• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 16 დეკემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

ლუკ. 3, 10-18

იმ დღეებში ხალხი ეკითხებოდა იოანეს და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? მიუგებდა და ეტყოდა მათ: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“ მივიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას:„მოძღვარო , რა ვქნათ?“ მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“ ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“ როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“ კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

განმარტება

სიხარულით იზომება ჩვენი რწმენა სიხარულია ადვენტის ამ კვირადღის საკითხავებს რომ გასდევს წითელ ხაზად. სიხარული, რომელიც ადვენტის მუქ ფერებში ვარდისფრად გვინათებს მომძლავრებულ ღამეს და შინაგანი თუ გარეგანი სითბოს და შუქის მონატრებას განგვაცდევინებს. ეკლესია თავისი ლიტურგიული კალენდრით კიდევ ერთხელ მიგვიძღვის ღვთის ხორცშესხმული სიტყვისკენ და შეგვახსენებს მის ძალას; ღვთის შემოქმედი და გამომხსნელი სიტყვის მოსმენა და მისთვის ადგილის დათმობაა ქრისტიანის მთავარი საკეთებელი; სახარებით, სასიხარულო ამბით გატაცებაა ის გზა, რომელზეც აღარავის მოაფიქრდება ღმერთთან ვაჭრობა და გარიგება, იმის კითხვა, თუ რამდენი ეყოფა მას, რადგან ცოცხლად ეცოდინება, რა უნდა აკეთოს და – რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - რატომ უნდა აკეთოს, იმისათვის, რომ ღმერთს მოეწონოს. 

«ჩვენ რაღა ვქნათ?» სრულებით უწყინარად ჟღერს ეს შეკითხვა. არადა ხშირად ისმის ხოლმე ის, როცა რაიმე ახალი ხდება; სიახლეს ხომ ბლომად შფოთი შემოაქვს ხოლმე, რაკი ცხოვრებაში განსხვავებულ, უცნობ თვალსაწიერს გვიშლის და შეწუხებას, განძრევას მოითხოვს ჩვენგან. ამ კითხვასთან დაკავშირებული მოუსვენრობა რომ გვერდზე გადავდოთ, შევიგრძნობთ როგორ იღვიძებს გულში სიახლის წყურვილი, ახლებურად მოქცევის წყურვილი.

გადავხედოთ ღვთის ერის გამოცდილებას. ყოველთვის, როდესაც ის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე, ღმერთი მას სთავაზობდა ახალ გამოსავალს, ხსნას. ამგვარად, პირველ საკითხავში, იმ დროს, როდესაც კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება, ერი ხარობს, რაკი რწმენით უწყის, რომ ღვთისაგან ხსნა არ დააყოვნებს, მაშინაც კი, როცა ეს ხსნა მომავალშია. ხოლო პავლე მოციქული, როცა მოუხმობს ქრისტიანებს სიხარულისაკენ, საპყრობილეში იმყოფება (მეორე საკითხავი) და დარწმუნებულია, რომ ღმერთი აძლევს მას მშვიდობასა და სიმშვიდეს, რათა მომავალ განსაცდელებს გაუმკლავდეს. იოანე ნათლისმცემელი ამ კითხვას ათი მცნებით პასუხობს; ის რჯულში რჩება, რათა უკეთ მიგვიყვანოს ქრისტესთან, რომელიც მოდის რათა გახსნას ახალი დროება (სახარება). იოანე ნათლისმცემელი სასუფევლის კართან დგას და გვამცნობს ამ სასუფეველს; მან უწყის, რომ სასუფეველი უკვე აქაა, რომ ესოდენ ნანატრი ხსნა მოდის, რომ სიყვარული მოგვხედავს და გვესტუმრება. თუ ეს ასეა, მაშ ახალ დროებას ახლებური ქცევა დავახვედროთ! 

იოანე ნათლისმცემლის თანახმად, ქრისტეს მოსვლამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს. ამან როდი უნდა შეგვაშინოს, პირიქით! ცეცხლი ყველასთვისაა, ღვთის სულიც ყველასთვისაა. მაშინ თითოეულში დაიწვება ის, რაც ღვთის სულის საწინააღმდეგოა; ყოველივე ის, რაც ხელს უშლის ჩვენს რწმენას, იყოს სიხარულით გადავსებული რწმენა; ბოლოს და ბოლოს კი დაიწვება ყოველივე ის, რაც ხელს გვიშლის სრულად მივენდოთ ღმერთს. სასიხარულო ამბავი მოგვწვდა. მაშ, აი რისი კეთება გვმართებს: დავანებოთ ქრისტეს სულს, გაგვათავისუფლოს შფოთისაგან და გაგვიხსნას გულები იმ სასუფევლის სიხარულზე, რომელიც მოდის.

* * *

«რა საოცარია, რისი კეთება გვმართებსო, ეკითხებიან მას მისი მსმენელნი. რჩევა, რომელსაცი იგი იძლევა, ისევე მარტივია, როგორი მწარეც იყო მისი ქადაგება. რისი კეთება გვმართებს, იმისათვის რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება? არანაირი შეუძლებელი გიგანტური ნაბიჯები! არანაირი სენსაციური მონანიების აქტები. არა, იგი როდი მოითხოვს რომ ყველანი უდაბნოში გავიდეთ და იქ ვიცხოვროთ ასკეტური ცხოვრებით. დაიწყე უბრალო რამეებით: გაუნაწილე სხვებს ის, რაც გაქვს. არაა საჭირო, ყველაფერი გასცე, არამედ მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც გაქვს. თუკი გაქვს სამოსი, რაც არა გჭირდება, მიეცი იმას, ვისაც არა აქვს საკმარისი. ასევე საჭმელიც: გაუნაწილე ის, რაც ზედმეტი გაქვს, პური აჭამე მშივრებს. დაიწყე გაზიარებით»

Christoph Schonborn, Pensées sur l’évangile de Luc, Parole et Silence, p. 24. (გამოყენებული მასალა: Missel des Dimanches 2016) მ. აკაკი ჭელიძე  


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge