• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 30 დეკემბერი (წმ. ოჯახის დღესასწაული)


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით 

2, 41- 52

იმ დროს იესოს მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ. ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ. ეგონათ, რომ მგზავრთა შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. რომ ვერ იპოვეს იგი, დაბრუდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას. სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით. რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას : „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ.“ მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ. და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

განმარტება

დღეს სახარებაში ვკითხულობთ რომ 12 წლის იესო ჩვეულებისამებრ მისმა მშობლებმა სადღესასწაულოდ აიყვანეს იერუსალიმში. მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, როცა წმ.მარიამი და წმ. იოსები კარგავენ იესოს და სამ დღეში პოულობენ ტაძარში. ეს არ ხდება შემთხვევით, რომ თითქოს იესოს დაავიწყდა თქმა მშობლებისათვის, რომ უნდა დარჩენილიყო ტაძარში, ან არ დაემორჩილა მშობლებს და მიიმალა. ეს ფაქტი შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვანაირად, მათ შორის ყველაზე განსაკუთრებული ისაა, რომ იესო წინასწარ გვამცნობს და გვამზადებს, რომ მოვა დრო, როცა ამ სამყაროდან გავა და სამი დღის განმავლობაში ვეღარ ვნახავთ (მის ტანჯვით სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზეა საუბარი).

შემდეგი ფაქტი ისაა, რომ როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ვკარგავთ იესოს (ნებისმიერი სახით), საშინლად ვგრძნობთ თავს, შევხედოთ წმ. მარიამსა და წმ. იოსებს, როგორ ეძებდნენ სამი დღის განმავლობაში შეუჩერებლად, ესეგი მათი გული და სული ვერ დამშვიდდა სანამ არ იპოვეს იგი „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ“. ხოლო იესოს პასუხი: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ ეს კი იმას გვამცნობს, რომ იესო ქრისტე ყოველთვის გველოდება ტაძარში „მამის სახლში“ რათა მოგვცეს თავისი თავი წმიდა ზიარებაში. რომ ვიყოთ მასთან თანაზიარებაში მუდმივად!

ძვირფასო დანო და ძმანო ქრისტეში, დავფიქრდეთ და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: როდესაც წმ. მარიამმა და წმ. იოსებმა დაკარგეს იესო, არ შეუწყვეტიათ იესოს ძაბნა სანამ არ იპოვეს; და როდესაც ჩვენ ვკარგავთ იესოს, ვეძებთ კი მთელი გულით მას, იქამდე სანამ არ ვიპოვით? თუ ვეჩვევით იესოს გარეშე ცხოვრებას და გვავიწყდება, რომ რამდენი ტანჯვა გადაიტანა მან ჩვენთვის, რათა გამოესყიდა ჩვენი თავი თავისი ძვირფასი სისხლის დაღვრით, რათა მივეყვანეთ მამასთან ცათა სასუფეველში საუკუნო ბედნიერებისათვის მამის სადიდებლად?.

მ. მერაბი ტატალაშვილი


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge