• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 21 ივლისი


საკითხავი წმ. სახარებისა ლუკასაგან

10, 38-42

მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

განმარტება

ბეთანიის ოჯახში, ლაზარეს, მართასა და მარიამის სახლში ხშირად სტუმრობდა იესო, ეს უცნაური ოჯახი, რომელშიც მხოლოდ სამ და-ძმას ვხედავთ, იოანე მახარებლისათვის იმთავითვე იქცა ეკლესიური საკრებულოს ხატად. იგი აშკარად მიუთითებს, რომ იესო ამ სახლში ისვენებდა იერუსალემში ყოფნისას. და რა კარგია, როცა თავად ღმერთს სურს, სჭირდებოდეს შენი დახმარება, შენს ჭერქვეშ შემოსვლა, დაპურება, ნუგეში, მეგობრობა... დღეს ლუკას სახარებას ვისმენთ და ყური დავუგდოთ ამ მახარებელს, რომელიც თავისი გადასახედიდან მოგვითხრობს ერთ ეპიზოდს. იესო თავის მოწაფეებთან ერთად ადგას გზას, სოფელში კი მხოლოდ თვითონ შედის. იმიტომ ხომ არა, რომ ის, რაც იქ უნდა მოხდეს ყველას დასანახი არაა, ყველა ვერ გაიგებს? სოფელიც ვიწრო ხედვის ტრადიციონალისტური აზროვნების სინონიმია, სადაც მბრძანებლობს დევიზი: «მუდამ ასე გვიკეთებია, შენ ვინა ხარ, რამე შეცვალო!»; ეს მოკლე ეპიზოდი კი მოგვითხრობს მანამდე არნახულ ამბავს, რომლის მნიშვნელობა დღევანდელ მსმენელს ძნელად წარმოუდგენია. თუკი ლუკა მახარებელი სოფლის სახელს არ ასახელებს, გვმართებს ვივარაუდოთ, რომ ის ნებისმიერი დროის ნებისმიერი სახის ტრადიციონალიზმის წინაშე გვაფრთხილებს. წარმოუდგენელი კი, ერთი მხრივ, იყო ის ფაქტი, რომ იესო ქალმა მიიპატიჟა; იმ ეპოქაში ნებისმიერი რაბინი გაკიცხავდა ამგვარი მიპატიჟების მიღებას, არათუ რომელიმე მოძღვრის, არამედ ნებისმიერი ღვთისმოსავი და რჯულის მორჩილი ისრაელიანის მხრიდან. უცნობია, სად იმყოფება ამ დროს ლაზარე, თუმცა ცნობილია ლუკა მახარების გამახვილებული ყურადღება იესოს მოღვაწეობის ისეთ მომენტებზე, რომელთა კორექციის ცდუნება თავად ეკლესიასაც ჰქონია შემდგომ ისტორიის მანძილზე. თავის მასკილისტურ ეპოქას იესო აშკარად ეწინააღმდეგება ქალის ღირსების დააფსებით... თუმცა გაცილებით უფრო გასაოცარი მართას დის, მარიამის ქცევაა, რომელიც «იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას». ფერხთით ჯდომა და სმენა მოწაფეობას აღნიშნავს (წმ. პავლეც ხომ «გამალიელის ფერხთით» განისწავლა). ხოლო იმ დროს, როდესაც რაბინები კრძალავდნენ ქალთა დამოძღვრას და ისიც უთქვამთ, რომ სჯობია წმიდა წერილი ცეცხლში ჩააგდო, ვიდრე ქალს ჩაუგდო ხელშიო, გასაგებია, რაგვარი სიახლის წინაშე ვდგავართ... ამ მონათხრობით მახარებელი შეგვახსენებს, არ გამოგვრჩეს არსებითი, ჩვენს ათასგვარ საქმიანობაში არ დაგვავიწყდეს მთავარი. ხშირად გაგვიგია, რომ მთავარი საქმეა და არა სიტყვა; ეს ბანალური, გაცვეთილი ფრაზაა, რომლითაც ვიცავთ ხოლმე თავს ჩვენს განუწყვეტელ ფაციფუცში, ოღონდაც კი მარტონი არ დავრჩეთ საკუთარ თავთან, და ამ ფრაზითვე თავს ვესხმით ხოლმე მათ, ვინც ჩვენი აზრით მუქთახორობს. არადა, ერთნაირად მნიშვნელოვანია თუ რას ვაკეთებთ ჩვენი სიტყვით, და ისიც, თუ რას ვამბობთ ჩვენი ნამოქმედარით. სიტყვის ამ არსებითი ძალის გამოა, რომ მას ექნება მუდამ პირველობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს ღვთის ჩანაფიქრთან. ძველი აღთქმის მთავარი მცნება -- «ისმინე, ისრაელ!» ხომ ამისკენ მოგვიხმობს, ღმერთის მთავარ სათქმელს დავუგდოთ ყური, რათა ვიცოდეთ თუ რატომ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. და მეორე მესიჯი, თავისუფლებაა, არამხოლოდ თავისუფლება ყოველივე იმისგან, რაც ტრადიციის სახელით წინ მეღობება («ქალი ვიცი კუხნაში»), არამედ იმ გასაოცარი შეხვედრისათვის თავისუფლება, რომლისთვისაც იესო იწვევს ყოველ ადამიანს, რათა დაანახოს მას თუ ნადვილად რანაირია ღმერთი.

მამა აკაკი ჭელიძე m.i.


55 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge