• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 31 მარტი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

15, 1-3. 11-32 ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო. უთხრა მათ ეს იგავი: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: 'მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.' და მამამ გამოუყო მათ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. როცა გონს მოეგო, თქვა: 'მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთ შენი მოჯამაგირეთაგანი!' ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. ვაჟმა კი უთხრა: 'მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.' უთხრა მამამ თავის მონებს: 'მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.' და დაიწყეს მხიარულება. უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: 'ეს რა ამბავია?' მან უთხრა მას: 'შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხმო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.' ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა. მან მიუგო და უთხრა თავსი მამას: 'აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.' მან უთხრა მას: 'შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.'“ განმარტება ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გვენატრება „წმიდა სიმშვიდე“ ანუ მდგომარეობა, როდესაც ყველა საქმე მოგვარებული გვაქვს, არცერთ პრობლემას ვაწყდებით და ყველაფერი იდეალურად და მშვიდად მიდის. ხოლო როცა რამე ხდება, რაც ჩვენს სიმშვიდეს არღვევს, ვბრაზდებით, რომ ვიღაცამ გაბედა ჩვენი „წმიდა სიმშვიდის“ დარღვევა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ყველაზე კარგი თვისება, სწორედ ის არის, როცა შეგვიძლია ყველაფერი ისე მოვაწესრიგოთ, რომ გარეგნულად ლამაზად და იდეალურად ჩანდეს. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირად ხაფანგში ვვარდებით. ისე ვართ კონცენტრირებულები გარეგნულ მხარეზე, რომ სრულიად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ანუ შინაგანი მხარე. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ისე ხდება, რომ გარეგნული მხარის მოწესრიგება ჩვენთვის მთლიანი გამარჯვების სინონიმი ხდება. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და მას საშინელი შედეგები აქვს. დღევანდელი სახარების ბოლო ნაწილში მეორე ძმის შესახებ მოვისმინეთ. ხშირად ვფიქრობთ, რომ იგი კარგად მოიქცა. მისი გაბრაზება, იმის გამო, რომ ძმამ ფული გაფლანდა, სწორი რეაქცია გვგონია. ის ცხოვრობდა მამასთან, მასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ ისწავლა და ბოლომდე ვერ გაიგო, რას ნიშნავს სიყვარული და თავისუფლება. მამის მიმართ შიშში ცხოვრობდა და სურდა, მამა კმაყოფილი ყოფილიყო მისით. სამწუხაროდ, მისი რეაქცია პატარა ბავშვის რეაქციას ჰგავდა. იმ პატარა ადამიანის, რომელსაც იმისი მიღება უნდა, რასაც თავად ფიქრობს და სურს. მაგრამ მამის გული უფრო დიდია, მისი სიყვარული უსაზღვროა და ზუსტად გვაჩვენებს, როგორია ღვთის ჩანაფიქრი ჩვენ მიმართ. თუ დავიკარგებით ცხოვრების გზაზე ისევე, როგორც უმცროსი ვაჟი და ვიქნებით სადღაც შორს, ღმერთი ყოველთვის დაგველოდება, ექნება ჩვენი დაბრუნებისა და ბედნიერების სურვილი. ან როცა ხორციელად ღმერთთან ახლოს ვიქნებით, მაგრამ სულიერად მისგან შორს, ის არ გაგვიბრაზდება, არამედ დაელოდება ჩვენს მოქცევასა და შეცვლას. დაინახე ღმერთში გულმოწყალე მამა, რომელიც ყველა ადამიანს უყურებს სიყვარულისა და სიკეთის თვალებით. დაინახე, რომ მას ვუყვარვართ უსაზღვროდ და ირწმუნე მისი სიყვარული. შეძლებ? მამა დარიუშ კომადოვსკი


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge