• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 17 თებერვალი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

6, 17. 20-26

იმ დროს, იესო, ჩავიდა თორმეტთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან — ტვიროსიდან და ციდონიდან, აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით, ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო. გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები. მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. ვაი, თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები.

განმარტება

დღევანდელ სახარებაში ვისმენთ იესოს სწავლებას, რომელმაც შეიძლება გაგვაოცოს. რადგანაც ის რაც ჩვენ ხშირად გვგონია უბედურება, იესო მას ეძახის ნეტარებას. იესოს სწავლება ჩვენი წარმოდგენების საპირისპიროა.

მაშ როგორ გავიგოთ ეს სახარება და რას გვასწავლის ის?

„ვაი თქვენ მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა“. როგორ გავიგოთ ეს „ვაი“, რომელიც შეხვდება მომავალში მდიდრებს? ამის გაგებაში დაგვეხმარება საკითხის საპირისპიროდ დაყენება. კონკრეტულად კი თვით იესოს სიტყვები, რომელიც ცათა სასუფეველს პირდება არა მდიდრებს, არამედ ღარიბებს, გლახაკებს. ანუ სასუფეველს შორდება ყველა ის, ვინც ყოველნაირი ხერხით ცდილობს ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავი ინუგეშოს. ეს ასეა არა იმიტომ, რომ სიმდიდრე გააჩნია ადამიანს, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს ამ სიმდიდრისადმი დიდი სიყვარული. ასეთი ადამიანი ვერ მიიღებს ნაყოფს სიმდიდრისაგან. რამეთუ, იმას ვისაც არ შეუძლია თავისი სიმდიდრე უწილადოს ღარიბსა და გაჭირვებულს, თუნდაც ახლა შეიძლება ხარობს თავისი სიმდიდრით, მაგრამ სამწუხაროდ კარგავს იმ ნაყოფს, რომელსაც მიიღებდა მომავალში, საიქიო ცხოვრებაში, იმ შემთხვევაში, თუკი ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავის სიმდიდრის დარიგებას შეძლებდა.

„ვაი თქვენ, მაძღარნო, ვინაიდან მოგშივდებათ“. ამ სიტვების სიმართლეში რომ დავრწმუნდეთ, გავიხსენოთ სახარებიდან ის მდიდარი, რომელიც ძოწეულებში გამოწყობილი ყოველდღიურად მდიდრულ სუფრაზე ნადიმობდა და დროს ატარებდა. მაგრამ საიქიო ცხოვრებაში ტანჯვაში ყოფნისას მოისმინა მკაცრი „ვაი“, როდესაც ევედრებოდა მამა აბრაამს, რომ გამოეგზავნა მასთან ლაზარე, რათა დაესველებინა თითი და ენა გაეგრილებინა. არადა სიცოცხლეში ეს მდიდარი კაცი ლაზარეს არაფრად თვლიდა. ლაზარეს მთელი ცხოვრება შიოდა და ენატრებოდა მაგიდიდან გადმოცვენილი ნამცეცები, ახლა კი მაძღარია. მდიდარი კი პირიქით.

„ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ“. საინტერესოა იესოს ეს სიტყვები. იგი, მათ ვინც ახლა ტირის მომავალში პირდება სიხარულს და პირიქით. გავიხსენოთ სოლომონ ბრძენის სიტყვებიც, რომელიც ამბობს, რომ სიცილი გადაიზრდება ტკივილში, ხოლო სიცილის დასასრული ტირილია. ადამიანის ბუნება ასეთია, რომ როდესაც მის ცხოვრებაში გაჩნდება რაიმე ტკივილი, ტირილი, გაჭირვება, უჭირს მისი მოთმინებით ატანა. ეს სიტყვები კი იმედია დაგვეხმარება ასეთ სიტუაციებში მოვიხმოთ ღმერთი და ვთხოვოთ დახმარება იმ იმედით, რომ ერთდროს გავიხარებთ.

„ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე“. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ უმეტეს შემთხვევებში ეძებს სიტუაციებს, ან ადამიანებს, ვინც მას შეაქებს. არადა კარგი იქნებოდა დღეს ჩავიხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, გავაანალიზოთ ჩვენი ქცევები, ჩვენი მისწრაფებები და აღმოვაჩინოთ ის, თუ როგორ ძალიან გვსურს, რომ სხვებმა სულ გვაქონ, განგვადიდონ, ლამაზი სიტყვებით შეგვამკონ, ჩვენ ნაკლზე არ ილაპარაკონ და ა. შ. ასევე დავინახოთ ჩვენი მხრიდან როგორ გვიყვარს საკუთარი თავის ქება, ვითომდა თითქოს სულ კარგი საქმეთა ჩამდენნი ვიყოთ.

დღევანდელი სახარებით ქრისტე გვიჩვენებს ორ გზას. შენ რომელს ირჩევ?

მამა ზურაბ კაკაჩიშვილი


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge