• Akaki Chelidze

სახარების განმარტება,  13 იანვარი - უფლის ნათლისღება


სახარება ლუკ. 3, 15-16, 21-22 იმ დროს, როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სული წმიდით და ცეცხლით, როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სული წმიდა ხორციელი სახით, როგოც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“ განმარტება ეს შობის ჟამის ბოლო კვირადღეა. ესაა იესოს ნათლობის დღესასწაული, მდინარე იორდანეში იოანეს მიერ მისი შთაფვლის დღესასწაული: იესოს, როგორც მოწიფული ადამიანის, პირველი აქტი, მისი პირველი საჯარო გამოჩენა. ყველა სახარება, ისევე როგორც მოციქულთა პირველი ქადაგება, შეგვახსენებს ამ მოვლენას, იესოს მსახურების დასაწყისში რომაა, და თითოეული მასზე თავისებურად მოგვითხრობს: ამიტომაც, შევეცადოთ გავიგოთ და ნათლად გადმოვცეთ ლუკას მონათხრობის თავისებურება. იორდანეს წყლებში ქრისტეს ნათლობის სცენის აღწერისას, ლუკას ის როდი აინტერესებს, რომ ამ მოვლენის შესახებ ისტორული ან კონკრეტული დეტალები მოგვაწოდოს, არამედ მიზნად ისახავს, გადმოგვცეს ჩვენ, სახარების მკითხველებს, პირველი ელემენტები, რომ გავიგოთ იესოს ვინაობა, ვინაა იესო?, ჩვენი რწმენის მუდამ აქტუალური შეკითხვა. ლუკას მონათხრობი შეიცავს ორ განცხადებას იესოს ვინაობის, იოანეს ვინაობისა (3,15-16) და თავად ღმერთის ვინაობის (3,21-22) შესახებ. - პირველი გამოწვეულია ხალხის რეაქციით იოანეს ქადაგებისა და მოქცევის ნათლობის მიმართ: ის ხომ არაა მესია? (3,15). იოანე პასუხობს, რომ არსებითი განსხვავებაა მის მიერ შესრულებულ წყლით ნათლობასა და იესოს მიერ აღსრულებულ «სულიწმიდით და ცეცხლით» ნათლობას (3,16) შორის. - მეორე მოდის ზეციდან და ცხადდება იესოს ნათლობის დროს. ამ სცენის ფონზე არსებობს მონათლულთა ხალხი, საიდანაც გამოდის იესოს ფიგურა, რომელიც მათ უერთდება და ინათლება (3,21). ამ სცენის ცენტრში ნათლობის აქტი როდია, არამედ ის ფაქტები, მას რომ ახლავს თან: იხსნება ზეცა, სულიწმიდა გადმოდის მასზე და გაისმის ხმა, რომელიც იესოს ვინაობას აცხადებს (3,22). იოანე ნათლისმცემელი იუწყებოდა მასზე, ვინც მოდიოდა და ვინც მასზე ძლიერი იყო, ვინც შთაიფვლებოდა (მაშასადამე, მოინათლებოდა) არა იორდანეს წყლებში, არამედ სულიწმიდასა და ცეცხლში. თუმცა, ‘ის, ვინც მოდის’, ვინც იოანეს მოწაფეა და ატარებს სახელს, რომელიც ჯერ კიდევ არაა ცნობილი როგორც იეშუ’ა, იესო, ისიც მოინათლება. ლუკა ხაზს უსვამს, რომ იგი ამას აკეთებს “მთელ ხალხთან”ერთად, - ესაა მაღალფარდოვანი გამოთქმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმის მიერ შეკრებილ ხალხზე, ვინც “ახარებდა” (ლკ 3,18), ანუ, ვინც კეთილ უწყებას ქადაგებდა. იმ ხალხთან ერთსულოვნად, რომელსაც განახლება და სიახლე სწყურია, ყველა დანარჩენის მსგავსი ადამიანი, მამაკაცებსა და ქალებს შორის მდგომი, ყოველგვარი სურვილის გარეშე, რომ ცოდვილებს გამოეყოს, იესო წყალში შთაიფვლება იოანეს მიერ: ხალხთან ერთად, ხალხს შორის, ხალხიდან ერთ-ერთი, სადაც ეს ტერმინი უსათუოდ მიანიშნებს ჩვეულებრივ ადამიანებზე, მაგრამ იმ ახალ ერზეც, რომელსაც ღმერთი კრებს, რომ თავის ერად აქციოს სამარადისოდ. ესაა იესოს საჯარო ცხოვრების პირველი ჟესტი: არათუ ქადაგება, არათუ სასწაული, არათუ რაღაც, რაც იქმყოფთ გააოცებდათ, არამედ თავმდაბლობის, ღმრთისადმი მორჩილების და ცოდვილ ძმებთან სრული სოლიდარობის ადამიანური ჟესტი. ლუკას სურს, ნათლად აჩვენოს, თუ რა ხდება იესოს თავს, როგორია მისი უღრმესი პიროვნული გამოცდილება ამ მოვლენაში. სხვა სახარებებისგან განსხვავებით, აქ ნაჩვენებია, რომ იესო ნათლობას იღებს მაშინ, როდესაც ლოცულობს, როდესაც თავის ღმერთსა და მამას შეჰღაღადებს. რას ნიშნავს ლოცვა? მცირედ რამეს: დუმილს, შენს თავში ღმერთის სულისათვის ადგილის დათმობას ღმრთის იმ სიტყვის მისაღებად, რომელსაც თავად სულიწმიდა ახმოვანებს. ესაა ქრისტიანული ლოცვა: არათუ ღმერთისთვის ნათქვამი სიტყვები, არათუ ფორმულების გამეორება, არათუ გრძნობებისა და ემოციების გამოწრთობა, არამედ დუმილი, მზაობა ღმერთის სიტყვისა და სულის მისაღებად. იესოს თავს ხდება ის, რაც მოწაფეთა პირველი საკრებულოს თავს, მისი აღდგომის შემდეგ, როდესაც ლოცვაში დარჩება, სულიწმიდას შემოუშვებს და ძღვენს მიიღებს (შეად. საქ 1,4; საქ 2,1-12). ამიტომაც, ლუკას მიხედვით, იესო საუბრობს ლოცვასა და მის კონკრეტულ შესმენაზე: “ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს” (ლკ 11,13). ამგვარად, იესოს წყალში შთაფლავს იოანე, მაგრამ იგი, პირველ რიგში, ლოცულობს და მთელი თავისი არსებით ემზადება, რომ სულიწმიდის სამკვიდრებლად იქცეს, რომელსაც მხოლოდ იესო ხედავს ზეციდან გარდმომავალს მტრედის სახით, მასში რომ დაემკვიდროს. ესაა ნიშანი ღმრთის სულისა, წყლებზე რომ იძვროდა შექმნის ჟამს (შეად. დაბ 1,2), - შექინას, ცოცხალი ღმერთის მყოფობის, ნიშანი. ზეცა იხსნება, რომ ღმერთისგან გადმოვიდეს სული, და ამ სულთან ერთად, აჰა, გაისმის ღრმად პიროვნული სიტყვა იესოს მიმართ: “შენ!”. “ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ”, მე-2 ფსალმუნის სიტყვებია (სტ. 7), რომელთაც იესო შეავედრებს და უნიკალურად ითავისებს, და რომელთა წარმოთქმასაც თან ახლავს მამის მთელი სიხარული: “კმაყოფილი ვარ, რომ შენ ამოგირჩიე, შენით გავიხარე”, ესაა სიხარული ღმერთისა, თავის მსახურს რომ ირჩევს (შეად. ეს 42,1). არავის ესმის ეს ხმა, მაგრამ იესო მას გულში დაიმარხავს მთელი სიცოცხლე; ვერავინ ხედავს გარდმომავალ სულს, გარდა იესოსი; მაგრამ ამ მოვლენის შემდეგ შეძლებს გამეორებას: “უფლის სულია ჩემზე, ვინაიდამ მან მცხო გლახაკთა სახარებლად” (ლკ 4,18; ეს 61,1). ასეთია მისი მოწოდება, რომელსაც სრულად და ზედმიწევნით შეასხამს ხორცს იესო, როგორც უფლის მსახური. “იესო იქნებოდა ოცდაათი წლისა”(ლკ 3,23), უმალვე შენიშნავს ლუკა, მაშასადამე მისი ცხოვრების მრავალი წელი უცნობია. იმ დროიდან, როდესაც თორმეტი წლის ასაკში გახდა “მცნების ძე” (bar mitzwà), (შეად. ლკ 2,41-50), ღმერთის ამ გამოცხადებამდე, იესომ ჩვეულებრივი და შეუმჩნეველი ცხოვრება განვლო. უსარგებლოა ამ წლების აღდგენა ფანტაზიითა და წარმოსახვით, როგორც აპოკრიფულ სახარებებშია მოცემული... საკმარისია იმის ცოდნა, რომ იგი ელოდებოდა; რომ მუდამ ღმერთის დღევანდელობით ცხოვრობდა. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცით: ის მორჩილებდა ღმერთს მეტადრე, ვიდრე ადამიანებს და ოჯახს (შეად. ლკ 2,49; საქ 5,29); მზად იყო, თავის ცხოვრებასა და სხეულში ადგილი დაეთმო სულიწმიდისთვის, “თავისი განუყოფელი თანამოზიარესთვის” (ბასილი კესარიელი); იწრთობოდა ღმრთის სიტყვის მოსმენის ხელოვნებაში, რასაც გულმოდგინედ ეწაფებოდა წმიდა წერილებში, სწავლობდა ებრაულს, უკვე მოძველებულ ენას, მოძღვართაგან სწავლობდა რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას და განმარტებას, მოწაფედ მიჰყვებოდა იოანეს. ეს ყველაფერი ოცდაათ წლამდე, როდესაც უკვე მოწიფული კაცი იყო და, თავისი ასაკისათვის, უკვემოხუცებული. და როდესაც მისი მოძღვარი, იოანე, საპყრობილეში ჩასვა ჰეროდემ (შეად. ლკ 3,19-20), აჰა, მისი ჟამიც დადგა, - ჟამი, რომ თავისი სიტყვა გაეხმოვანებინა; ჟამი, რომ სახარება ეუწყებინა; ჟამი, რომ გალილეისა და იუდეის გზები განევლო, რათა “ადამიანთა შორის ევლო და სიკეთე ეკეთებინა” (შეად. საქ 10,38). ეს გზა მიდის იორდანეს წყლებში შთაფვლიდან ვნებისა და სიკვდილის წყლებში შთაფვლამდე (შეად. ფს 69, 2-3). და სიკვდილის ჟამსაც კი იესო იქნება როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი, შერაცხული და ჯვარცმული ბოროტმოქმედთა შორის (შეად. ლკ 22,37; 23,33; ეს 53, 12) და, ამიტომაც, ცოდვილებთან თანაზიარი, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე იყო. იესო ცოდვილებს ამჯობინებდა, ვიდრე მართლებს, მათთან ერთად მოინათლა იოანეს მიერ; მათ მაშინაც კი ამჯობინებდა, როდესაც ჯვარზე კვდებოდა მათ შორის, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს კი დაჰპირდა: “დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ლკ 23,43). და მკვდარიც კი კვლავ მოისმენს მამის ხმას: “ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ”, ხმას, მას რომ მოუხმობს მკვდრეთით, სულიწმიდას, საუკუნო სიცოცხლისათვის რომ აღადგენს. რამდენიმე შეკითხვა: ა) იესოს ნათლობის მონათხრობში, რა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე «ღმერთის ხმამ», რომელმაც იესო ღმრთის მხოლოდშობილ, საყვარელ ძედ გამოაცხადა? ბ) არ გაოცებს ის ფაქტი, რომ იესო იქაა, სადაც ხალხი თხოულობს სულიერ და საზოგადო განახლებას, მიტევებას, ახალ ცხოვრებას? გ) არ გაოცებს ის ფაქტი, რომ იესო ჩადის იორდანეს წყლებში, რომ თავადაც მიიღოს სინანულის ნათლობა, ცოდვილთა თანაზიარი გახდეს, იგი, ვინც უცოდველია? დ) შენ, ვინც მოინათლე ქრისტეს სახელით, «სულიწმიდით და ცეცხლით», მისი სიკვდილითა და აღდგომით, ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის - სახელით, იცი, რომ მოხმობილი ხარ იესოს ცხოვრებისა და სწავლების მიხედვით იცხოვრო, იმათთან თანაზიარებაში, ვინც შენსავით მიიღეს იგივე ნათლობა კათოლიკე ეკლესიაში? ე) იცი, რომ კათოლიკე ეკლესიაში მიღებული ნათლობა ერთადერთია და შეუძლებელია მისი გამეორება, არამედ მხოლოდ მისი განახლება, განმტკიცება და დამოწმება შეიძლება? ვ) როგორ გაატარე შობის დღესასწაული? გაიზარდე შენი უფლის შეცნობასა და კათოლიკე ეკლესიასთან თანაზიარებაში? გმადლობთ მ. გაბრიელე ბრაგანტინი


57 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge