• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 9 თებერვალი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

5, 1-11

ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან, დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“ მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი დღე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს.“ ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორი ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ. ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.“ რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები.“ მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.

განმარტება

წმინდა წერილის დღევანდელი საკითხავი, წარმოგვიდგენს სამ გმირს. ესენია: წინასწარმეტყველი ესაია, წმინდა პავლე და წმინდა პეტრე. ვხედავთ, სამ პიროვნებას, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის თავის სისუსტეებს. წინასწარმეტყველი ესაია ასე საუბრობს საკუთარ თავზე: ვარ ადამიანი უწმინდური ბაგეებით. წმინდა პავლე საკუთარ თავს მოშლილ ნაყოფს უწოდებს. ხოლო პეტრე ამბობს, რომ არის ცოდვილი. ასე დაბალი თვითშეფასება მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მძიმე იყო მათი სულიერი მდგომარეობა. შეიძლება ისიც ვივარაუდოდ, რომ იმ დროისათვის იმყოფებოდნენ ისინი პიროვნული კრიზისის სიტუაციაში. დასაშვებია, რომ მათი შინაგანი სამყარო დაინგრა. ღვთის სიტყვის შუქზე, შეგვიძლია გავრისკოთ და გავაკეთოთ ასეთი პროვოკაციული დაშვება, რომ ამ შინაგანი სამყაროს ნგრევა კარგიცაა. მათ აღიარეს, რომ წარმოადგენენ ადამიანებს, ვისაც სხვისი დახმარება სჭირდებათ, უპირველეს ყოვლისა კი, უფლის სიკეთე და თანაგრძნობა. დავაკვირდეთ, რა გზით უფალი, იმას რაც ადამიანური ხედვით არის მარცხი, ანაცვლებს წარმატებით. ესაიას იგი ეუბნება: შენი ბრალი წაშლილია, მიტევებულია შენი ცოდვა, ხოლო პეტრეს ეუბნება: "ნუ გეშინია." სამაგიეროდ პავლე, უფალთან შეხვედრის შემდეგ ამგვარად საუბრობს საკუთარ თავზე: ღვთის მადლის მეშვეობით ვარ ის, ვინც ვარ. პავლეს ამ განცხადებაში, გამოხატულია მორწმუნე ადამიანის კრიზისიდან გამოსვლის გზა. ეს ღმერთს გამოვყავართ ჩვენი სისუსტეებისა და ცოდვების მორევიდან.

ავადმყოფთა ოცდამეშვიდე დღეზე, თავის მიმართვაში, პაპი ფრანცისკე იხსენებს, რომ: ყველა ადამიანი არის უპოვარი, რომელიც საჭიროებს. დაბადების თანავე, უკვე ვსაჭიროებთ ჩვენი მშობლების ზრუნვას. მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, არ შეგვიძლია ბოლომდე გავთავისუფლდეთ სხვების დახმარებისაგან. ეს არის ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანად ყოფნის მდგომარეობა, იმ ღმერთის, რომელიც გვიბიძგებს ადამიანთა შორისი სოლიდარობისკენ და გვიხელს თვალს სხვა ადამიანის მოთხოვნილებებზე, რომელშიც ვხედავთ ძმას.

„უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.“.(მათე 10,8) ეს არის ამ გზავნილის წამყვანი აზრი. პაპი გვიბიძგებს იმისკენ, რომ შევდიოდეთ ძმურ კავშირში მთხოვნელ ადამიანებთან და მათთვის საკუთარ თავს გავცემდეთ. ჰუმანიტარული დახმარება, პაპის გადმოსახედიდან არის მარტოოდენ საშუალება, ხოლო მიზანს ადამიანის მიმართ სიყვარული წარმოადგენს. რათა ეს უკეთესად გავიგოთ, პაპი გვთავაზობს შევხედოთ დედა ტერეზა კალკუტელის პიროვნებას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევდა უანგარო სიყვარულს, მიუხედავად ენისა, ეთნიკური ჯგუფისა, კულტურისა და რელიგიური მრწამსის. ამგვარი სიყვარული, არის ღვთის ანარეკლი, რომელიც ამ წმინდა წირვის მსვლელობისას, გვიზიარებს საკუთარ თავს. დასასრულისთვის, პაპი ფრანცისკეს კვალდაკვალ, მსურს მოვიხადო მადლობა, ყველა მოხალისის წინაშე, ვინც უანგაროდ ეხმარება უპოვარ და სნეულ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დაე შეგეწიოთ ღვთისმშობელი და ავადმყოფთა მკურნალი წმინდა კამილო.

მამა პავლე დილი


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge