• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, ბზობა - 14 აპრილი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხადვით

19, 28-40

იმ დროს იესო დაადგა გზას იერუსალიმში ასასვლელად. როცა მოუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე. უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ. თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდება-თქო.“ წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა: და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?“ მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება.“ მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო. როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა. როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქება-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს. ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“ ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს.“ მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.“ განმარტება ბზობის კვირიდან ვნების კვირამდე სულ ხუთიოდე დღეა. დღესასწაულიდან ტრაგედიამდე ცოტა დრო რჩება. აღტაცებიდან და სიყვარულიდან ერთი ნაბიჯია სიძულვილამდე. შეიძლება სწორედ ამიტომაც არ გვაძლევს ნებას ეკლესია მეტისმეტად დავტკბეთ იესოს დიდებით შესვლით იერუსალიმში. ბზობის კვირას ხომ სულ რამდენიმე წუთით შეგვიძლია მაღლა ავწიოთ ბზა და ყველამ ერთად სიხარულით შევძახოთ: ,,ოსანა!“ ზუსტად რამდენიმე წუთის შემდეგ კი უნდა მოვისმინოთ უფლის ვნების ამბავი. თითქოს ეკლესიას სურს ყურადღება მიგვაქცევინოს იმაზე, თუ როგორ სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე. ადამიანებს უყვართ დღესასწაულები, აღმერთებენ ცნობილ პიროვნებებს, თაყვანს სცემენ გამარჯვებულებს, მაგრამ ვერ იტანენ დამარცხებულებსა და სუსტებს. დღეს უნდა ვიკითხოთ - სად დაიკარგა ქრისტეს უამრავი ბედნიერი თაყვანისმცემელი? სად დაიკარგა ყველა ის, ვინც საკუთარი თვალით იხილა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები? ბოლოს და ბოლოს სად გაქრა ათასობით პურისა და თევზის მჭამელი? ნუთუ ასე მალე დაკარგეს რწმენა? ან იქნებ უბრალოდ სხვა გამარჯვებულის საძებნელად წავიდნენ?

ბზობის კვირას იერუსალიმის ოქროს კარიბჭესთან ხალხი ეძებს თავის მეფეს, მაგრამ უკვე პარასკევს, აღმოჩნდება, რომ მათ არ სჭირდებათ ასეთი მეფე. ხალხს სჭირდება სხვა მეფე, რომელსაც ძალუძს განკურნოს, მკვდრეთით აღადგინოს, გაამრავლოს პური. ჯვარცმული მეფე არავის სჭირდება. დღეს, ამ სადღესასწაულო ლიტურგიის ჟამს, შენ უნდა ჰკითხო შენს თავს, თუ რომელ მეფეს ეძებ? რომელ მეფეს ეგებები? რომელი მეფე გჭირდება? გაგყვება კი აღტაცება ბზობის კვირიდან ვნების პარასკევამდე? ეკლესია ცხადად გვიჩვენებს - ეს არის ნამდვილი მესია, ხუთი დღის მანძილზე არაფერი შეცვლილა. ის, ჯვარცმულიც კი, მესიაა. ის, ჯვარცმულიც კი, ჩემი მეფეა. თუ შენში ასეთი რწმენაა, მაშინ დღეს თამამად შეგიძლია ხმამაღლა შესძახო: ,,ოსანა!“, ხოლო თუ შენი რწმენა სუსტია, ფხიზლად იყავი, რომ უმალ არ შეჰყვირო: ,,ჯვარს აცვი!“ ნუ დაკარგავ რწმენას, ნუ ეძებ სხვა გამარჯვებულს. აი ის. აქაა, ჯვარზე. მამა მიხეილ სურმავა


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge