• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 7 აპრილი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით

8, 1-11

იმ დღეებში იესო წავიდა ზეთისხილის მთისაკენ. დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ. მოიყვანეს მწიგნობარებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. ეუბნება მას: ,,მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: ,,ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!“ კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. ეს რომ მოისმინეს, უცუხესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესომ ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: ,,ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: ,,არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: ,,არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ განმარტება სახარების იმ ნაწყვეტმა, რომელსაც დიდმარხვის მე-5 კვირა გვთავაზობს, რთული გზა გაიარა; ეს არის წმინდა წერილის ერთ-ერთი ყველაზე სადავო გვერდი. ეკლესიის ისტორიაში, ხშირად და სიამოვნებით, ეს 11 მუხლი ბიბლიის მიღმა რჩებოდა, ვერასდროს პოულობდა თავის ადგილს: მას ხან ლუკას, ხანაც იოანეს სახარებაში ათავსებდნენ.... ეკლესიის წმინდა მამები მას არასდროს ახსენებენ მე-12 საუკუნემდე; არცერთი მათგანი არ აკეთებს მასზე კომენტარს. წმინდა იერონიმე წერს და საყვედურობს ზოგიერთ ქრისტიანულ საკრებულოს, რომლებიც მე-4 ს-ში ბიბლიის ამ გვერდს ხევდნენ და ამბობდნენ: „არა, ეს შეცდომაა, ეს ყალბია!“. ტრიდენტის საეკლესიო კრებაზეც კი (1545-1563), როდესაც წმინდა წერილის კანონი განიხილებოდა, გამოთქვეს აზრი, რომ ეს ნაწყვეტი არ იყო ბიბლიის ნაწილი; თუმცა საბოლოოდ ეს გვერდი აღიარებულ იქნა „კანონიკურად“, ე.ი. შთაგონებულად, თუმცა დღემდე არსებობს ეკლესიებში უთანხმოება: ერთის მხრივ, არიან ისინი, რომელნიც აღიარებენ, რომ ამით ღმერთი რაღაცას ეუბნება ადამიანს და მეორეს მხრივ, არიან ისინი, რომელთაც, დაბნეულთ, ბოლომდე არ ესმით იესოს ქმედება. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნაწყევტი სავარაუდოდ დაწერა ლუკამ და არა იოანემ: ბერძნულად წერის მანერა, სიტყვები, რომელსაც იყენებს (იოანეს სახარებაში არასდროს არის საუბარი ზეთისხილის მთაზე, მწიგნობრებზე...), თემატიკა - გულმოწყალების თემა, რომელიც მთლიანად ლუკას სახარებას ახასიათებს. თუ კი ბიბლიის ამ გვერდს მოვათავსებთ ლუკას სახარების 21-ე თავში, დავინახავთ მის სრულ შესაბამისობას; ისევე როგორც, თუ ამოვიღებთ ამ ნაწყვეტს, ჩავიკითხავთ იოანეს სახარების მე-7 თავს ბოლომდე და გავაგრძელებთ კითხვას მე-8 თავის მე-12 მუხლიდან, დავინახავთ, რომ თხრობა სრულიად თანმიმდევრულად გაგრძელდება. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ეს გვერდი შენარჩულებულ იქნა და მან მოაღწია ჩვენამდე. „იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია“, მაგრამ არა დილით, როგორც ხშირად ითარგმნება, „არამედ გამთენიისას, განთიადზე“. „კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან“; ხალხი მისდევს მას განთიადიდანვე, დილაადრიან ამდგარი, რაც იესოს პიროვნების მიმზიდველობაზე მიუთითებს; იესოს ქარიზმა ძალიან ძლიერია, იესო მძლავრად იზიდავს ხალხის მასებს. და სწორედ ეს აწუხებს ებრაული რელიგიის ადამიანებს, ეს აღიზიანებს სამღვდელოებას და სულიერ წინამძღვრებს. „დაჯდა და ასწავლიდა მათ“. იესოს სწავლება არ არის დაფუძნებული რჯულის დაცვაზე, არამედ თავისი სიყვარულის შეთავაზებაზე. და როგორია რეაქცია? „ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა“, იმ ენთუზიაზმის საპასუხოდ, რომლითაც ხალხი იესოს უსმენს - და თუ კი იესოს უსმენს, აღარ უსმენს მათ - მახე დაუგეს მას. „მიუყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ“, ამ სიტუაციაში ფარისეველთა საქციელის გასაგებად უნდა გავიხსენოთ, რომ ქორწინება ისრაელში ორი ეტაპისაგან შედგებოდა: ქორწინების პირველ ეტაპზე, როდესაც გოგონა თორტმეტი წლისა და ერთი დღისაა, ხოლო ვაჟი კი თვრამეტის, პატარძლის ღირებულების და მზითევის რაოდენობის დადგენა ხდება, რის შემდეგაც ორივე საკუთარ სახლში ბრუნდება. ამ პერიოდში დაუშვებელია ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობა. ერთი წლის შემდეგ პატარძალი მიჰყავთ საქმროს სახლში და იმართება ქორწილი. კანონმდებლობის თანახმად, თუ კი ქალი მრუშობდა, ან მრუშობაში მხილებული იყო, ქორწინების პირველ ეტაპზე, ხდებოდა მისი ჩაქოლვა, ხოლო ქორწინების მეორე ეტაპზე, გაგუდვა. ამრიგად, ჩვენს წინაშეა ყმაწვილი ქალი, თორმეტიდან ცამეტ წლამდე გოგონა, რომელიც მრუშობაზე დაიჭირეს. და მიუგეს იესოს: „მოძღვარო“, აი სასულიერო პირების თვალთმაქცობა, მათ არ სურთ სწავლა, არამედ მსჯავრის დადება: „რჯული გვამცნობს ამნაირების ჩაქოლვას“, აბუჩად აგდება „შენ რაღას იტყვი?“ ეს არ არის კითხვა, ეს არის განზრახ მოწყობილი მახე. როგორი პასუხიც არ უნდა გასცეს იესომ, ის მაინც ავნებს საკუთარ თავს: თუ იტყვის „კარგით, ჩაქოლეთ“, ეს უამრავი ხალხი, რომელმაც იგრძნო მასში სიყვარულისა და სითბოს ახალი უწყება, მიატოვებს მას, ხოლო თუ იტყვის „არა, გავუშვათ ის“, მას დაუყოვნებლივ დააპატიმრებდნენ, რადგანაც ეს ყოველივე ტაძარში ხდება და იქვეა პოლიცია. მახარებელი ამბობს: „ამას მის საცდუნებლად ეუბნებოდნენ“, და არა მის გამოსაცდელად. ზმნა ‘ცდუბენა’ სამჯერ გვხვდება ლუკას სახარებაში, პირველად, როდესაც იესოს ეშმაკი აცდუნებს. ამრიგად, ეს პიროვნებები, ესოდენ ღვთისმოსავები, სინამდვილეში ეშმაკის ემისრები და იარაღი არიან, „რათა ბრალი დაედოთ მისთვის“. ამრიგად მათი მთავარი სურვილი არის იესოს განადგურება ამ ქალის ცოდვის მეშვეობით. იესოს საქმე აქვს ადამიანებთან, რომელთაც სიკვდილი აქვთ შინაგანად. მან ეს იცის და... მისი რეაქცია საოცარია. წარმოვიდგინოთ ეს სცენა: ქალი ფეხზე დააყენეს დამჯდარი იესოს წინ, მის ირგვლივ დიდძალი ხალხია შეკრებილი; ეს ტიპიური სცენაა ისრაელში მოძღვრისა და მოწაფეების. მოდიან მწიგნობარნი და ფარისეველნი, ქალს ცენტრში აყენებენ საჯარო დაცინვისათვის. და იესო რას აკეთებს? მიწისკენ იხრება, იხრება ამ ქალის წინაშე. იესო არაფერს ამბობს, მაგრამ მისმა დაჩოქებამ, მოხრამ, ამ ქალის წინაშე არ შეიძლება არ შეგვახსენოს შექმნა, როდესაც ღმერთი დაიხარა და აიღო მიწის მტვერი... და ამ მტვერს შთაბერა სიცოცხლის სული პირველი კაცისა და პირველი ქალის. და იესო თითით წერს, უიშვიათესი სიტყვა ბიბილიაში. თითით დაწერა ღმერთმა ფიქალებზე რჯული. თითით გვახსენებს იესო თუ რა საერთო აქვს ამ რჯულის ხორცშესხმას ჩვენს სისუსტესთან, ჩვენს ადამიანურობასთან; ჩვენ არა ვართ სრულყოფილნი... იესო არ მიდის რჯულის წინააღმდეგ, ის არ ამბობს რომ მრუშობა კარგია... მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ის მტვერი ვართ. იესოს ეს კარგად ახსოვს, თუმცა სხვებს არ ახსოვთ ეს. სწორედ ამაშია გულმოწყალების ქმედება, ამაშია იესოს უნარი ერთის მხრივ ცოდვის აღიარებისა, ხოლო მეორეს მხრივ ცოდვილის ხსნისა. და ამ ქვიშაზე ზოგიერთის აზრით იესო იქ მყოფთა ცოდვების ნუსხას წერდა, და თითოეულს მისი ამოკითხვის შემდეგ შიში იპყრობდა და იქაურობას ეცლებოდა ამის გამო და არა იმის გამო, რასაც იესო შემდეგ იტყოდა. ზოგი კი ამბობს, რომ იესო ქვიშაზე წერს რათა არავითარი კვალი არ დატოვოს... იეოსოს რომ რამე დაეწერა, უფრო ფუნდამენტალისტები არ გავხდებოდით, ვიდრე ზოგჯერ ვართ? ან იქნებ პასუხს, როგორც ზოგიერთი გვკარნახობს, იერემია წინასწარმეტყველის მე-17 თავის მე-13 მუხლში ვერ ვიპოვით? სადაც ვკითხულობთ: „ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილი ქვიშაზე დაიწერებიან“, მიწაზე დაიწერებიან. ეს იმის მისანიშნებელია, რომ უკვე მტვერი არიან, ანუ უკვე მიცვალებულთა სამეფოში არიან, რადგან მიატოვეს უფალი, „ცხოველმყოფელი წყარო!“ ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება, ვინც სიკვდილის გრძნობებს კვებავს, უკვე მკვდარია, უკვე ჯოჯოხეთშია. უდავოა, რომ ღირსებადაკარგული ადამიანის წინაშე, მსჯავრდადებული ადამიანის წინაშე, ღმერთი, იესოს სახით, კიდევ უფრო დაბლა ეშვება, რადგან დაბლიდან შესძლოს მისი წამოწევა. მხოლოდ დაბლა ყოფნით, და არა ზემოდან, როგორც მათ სურდათ, იესო შესძლებს ამ ქალის წამოყენებას. მწიგნობართა და ფარისეველთა დაჟინება დაარღვევს ამ მდუმარებას, და, შესაძლოა, ხმამაღლა გააცხადებს თუ რა წერია მიწაზე: „ვინც თქვენს შორის უციდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა“. მახარებელი ჩაქოლვით დასჯის წესს იხსენებს. მსჯავრდებულს ორმოში აგდებდნენ, ბრალდების ერთ-ერთ მოწმეს მისთვის გულში ქვა უნდა ესროლა და როგორც წესი ეს ქვა მას კლავდა. საკმაოდ მძიმე ქვა იყო. ამით იესო ამბობს „ვის სურს მისი მოკვლა“, ვინც უცოდველია, აღასრულოს განაჩენი. ნეტარი ავგუსტინე ასეთ კომენტარს აკეთებს: ‘იესოს ეს სიტყვა სამართლიანობის მჭერმეტყველებაა: დაისაჯოს ცოდვილი, მაგრამ ის არ დაისაჯოს ცოდვილების მიერ; აღესრულოს რჯული, მაგრამ არ აღასრულონ რჯულის დამრღვევებმა!’ (კომენტარი იოანეს სახარებაზე, XXXIII,5). „მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო“, როგორც სჩანს სია გრძელი იყო! ყოველივე ამაში ერთი პერსონაჟის არყოფნა არის საინტერესო. კაცი სად არის? კანონი, მეორე რჯულის წიგნი - და ესენი სწორედ ამ რჯულის გულმოდგინე დამცველები იყვნენ - მრუშობის შემთხვევაში კაცის დასჯას და ჩაქოლვასაც ითვალისწინებდა, მაგრამ კაცი ამ შემთხვევაში არ არის. კაცი დასჯას გადაურჩა... გამოდის, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი არ არის. ესე იგი ამაში დიდი ადამიანური უსამართლობაც არის. ადამიანები, რომელთაც განსხვავებული ზომა და წონა აქვთ, ადამიანები, რომლებიც სიკვდილით იცავენ რელიგიას. აღარ რჩება ადგილი დასაფიქრებლად ამ ქალის ისტორიაზე, გრძნობებზე, მოტივაციაზე, ცნობიერების დონეზე (საუბარია ერთ პატარა გოგოზე...). ეს გოგონა ცოდვილია. არ არის „მრუში“, ის „ცოდვილია“. ცოდვა განსაზღვრავს მის იდენტურობას. „ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, სათითაოდ გაიკრიბნენ“; თავიდან ყველანი მჭიდროდ იდგნენ, როდესაც ბრალს სდებდნენ, ახლა კი, როდესაც საქმე გაქცევას ეხება, ჩუმჩუმად მიიპარებიან, სათითაოდ, „უხუცესებიდან მოყოლებული“. ‘უხუცესები’ არ ნიშნავს ‘მოხუცებს’, არამედ სინედრიონის, ისრაელის უმაღლესი სასამართლო და იურიდიული ორგანოს, წევრებს. „დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი“. და აქ შედგა, პირველად მთელი ამ ამბის მანძილზე, იესოს დიალოგი ქალთან; და აი იესოს გასაოცარი და სკანდალური პოზიცია, რომელიც არ მიიღეს ქრისტიანულმა საკრებულოებმა, „წამოიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ მან კი მიუგო: „არავინ უფალო.“ ავგუსტინეს, ამ ნაწყვეტის კომენტარისას, ულამაზესი გამონათქვამი აქვს: „დარჩნენ საწყალი და წყალობა“. და იესო, ერთადერთი რომელშიც ცოდვა არ არის, ეუბნება მას: „არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ.“ არა „ცოდვილო“, არა „მრუშო“... „ქალო“! ის პირველი აღიარებს რომ ის ჯერ ქალია და შემდეგ მრუში. იესო ახალ ღირსებასა და ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ ქალს. სურს დაეხმაროს ამ ქალს გააცნობიეროს, რომ ერთია ღირსება და მეორეა ის ცოდვები, რომელსაც ჩავდივართ, და რომ ღმერთი პიროვნების ღირსების წინაშე არასდროს დაიხევს უკან. ღმერთში ყოველთვის ჰპოვებს პატიებას, ისეთი ცოდვის წინაშეც, რომელსაც ღრმა კვალი შეუძლია დატოვოს ჩვენს ცხოვრებაში. ცხადია მრუშობა არასწორია, რადგან ეს საკუთარი არსების სიმართლის შეუსრულებლობაა, ანუ მარადიულად გიყვარდეს ადამიანი; ცოდვაა, რადგან ანადგურებს საკუთარ ბედნიერებას, ამახინჯებს საკუთარ ცხოვრებას... მაგრამ იესო ასევე ამბობს: „მე გიბრუნებ შენს ღირსება, შენ კი ნუღარ სცოდავ“. ჩვენ მიჩვეული ვართ მორალიზებას, ჭკუის დარიგებას. ეს „ნუღარ ცსოდავ“ ჩვენთვის მორალურ იმპერატივად ჟღერს, მაგრამ ის ამაზე მეტია. ეს არის სრული თავისუფლებისაკენ მოწვევა, რომ ვიცხოვროთ რაც შიძლება წმინდა ცხოვრებით. ეს არის მოწვევა მაღალი მიზნის დასახვისაკენ. იესო აქცევს ღმერთს სახარებად, კეთილ ამბად, ამ ქალისათვის და ჩვენთვის, რომლებიც უფლის აღდგომის დღესასწაულისათვის ვემზადებით! მაშ რომელი ღმერთი გვწამს? რომელი ღმერთი გვინდა ვიდღესასწაულოდ დამდეგ აღდგომას? იესოს ღმერთი, რომელსაც შეუძლია ცოდვის აღიარება და ყოველთვის იხსნის ადამიანს; ღმერთი, რომლის მიზანიც არის ხსნა და არა დასჯა. იესოს ღმერთი არის ღმერთი, რომელიც შენი დამცირების წინაშე იჩოქებს, შენზე დაბლა დგება. იესოს ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს შენს ღირსებაზე და გიბრუნებს საკუთარ თავს. მამა გაბრიელე ბრაგანტინი


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge