• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 30 ივნისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკასაგან

9, 51 – 62

როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად. წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმს წასასვლელად. დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა.“ მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცის მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“ და წავიდნენ სხვა სოფელში. გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგყვები სადაც კი წახვალ.“ იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთ მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი.“ სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო ოღონდ ჯერ ნება მომეცი, შინაურებს დავემშვიდობო.“ უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება.“

განმარტება

ღმერთი ჩვენ წინასწარ გვაუწყებს ყველაფერს, რომ გავუმზადოთ გზა უფალს, მაგრამ სამწუხაროდ ან არ გვინდა, ან არ ვართ მზად ამის მისაღებად.

ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა, გამოსწორება გვინდა. შეიძლება გადაწყვეტილებასაც ვიღებთ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, მაგრამ რჩება მხოლოდ სურვილის დონეზე, იმიტომ, რომ შესაძლოა, არ ვიღებთ ბოლომდე პასუხისმგებლობას, ან არ ვართ მზად, ანდა დრო გვჭირდება... ფაქტია, ხშირად არ გვინდა, რომ ხელი გავანძრიოთ. ღმერთი კი თავისი გულმოწყალებით გვაცდის და გველოდება, რომ ვიმოქმედოთ და არ დავიღუპოთ.

როდესაც მოწაფეები არ მიიღეს სოფელში, მათ რეაქციაზე იესომ უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცის მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“. ჩვენ შეიძლება ხშირად ვაღიარებთ და გვეამაყება, რომ ვართ ქრისტიანები-კათოლიკეები, მაგრამ საკმარისია ვინმემ გამოგვიყვანოს მოთმინებიდან, გარდავიქმნებით სრულიად უცხო პირებად, საკუთარ თავსაც კი ვეღარ ვცნობთ და გვინდა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან! ან მოწაფეების მსგავსად ვისურვოთ ცეცხლი ჩამოვარდეს და შთანთქოს ისინი.

მაშინ ისმის კითხვა: სად არის ზღვარი ქრისტიანობასა და ასეთ ქმედებას შორის? - მოთმინებაში.

ამ სახარების მონაკვეთში სამჯერაა ნახსენები ქრისტეს გაყოლაზე: ორჯერ სხვა სთავაზობს იესოს, რომ სურთ გაჰყვნენ მას, მაგრამ არ არიან მზად ამისათვის და ერთხელ თავად იესო სთავაზობს, რომ გაჰყვეს მას, მაგრამ ის ყოყმანობს, რადგან ჰგონია, რომ თავისი საქმე უფრო მნიშვნელოვანია იმ მომენტში, ვიდრე იესო ქრისტესაგან მოხმობა. იესო კი განუმარტავს და ეუბნება, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია და თუ რას უფრო უნდა მიაქციოს ყურადღება.

ასევეა ხშირად ჩვენს ცხოვრებაშიც, ვინაიდან ჩვენს პირად საქმეებს უფრო წინ ვაყენებთ, ვიდრე ღვთის ნებას.

იესო ამბობს: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება.“ სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ, რისთვისაც უნდა ვიყოთ მოწოდებულნი, თუ ჩვენი გული არ იქნება ჩვენს მოწოდებაში შეერთებული, მაშინ ამაო ხდება ჩვენი მსახურება და ამ ყველაფერს ან მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებთ, ან სხვათა მოსაჩვენებლად.

ვინაიდან „სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქ იქნება.“

მამა მერაბ ტატალაშვილი


34 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge