• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 12 მაისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანესაგან

10, 27 – 30 

,,ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მოყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ.“ განმარტება დღევანდელი სახარება, ერთი შეხედვით, ძალიან პატარაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ტექსტი „კეთილი მწყემსის“ იგავის გაგრძელებაა (10, 1-18). „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან“ (10,27). ამ ფარას, ჩვენ, ქრისტიანები წარმოვადგენთ. ვისმენთ მის ხმას, ის ჩვენ გვიცნობს, მაგრამ რამდენად მივყვები მას, მის ხმას? იესო არის კეთილი მწყემსი და ის ჩვენ მიგვიძღვის, გვატარებს სწორი გზებით. რომელი მწყემსი წაიყვანს თავის ფარას დასაღუპად? რა თქმა უნდა, არცერთი. ხანდახან ფარამ შეიძლება გაიაროს რთული გზა, მხოლოდ ერთი მიზნისათვის- მივიდეს უკეთეს ადგილას. ამ რთულ გზაზე კეთილ მწყემსს თავისი ფარა დიდი სიფრთხილით მიჰყავს, თუ საჭირო გახდა, ხელშიც კი აიყვანს და ისე გადაატარებს. ასევე, მთავარი მწყემსი, იესო, გვიცავს ყველა საფრთხისაგან და ჩვენთან ერთად გადის ჩვენი ცხოვრების ვიწრო ბილიკებს.

ყველანი, ჩვენი ნათლობის მეშვეობით, მოწოდებულნი ვართ, ვისმინოთ იესოს ხმა და გავჰყვეთ მის ნაკვალევს, რისი მეშვეობითაც იესო მოგვანიჭებს საუკუნო სიცოცხლეს, „მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს“ (10,28). ალბათ ბევრი ფიქრობს, როგორ უნდა მივბაძო იესოს? ეს ხომ შეუძლებელია, ის ღმერთია, მე კი უბრალო, ცოდვილი ადამიანი. მართალია, იესო ღმერთია და ამას იგი დღევანდელ სახარებაშიც გვამცნობს, „მე და მამა ერთი ვართ“ (10,30), მაგრამ იესომ თავისი „განკაცებით, ტანჯვით, ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით“ შეგვარიგა მამასთან და მოგვანიჭა ღვთის შვილობა, რათა ჩვენი ცხოვრებით გვექადაგა ღვთის გულმოწყალება და დიდი სიყვარული. ქრისტიანებს გვყავს ბევრი სამაგალითო ადამიანი, რომლებიც „ღვთის სიტყვას ისმენდნენ და მას მიყვებოდნენ“, ქადაგებდნენ ღვთის „სიყვარულსა და გულმოწყალებას“, მაგალითად, წმ. ანდრია, წმ. ნინო... ასევე ყველასათვის საყვარელი მამა იეჟი შიმეროვსკი, ვისი სულიც სამი წლის წინ, 11 მაისს, ღმერთმა მიიბარა. ამ ადამიანის ერთი ნახვაც საკმარისი იყო, რომ აღარასოდეს დაგვიწყებოდა მისი „თავმდაბლობა, რწმენა და სიყვარული“.

ასევე შენც, კი შენ, დღეს და არა ხვალ, ან ზეგ, მოწოდებული ხარ წმინდანობისა და მისიისათვის. შენი ნათლობის მეშვეობით, მოწოდებული ხარ, რომ შენს ირგვლივ მყოფთ გადასცე ღვთის „დიდი სიყვარული და გულმოწყალება“, თუმცა, სხვებს რომ გადასცე ამისათვის პირველ რიგში შენ თავად უნდა მიიღო და მიჰყვე იესოს. ამიტომაც, უკვე დროა, დღესვე, ახლავე, მიიღო შენს სულიერ ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილება, აღარ იარო ღვთის ფარისაგან მოშორებით, არამედ შეუერთდე მას. ამისათვის კი, პირველ რიგში , საჭიროა წახვიდე „წმიდა წირვაზე, მოინანიო ყველა შენი ცოდვა და თქვა აღსარება, და მიიღო წმიდა ზიარება“. გისურვებთ ნაყოფიერ კვირა დღეს. გახსოვდეთ, რომ ღმერთს ყოველთვის უყვარხართ და გელოდებათ თავის წმიდა ტაძარში წმიდა წირვაზე.

ამინ


40 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge