• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 23 დეკემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით 

1, 39-48

იმ დღეებში ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში. და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს. როცა ელისაბედმა მარიამს მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში და აღავსო ელისაბედი სულიწმიდით. და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ.“ და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში. ვინაიდან მოხედა თავის მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა.

განმარტება

ქრისტეშობა უკვე კარს მოგვადგა, ხვალ კი ჩვენ შევეგებებით სამყაროს მხსნელს! ცხრა თვის წინ, 25 მარტს ჩვენ ვზეიმობდით ხარების დღესასწაულს - იმ დღეს, როდესაც ანგელოზმა აუწყა მარიამს: „აჰა, დაორსულდები და შობ ძეს...“ (ლუკ 1, 31) მიიღო თუ არა ანგელოზის უწყება, მარიამი საჩქაროდ გაემართა თავისი ნათესავის, ელისაბედის მოსანახულებლად (მონახულება ჩვენ ვიზეიმეთ 31 მაისს). მან დიდი გზა გაიარა ნაზარეთიდან იუდეის ქალაქამდე და, როდესაც შევიდა სახლში, მიესალმა ელისაბედს ისეთივე სიხარულით, რა სიხარულითაც მიმართა მარიამს ანგელოზმა გაბრიელმა. მარიამი იმდენად იყო აღვსილი ღმერთით, ღმერთის მყოფობით მასში, რომ მისი ხმაც გამსჭვალული იყო სიხარულით. მარიამის ხმის გაგონებაზე ყრმა იოანე შეტოკდა, „აცეკვდა“ დედის მუცელში. ელისაბედმა გაიგონა მისალმება, ხოლო მისმა მუცლად მყოფმა შვილმა იცნო მხსნელი და სწორედ ამის გამო ელისაბედი მიხვდა, რომ მარიამი არის მისი უფლის დედა. ამ ტექსტში ვპოულობთ მნიშვნელოვან და მშვენიერ სწავლებას: ეს არის მოწოდება ვეთაყვანოთ მას - მას, ვინც სამუდამოდ დამკვიდრდა ჩვენს გულებში. ყოველი მონათლულის გულის წიაღში სულიწმიდა იმყოფება როგორც ტაძარში. თავად იესომ თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“ (იოან 14, 23). მორწმუნე, რომელიც ყოველთვის ყურადღებით ეკიდება ღმრთის მყოფობას მის გულში, აფრქვევს მასში დამკვიდრებულ სიხარულს, და მაშინ ჩვეულებრივი მისალმებით, უბრალო გამოხედვითაც კი ის შეიძლება გახდეს სხვისთვის ღმრთის მატარებელი. კეთილი უწყების გადაცემა ხდება გულიდან გულში სიხარულის მეშვეობით. სულიწმიდით აღვსილმა ელისაბედმა უთხრა მარიამს: „ნეტარია, ვინც ირწმუნა...“ (ლუკ 1, 45). მარიამი ნეტარია, რადგან ირწმუნა უფლის სიტყვა. იოანეს სახარების ბოლოს იესო, ასევე, იტყვის: "ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და ირწმუნეს“ (იოან 20, 29). წარმოთქვა რა ეს სიტყვები, მან, პირველ ყოვლისა, დედამისი იგულისხმა: სწორედ მარიამია მაგალითი მათთვის, ვისაც არ უნახავთ, მაგრამ გულის სიღრმეში ღმერთს ატარებენ, მარიამია ეკლესიის სახე. ხარებიდან მიძინებამდე მარიამს თითქმის არაფერი უნახავს, მაგრამ სწამდა. მან განვლო რწმენის ღამე, ჯვრის ღამე. ვნებათა ბოლო წუთამდე მას სწამდა, რომ „აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ“ (ლუკ 1, 45) შევთხოვოთ მას შემწეობა, რათა ჩვენს გულებში განუმზადოთ ღირსეული სამკვიდრებელი იესოსთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი გული მხოლოდ ღარიბული ბაგაა, მაგრამ მის წიაღში იესო დამკვიდრდება, ეს გული გარდაიქცევა პატარა სამოთხედ... გისურვებთ ბედნიერ ქრისტეშობას!

მამა პიერ დიმულენი  


78 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge