის თქმა სურს, რომ მოწაფე უნდა განიკურნოს საკუთარი “სიბრმავისგან” და განიწმიდოს საკუთარი მზერა, ვინაიდან იერუსალიმში მოსახდენი მოვლენები ღმრთივბოძებულ ხედვას საჭიროებს, სხვაგვარად ისინი მისთვის მხოლოდ სამარცხვინო და საწყენი ფაქტები იქნება: ამიტომაც, უნდა “დაინახონ”, რომ “მიჰყვნენ” იესოს და არ შერცხვეთ მისი (შეად. მარკ 14,26)! ამდენად, სახარების ყოველი მკითხველის წინაშე არსებობს მკვეთრი ალტერნატივა, მარკოზი რომ აცხადებს თავისი ჩვეული, მახვილი დიდმნიშვნელოვნებით: იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი (მარკ 10,32). მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე (მარკ 10,52). მაშ, როგორ მივყვეთ ქრისტეს გზაზე ისე, რომ არ განვიცადოთ გაოცება და შიში? როგორი ქცევით - რომელსაც ქრისტიანობაში თავისი შინაარსობრივი აზრი აქვს - შევასხათ ხორცი ამ მიყოლას? ასეთია შეკითხვები, რომლებიც lectio divina-ს დასაწყისში გვაბრუნებს, იმ მონაკვეთზე, რომელიც “იმდენადვეა ბრმის განკურნების ამბავი, რამდენადაც მათხოვრის მოწოდების ისტორია”. ეს ტექსტი, მოხერხებულად რომ განიმარტოს, შეგვიძლია შემდეგნაირად დავყოთ:

სტ. 46-48: ბარტიმეოსის პირვანდელი მდგომარეობა და მისი შეუპოვარი ვედრება;

სტ. 49: იესო ჩერდება და მას მოუხმობს;

სტ. 50-52ა: ბარტიმეოსი დგება და იესოს ესაუბრება;

სტ. 52ბ: ბარტიმეოსი იესოს მიჰყვება ”გზაზე”.

2. “იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”

46 მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა. 47 როცა ყური მოჰკრა ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: “იესო, დავითის ძეო, შემიწყალე”. 48 ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: “დავითის ძეო, შემიწყალე!”.

თავისი მოწაფეებით და დიდძალი ხალხით გარშემორტყმული, იესო გამოდის იერიქოდან, ქალაქიდან, რომელიც მკვდარ ზღვასთან იორდანეს შესართავის გვერდით მდებარეობს, ადგილიდან, რომელსაც აღთქმულ მიწაზე მივყავართ. და სწორედ აქ ჩნდება ამ გვერდის ჭეშმარიტი მთავარი მოქმედი პირი, “ტიმეს ძე, ბარტიმეოსი”: მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მაშინ როცა ბეთსაიდელ ბრმასთან შეხვედრის დროს მთავარი მოქმედი ფიგურა იესოა, აქ, ნაცვლად, “ბარტიმეოსია, ინტერესს რომ იწვევს თხრობის დასაწყისიდანვე, და მასზე საუბრითვე სრულდება თხრობა”.

სახარებაში იესოს მიერ განკურნებულთა შორის, მხოლოდ ეს კაცი იწოდება თავისი საკუთარი სახელით. არამეული ბარ, “ძე”, უკავშირდება ბერძნული წარმოშობის სახელს (ტიმე-დან, “პატივი”): ამიტომაც, იგი არის - შეიძლება ითქვას - “პატივგებულის ძე”, სატარებლად მძიმე მამაპაპეული ღირსება მისთვის, ვინც არ ჩანს ესოდენ “პატივის ღირსი”. ბარტიმეოსი მართლაც გარიყულია, როგორც მარკოზი წუხს და ზუსტად აღნიშნავს:

იგი ბრმაა;

ხეიბრობა აიძულებს მას, რომ იმათხოვროს;

მისი გარიყული მდგომარეობა ხატოვნად არის შეჯამებული მისი მჯდომარე ყოფით, უმოძრაობის მდგომარეობაში, “გზის პირას” (parà tèn hodón): აი, საკვანძო ტერმინი, hodós, რომელსაც დავუბრუნდებით... თუმცა, მისმა ამგვარმა მდგომარეობამ უფრო მახვილი უნდა გახადოს მისი ყურთასმენა. ამიტომაც, როცა ყურს მოჰკრავს, რომ იესო ნაზარეველი მიდის, ძალუმად ყვირის: “იესო, დავითის ძეო, შემიწყალე (eléison me)!”. ის შეუპოვრად თხოულობს შებრალებასა და გულმოწყალეობას და, ამასთან ერთად, დიდ რწმენის აღსარებას, რომელიც იესოს აცხადებს “დავითის ძედ”, მაშასადამე, ქრისტედ, მეფე-მესიად, დიდხანს რომ ელოდა ისრაელი და ღმერთმა რომ მოავლინა მიწაზე თავისი მშვიდობისა და სამართლიანობის სასუფევლის აღსადგენად (შეად. 2მეფ 7,8-17; ეს 11,1-9). ბარტიმეოსი სხვა სიტყვებით იმეორებს პეტრეს ნათქვამს: “შენ ხარ ქრისტე” (მარკ 8,29): თუმცა, ამ შემთხვევაში პეტრეს უმალვე საყვედურობდა იესო იმ უუნარობის გამო, რომ შეეცნო მისი ჭეშმარიტი მესიანურობა (შეად. მარკ 8,30-34). ტიმეს ძე დავითის ძის წინაშე დგას, იმ ნდობით აღძრული, რომ მესია თვალს უხელს ბრმებს, რითაც წმიდა წერილსაც აღასრულებს (შეად. ეს 35,5; 42,7). მაგრამ აქ უფრო მეტი გვაქვს. ბარტიმეოსის ეს ერთი ვედრება უკვე შეიცავს “განსაცვიფრებელ პარადოქსს: ‘ბრმა’ (ანუ ის, ვინც შორსაა, თუმცა ფიზიკურად ახლოსაა) ‘ხედავს’ , ვინაა იესო, იმ სიღრმისეული გაგებით (‘დავითის ძე’), რომელიც შესაძლებლობას აძლევს მას, რომ ნამდვილად ახლოს იყოს, რწმენის ‘ყვირილით’ ან ‘ხტომით’.

ბარტიმეოსი არ ანებებს, რომ შეაშინოს “ბევრის” საყვედურებმა, რომელთაც მისი გაჩუმება უნდათ, არამედ, პირიქით, “უფრო უმატებს ყვირილის”. აქ კი ღირს, მოკლედ შევჩერდეთ იმ მოცემულობაზე, რომელიც გულისხმობს გაფრთხილებას ყოველი ჟამის ეკლესიისათვის, მაშასადამე, ჩვენთვისაც დღეს. მოწაფეები და ხალხი, იესოსა და ბრმას შორის რომ იმყოფებიან, წარმოადგენენ ქრისტიანული საკრებულოს შესაძლებლობას, რომ დაბრკოლება იყოს ადამიანებთან იესოს შეხვედრისათვის, განსაკუთრებით ყველაზე გარიყულებთან. ისინი, ვინც ბარტიმეოსს “უწყრებიან” - ზმნა epitimáo, რომელიც აგრეთვე გამოყენებულია იესოს მიერ უწმიდური სულების შერისხვის აღსანიშნავად (შეად. მარკ 1,25; 3,12), მაგრამ აგრეთვე მისი მკაცრი გაფრთხილება მოწაფეთა მიმართ (შეად. მარკ 8, 30) და, განსაკუთრებით, პეტრეს მიმართ (შეად. მარკ 8, 33) - აჩვენებს, რომ ისინი არიან ნამდვილი ბრმები: სჯერათ, რომ ხედავენ, რომ იციან, ვინაა იესო და როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მას მიჰყვნენ, სჯერათ, რომ იესოს დაიცავენ, თუკი იმ ბრმას გააჩუმებენ, მას რომ ეძახის. მაგრამ იესოს მიყოლა და მისი სიტყვის მოსმენა ჭეშმარიტია მაშინ, როცა არ ემიჯნება ადამიანის ტანჯვის ღაღადის მოსმენას. ასე, ტანჯული, ბრმა, ხდება მოძღვარი, რომელსაც შეუძლია თვალები აუხილოს მათ, ვისაც სჯერათ, რომ ხედავენ. გარდა ამისა, თუკი მხოლოდ მათი დანახვა გვსურს, მარკოზის სახარებაში მრავალი შემთხვევაა, როდესაც მოწაფეთა სიბრმავე ვლინდება: სიბრმავე სიტყვის არმოსმენისა და იესოს არგაგების გამო, საკუთარი რწმენების ახირებულობაში ჩაკეტილობისა და გულის გაქვავების გამო (შეად. მარკ 8,14-21, რომელსაც მოსდევს, არცთუ შემთხვევით, ბეთსაიდელი ბრმის განკურნების ამბავი: მარკ 8,22-26); სიბრმავე დიდი გულმოდგინეობის გამო (შეად. მარკ 9,38-40; 10,13-16; სტ. 13-ში გამოიყენება epitimáo იესოსთან მიყვანილი ბავშვების მიმართ მოწაფეთა დამოკიდებულების აღსანიშნავად). სიბრმავე სხვებზე პირველობის სურვილის გამო (შეად. მარკ 10,35-40). ჩვენს შემთხვევაში, იესო ირჩევს სრულიად გამორჩეულ გზას, რომ განკურნოს მათი სიბრმავე, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ დაისაკუთროს იგი, და შორს იჭერს თავს ამ უკანასკნელთაგან: ანებებს, რომ ბრმა იყოს, რომ სახარება აუწყოს მათ და მათი გულები გაუხსნას თავის ნათელს.

3. “ნუ გეშინია, ადექი, გეძახის!”

49 შეჩერდა იესო და თქვა: “დაუძახეთ!”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: “ნუ გეშინია, ადექი, გეძახის!”. მარკოზის სახარებაში “იესო სულ მოძრაობს, არ ჩერდება, უდაბური ადგილებიდან სახლში გადადის, გზიდან - სინაგოგაში, ტბის ნაპირიდან - მთაში”. ამრიგად, აქ, უნიკალურ ფაქტს ვხვდებით, იესო ჩერდება: ეს ყველაზე მეტყველი ქცევაა, თუმც კი უსიტყვო, ბარტიმეოსის მიმართ მისი ინტერესის, მისდამი თანაგრძნობისა და მასთან ერთად დატანჯვის წადილის საჩვენებლად (ჩვეულებრივ გამოიხატება ზმნით splanchnízomai: შეად. მარკ 1,41; 6,34; 8,2; 9,22). მაგრამ იესო არ მიემართება ბარტიმეოსისკენ (როგორც იაიროსთან მივიდა: შეად. მარკ 5,21-24.35-43), არც ითხოვს, რომ მასთან მიიყვანონ (როგორც დავრდომილის მეგობრები მოიქცნენ: მარკ 2,3-4, ან როგორც ბეთსაიდელი ბრმის მეგობრებმა გააკეთეს: მარკ 8,22). პირველ რიგში თავის მოწაფეებს მიმართავს, რომლებიც ამ უბედურ ადამიანს უწყრებოდნენ, და ეუბნება მათ: “დაუძახეთ!”. ხოლო მოწაფეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ხელს უშლიდნენ ამ შეხვედრას, მოძღვრის ამგვარი დამოკიდებულებით აღძრულნი მეტად მნიშვნელოვანი სიტყვებით მიმართავენ ბარტიმეოსს: “Thársei, ნუ გეშინია!”, იგივე სიტყვები, რომლებითაც იესო მიმართავს თორმეტს, როდესაც ამ უკანასკნელებმა წყალზე მიმავალი იხილეს იგი (“გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”: მარკ 6,50); “ადექი!”: ზმნა egheíro, რომელიც წამოდგომას აღნიშნავს (შეად. მარკ 5,41; 6,14; 12,26; 14,28; 16,6), განკურნებათა სხვა შემთხვევებშიც რომ გამოიყენება (შეად. მარკ 1,31; 2,9.11.12; 9,27). მაგრამ მას შემდეგ, რაც შუამავლებივით მოიქცნენ, მას შემდეგ, რაც დაეხმარნენ ბარტიმეოსს, რომ იესოს მოხმობა მიეღო, მოწაფეები განზე უნდა გადგნენ; მაშასადამე, ისინი იოანე ნათლისმცემლის მსგავსად უნდა მოიქცნენ, რომელიც, ადამიანები რომ მიიყვანა იესოსთან, გვერდით გადგა და აღიარა: “ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე” (იო 3,30). და ასე, სცენაზე რჩებიან მხოლოდ იესო და ბარტიმეოსი.

4. “წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”

50 გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. 51 იესომ ჰკითხა მას: “რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: “რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე!” 52 იესომ უთხრა: “წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. ბარტიმეოსი უყოყმანოდ პასუხობს იესოს მოხმობას: მიწაზე აგდებს თავის მოსასხამს, ადამიანის ძალის ნიშანი რომაა (შეად. 1მეფ 18,4; 24,6; რუთ 3,9), მოსასხამს, რომელშიც მოწყალებით მიღებულ მონეტებს აგროვებდა, სამოსს, რომელიც ღამის საბანიც და, ამდენად, ღატაკის ხელშეუხებელი საკუთრებაც იყო (შეად რჯლ 24,13). იმ მდიდარი კაცის საპირისპიროდ, რომელმაც არ იცოდა, თუ როგორ გათავისუფლებულიყო თავისი ქონების ტვირთისგან, და რომელიც, ამის გამო, დამწუხრებული გაუყვა გზას (შეად. მარკ 10,21-22), ბარტიმეოსი თავიდან იშორებს იმ ყველაფერს, რამაც შეიძლება იესოსთან შეხვედრაში დააბრკოლოს: უარს ამბობს უმცირეს მყუდროებაზეც კი, თავის წარსულზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ფეხზე დგება, ბრმად მიემართება და მასთან მიდის. დიდია ამ კაცის გაბედულება მისი თავისუფლებიდან რომ იბადება: თავისი შიშველი სიღატაკითა და თავისი სიბრმავით დგას იესოს წინაშე და ყველაფერს ელოდება მისგან... ბარტიმეოსის ამ ჟესტის წინაშე, იესო თავის სურვილს ამცნობს მას და იმავე კითხვით მიმართვს, რომლითაც ცოტა ხნით ადრე იაკობსა და იოანეს მიმართავდა (შეად. მარკ 10,36): “რა გინდა, რომ გაგიკეთო?”. იგი პატივს როდი ითხოვს თავისთვის (შეად. მარკ 10,37), არამედ გულწრფელად სთხოვს მას: “რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე!”. “თავისი ღირსება რომ დაიბრუნოს, ბარტიმეოსისთვის ეს ნიშნავს იმის აშკარად თქმაას, რაც სურს, ეს ნიშნავს, რომ იქცეს სიტყვის შემძლე ადამიანად, რომელსაც საჯაროდ გამოხატავს, ყოველგვარი ხრიკების გარეშე, იმის გარეშე, რაც მას სტანჯავს და რისგან გათავისუფლებაც უნდა”. და ამას ამბობს იესოს წინაშე, მის წინაშე, ვისაც იგი აღარ უწოდებს “დავითის ძეს”, არამედ მდაბალი და გაბედული დარწმუნებულობის ტონით მიმართავს: “რაბუნი”, “ჩემო მოძღვარო”: ჩვენს თვალში ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უპიროვნო თერაპევტული სეანსი, ესაა შეხვედრა, სიღრმისეულად რომ ეხება ამ კაცის არსებობას. იესო, მუდამ ყურადღებით რომ ეკიდება ყოველ შემხვედრ მამაკაცსა და ქალს, მუდამ რომ შეუძლია “ვითარებაში” ურთიერთობა, ხვდება, რასაც ბარტიმეოსი განიცდის. ამიტომაც მიმართავს მას უჩვეულო მტკიცებით: “წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. უწინარეს ყოვლისა - როგორც შენიშნავთ - მას ეუბნება: “წადი”, მაშასადამე, მოუწოდებს მას, რომ გზას გაუდგეს უკითხავად. იმ ადამიანის თავისუფლებას, ვინც მასთან შედის ურთიერთობაში, იესო პასუხობს, განამტკიცებს ამ თავისუფლებას და უხმობს თანამოსაუბრეს, რომ ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ხოლო გათავისუფლების ამგვარი პრაქტიკა ფესვს იდგამს დამოკიდებულებაში, იესოს რომ გამოარჩევს, იმდენად, რომ შეიძლება ის გავიგოთ, როგორც გამორჩეული, სახასიათო თვისება: მისი უნარი, რომ ადამიანებში თავი მოუყაროს და გამოაჩინოს რწმენა-ნდობა, მათ რომ ასულდგმულებს. რწმენა-ნდობა ცხოვრების მიმართ, სხვათა მიმართ უწინარესადაც, ვიდრე ღმერთის მიმართ: ვინაიდან, იოანეს პირველი წერილის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, შეუძლებელია “რწმენა ღმერთისადმი, რომელიც უხილავია, თუკი არ ვიცით რწმენა მოყვასის მიმართ, ძმის მიმართ, რომელსაც ვხედავთ” (შეად. 1იო 4,20)... რწმენის თემაზე დიდძალი ნააზრევი არსებობს. მე მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლები, თუ როგორ შეიძლება იესოს მიერ აღსრულებულ რწმენა-ნდობაში ასეთი განსწავლის ყველაზე ქმედითი სინთეზი გაგებული იყოს სწორედ ბარტიმეოსის მიმართ ნათქვამ იესოს სიტყვაში (ცოტა ხნით ადრე სისხლდენით დასნეულებულ ქალს რომ უთხრა: შეად. მარკ 5,34): “შენმა რწმენამ გიხსნა”. იესოს არასდროს უთქვამს: “მე გიხსენი” ან “თუ რწმენა გაქვს, მაშინ გიხსნი”, არამედ სწორედაც: “შენმა რწმენამ გიხსნა” (შეად. აგრეთვე ლკ 7,50; 17,19); “წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს” (მათ 8,13); “ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს” (მათ 15,28). აი, როგორ გამოაჩენს იესო სხვაში უკვე არსებულ რწმენას: თავისი მყოფობით, როგორც სანდო და სტუმართმოყვარე ადამიანი, რომელიც არ ამბობს, რომ თავად კურნავს და იხსნის, არამედ ამას აკეთბეს იმის რწმენა, ვინც მას მიმართავს. ნაცვლად, სადაც ნდობის ასეთი კლიმატი არ სუფევს, იესო უძლურია გარშემომყოფთა ურწმუნოების გამო, რაც მისთვის “დამაბრკოლებელი” გაკვირვების წყაროა (შეად. მარკ 6,5-6)... ამ შემთხვევაში ბარტიმეოსის რწმენაა, მის წამოდგომასა და უბრალო სიტყვებში რომ ვლინდება, იესოზე რომ მოქმედებს და იმ პასუხს რომ იწვევს, რომელიც სხვა არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ მხედველობაში იღებს სინამდვილეს. და ასე, პარადოქსულად, “იესოს სხვა არაფერი აქვს გასაკეთებელი, ვინაიდან რაც უნდა გაეკეთებინა, ბარტიმეოსის რწმენამ უკვე აღასრულა ის”. დიახ, ჭეშმარიტი სასწაული, ჩვენს მონაკვეთში მოთხრობილი, არის “რწმენის სასწაული”, იმ რწმენისა, რომელსაც ხილულის მიღმა გასვლა (შეად. 2კორ 5,7) და შეუძლებელზე სასოება შეუძლია; იმ რწმენისა, რომელიც სავსე ცხოვრებაში აბრუნებს გარიყულ ადამიანს, რომლისგანაც სამაგალითო მოწაფეს ქმნის.

5. “… გაჰყვა იესოს გზაზე”

52 მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე. “მყისვე აეხილა თვალი”: განკურნება აღწერილია თითქმის en passant, დროებითი გამოთქმის - kaì eythýs, “მყისვე” - გამოყენებით, რომელსაც მარკოზი 42-ჯერ იყენებს იმ ესქატოლოგიური გადაუდებლობის დასამოწმებლად, იესოს ცხოვრებას და მის მოზიარეთ რომ ახასიათებს. ნაცვლად, მახარებელი მეტადრე დაინტერესებულია, რომ წინა პლანზე წამოწიოს განკურნების შედეგები - ან, უკეთ რომ ვთქვათ, რწმენით წყალობით განცდილი ხსნის შედეგები - ბარტიმეოსის ცხოვრებაზე. იესომ მას უთხრა: “წადი”; მას კი, იმ შეხვედრის შემდეგ, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება, აღარ შეუძლია იესოსგან მოშორებით ყოფნა. ამიტომაც, “გაჰყვა (ზმნა akolouthéo, მიყოლის დამახასიათებელი, 19-ჯერ გამოიყენება მარკოზთან) გზაზე (en tê hodô; hodós 16-ჯერაა დამოწმებული მარკოზთან)”: ხსნას განიცდის მორწმუნე არა იმდენად როგორც მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება, არამედ როგორც შეუპოვარ სვლას იესოს უკან, როგორც ყოველდღიურ ურთიერთობას მასთან. აი, რატომაც მიჰყვება ბარტიმეოსი, როგორც სიბრმავისგან განკურნებული მოწაფე, იესოს იერუსალიმის გზაზე, გზაზე, რომელსაც ჯვართან მიჰყავს იგი. მასთან ერთად, იესო მათაც განწმედს და ანათლებს, ვინც, მიყოლისთვის მოწოდებულებმა, უარყვეს იგი: პეტრეს, რომელიც ვნების განცხადებას შეეპასუხა (შეად. მარკ 8,32); თორმეტს, რომლებიც იმის გასარკვევად კამათობდნენ, თუ ვინ იქნებოდა პირველი მათ შორის (შეად. მარკ 9,33-34); იაკობსა და იოანეს, რომლებმაც პირველ ადგილზე განაცხადეს პრეტენზია (შეად. მარკ 10,35-37). თუმცა, კარგად ვიცით, რომ ბარტიმეოსის მაგალითიც არ იქნება საკმარისი: ვინაიდან ვინც ყველაფერი მიატოვა, რომ იესოს გაჰყოლოდა (“აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”: მარკ 10,28; შეად. აგრეთვე 1,18.20), მისი დაპატიმრების დროს “მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ” (მარკ 14,50)... ამრიგად, ეს მონაკვეთი საშურ გაფრთხილებას შეიცავს, რომელიც სახარების ყველა მკითხველს, თითოეულ ჩვენგანსაც ეხება. ბარტიმეოსის ქცევა გვიბიძგებს რომ დაჟინებით ვითხოვოთ საკუთარი სიბრმავის განკურნება; რომ მოვისმინოთ მესიის, იესოს, მოხმობა და უმალვე მასთან შესახვედრად გავიქცეთ; დავანებოთ მას, რომ გამოგვკითხოს და ჩვენი გულის კარი გააღოს, რათა ცხადად დავინახოთ და გავყვეთ მას მის ვნებაში, სიკვდილსა და აღდგომაში, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე! მხოლოდ ასეთი ცხოვრებით შევძლებთ ჩვენ, ქრისტიანები, ვიყოთ ჭეშმარიტად “გზაზე მდგომნი” (საქ 9,2), იესოს, ჯვარცმულისა და აღმდგარის, კვალში მიმყოლი მამაკაცები და ქალები, რომელიც მუდამ ჩვენს წინაა გზაზე და გვიხმობს, რომ მისი ცხოვრება გავიზიაროთ.

დასკვნა

როგორც ვნახეთ, სასწაულებრივ ამბავზე მეტად, ჩვენი გვერდი რწმენის სამაგალითო გზას წარმოაჩენს. შემთხვევითი როდია, რომ მარკოზისთვის განკურნებული ბრმა არის მოწაფის “სახე”, ასევე ნათლობისთვის გამზადებული ადამიანის “სახე”, რომელიც, განიძარცვა რა სამოსისგან - მაშასადამე, სიმბოლურად, “ძველი კაცისგან” (რომ 6,5; ეფ 4,22; კოლ 3,9) -, განიცდის ნათლობის შთაფვლას, ეშვება რა წყლის სიბნელეში და ხელახლა ჩნდება მისგან ნათლის შუქზე, რათა შეგვაძლებინოს, რომ ცხადად დავინახოთ და გავიაროთ ცხოვრების სიახლეში (ძველად ნათლობა განისაზღვრებოდა, როგორც “განათლება”; შეად. ებრ 6,4; 10,32). რწმენის გზა იბადება მოსმენიდან (შეად. მარკ 10,47; “fides ex auditu”: რომ 10,17), იქცევა ვედრებად და ლოცვად (შეად. მარკ 10,47-48), მოხმობის მიღებად (შეად. მარკ 10,49), მაცხონებელ შეხვედრად უფალ იესო ქრისტესთან (მარკ 10,50-52ა) და, ბოლოს, შეუპოვარ მიყოლად (შეად. მარკ 10,52ბ) “გზაზე”, იმ გზაზე, რომელიც არის იესო ქრისტე (შეად. იო 14,6). ბარტიმეოსის მსგავსად, ჩვენც, აქ და ახლა, მოხმობილნი ვართ, რომ თავი დავაღწიოთ უმოძრაობას და გზას დავადგეთ, გარიყულობიდან თანაზიარებაზე გადავიდეთ, სიბრმავიდან - რწმენაზე. ამ გზაზე, რომელიც მიდის “დასაწყისიდან დასაწყისამდე, დასაწყისთა მეშვეობით, რომელთაც არ აქვთ დასასრული”, შეგვიძლია გავითავისოთ კლიმენტ ალექსანდრიელის მშვენიერი შეგონება: “მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს” (ფს 18 [19],9). მიიღე ქრისტე, მიიღე დანახვის უნარი, მიიღე შენი ნათელი, რათა კარგად შეიცნო ღმერთი და ადამიანი. სიტყვა, რომელმაც განგვანათლა, “ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და უტკბილესი თაფლისა და გოლეულისა” (ფს 18 [19], 11). მართლაც, როგორ შეიძლება სასურველი არ იყოს ის, ვინც დაბნელებული გონება გაანათლა და ვინც გულის კარი გაუხსნა ნათელს? ... მივიღოთ ნათელი იმისათვის, რომ მივიღოთ ღმერთი; მივიღოთ ნათელი და გავხდეთ უფლის მოწაფენი... აქამდე მე ვცდებოდი ღმერთის ძიებაში, მაგრამ ვინაიდან შენ მანათლებ, უფალო, მე ვიპოვი ღმერთს შენი მეშვეობით და მივიღებ მამას შენგან, გავხდები შენი თანამემკვიდრე (შეად. რომ 8,17), რადგანაც არა გრცხვენია, რომ ძმად მიხსენიებდე (შეად. ებრ 2,11). მაშ, უარი ვთქვათ ჭეშმარიტების დავიწყებაზე, უცოდინრობაზე და, ბნელს რომ გავფანტავთ, რომელიც ბურისვით ეფარება ჩვენს თვალთახედვას, დავინახავთ ჭეშმარიტ ღმერთს და ამ სიტყვებით შევღაღადებთ: “გიხაროდენ, ჰოი, ნათელო!”. ვინაიდან ზეცის ნათელი გაბრწყინდა ჩვენზე, წყვდიადში ჩაფლულებზე და სიკვდილის ჩრდილში დატყვევებულებზე (შეად. ეს 9,1; მათ 4,16; ლკ 1,79), - მზის უსპეტაკესი ნათელი, ამქვეყნიური ცხოვრების უტკბესი ნათელი.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი


96 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge