• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - წმ. ნინოს ხსენება, 27 იანვარი


საკითხავი წმიდა სახარებიდან მარკოზის მიხედვით 

მარკ. 16, 15-20

იმ დროს, იესო გამოეცხადა თერთმეტს და უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.“ ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ. ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. 

განმარტება

მანამდე, ვიდრე ამაღლდებოდა ზეცად, მამასთან, იესომ საქადაგებლად წარგზავნილ მოწაფეებს გზა დაულოცა. ის მოუწოდებს მათ, აუწყონ კეთილი ამბავი მთელ მსოფლიოს, ,,ყოველ ქმნილებას“ და შემდეგ ჩამოთვლის ყველა სასწაულს, რომელიც იქნება მორწმუნეთა თანმხლები. ღვთაებრივი ყოფის ეს ნიშნები დაუჯერებლად გვეჩვენება, და დიდია ცდუნება იმისა, რომ გავიგოთ ის არა სიტყვასიტყვით, არამედ ქარაგმულად. თუმცა ამ თავის ბოლო მუხლში მარკოზი გარკვევით აცხადებს, რომ მათი ქადაგება სრულდებოდა უფლის შეწევნით, რომელიც ,,განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით“. ჩვენ ასე ხშირდ ვქადაგებთ მხოლოდ სიტყვით, გადმოვცემთ სახარებისეულ ჭეშმარიტებას, მაგრამ არ ვახორციელებთ ამას საკუთარ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს უფალი თავის ამაღლებამდე, დაჟინებით გვთხოვს რა, რომ სიტყვის თანამდევი უნდა იყოს ნიშნები. ჩვენი რწმენა, რა თქმა უნდა, ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც მოციქულებს ჰქონდათ, და ჩვენ არ შეგვიძლია განვკურნოთ ავადმყოფები საკუთარი ჩრდილით, როგორც პეტრემ ან წმიდა ნინომ, რომლის დღესასწაულსაც ვზეიმობთ დღეს. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, - არის მხოლოდ იმედი იმისა, რომ თავად უფალი მოახდენს სასწაულს, და, რამდენადაც ამის უნარი შეგვწევს, უნდა ვეცადოთ შევუმსუბუქოთ მახლობელს ტანჯვა. სწორედ ეს იქნება ჩვენი ცოცხალი რწმენის რეალური ნიშანი. ასეთი რწმენით და სასწაულებრივი ქმედებით ცხოვრობდა წმიდა ნინო - მფარველი და დედა ეკლესიისა საქართველოში, შემწე მისიონერთა, განსაკუთრებით მათი, ვინც კავკასიაში ეწევა მსახურებას. ის იყო ნიმუში, რეალური მაგალითი რწმენაში სიმტკიცისა, სწორედ ქრისტეში რწმენისა ქართლის ყველა მცხოვრებთათვის. ,,ისწავლე საკუთარი ჯვრის ზიდვა და გწამდეს“. ამ სიტყვებით შეგვიძლია აღვწეროთ მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ცხოვრება. მივბაძავთ რა მათ მაგალითს, ვითხოვოთ უფლისაგან შემწეობა, რათა გული არ გაგვიქვავდეს, რათა მუდამ გამოვნახოთ დრო სხვების დასახმარებლად, რათა ჩვენმა რწმენამ გამოიღოს ნაყოფი ასგზის, სამოცგზის თუ ოცდაათგზის.

მამა მიხეილ სურმავა


40 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge