• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 25 ნოემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით

18, 33-37

იმ დროს უთხრა პილატემ იესოს: ,,შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ მიუგო იესომ: ,,შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? მიუგო პილატემ: ,,განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“ მიუგო იესომ: ,,ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“ უთხრა, მას პილატემ: ,,მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: ,,შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“

განმარტება

დღეს, ლიტურგიაში იესო ქრისტეს, სამყაროს მეფის, დღესასწაულია. ამ დღესასწაულით სრულდება ლიტურგიული წელიწადი, ხოლო მომდევნო კვირიდან ერთად ვიზეიმებთ ადვენტის პირველ კვირადღეს, ახალი ლიტურგიული წლის დასაწყისს. ამ უკანასკნელ კვირადღეს ლიტურგია იყენებს მეფის სახეს, რათა თაყვანი სცეს ღმერთის განხორციელებულ ძეს: იგი ჩვენი მეფეა, მთელი სამყაროს მეფე და მას ეკუთვნის დიდება... მაგრამ დღესასწაული გვეუბნება: ყურადღებით... იესო შენი მეფეა, მაგრამ რანაირი მეფეა იესო? როგორ უნდა განადიდო ის? რომელი ღმერთის გწამს? აი, დღევანდელი სახარებაც, რომელიც გვპასუხობს: ორი მეფე, ერთი - მეორის წინაშე. პილატე, უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფალი ისრაელში, რომლის უზენაესი ძალაუფლებაც სიკვდილის განწესებაა; ამის საპირისპიროდ, იესოს აქვს ძალაუფლება, დედობრივი და შემოქმედი, რომ სიცოცხლე მისცეს სისავსით. რომელი უფრო თავისუფალია ამ ორიდან, რომელი მათგანია მეტად ადამიანი? პილატე, თავისი ლეგიონებით გარშემორტყმული, საკუთარი შიშების ტყვე, თუ იესო, უიარაღო მეფე, ჭეშმარიტებამ რომ გაათავისუფალა; ვისაც არ ეშინია, ვინც შიშს არ ჰგვრის, შიშისგან ათავისუფლებს, ვინც ასწავლის, რომ მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, რაც გიყვარს? ყოველ ჯერზე მაოცებს იესოს გაბედულება, მისი შინაგანი სიმაღლე, ვერასდროს ნახავ მას დამონებულს ან შეშინებულს, პილატეს წინაშეც კი, თვითონ სავსებით თავისუფალია, ვინაიდან მართალია. მაშ, შენ ხარ მეფე? პილატე ცდილობს, გაიგოს, ვინ დგას მის წინაშე, ვინაა ეს გალილეველი, რომლის საუბარი და მოქმედებაც არავის სტოვებს გულგრილს. პასუხი: კი, მაგრამ ჩემი ხელმწიფება ამ ქვეყნისა არაა. დედამიწის ხელმწიფებანი ერთმანეთს ებრძვიან, ამქვეყნიურ ძალაუფლებას ომის ასულდგმულებს, ძალადობით საზრდოობს. ამის საპირისპიროდ, იესოს არასდროს მოუსყიდია ვაჭრები, არასდროს დაუქირავებია ჯარები, არასდროს შესულა ძლიერთა სასახლეებში, თუარა პატიმრად. «ჩააგე მახვილი», უთხრა პეტრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლე მუდამ უფრო ძლიერის, უფრო მოძალადის, უფრო სასტიკის, უფრო შეიარაღებულისა იქნება. მისი ხელმწიფება განსხვავებულია არა იმიტომ, რომ ისტორია არ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ისტორიაში შემოდის, რათა ისტორია სულ სხვად იქცეს, ვიდრე არის. მეფეთა მსახურები მათთვის იბრძვიან. მის სამეფოში პირიქით ხდება, მეფე მსახურად იქცევა: იმიტომ კი არ მოვსულვარ, რომ მემსახურონ, არამედ იმიტომ, რომ ვემსახურო. არავის ანაწევრებს, საკუთარი თავის გარდა; არავის სისხლს არ ღვრის, თავისი სისხლის გარდა; მსხვერპლად არავის სწირავს, ოდენ საკუთარ თავს სწირავს თავისი მსახურებისთვის. ის შიშველი, ჯვარცმული მეფეა, სრული სიყვარულია! აჰა, ჭეშმარიტი მეფეც! პილატეს არ შეუძლია გაიგოს იესოს ნათქვამი: მე ვარ მეფე, და ეს იქცევა მსჯავრის სახელწოდებად, დამცინავ წარწერად ჯვარზე, მის თავს ზემოთ: იუდეველთა მეფე. დიახ, მისი დაცინვა უნდოდა და, ნაცვლად, წინასწარმეტყველი აღმოჩნდა: მეფე ხილულია იქ, ჯვარზე, გაშლილი მკლავებით ყველასთვის, სადაც მთლიანად გასცემს თავს და არაფერს იღებს, სადაც გულშეუდრეკლად კვდება, მთელი არსებით რომ უყვარს. ღმერთი კი აღადგენს მას, რათა ეს განტეხილი სხეული ჩვენს მიზნად, ჩვენს იდეალად იქცეს, და არაფერი დაიკარგოს ამ სიყვარულიდან. შემდეგ პილატე იესოსთან ერთად დგას მოედნის შემაღლებულზე, მთელი სამყაროს შემაღლებულზე, მას წარუდგენს კაცობრიობას, ყოველ ადამიანს: აჰა, ადამიანი! და სურს თქვას, თუმც კი შეუგნებლად: აჰა, ადამიანის მაღალი და სპეტაკი სახე. აჰა, ადამიანი ღმრთის ხატად! აჰა, ვინც მე უნდა ვიყო. აჰა, ვინც შენ უნდა იყო! მიჰყევი მას, მიბაძე მას, და ეს იქნება საუკეთესო გზა, რომ განადიდო ის, რომ უთხრა მას: შენ ხარ ჩემი მეფე!!

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!

+ მეუფე ჯუზეპე პაზოტო


48 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge