• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 16 ივნისი (წმ. სამების დიდ-დღესასწაული)


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიერ

16, 12-15

კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

განმარტება

ძვირფასო დანო და ძმანო დღეს ვზეიმობთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოებას. იმ სრულყოფილი ღვთის სახეს რომელიც ერთა და სამსახოვანი, რომელიც იესო ქრისტემ გაგვიცხადა. ჩვენი ღმერთი სულ სხვაა, არაა სხვა ‘ღმერთებივით’. ჩვენი ღმერთი მხოლოდ ერთია, თუმცა არაა მარტო მყოფი ღმერთი, იგია - მამა, ძე და სულიწმიდა. ღმერთია, რომელიშიც არის თანაზიარება და ურთიერთობა (სიყვარული). ის არ არის მხოლოდ შორს მყოფი ღმერთი, არამედ ახლოს მყოფი (ადამიან -თან და -ში).

ძვირფასნო, იმისათვის რომ შევეხოთ პრაგმატულ და არა დოგმატურ მხარეს წმ. სამებისა, მაშ ყურადღება მივაპყროთ დღევანდელ სახარებას.

იესო მიმართავს თავის მოწაფეებს: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ“. რაზე საუბრობს აქ უფალი? ნუთუ იმ ჭეშმარიტების შესახებ, რაც თითქოს ბოლომდე ვერ აუწყა (ვერ მოასწრო)? ცხადია, რომ ეს არ ქონდა იესოს მხედველობაში, არამედ ადამიანთა უმთავრესი საიდუმლო - სიცოცხლე. ამოუხსნელი, ბოლომდე გაუგებარი რამ, ის რაც ღმერთმა უსასყიდლოდ უძღვნა ადამიანს. მაშ თუ ეს ასეა, რა შუაშია ტვირთი? იგი ხომ ძღვენია? „ტვირთია“ მოწაფეთათვის - გაცემული, მიძღვნილი, ‘დახარჯული’ სიცოცხლე, რაც მათთვის იმ დროს გაუგებარი იყო. ტვირთია, რადგან წუთისოფლისთვის სიცოცხლისა ეს ფორმა მიუღბელია; სწორედ ის ფორმა, რაც იესომ გვიჩვენა. „მომავალს გაუწყებთ“. რას ნიშნავს ეს? ნუთუ იმას, რაც არ ვიცით ან რაც მოხდება? ცხადია არა. არამედ სული გვაუწყებს ყოველივე იმას, რასაც ადამიანის ცხოვრებაში გააჩნია საზრისი, სიღრმე და ფასეულია მისთვის, არა მხოლოდ აწ, არამედ მარადისაც. რაც ეწინააღმდეგება სოფლის მიერ მოწოდებულსა და შემოთავაზებულს - მხოლოდ დროებითს. „განმადიდებს მე“. იესომ მაშინ განადიდა ღმერთი, როცა განაცხადა მამის ჭეშმარიტი სახე, მისი განუზომელი სიყვარული, ვნებითა და ტანჯვით, ჯვარცმით. უცნაური და გაუგებარი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ღრმა და მკაფიო ფორმით. ხოლო შემდგომად სული განადიდებს იესოს, მის მოწაფეებსა და მორწმუნეებში. როცა ის უჩვენებს და აღასრულებს მათში არა ‘თავიანთს’, არამედ ღვთისას. ანუ უჩვენებს მათში არა ჩვენს არამედ იესოს საქმეებს. „სული ილაპარაკებს“. ჭირდება მას მორწმუნის მხრიდან შინაგანი დუმილი, მოსმენა და თანხმობა, რათა მან იმოქმედოს და აღასრულოს ჩვენში ღვთის ნება.

ყოველივე ეს უკავშირდება ქრისტიანი მორწმუნის უმთავრეს კეთილ საქმეს - ლოცვას. ვის მიმართ ვლოცულობთ ჩვენ? ვფიქრობ თითოეულის პასუხი განსხვავებული იქნებოდა. ლოცვა ყოველთვის მიმართულია ღვთის მიმართ, რომელიც არის სამება. ამიტომ, წირვის დასაწყისში მისალმების ერთ-ერთი ფორმაა: „მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა მამისა და ზიარება სულისა წმიდისა თქვენ ყოველთა თანა“. და კვლავ წირვისას, სამღვდელო ლოცვაში დაბოლოება წმიდა სამების სახელს უკავშირდება: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, ძისა შენისა, რომელიც ცოცხლობს და სუფევს შენითურთ ერთობაში სულისა წმიდისა, ღმერთი უკუნითი უკუნისამდე“. აქედან გამომდინარე მორწმუნის ლოცვა მუდამ უნდა იყოს მამის მიმართ, ძით (შუამდგომლობით/მეშვეობით), სულიწმიდაში. როგორია ჩვენი ლოცვა, მისი ფორმა, ვის მიმართაა? დავფიქრდეთ ამაზე. დაე, უწმიდესი სამება ჩვენთვის მუდამ იყოს ურთიერთობისა და ლოცვისათვის, და არა რაციონალური სპეკულაციისათვის. მისი კურთხევა მუდამ იყოს თქვენზე.

მამა პაატა ქომოშვილი.


32 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge