• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 24 მარტი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით 

13, 1 - 9 

იმ დღეებში მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. მიუგო იესომ და უთრა მათ: „თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველებზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ? არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? არა, გეუბნებით თქვენ: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“ უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მევენახეებს: აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას? მან კი მიუგო და უთხრა მას: „ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე, იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოჭრი მას.“ განმარტება ამ კვირადღის პირველი საკითხავი, რომელიც წარმოადგენს ამონარიდს გამოსვლის წიგნიდან, გვამცნობს, რომ ღმერთი ევლინება მოსეს ცეცხლწაკიდებულ, მაგრამ შეუწველ მაყვლოვანში. რას გვეუბნება ეს ტექსტი ღმერთის შესახებ? რას გვეუბნება ღმერთი საკუთარ თავზე?

  - პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი ლაპარაკობს, იგი ინტერესს იჩენს ადამიანთა მიმართ ჩვენი ღმერთი არ არის შორეული, მიუწვდომელი, უსასრულოდ ტრანსცენდენტული. პირიქით, ის ახლოსაა ჩვენთან, ერთვება დიალოგში, მას სურს დაამყაროს ურთიერთობა, კავშირი, დადოს აღთქმა. ეს აღთქმა სრულყოფილად აღესრულება იესო ქრისტეში - ღმერთი განკაცდება. - ღმერთი გვეცხადება ცეცხლის სახით ცეცხლი არის ღმერთის სიმბოლო: ღმერთი არის ენერგია, სინათლე, განწმედა. იგი ათფობს, ანათებს ყოველი ქმნილების გულის წიაღში. სწორედ მის მიერ სამყარო იძენს სიცოცხლეს, მოძრაობს. სწორედ მის მიერ ყოველი სული, როგორც ამას აღნიშნავს პავლე მოციქული, „ცოცხლობს, იძვრის და არსებობს“ (შდრ. საქმე 17, 28). მაგრამ ეს ცეცხლი არ შთანთქავს მაყვლოვანს, რადგანაც ღმერთი არ ანგრევს, არამედ განაცოცხლებს და „ცეცხლოვანს“ ხდის ჩვენს ცხოვრებას. - ღმერთი განსაზღვრულია როგორც ჩვენი მამების ღმერთი ღმერთი სხვა ადამიანებს უკვე ესაუბრებოდა ჩვენს გაჩენამდე. რწმენა გადმოგვცეს ჩვენმა მშობლებმა, ოჯახმა, მღვდლებმა, კატეხისტებმა. ჩვენი ღმერთი - წმიდა ფრანცისკეს, დედა ტერეზას, წმიდა ნინოს ღმერთია... ჩვენ მათ მეშვეობით შევიცანით იგი, განსაკუთრებით კი - იესოს წყალობით: ჩვენი ღმერთი - იესო ქრისტეს მამაა, მოციქულთა და წმიდანთა ღმერთია. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის - სწორედ მისი ღმერთია? - ღმერთი ხედავს ტანჯვასა და უბედურებას, მას ესმის ტირილი და ღაღადი, მან იცის ადამიანთა წუხილისა და სატკივარის შესახებ და მოდის ჩვენთან, რათა განგვათავისუფლოს და გვიხსნას. ღმერთი ხედავს, მას ესმის, მან იცის და მოდის... ღმერთი გულგრილი როდია, იგი გვაკვირდება, ყურადღებას გვაქცევს და შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. ის არასდროს მიგვატოვებს, ჩვენ მნიშვნელოვანნი ვართ მისთვის. მაშინაც კი, როდესაც ყველა დაკარგავს ინტერესს ჩვენ მიმართ, ღმერთს მაინც ვუყვარვართ. არასდროს შეგეშინდეს ჩვენ მარტონი არა ვართ. - ღმერთი მისიაზე აგზავნის. ღმერთი ეცხადება მოსეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით წარგზავნოს იგი. შეუძლებელია ღმერთი „გამოიყენო“ საკუთარი მიზნებისთვის. ჩვენ ღმერთს არ ვიყენებთ, ჩვენ ვემსახურებით მას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვას ვემსახურებით მისი სახელით. ღმერთი გვეცხადება, რათა წარგვზავნოს სხვებთან: „ახლა კი წადი და მიგავლენ...“ - ღმერთი გვიცხადებს საკუთარ თავს: „მე ვარ, რომელიც ვარ“ მხოლოდ ღმერთს აქვს ჭეშმარიტი ყოფიერება. ყოველი ქმნილება მხოლოდ მონაწილეა მისი ყოფიერებისა. იყო დრო, როდესაც ჩვენ არ ვარსებობდით: არსებობა მიღებული გვაქვს ვიღაცისგან. ჩვენი სიცოცხლის წყარო ჩვენს მიღმაა, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი ჩვენგანის გულის სიღრმეშია. ღმერთი მარადიულია, და ყოველივე მხოლოდ მის მიერ და მისი წყალობით შეიქმნა. კერპები, ილუზიები არ არსებობენ - ჩვენ ვქმნით კერპებსა და ილუზიებს, და ამიტომაც მხოლოდ მას, ჭეშმარიტად არსებულს, უნდა მივმართოთ გულნი ჩვენნი. მარადიული და უსასრულო ღმერთი სრულად მოგვევლინა იესო ქრისტეში, მაგრამ დასაბამიდანვე ის შეგვახსენებდა ხოლმე, რომ ზრუნავს ჩვენზე, რომ სინამდვილეში ახლოსაა ჩვენთან, რომ მას ვუყვარვართ...

მამა პიერ დიუმულენი 


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge