• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 9 დეკემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

 3, 1-6

ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში, ანას და კაიფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველივე ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.“

განმარტება

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუმზადოთ გზა მხსნელს, გვევუბნება იოანე ნათლისმცემელი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით, რომლებიც გადმოგვცა წმ. ლუკამ: განუნზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება... რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება? ეკლესიის მამების მიხედვით გზებზე მთები და ბორცვები ადამიანური სიამაყისა და ავადმყოფური ამბიციების გამოხატულებაა. სიამაყე წარმოადგენს დიდ წინააღმდეგობას და ხელისშემშლელ ფაქტორს როგორც ღმერთთან ასევე ადამიანთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებაში. იესოს დროს ასეთი სიამაყით და მედიდურობით გამოირჩეოდნენ ფარისევლები. სამწუხაროდ დღესაც ბევრია ასეთი ხალხი, რომლებიც ჩვენს შორის ცხოვრობენ. მოვუსმინოთ ერთ ახალგაზრდა გოგონას: „ვეკუთვნი ახალგაზრდების იმ უამრავ რიგებს, რომლებიც ყველაფერს აკრიტიკებენ, არაფერი არ მოსწონთ და ხშირად ბუზღუნებენ. ვარ 22 წლის და ხშირად ვერ ვიოკებ საკუთარ ნერვებს. ყოველთვის გამოვხატავ რაღაც პრეტენზიას იმაზე, თუ რასაც ამბობს ან რასაც აკეთებს დედაჩემი. ამის გამო ჩვენს სახლში მუდმივი კამათია ყოველი შეკამათების შემდეგ ძალიან მალე ვგრძნობ ჩემს დანაშაულს - რომ ხმა ავიმაღლე და ვერ გავუგე დედას. მაგრამ, მიუხედავად ამისა არასდროს არ მომიხდია ბოდიში და არასდროს არ მითქვამს, რომ ის მართალია. ამის მიზეზია ეს დაწყევლილი ამბიცია, რომელმაც მომიცვა მთლიანად ფეხებიდან დაწყებული თავამდე.“ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გოგონა მიაღწევს სიამაყის მთის დადაბლებას, გასწორებას, რომელიც აშორებს მას მშობელ დედასთან. ფარისეველთაგან განსხვავებით იგი ხედავს საკუთარ ნაკლს და ძალიან განიცდის. დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანისათვის სულიერი მთები და ბორცვები შეიძლება იყოს განსჯა, სიამაყე, შური, მედიდურობა, საკუთარი სურვილების განხორციელება, სხვისი აზრების არაფრად ჩაგდება და ა.შ. დღევანდელი სახარება მოგვიწოდებს ჩავიხედოთ ჩვენს სულიერ სამყაროში, დავინახოთ ის მთები და ბორცვები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრია და ვთხოვოთ ქრისტეს, რომ დაგვეხმაროს ამ ადვენტის განმავლობაში ამ ნაკლის გამოსწორებაში. ქრისტეს, რომელსაც ვუყვარვარ. ის ხომ ჩვენთვის მოვიდა, ჯვარზე იტანჯა და სიკვდილი დაამარცხა, მას შეუძლია ასევე დაამარცხოს ჩემს ჩხოვრებაში ყოველი ნაკლი. მწამს უფალო, რომ შენ შეცვლი ჩემს ცხოვრებას სასიკეთოდ.

მ. ზურაბ კაკაჩიშვილი 


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge