• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 9 ივნისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიერ

14, 15-16. 23-26

იმ დროს იესომ უთხრა მათ ,,თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა. ამას გელაპარაკობიდით თქვენთან ყოფნისას, ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდაა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.

განმარტება

აი, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე. სულთმოფენობა. მიზანი მთელი ქმნილებისა. ღმერთმა ნატვრა აიხდინა, ის ნატვრა, რომლითაც ჩაიფიქრა ყველაფრის შექმნა – მიძღვნოდა და მიენიჭებინა ადამიანისთვის თავისი თავი, თავისი სიცოცხლე, თავისი სუნთქვა. უზენაესი, მიუწვდომელი, სრულებით მიღმიერი ღმერთი თვითონ ხდება ერთი ჩვენგანი, შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გზაზე გვხვდება, რათა შეგვეძლოს მასთან შეხვედრა, საუბარი, პურის გატეხვა და, რათა სტუმართმოყვარე ადამიანში დაიდოს ბინა. მას ხომ შავი ჭირივით ეჯავრება დაუპატიჟებელ სტუმრად ყოფნა. როგორც კი ამჩნევს, რომ ზედმეტია ვინმეს სახლში, მაშინვე გარეთ გაიძურწება და იქ დაელოდება... არა! იგი არ დალოდებია ადამიანს, იხსნა იგი თავისი მარადიული ჩანაფიქრისა და სიყვარულის ძალით (რაკი, ღმერთი არასოდეს იღებს ხელს თავის დაწყებულ საქმეზე და ცხონებით აგვირგვინებს ქმნილებას), მაგრამ უზენაესი თავისუფლება, რომელსაც მხოლოდ თავისუფლად გაცემული პასუხი ეკადრება, უანგარობა, რომელსაც მხოლოდ უანგაროდ თუ უპასუხებ, მუდამ იქნება შეთავაზება, რომლითაც ღმერთი იწვევს ადამიანს თავის ფერხულში. იესომ გაგვაცნო მამა საკუთარი ცხოვრებით, სიტყვით, საქმით. ქრისტიანი ვერასოდეს იტყვის ღმერთზე სწორ სიტყვას, თუკი ქრისტესთან არ გადაამოწმა. ამის გამო გვმართებს მორწმუნეებს ღვთის სიტყვას დავუგდოთ ყურიცა და გულისყურიც, სიტყვას, ეკლესიის მსახურებით რომ უნდა ჟღერდეს. «ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას». რამდენი საფრთხე ემუქრება სახარების სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში! მისი დაცვა, შენახვა მართლაც აუცილებელია, რომ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ ისევ იმ ადამიანურ ზომაზე გამოჭრილი ღმერთუნიების ამარა დაგვტოვა, ასე უხვად რომ მოუშენებია კაცობრიობას წარსულშიც და დღესაც. პასექიდან ორმოცდამეათე დღეს ებრაელები აღნიშნავენ სინაის მთაზე მოსეს ხელით რჯულის მიღებას, იმ რჯულისა, რომელიც მცნებებზე და ბრძანებებზე უწინ ნიჭია, მადლი, საჩუქარი, კავშირი, რომელიც ღმერთმა შეკრა თავის ერთან და აღუთქვა, დაპირდა სავსე სიცოცხლეს. აი, თურმე რა აქვს მხედველობაში ლუკა მახარებელს, როდესაც იხსენებს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მომხდარ ამბავს – ახალი აღთქმა, ახალი არა იმიტომ, რომ უწინდელი დაძველდა, ან მოძველდა, ან არ გაამართლა, არამედ იმიტომ, რომ მიაღწია თავის სისავსეს, «ახალი» ნიშნავს «საბოლოოს», რომელსაც აღარაფერი დაემუქრება. ძველი აღთქმის ისტორია ხომ ღმერთის ერთგულებისა და ადამიანის ღალატის ისტორიაა, რომელიც მთელი კაცობრიობის არაჩვეულებრივად ზუსტი იგავია. იერემია იწინასწარმეტყველებს ადამიანის გულში ამოტვიფრულ ღვთის რჯულს. ამას ზეიმობს ეკლესია: ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში ადამიანი გამოვიდა ეგვიპტის მონობიდან, გადაიარა მეწამული ზღვა, შეაბიჯა თავისუფლებაში და ამ თავისუფლების მოწმობა მიიღო – სულიწმიდის რჯული, თავად ღმერთის იდუმალი სიცოცხლე, ყოფა და ცხოვრება. იოანეს სახარებაში აღდგომის დღესვე ანიჭებს უფალი თავის მოწაფეებს სულიწმიდას, ლუკასთან კი აღწერილია სულიწმიდის ახალი გადმოღვრა, რათა ეკლესიას მიეღო ნიჭი ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში აღსრულებული ხსნის ყველა ხალისათვის საუწყებლად. და ყველა, ვინც ირწმუნებს, მიიღებს ღვთის შვილობის უნარს სწორედ სული წმიდის – ღმერთის ღრმა სინამდვილის, მამისა და ძის სიყვარულის ნიჭით, რომლითაც მოვუხმობთ ღმერთს «აბბა, მამაო». ყველა ენებზე გაჟღერებული ქადაგება მიგვანიშნებს, რომ ამიერიდან ღვთის სიტყვას აღარა აქვს არანაირი წინაღობა, ყველა, ვისაც გახსნილი აქვს ყურიცა და გულისყურიც შეუძლია მისი მოსმენაც და მიღებაც. განა ეს არაა ინკულტურირების უდიდესი გამოვლინება?! ორმოცდამეათე დღე ასრულებს პასექის ჟამს და შეუძღვება მოწაფეთა მცირე გუნდს ახალ მისიაში – ეს სიტყვა აუწყონ მთელ სამყაროს ისრაელის შვილებიდან დაწყებული.

მამა აკაკი ჭელიძე mi


35 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge