• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 11 ნოემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან მარკოზის მიხედვით

12, 38-44

იმ დროს, იესომ უთხრა ხალხს თავისი მოძღვრებიდან. „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ; ხოლო სინაგოგებში — წინა რიგები და ნადიმებზე — წინა ადგილები 40 რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩადებაზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.“

სახარების განმარტება

დღეს ეკლესია ზეიმობს წმ. მარტინ ტურსელის ხსენების დღეს, წმიდანის, რომელიც ჩვენთვის ქრისტიანული სიყვარულის მაგალითს წარმოადგენს. წმ. მარტინ ტურსელი საფრანგეთში ჩემი საკრებულოს მფარველია. დღევანდელი საკვირაო საკითხავები - სიყვარულის ჭეშმარიტი საგალობლებია,

რომლებიც მოგვითხრობენ ორი ქვრივი დედაკაცის შესახებ. პირველმა - ციდონის ცარფათიდან - უწილადა ყველაფერი, რაც გააჩნდა, რათა დააპუროს წინასწარმეტყველი ელია, ღმრთის კაცი, მეორემ კი - ორი უკანასკნელი ლეპტა ჩადო ტაძრის საგანძურში. ბიბლიის თანახმად, ქვრივი ქალი, განსაკუთრებით კი, თუ მას შვილები არ ჰყავდა, იყო უმწეობისა და სიღატაკის სიმბოლო: ისრაელში მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ ყველა უფლებით, იმავდროულად, ქალი, რომელიც არ იყო დაცული მამაკაცის მიერ, იყო სრულიად უმწეო და უსუსური. თუკი ქალს ჰყავდა შვილები, ისინი ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მასზე სიცოცხლის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ქონება, რომელიც მას არსებობის საშუალებას მისცემდა, გადადიოდა მეუღლის ოჯახის ხელში და მისი სიცოცხლე მთლიანად დამოკიდებული იყო სხვების - ოჯახისა ან მეზობლების - კეთილგანწყობაზე. სწორედ ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ ორმა ქვრივმა რეალურად შეწირა ღმერთისთვის საკუთარი სიცოცხლე. და ეს მოხდა მაშინ, როდესაც მათ გაიღეს უკანასკნელი, რაც გააჩნდათ. ამგვარად, სახარების ღარიბი ქვრივი წარმოგვიდგება როგორც ხატება ქრისტესი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენთვის. როგორც იესომ ყველაფერი შეწირა ადამიანთა ხსნისთვის, ასევე, ამ ქალებმა ყველაფერი გაიღეს ღმერთისთვის. მაგრამ რას ნიშნავს - გიყვარდეს? „გიყვარდეს - ნიშნავს ყველაფრის მიძღვნას და საკუთარი თავის მიძღვნას სხვისთვის“ - ამბობს ყრმა იესოს წმ. ტერეზა. სწორედ ასე მოიმოქმედა ორმა ქვრივმა. „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის“ - ამბობს იესო (იოან 15, 13). ეს ორი ქალი გვასწავლის, თუ როგორ შესაძლებელია ამის აღსრულება: სულაც არაა აუცილებელი მოვკვდეთ ან დავიტანჯოთ, მაგრამ იმ ზომამდე გვიყვარდეს, როდესაც ირღვევა... ჩვენი სიამოვნება, კომფორტი, ჩვენი ეგოიზმი. გიყვარდეს - არ ნიშნავს „თავისი მოჭარბებულიდან“ დადებას, არამედ „თავისი სინაკლულიდან“ დადო ის, რაც არსებითია ჩვენთვის, „რაც კი სასიცოცხლოდ“ გაგვაჩნია. ერთხელ პაპმა იოანე პავლე II -მ შეეკითხა დედა ტერეზას: „დედაო, რას ნიშნავს მსხვერპლის გაღება?“, მან უპასუხა: „მსხვერპლის გაღება ნიშნავს გიყვარდეს იმდენად, რომ გეტკინოს“. ყოველივე ამის შუქზე გასაგები ხდება, თუ რას გვეუბნება ეპისტოლე ებრაელთა მიმართ: “ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად“. უფალო, გვასწავლე გვიყვარდეს ისე, როგორც შენ შეგვიყვარე! გვასწავლე, რათა გავიღოთ სიყვარული შენი სიყვარულისათვის!

მამა პიერ დიმულენი


66 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge