• Akaki Chelidze

სამოციქულო ადმინისტრაციის 25 წლის იუბილე


ძვირფასო მღვდლებო, დიაკვნებო, ღვთივშეწირულნო და მორწმუნენო,

25 წლის წინ, 30 დეკემბერს, პაპმა დააფუძნა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია. როგორც ვიცით, კომუნისტური პერიოდის შემდეგ ეს იყო საჯარო აქტი, იმისათვის, რომ ეკლესიურ ცხოვრებას ამ კუთხეში (თავიდან მასში შედიოდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მიეღო ადგილობრივი ეკლესიის კანონიკური სტრუქტურის ღირსება. რა კონკრეტული შედეგი ექნებოდა ამ გადაწყვეტილებას, ვერცერთ ჩვენგანს ვერ წარმოგვედგინა. მაგრამ ამ მომენტიდან გადმოსჩქეფა ქრისტიანული ცხოვრების, მსახურების, გაკეთებული არჩევნების, ახალი და განახლებული საქმეების, ჩართული პირების, ლიტურგიული და საქველმოქმედო ქმედებების, გარჯისა და სიხარული ნაკადმა, რამაც ჩვენ და მრავალი სხვა ჩვენთან დაკავშირებული პირი ჩართო სხვადასხვაგვარად. მართალია სამოციქულო ადმინისტრაცია აქ წარსულშიც არსებობდა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ახალი დასაწყისი.

30 დეკემბრის თარიღი ჩვენთვის ნიშნავს იმ სივრცის აღდგენას, რომელშიც პირვანდელი ეკლესია ცხოვრობდა რწმენით: საქმეთა წიგნში საუბარია “ეკლესიაზე, რომელიცაა იერუსალემში” (საქმ 8,1); პავლე მოციქული თავის წერილებში საუბრობს ღვთის ეკლესიებზე, რომლებიცაა კორინთოში (1კორ 1,2), ეფესოში (ეფ 1,1), რომში მყოფებზე (რომ 1,7) და სხვ. გამოცხადების წიგნში წმ. იოანე გვამცნობს წერილებს ასიაში მყოფი შვიდი ეკლესიისადმი (გამოცხ 1,4). ეკლესია შედგებოდა ადგილობრივი ეკლესიებისაგან. ჩვენი ადმინისტრაცია, ლათინური წესის ყველა კათოლიკე ვინც კავკასიის ამ მხარეში ცხოვრობს, გახდა ადგილობრივი ეკლესია, მოხდა მისი ღირსების აღიარება და მიიღო ყველა და-ეკლესიის სიყვარული. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ: რაოდენ მნიშვნელოვანი და მშვენიერია ეს თარიღი ჩვენთვის!

გვსურს აღვნიშნოთ კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ცხოვრების ეს 25 წელი. როდესაც მსგავსი მოვლენების წინაშე ვდგებით ხოლმე, შესაძლოა გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს უბრალო ღონისძიებასთან და გარეგნულ ნიშნებთან, რომლებიც არანაირ კვალს არ ტოვებს ცხოვრებაზე და მხოლოდ დროის, ძალებისა და სახსრების გაფლანგვის საფრთხეს წარმოადგს. ჩვენ არა გვსურს – ყოველ შემთხვევაში, ჩვენს განზრახვაში არა გვსურს –, ჩავცვივდეთ ამ შეცდომაში. გვწადია, ინტენსიურად განვვლოთ ეს წელიწადი, როგორც უფლის ნიჭი და მადლი ჩვენი ადგილობრივი ეკლესიისათვის.

ამ წლის განმავლობაში გვსურს მადლობა ვუთხრათ უფალს იმ ისტორიისათვის, რომელიც ჩვენით შექმნა. ეს ისტორია, ალბათ ზღუდეებითა სავსე, ჩვენი ზღუდეებითა და უძლურებებით, მაგრამ მით უფრო მეტადაა ის იმ დამხსნელი სიყვარულით მდიდარი, რაც მან მოიმოქმედა. გვსურს, აგრეთვე, ვისარგებლოთ შემთხვევით, რათა გავიზარდოთ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდეთ, რამხელა მადლია, რომ ამ ეკლესიას ვემსახურებით, რომ შეგვიძლია ვპოვოთ მასში ჩვენი ხსნა და შევთავაზოთ ის, როგორც ნამდვილი სიცოცხლის ადგილი: “უფალი დღითიდღე მატებდა ეკლესიას დახსნილთ” (საქმ 2,47). შევეცდებით ერთად დავუფიქრდეთ იმას, თუ რას ნიშნავს იყო ინკულტურირებული ეკლესია, ამ უმშვენიერეს, ტანჯულ და არაჩვეულებრივ მიწაზე ხორცშესხმული ეკლესია. ამ კუთხეში ინკულტურირებული ეკლესიის თემა წარგვიძღვება მომავალი სინოდური კრებისაკენ სექტემბრის თვეში.

გიწვევთ ყველას საზეიმო წმიდა წირვაზე, რომელიც შეგვკრებს საკათედრო ტაძარში შაბათს, 29 დეკემბერს, 11.30 სთ-ზე, რის შემდეგაც ამ თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავენ თბილისის ოპერის გუნდი და სხვა პირები. გთხოვთ, რათა ყველა სამრევლოდან წარმომადგენლები მაინც დაესწრონ, რათა საკუთარი საკრებულოს მადლობა შესწირონ უფალს, მისი სიყვარულისათვის. წმიდა წირვას აღავლენს, თუკი ჯანმრთელობა მისცემს ამის შესაძლებლობას, მეუფე ჟან პოლ გობელი, პირველი სამოციქულო ადმინისტრატორი, რომელსაც ვღებულობთ სიხარულითა და მადლიერებით. მაისის თვეში წმიდა მიწაზე მომლოცველობის შესაძლებლობა ექნებათ მღვდლებს, ღვთივშეწირულებსა და საეროებს. ამ ინიციატივის შესახებ მიიღებთ აუცილებელ ცნობებს.

ვითხოვ ყველა ჩვენგანზე უფლის კურთხევას ყოველივე იმისათვის, რასაც ეს საიუბილეო წელი შემოგვთავაზებს და მოგელით.

+ მეუფე ჯუზეპე პაზოტო


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge