• სახარების კომენტარი - 10 მარტი

სახარების განმარტება - 10 მარტი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით 4, 1-13 იმ დროს იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს.“ მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით.“ და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო. და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: 'უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.'“ წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს. ვინაიდან დაწერილია, რომ თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან. და რომ 'ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.'“ და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: 'არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.'“ და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში. განმარტება ძვირფასო ძმანო და დანო! შევუდექით რა დიდმარხვის ჟამს, რომელიც მოგვიწოდებს მოქცევისაკენ („metanoia” - რომელიც აზროვნებისა და გულის მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს) და სულიერი აღორძინებისაკენ, რათა უკეთ განვიცადოთ საპასექო დღესასწაულები და შევხვდეთ აღმდგარ უფალს. სწორედ, ამიტომ ყოველწლიურად დიდმარხვის პირველ კვირადღეს, ცხადდება იესო ქრისტეს გამოცდის სახარება. წელს იგი შემოთავაზებულია ლუკა მახარობლის მიერ. ნათლისღების შემდგომ იესო იმყოფებოდა უდაბნოში და იცდებოდა. მითითებულია 40 დღე, რაც ცხადია ბიბლიურ ენაზე ნიშნავს მთელ თაობას, ანუ არა მხოლოდ მითითებული დღეების რაოდენობას, არამედ მთელ მის მიწიერ ცხოვრებას; სხვაგვარად რომ ვთქვათ, იესოს გამოცდა გრძელდებოდა მის სიკვდილამდე, რომელიც ცხადია აღდგომით დაგვირგვინდა. ამიტომ, ეს ცდუნებები ჩვენს ცხოვრებაშიც გრძელდება სიკვდილამდე. იესო იცდება სამჯერ ბოროტის მიერ და ჩვენ გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, რათა არ დაგვძლიოს მან. სამი გამოცდა კი ეხება: 1) საგნებს (მატერიალური სიკეთენი); 2) ადამიანებს (ძალა-უფლება); 3) ღმერთთან ურთიერთობას (სასწაულები). ბოროტი რაღა თქმა უნდა, ჩვეული მოხერხებულობით და სიცბიერით ცდილობს შესთავაზოს იესოს და დაიყოლიოს თავის ნებაზე.

1. პირველი ცდუნება - პური (მატერიალური სიკეთე). ეშმაკი (ანუ სიბოროტის ხმა) მიმართავს იესოს: ვიცი რომ ღვთის ძე ხარ, ანუ ზეციერი მამის ძე, მისი მსგავსი. ხედავ ამხელა გასაჭირს წუთისოფელში, შიმშილი მძვინვარებს, უჩვენე მამის კეთილი სახე ხალხს და დააპურე ისინი. ანუ გააძღე მატერიალური მოთხოვნილებებით და ხალხიც გამოგყვება. თუმცა ჩვენ გვახსოვი იოანეს სახარების 6 თავი, სადაც ხალხი მხოლოდ პურს ეძებს და არა მეტს. ამიტომ იესოს პასუხი ნათელია: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“. ცხადია სცნობს ადამიანთა შიმშილს, მაგრამ ეს შიმშილი ხაზს უსვამს იმას, თითქოს ეს ცხოვრება ერთადერთი იყოს და არა ერთ-ერთი. რომ ადამიანი მხოლოდ მიწიერ საზრუნავსა და მოთხოვნილებაში არ უნდა ჩაიკეტოს, არამედ ეძიოს ზეციერიც - მარადიული. ამიტომ კითხვა რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მდგომარეობის გადახედვაში, შეიძლება იყოს: როგორ განვკარგავ ჩემს ქონებას (მატერიალურსა და არამატერიალურს), როგორც კეთილი განმკარგველი თუ როგორც მესაკუთრე? როგორია ჩემი დამოკიდებულება საგნებთან, მიჯაჭვულობას ხომ არ იწვევენ ჩემში? და ა.შ. 2. ძალა-უფლება, რომელიც ეხება ადამიანებს და მათთან ურთიერთობას. ბოროტი ურჩევს იესოს გამოავლინოს თავისი დიდება და იმოქმედოს, რათა მისი სახელი განდიდდეს მიწიერ ცხოვრებაში და ისტორიამ დაიმკვიდროს იგი დიად პიროვნებად. ურჩევს ყოველივე იმის საწინააღმდეგოს რასაც იესო შემდგომად იქადაგებს და მოიმოქმედებს. იგი მოვიდა, რათა მოემსახუროს, „მან თავი დაიმდაბლა ჯვარცმით სიკვდილამდე, მიიღო მონის ხატება“. ამიტომ დაგვიტოვა ნათელი მაგალითი იმის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და მოვეპყროთ ადამიანებს. ჩვენი ურთიერთობა ადამიანებთან უნდა იყოს გამჭვირვალე, უტყუარი, ავთენთური, რომელიც გამოწვეული იქნება სიყვარულით და მსახურებით. ხოლო ბოროტი მოუწოდებს ადამიანს, ჩაგვრის, აფერისტობის, სიყალბის, ძალადობის მეშვეობით იქნეს აღიარებული, რათა მას ემსახურონ. ეს წუთისოფლი იდეოლოგიაა და ეწინააღმდეგება სახარების ლოგიკას. ადამიანი ვერ მოიქცევა იმპულსურად, ეგოისტურად და ამპარტავნულად, თუ იგი ღვთის შვილია და მის ნებას ასრულებს. ამიტომ იესოს პასუხი ნათელია: თაყვანი ეცი უფალს. ავთენთური თაყვანისცემა სიყვარულიდანაა, რომელშიც მოყვასისადმი სიყვარულიც მოიაზრება. 3. ღმერთთან ურთიერთობა (სასწაული). იერუსალიმის ტაძარი ადგილია, სადაც იესო საბოლოოდ - ჯვარცმით დაამარცხებს სიბოროტეს. სიბოროტე დამარცხებულია იესოს მიერ მაგრამ ჩვენ მაინც გვიწევს ბრძოლა ამ გამარჯვების შესანარჩუნებლად, მანამ სანამ არ აღესრულება ცათა სასუფეველი თავის სისრულეში. ამიტომ ცხოვრებაში მრავალი გასაჭირი და პრობლემა გვხვდება, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ღმერთთან ურთიერთობაში, ცვლილებაში. ამ გამოცდაში ჩანს პრეტენზია „მორწმუნე“ ადამიანის მხრიდან. უფალო თუ გიყვარვარ, გააკეთე ის, რასაც გთხოვ, მოიმოქმედე ნიშნები და სასწაულები და დამეხმარე; მართალია ღმერთი ადამიანს შეწევნას დაპირდა. მაგრამ, მან მას ასევე მიანიჭა ძალა და უნარი, რათა თავად მოაგვაროს და გადაჭრას საკითხები და არ  ამოსცადოს ღმერთი. ღმერთმა ჩვენ შეგვიყვარა უსასყიდლოთ და ასევე ჩვენც უნდა შევეცადოთ უსასყიდლოთ გვიყვარდეს, რადგან მის ხატებას ვატარებთ ჩვენში. ცდუნება ადამიანს ეხმარება, პასუხისმგებლობით და საღი აზრით განახორციელოს სწორიარჩევანი, რაც ხელს უწყობს კაცთა შორის მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთსიყვარულს ამ ცხოვრებაში, და ზრდის მას ცათა სასუფევლისთვის. ამიტომ დანო და ძმანო, ცდუნება ჩვენთვის საშუალება სულიერი ზრდისათვის, რათა ადამიანი მეტადრე სულს უსმენდეს, ვიდრე „ხორცს“ აამებდეს.

დაე ნაყოფიერი ყოფილიყოს ეს ჟამი თითოეული ჩვენთაგანისათვის! „ყველაფერი ღვთის ბრწყინვალე დიდებისათვის“.

ბედნიერი კვირადღის სურვილებით, მამა პაატა ქომოშვილი


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge