• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 14 ივლისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკასაგან

ლუკ 10, 25-37

იმ დროს, აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა ვაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?“ მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ უთხრა მას: სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინც არის ჩემი მოყვასი?“ უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთ კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაცა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე, და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

განმარტება

საყვარელნო, დღეს, იესო გვეხმარება ჩვენ იმის გააზრებაში, თუ ვინ არის ჩვენთვის ყველაზე ახლობელი. სამარიის მაცხოვრებელი რომლის არც სახელი ვიცით და არც გვარი ჩასწვდა იმ აზრს, რომ ადამიანი რომელიც საჭიროებს დახმარებას არის მისთვის ყველაზე ახლო. ზრუნავს მასზე და უზიარებს მას თავის სახსრებს. XVI საუკუნეში, კამილო დე ლელისი - დაქირავებული ჯარისკაცი, თავისი მოქცევის ჟამიდან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ბაძავდა იმ სამარიელს დღეს მოთხრობილი ამბიდან. მოისმინეთ რას წერდა წმინდა კამილოს შესახებ მამა ჩიკატელი, რომელიც პირადად იცნობდა მას:

"დავიწყებ წმინდა სიყვარულით, რომელიც არის ყველა სათნოების ფესვი და ამასთან ერთად კამილოს განსაკუთრებული ნიჭი. მაშ, არამხოლოდ ღმერთის, არამედ მოყვასთა , უპირველესყოვლისა კი ავადმყოფების მიმართ იმდენად იყო შეპყრობილი ამ წმინდა სათნოების ცეცხლით და იმათი სახის დანახვაც კი, ვინც დახმარებას საჭიროებდა, აღვიძებდა მის გულში გულისხმიერებას, თანაგრძნობას, ავიწყებდა მას ყოველგვარ სიამოვნებას, გართობას და წუთისოფლის მიჯაჭვულობას. როდესაც ემსახურებოდა სნეულს, ეტყობოდა რომ გულისხმიერებითა და თანაგრძნობით შეპყრობილი, სრულიად მას უძღვნიდა თავს. თავის თავზე დიდი სიამოვნებით აიღებდა ყოველგვარ ავადმყოფობასა და ბოროტებას, იმისათვის რათა სხვებისთვის შეემსუბუქებინა ტანჯვა და წაეღო მათი სისუსტეები. ისე ცოცხლად ხედავდა მათში თვით ქრისტეს, რომ ხშირად, საკვების მიწოდებისას მიმართავდა მათ როგორც უფალს და იქამდეც კი მიდიოდა, რომ სთხოვდა მათ შემწეობასა და დანაშაულის მიტევებას. ამის გამო გამოხატავდა მათ მიმართ ისეთ პატივისცემას, თითქოს მის წინაშე ჭეშმარიტი უფალი ყოფილიყო. არც ერთ სხვა საკითხზე არ საუბრობდა ასე ხშირად და ცხარედ, როგორც წმინდა სიყვარულზე, რომლის დატოვებაც ყველა ადამიანის გულში სურდა. რათა აენთო თავისი თანამოძმეები, ამ ასე მნიშვნელოვანი სათნოების პრაქტიკაზე გამოსაყენებლად, ჩვეულებისამებრ სიტკბოებით სავსე იესო ქრისტეს სიტყვებს უმეორებდა: "სნეული ვიყავ და მომინახულეთ". ჩანდა, რომ ეს სიტყვები აღბეჭდილი ჰქონდა გულში; ასე ხშირად ამბობდა მათ, ასე ხშირად იმეორებდა მათ.

კამილოს სიყვარული იყო ესოდენ დიდი და ესოდენ ყოვლისმომცველი, რომ თავისი კეთილგანწყობითა და გულისხმიერებით არამხოლოდ სნეულებსა და მომაკვდავებს მოიცავდა, არამედ ყველა ღარიბსა და მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. მისი გული სავსე იყო იმდენი სიკეთით მათ მიმართ ვინც ამას საჭიროებდა, რომ ჩვეულებად ჰქონდა: შემდეგი სიტყვების გამეორება "სამყაროში ღარიბები რომ არ ყოფილიყვნენ, საჭირო გახდებოდა მათი მოძებნა, თუნდაც ამისათვის მიწისქვეშ ჩასვლა დაგვჭირვებოდა. ყველაფერი ეს კი იმისათვის, რომ სიკეთე და გულმოწყალება გამოგვეხატა მათ მიმართ."

დღეს ასევე ერთ-ერთ ჩვენგანს, ძმა ლაშა მანუკიანს, სურს კეთილი სამარიელის მიერ გაკვალული გზებით იაროს. ახლა ის საქართველოში მთელს ადგილობრივ ეკლესიას სთხოვს სულიერ მხარდაჭერას, რათა შეძლოს ემსახუროს სნეულებს მაშინაც კი, თუ ამით მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება და მიუძღვნას მთელი მისი ცხოვრება იესოს და შევიდეს მის სიწმინდეში, უბრალოებასა და მორჩილებაში. მასთან ერთად ფართოდ გავახილოთ ჩვენი სულიერი თვალები, რათა დროულად შევამჩნიოთ იესოს ტანჯვა მათში, ვისაც ყოველდღე ვხვდებით ჩვენი ცხოვრების გზაზე.

ამინ.

მამა პავლე დილი


41 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge