• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 2 ივნისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანესაგან

17, 20-26

იმ დროს იესომ თქვა ,,მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე. მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“

განმარტება

იესოს ლოცვა იოანეს სახარების მე-17 თავში ყველაზე გრძელი ლოცვაა იმ ლოცვებს შორის, რომლებიც მოიპოვება სახარებებში. ეს ლოცვა ყოველი ლოცვისთვის მაგალითს წარმოადგენს და მას გვთავაზობენ სულთმოფენობისთვის მოსამზადებლად. პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ იესო სრულადაა მინდობილი მამამისზე და შესთხოვს, რომ მისი სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთის განდიდებად იქცეს. იესო ლოცულობს მასთან მყოფ მოწაფეებისთვის და მამას ევედრება: „განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით“ (17,17). დაბოლოს, ლოცულობს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მოციქულთა წყალობით ღმერთი ირწმუნა, რათა იცხოვრონ სიყვარულის ერთობაში. უკანასკნელი სერობის დროს იგი ლოცულობდა ჩემთვის, შენთვის, ყოველი ჩვენგანისთვის. იესოს ამ ლოცვას მივყავართ ჩვენი ლოცვის გაღრმავებისკენ და გაფართოებისკენ. ლოცვა არის შვილის საუბარი მამასთან, რომლის დროსაც ვთხოვთ, რათა ჩვენში აღსრულდიეს ღმრთის ნება. მაგრამ ეს ლოცვა არ არის ინდივიდუალისტური, პირიქით, ის განკუთვნილია ჩვენი ახლობლებისთვის, სწორედ ამიტომ საუფლო ლოცვაში ვამბობთ „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, და ისევე როგორც იესოს ლოცვა, ჩვენი ლოცვაც გახსნილი უნდა იყოს ყველა დროის ყოველი ადამიანისთვის. ნდობითა და სიყვარულით აღსავსე ლოცვა მომავლისკენაა მიმართული და გახსნილია მთელი სამყაროსთვის. დღევანდელ საკითხავში იესო სთხოვს მომავალ მოწაფეთა (ჩვენ ვართ ეს მოწაფეები!) ერთობას. ერთობა არ ნიშნავს ერთფეროვნებას: ერთობა - განსხვავებულ პიროვნებათა შორის არსებული სიყვარულია, იმ ადამიანთა, რომლებიც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათ სჭირდებათ სხვა ადამიანი და რომ ისინი მეტოქეები როდია, არამედ ერთმანეთს ავსებენ. ეს არიან ადამიანები, რომელთა გულები სიმშვიდეში და მორჩილებაში მუდამ გახსნილია სხვისთვის. წმიდა სამების წიაღში სამი ღმრთაებრივი პირი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სიყვარული იმდენად აერთიანებს მათ, რომ ისინი უკვე ერთ მთლიანს წარმოადგენენ. თუკი ჩვენს ოჯახებსა და საკრებულოებში სიყვარული სუფევს, ჩვენ მეტად ვერთიანდებით, და რაც უფრო დიდია ეს სიყვარული, მით უფრო მეტად ერთნი ვხდებით. ჩვენი სიყვარული უსასრულო რომ იყოს, ჩვენი ერთობაც სრულყოფილი იქნებოდა. სიყვარულში ერთობა მზესავით ბრწყინავს და სხვა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქრისტიანულ ურთიერთობებში ღმერთი იხილონ. ამგვარად ერთობის ძიება ყოველი მორწმუნის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა იმათ წინაშე, ვისაც ღმერთი არ სწამთ და, ასევე, იმათ წინაშე, ვინც გვაკვირდება და ვისაც სურს ქრისტეს თანაზიარი გახდეს. რას ნიშნავს იესოს მოწაფედ ყოფნა? საკმარისი არაა რწმენა, წესიერი ცხოვრება, თავის ეკლესიაზე ზრუნვა და მსახურება... ყველაზე მნიშვნელოვანია იცხოვრო სხვა მორწმუნეებთან ერთობაში, მიუხედავად განსხვავებებისა - იქნება ეს კონფესია, თუ პიროვნული თვისება. ჩვენი ერთობა - ჩვენი პირველი და უმთავრესი მოწმობაა! სული არის ურთიერთობა, თანაზიარება. გავიხსენოთ: „მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან“ (2 კორ 13, 13). სიკვდილის წინ იესო მამას მიმართავს და სწორედ ამისთვის ლოცულობს: „რათა ერთი იყვნენ“ – „Ut unum sint“!

მამა პიერ დიმულენი


41 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge