• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 20 იანვარი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით

იოან. 2, 1-12

იმ დღეს, ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: ,,ღვინო აღარა აქვთ.“ ეუბნება მას იესო: ,,რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი არ დამდგარა.“ ეუბნება დედამისი მსახურებს: ,,გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“ იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. ეუბნება მათ იესო: ,,დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც დაასვეს პირთამდე. და ეუბნება მათ: ,,ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და ეუბნება მას: ,,ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს.“ ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს.

განმარტება

ხშირად, სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენთვისვე უფრო ნათელი იყოს. ვნერვიულობთ, რომ რაღაც არ გვესმის და ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ფიქრი, ჩვენი სურვილი და ჩვენი გეგმებია.

დღეს, სახარებაში მოვისმინეთ მსგავსი სიტუაციის შესახებ. ქორწილი იყო და ღვინო დააკლდათ. რაც ყველაზე დიდი სირცხვილი იყო მათთვის, ვინც ამ საქმეზე იყო პასუხისმგებელი. ისე არ მოხდა, როგორც მათ უნდოდათ და საერთოდ, ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა.

ახლა გავიხსენოთ, რამდენი ასეთი სიტუაცია გამოვცადეთ ჩვენს ცხოვრებაში. გვქონდა ლამაზი და სერიოზული გეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი დაიმსხვრა ჩვენს თვალწინ. და ვფიქრობთ: ახლა რა ვქნათ? გზაჯვარედინზე ვდგავართ და საით უნდა წავიდეთ არ ვიცით.

სწორედ დღეს მოვისმინეთ, როგორც უნდა მოვიქცეთ ასეთ მდგომარეობაში. პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, რომ იესო ყოველთვის არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. არ გვტოვებს, არ ბრაზდება, არამედ ყოველთვის მზად არის, რომ დაგვეხმაროს, როცა ამისი საჭიროება გვაქვს. მეორე, როცა ასეთ სიტუაციაში მოვხვდებით, მუდმივად უნდა მივენდოთ ღმერთს დავგავიხსენოთ მარიამის სიტყვები დღევანდელი სახარებიდან: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“. მას უნდა გვაჩვენოს, რომ იესომ იცის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი პრობლემები, სირთულეები და იცის მათი მოგვარების გზებიც, მაგრამ იგი გვეხმარება საკუთარი გზითა და ნებით და არა ჩვენი. მესამე, რაც ყვლაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ეს არის ჩვენი თანხმობა. მსახურებმა იესოს სიტყვები პირნათლად შეასრულეს, ეს იყო მათი დათანხმება იესოს სიტყვებზე. და რა მოხდა? - სასწაული! მოიტანეს ჩვეულებრივი წყალი, რომელიც ადამიანის ნდობისა და თანხმობის მეშვეობით იესომ ღვინოდ აქცია.

ასე იქნება ჩვენს ცხოვრებაშიც, როცა ვირწმუნებთ, რომ ღმერთი ჩვენთან არის, რომ მას უნდა მივენდოთ და დავეთანხმოთ ამ ყველაფერზე.

მ. დარიუშ კომადოვსკი 


59 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge