• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 24 თებერვალი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

6, 27-38

იმ დროს იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართავს, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. ყველამ ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისივე მოექეცით მათ. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგუბრუნებთ, ეს რა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. იყავით გულმოწყალენი, ისვე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით;  მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენს მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყებათ.“  

განმარტება

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იესო რაღაც წარმოუდგენელს გვთავაზობს, მაგრამ ეს ასე არაა. იესომ ყველა მცნება გააერთიანა ერთ სიტყვაში - „გიყვარდეთ”. სანამ შეიყვარებ უნდა გაიგო, თუ რას ნიშნავს სიტყვა „სიყვარული“, ან როგორი სიყვარულით უნდა შეიყვარო მტრები. ბერძნულად სიტყვა „სიყვარულს“ აქვს სამი მნიშვნელობა, იესო კი აქ იყენებს მესამე ფორმას „აგაპე“. „აგაპე“ ნიშნავს მოყვასისადმი გულთბილობასა და პატივისცემას. ყველა ქრისტიანი, თავისი ნათლობის მეშვეობით, მოწოდებულია შეიყვაროს მოყვასი ისეთივე სიყვარულით, როგორი სიყვარულითაც შეგვიყვარა ქრისტემ. „როგორ შემიძლია ვთქვა ღმერთი მიყვარს, რომელსაც ვერ ვხედავ, როდესაც არ მიყვარს მოყვასი რომელსაც ვხედავ?“. იესოს მოყვასი იმდენად უყვარდა რომ ჯვარზეც კი მათთვის ლოცულობდა „მამაო მიუტევე, ვინაიდან არ იციან რას სჩადია“. „თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია?“ ამ  სიტყვებით იესო არ გვეუბნება, რომ ჩვენს კეთილისმყოფელთ სიკეთე აღარ გავუკეთოთ, არამედ იესო ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ეს ისედაც უნდა გავაკეთოთ და ჩვენი კეთილისმყოფელნი ისედაც უნდა გვიყვარდეს ან დავეხმაროთ, ეს ჩვენი ვალია, მაგ: ყველა მშობლის ვალია დაეხმაროს, ასწავლოს, სწორ გზაზე დააყენოს თავისი შვილი, ან ყველა შვილის ვალია მიხედოს თავის ხანშიშესულ მშობლებს. ამაში  

გასაოცარი არაფერია და ამის გამო არც არავინ შეგაქებს, მაგრამ თუ მშობლები  თავიანთი შვილების მსგავსად მიხედავენ და სწორ გზაზე დააყენებენ კიდევ სხვა  ბავშვებს, რომლებსაც არავინ ჰყავთ, სწორედ ესაა მოყვასის სიყვარული. „მიუტევეთ და მოგეტევებათ“, რამდენადაც სხვას მივუტევებთ, ჩვენც იმდენად მოგვეტევება და რამდენსაც შემოვინახავთ მიუტევებლად, იმდენივე ჩვენც შემოგვენახება მისატევებელი. „მიეცით და თქვენც მოგეცემათ“, რამდენსაც გავცემთ ღმერთი ორმაგს გვიბრუნებს, ეს როგორ? დაფიქრდი, თვალი გადაავლე მთელს შენს ცხოვრებას და პასუხს შენვე გაიგებ. რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა შენთვის, თუნდაც ის, რომ დღეს დილით თვალი გაახილე, განა ეს არაა ადამიანისთვის დიდი მადლი? რა მიაქვს ადამიანს სიკვდილისას? ორი რამ: „თავისი ცოდვები და კეთილი საქმეები, რომლის მიხედვითაც იქნება განსჯილი“. ამიტომაც წმ. ლიტურგია უკვე გვამზადებს დიდმარხვის ჟამისათვის, რომელიც გვთავაზობს შევჩერდეთ, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და შევაფასოთ, თუ რა შეიძლება გამოვასწოროთ ჩვენში მოყვასის მიმართ. გისურვებთ, ღმერთმა მოგანიჭოთ ყველა საჭირო მადლი, რომელიც გესაჭიროებათ. ამენ.



©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge