• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 7 ივლისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკასაგან

10, 1-12. 17-20

ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს! თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7 იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისის საზღაურისა. ერთ სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: 'ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.' ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 'თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი.' გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველივე ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“

განმარტება

ადვილი როდია, წარმოვიდგინოთ მიმლოცველობა ან მოგზაურობა ბარგის, ფულის, ტელეფონისა და სხვა მატერიალური ნივთების გარეშე, მაგრამ დღეს იესო წმიდა სახარებაში გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია, თუ გექნება მატერიალურ ნივთებზე ბევრად აღმატებული „ღვთიური მშვიდობა“.

დღევანდელი სახარება გვამცნობს მსახურების რიცხვის გაზრდას,მათი რაოდენობა უკვე არა თორმეტი, არამედ სამოცდაათია. სამოცდაათი- ეს რიცხვი ებრაელებისათვის სიმბოლური რიცხვია: სამოცდაათი უხუცესი, რომლებიც მოსეს ეხმარებოდნენ უდაბნოში ხალხის მართვაში; ასევე „სინედრიონი“, იუდეველთა საეკლესიო კრება, შედგებოდა სამოცდაათი კაცისაგან. „ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში,“ (10,1).

იესო ახალ მოწაფეებს გზავნის საქადაგებლად. კათოლიკური ეკლესია მთელი თავისი არსებით ყოველთვის ასწავლიდა და ასწავლის,რომ ყოველი მონათლული მოწოდებულია ქრისტეს მისიისათვის. განსაკუთრებით ამას გამოხატავს ბოლო წმიდა საეკლესიო „II ვატიკანის კრება“ და ასევე „კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო“.

იესო ქრისტე შენ გგზავნის სახარების სახარებლად...დიახ, შენ, „წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.“ (10, 3-4). დღევანდელ სამყაროში ხომ ძალიან ძნელია, წახვიდე ყველაფრის გარეშე; არ წაიღო ტელეფონი, ტანსაცმელი, ფული, საჭმელი. ჩნდება კითხვა, რატომ გზავნის იესო ასე რთულ პირობებში თავის მოწაფეებს? ამ სახარების ერთ-ერთ კომენტარში კომენტატორი გვამცნობს შემდეგს: -,, ამ სახარების სტრიქონებიდან შეგვიძლია გავიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მქადაგებელთა და მსმენელთა შესახებ: 1. ღვთის სიტყვის მქადაგებელი არ უნდა იყოს დამოკიდებული მატერიალურ ნივთებზე, ის ყოველთვის მზად უნდა იყოს დათმოს ყველაფერი, რაც გააჩნია. 2. მქადაგებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ყურადღება კონცენტრირებული თავის დავალებაზე, ის არ უნდა მიესალმოს შემხვედრთ - ეს არ ნიშნავს სხვის უპატივცემულობას, არამედ შეხსენება, რომ ღვთის კაცმა არ უნდა გადაუხვიოს თავის გზას, როდესაც მას წინ უფრო დიდი და უძვირფასესი საქმე ელის, ანუ ღვთის კაცი სადაც დადგება და ვისთანაც გაჩერდება, ყოველთვის უნდა ემოწმებოდეს თავის უფალს. 3. მქადაგებელმა არ უნდა გამოიყენოს თავისი მსახურება რაიმე ფასისათვის, არამედ იმსახუროს უანგაროდ. 4. ღვთის სიტყვის მსმენელნი იღებენ დიდ პასუხისმგებლობას - ადამიანი იქნება განკითხული, იმიტომ რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა და უფრო მეტი გაეგო ღვთის სასუფეველზე, ხოლო თუ ადამიანი უსმენს და ახორციელებს თავის ცხოვრებაში ღვთის სიტყვას, ის მიიღებს ღვთის დიდებას... იმედი მაქვს, ახლა ცოტათი მაინც გავიგეთ, რომ იესო კი არ სჯის თავის მოწაფეებს, არამედ თავისი დიდი სიყვარულით მათზე ზრუნავს და ახსენებს მთავარ გზას.

„რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს!“ (10,5) იესო თავის მოწაფეებს აძლევს თავის „მშვიდობას“. ეს მშვიდობა ყველასა და ყველაფერზე აღმატებული და ყოველივეს მთავარი წყაროა. იესომ, პირველ რიგში, თავისი მშვიდობა გადასცა მოწაფეებს, რომელთაც შემდეგ სხვებს გადაცეს. თუ ისინი თავად არ მიიღებდნენ ამ ღვთაებრივ მშვიდობას, ვერ შეძლებდნენ სხვებისთვის გადაცემას.იესომ შენი ნათლობის მეშვეობით, შენც მოგანიჭა თავისი ღვთაებრივი მშვიდობა. აქ ისმის მთავარი კითხვები: მივიღე ქრისტეს მშვიდობა? ჩემში იმყოფება ქრისტე? თუ იმყოფება, მაშინ შენც ამ მოწაფეებისამებრ ნაყოფს კარგად შეამჩნევ, ხოლო თუ არა, მაშინ არასდროსაა გვიანი, მიიღო ეს ღვთაებრივი მშვიდობა. იესო ყოველთვის მზადაა მოგანიჭოს მშვიდობა. შესთხოვე სულიწმიდას, რომ გახსნას შენი გული, რადგანაც „შეუძლებელია შეცვალო სამყარო ღმერთის სიტყვებით, თუ ღმერთი შენში არ იმყოფება“.

ძვირფასო მკითხველნო, ძმანო და დანო ქრისტეში, დღეს იესო გვახსენებს ჩვენს ნამდვილ მისიას, გზას. უპირველესად, მისიას საკუთარ თავთან, რომ მიიღო ღმერთი შენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და შენს სამოღვაწეო სფეროში, ხოლო შემდეგ კი შენს ირგვლივ მყოფებთან.

ამინ


32 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge