• Akaki Chelidze

სახარების განმარტება -  17 მარტი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხევით

9, 28ბ - 36

იმ დღეებში იესომ, პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და მთაზე ავიდა სალოცავად. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა და მისი სამოსელი თეთრად მოქათქათე შეიქმნა. და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია. ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო. პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და, როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთ ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ.“ ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა, ისინი კი დადუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.

განმარტება

დიდმარხვის გზის ამ მეორე კვირადღეს ღვთის სიტყვა უფლისაკენ მიმართავს ჩვენს მზერას. ღმერთი გვესაუბრება რწმენაზე. სამივე საკითხავს აერთიანებს ის გამოცდილება, რასაც რწმენა ჰქვია. «შენს სახეს ვეძებ, უფალო, ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან», ვლოცულობთ ფსალმუნის სიტყვებით და გვესმის, რომ ეს მონატრება უნდა იყოს ნამდვილი მორწმუნის ერთადერთი და უმთავრესი სათხოვარი. მიუწვდომელი უზენაესი ღვთის სიახლოვე კი მუდამ იმ უღრმესი მოწიწების, პატივის, მადლიერების, თაყვანის მიზეზი უნდა ხდებოდეს ადამიანში, რასაც ღვთისმოშიშება ჰქვია და რასაც არც შიშთან და არც თავხედობასთან არაფერი აქვს საერთო. რა საკვირველია ადამიანს სწყუროდეს ღმერთი, თუკი ამ ღმერთმაა რომ იფიქრა, მოიფიქრა, ჩაიფიქრა, ინება და შექმნა იგი? მერე რა, თუ ამ ძიებაში ადამიანს ხშირად ეშლება, გზაც ეკარგება ხოლმე; თავის თავად ეს ძიება ხომ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა უკვე გიპოვნა. რამდენად დაჰყვები, რომ შენ შეიცვალო მის გემოზე და არ გადააკეთო იგი შენი მოლოდინისა თუ სურვილის მიხედვით, საბოლოო შედეგი ამაზეცაა დამოკიდებული. დაბადების წიგნიდან ვისმენთ აბრაამზე, მორწმუნეთა მამაზე და იმ კავშირზე, რომელიც შეკრა მასთან ღმერთმა. უძველესი რიტუალი, რომლითაც მხარეები დებდნენ ხოლმე კონტრაქტს, ერთგვარი ძმადნაფიცობის აქტი; გახლეჩილ ცხოველებს შორის გავლა ამას ნიშნავდა: «ასე დამემართოს, თუ ვუღალატო შეთანხმებას», და რაოდენ მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ამ რიტუალს ღმერთი ცალმხრივად ასრულებს, აბრაამს მხოლოდ სწამს მისი დანაპირების და ეს კმარა იმისათვის რომ ღმერთის თვალში ის მართალი იყოს. თავის საყვარელ ფილიპელებს თვალცრემლიანი პავლე მოციქული ევედრება, არ დანებდნენ იმათ, ვინც მოითხოვს მათგან წინადაცვეთას და რჯულის წესების შესრულებას, გაიუდეველებას, რადგან ეს იქნებოდა სწორედ ქრისტეს მთავარი სათქმელის უარყოფა, მისი სიკვდილისა და აღდგომის უანგარობისათვის ხაზის გადასმა. მიწიერი საქმეები სწორედ რჯულის წესების შესრულებას გულისხმობს, ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშიაო, ამბობს მოციქული და აქვე გვახსენდება წეღან მოსმენილი სიტყვები, ღმერთმა რომ უთხრა აბრაამს «აიხედე მაღლა და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ... ასე მრავალრიცხოვანი შთამომავლობა გეყოლებაო». მორწმუნე თუ ხარ, ვარსკვლავივით უნდა ბრწყინავდე... დღევანდელი სახარება რომ უკეთ გავიგოთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შესავალსაც გადავხედოთ «ამ სიტყვების თქმიდან რვა დღის შემდეგ...». რა თქვა იესომ ისეთი, რასაც მერვე დღეს ფერისცვალების მთის გამოცდილება უკავშირდება? ჩავხედოთ სახარებაში და დავინახავთ უმნიშვნელოვანეს სიტყვებს, რომლებსაც იგი ეუბნება მოწაფეებს მას შემდეგ, რაც პეტრემ იესოს კითხვაზე, ვინა ვარ მეო, აღიარა სარწმუნოების მთავარი მუხლი: «შენა ხარ ქრისტე, ღვთის ცხებული». არადა ვიცით, რამხელა გზა დასჭირდებათ მოწაფეებს, თავიანთ მოძღვარზე მთელი სიმართლე რომ გაიგონ და აღმოაჩინონ რა განსხვავებაა მათ მოლოდინსა და ღმერთის ჩანაფიქრს შორის. სიყვარულით

გაცემული სიცოცხლე, საკუთარი თავის უარყოფა, ყოველდღიური ჯვრის ტარება... იესო ელაპარაკება თავის მოწაფეებს ნამდვილად წარმატებული ცხოვრების შესახებ, წარმატება არა როგორც ეს წუთისოფელს ესმის, არამედ როგორც ღმერთი ხედავს, ხოლო ხედავდე ყველას და ყველაფერს ღმერთის თვალით, ნიშნავს არ შეცდე, ყოველივეს ნამდვილ ფასსა და ღირსებას უწყოდე. სიყვარულით გაღებული სიცოცხლე, საკუთარი თავის დავიწყება, უარი თავკერძობაზე, ესაა ის, რასაც სთავაზობენ მოწაფეს და რასაც მოძღვარი არა სიტყვით, არამედ საკუთარ თავზე უჩვენებს მათ ჯვარცმითა და აღდგომით. ამ სიტყვებიდან მერვე დღეს... იესოს სამი მოწაფე მიჰყავს თან, ისინი, ვისაც შემდეგ გეთსემანიის ბაღშიც ვიხილავთ; ალბათ, ესენი რამენაირ იმედს აძლევდნენ იესოს, რომ მისი ნათქვამი სხვებზე უკეთ ესმოდათ, ან გაიგებდნენ. მთა, თეთრი ფერი, ძილქუში, ღრუბელი – ძველ აღთქმაში ღმერთის გამოცხადების ნიშნები. მოსე და ელია განასახიერებენ მთელ ძველ აღთქმას, რჯულსა და წინასწარმეტყველებს, არადა ორივე ხომ მთაზე ღმერთს ესაუბრა, ახლაც მას ესაუბრებიან იმ «გამოსვლაზე» რაც იერუსალემში ელის იესოს და ეს გამოსვლა სწორედ ეგვიპტიდან გამოსვლის, გათავისუფლების სიტყვაა. თურმე მთელი ძველი აღთქმა იესოს უმზადებდა გზას. ძილით დამძიმებული მოწაფეების რეაქცია ადამიანის სიზარმაცეს ავლენს, სურთ კარვების გაკეთება, არადა მთავარი წინ უდევთ, იერუსალემში; მათ კი ჰგონიათ, რომ მიზანს მიაღწიეს. «ეს არის ძე ჩემი რჩეული, უსმინეთ მას!» გაისმის ხმა ღრუბლიდან, ღვთის იდუმალი ყოფნის ნიშნიდან. აი, თურმე ვინ ყოფილა მათი მოძღვარი, ღმერთის მთავარი სათქმელი, მისი ძე, ის, ვის სახეშიც მამა საკუთარ თავს ამოიცნობს, ის, ვინც ყველაზე უკეთ ჰგავს მამას, ის, ვინც მამისათვის საკუთარ თავზე უფრო ძვირფასია და ის, ვინც იცის კიდეც ეს! მის გარეშე ღმერთზე სწორად ვერვინ იფიქრებს, ისინიც, ვისაც პრეტენზია გააჩნიათ, რომ მას იცნობენ. მოწაფეებს სჭირდებათ ჭეშმარიტების ამბიციის აღმოჩენა და ყოველგვარ პრეტენზიაზე უარის თქმა. ნდობა, დაყოლა, რათა ყველაფერმა დაიკავოს თავისი ადგილი. დიდი მარხვაც ხომ ამას გვთავაზობს.

მამა აკაკი ჭელიძე


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge