• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 28 ივლისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკასაგან

11, 1-13

ერთხელ, როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა, და დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“ უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევოთ ყველას ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან განსაცდელში.“ და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: 'მეგობარო, მასესხე სამი პური. ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო.' და მან შიგნიდან გამოსძახოს: 'ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.' გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება. და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პურის სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთლ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.“

განმარტება

ეს კვირა გვთავაზობს თემას, რაც ძალზე ძვირფასია ლუკა მახარობლისთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისთვის: ესაა ლოცვა.

იესო, როგორც აბრაამი (პირველი საკითხავი), იოანე ნათლისმცემელი და ბევრი სხვა, ლოცვის შეუდარებელი მაგალითი იყო, იგი ხალხს არა მხოლოდ ლოცვის ფორმულას აძლევს, არამედ თავისი ცხოვრების საიდუმლოს: ამ გზით უნდა შეძლონ მათ ღმერთთან მამა-შვილურად საუბარი. ლოცვის გული ხომ "მამაა". დღევანდელი საკითხავიც ლუკას სახარების გრძელი ეპიზოდიდან იკვეთება (9,51-19,44), სადაც აღწერილია იესოს გაუჩერებელი მოგზაურობა იერუსალიმისკენ, ზოგჯერ გეოგრაფიულ რუქაზეც ჭირს ამ მარშრუტის გაყოლა, იმდენად გგონია რომ მიზანს ვერ მიაღწევ. ამ მოგზაურობაში, იესო გამორჩეულად უთმობს დროს სწავლებას, ქადაგებას, თუმცა ზოგჯერ ჩერდება და ლოცულობს: სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეჩერების ბოლოს, დღის რა მონაკვეთში, - ცისკარზე თუ მწუხრზე, -უცნობია, ერთი მოწაფე მას თხოვს მთელს საკრებულოს ასწავლოს ლოცვა იმის მაგალითზე, რასაც იოანე ნათლიმცემელი თავის მიმდევრებთან აკეთებდა. პასუხად იესო თავის მოკლე, სინთეზურ ლოცვას აძლევს. ეს არის "მამაო ჩვენო" რომლის სამმა ვერსიამ მოაღწია ჩვენამდე: მათეს (6,9-13), ლუკასი და ერთიც ეკლესიის პირველი კატეხიზმოდან, რასაც დიდაქეს უწოდებდნენ, ანუ სწავლება რომელიც ასე სრულდება: " შენი არს სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე", ეს მის ლიტურგიკულ გამოყენებას ადასტურებს, რაც ჩვენს დღეებამდეა შემონახული.

სავარაუდოდ ლუკას სახარება ყველაზე ძველია, ვინაიდან ყველაზე მოკლეა, ისიც ცნობილია, რომ მწერლები იესოს სწავლებას თავის სიტყვებს ამატებდნენ.

რაც შეეხება ლუკას ვერსიას, უპირველესად ის ორი თხოვნით შედგებოდა, რასაც პარალელი ეძებნება ქადიშის იუდაურ ლოცვაში: სახელის სანტიფიკაცია და უფლის სუფევის მოსვლა. ამას მოსდევს სამი თხოვნა იმაზე, რაც ნამდვილად აუცილებელია მოწაფისთვის: პურის ძღვენი, რასაც ყოველდღიურად ვსაჭიროებთ, ცოდვათა მიტევება და ცდუნებებისგან დახსნა. ეს ქრისტიანის უბრალო ლოცვაა, ნაკლებად უხვსიტყვიანი, მაგრამ აღსავსე ღვთისადმი ნდობით - ვისაც მამად მოვიხმობთ. საუფლო ლოცვის ამ პირველი ნაწილის მოკლედ წარმოდგენის შემდეგ (მ. 1-4), მინდა უფრო მეტად შევჩერდე მეორე ნაწილზე, მომაბეზრებელი მეგობრის იგავზე (მ. 5-8) და მესამე ნაწილზე, ცხოვრებაში მის გადმოცემაზე (მ. 9-13)რამდენადაც ლუკას სახარება მათ კარგად გვაჩვენებს. იგავი აჩვენებს, რომ თხოვნის ლოცვა დაჟინებული ლოცვაა, რაც ღვთის წინაშე შეურყევლობაზე და რწმენაში გულმოდგინებაზე მეტყველებს. იესო მსმენელებს საუბარში იწვევს და იმის ნაცვლად, რომ მესამე პირში მოუყვეს ამბავი, კითხვებს უსვამს: "რომელი თქვენგანი...?" იგავი არის ამბავზე, რაც შეიძლება ნებისმიერ მსმენელს დაემართოს: თქვენს შორის, თუკი ვინმეს მეგობარი ყავს და შუაღამით მივა მის სახლში.... სამი პურის სასესხებლად - ეს ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური რაციონია... ეს ერთი უბრალო იგავია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა პასუხი მიიღოს თავის დაჟინებულ თხოვნაზე მისგან, ვინც შეიძლება მეგობარია, მაგრამ პირველივე თხოვნაზე ყურს არ ათხოვებს. სწორედ დაჟინებული მოთხოვნის (თუნდაც მოსაბეზრებელი!) და არა მეგობრული გრძნობის გამო იქნება თხოვნა შესმენილი და წყალობა გაცემული: თავისი დაჟინებული მოთხოვნით უდროოდ მისულ მეგობარს შეუძლია შეწუხებულ მეობარს აზრი შეაცვლევინოს. სწორედ იმიტომაც, რომ ცხოვრებაში ასე ხდება, იესო ასეთ კომენტარს აკეთებს:

ითხოვეთ და მოგეცემათ,

ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ,

დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

აშკარაა, რომ აქ არ იყენებს სიტყვას "ლოცვა", თუმცა იესო ყოველთვის ლოცვასთან მიდის, მით უფრო მოწაფის თავდაპირველი კითხვას რომ უპასუხოს. ითხოვეთ - ურჩევს იესო- ანუ არ გეშინოდეთ მოთხოვოთ ღმერთს, იგივე მამას; ითხოვეთ უბრალოებით და გჯეროდეთ, რომ ვისაც უყვარხართ, იგი უთუოდ შეისმენთ თქვენს თხოვნას, ითხოვეთ დაუცხრომლად. აქ საუბარია ძიებაზე, უნდა გწამდეს რომ საჭიროა ძიება; უნდა გწამდეს, რომ ღირს ძიება, თუნდაც წვალების ფასად, თუნდაც ხანგრძლივად, მაგრამ უნდა გჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან მაინც იპოვი, მაინც მიაღწევ. სადაც დაპირებაა, იქ ფხიზლად უნდა ველოდოთ და უნდა ვცდილობდეთ მოსმენას. აქ საუბარია ასევე კარზე დაკაკუნებაზე: ვინც აკაკუნებს, მას იმედი აქვს რომ კარი გაიღება და მიიღებენ, ზოგჯერ განმეორებითაც გვიწევს დაკაკუნება... ამიტომაც იბადება ეს კითხვა: რატომ უნდა ვეხვეწოთ ღმერთს მრავალგზის, რატომ უნდა ვეძებოთ, რატომ უნდა რომ დაჟინებით ვაკაკუნებდეთ? ეს სჭირდება? თუკი კარგად დავფიქრდებით, ჩვენ გვჭირდება თხოვნა; ჩვენ უნდა ვეძებდეთ მუდმივად იმას, რაც ნამდვილად გვჭირდება; ჩვენ ვართ, ვისაც უნდა რომ კარი გაიღოს და მიგვიღონ. ღმერთს არაფერში ჭირდება ჩვენი დაჟინებული ლოცვა, ეს ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენი გონების და ჩვენი სხეულის ძარღვებში ამოვტვიფროთ ის, რათა ჩვენი სურვილი და ჩვენი მოლოდინი გაძლიერდეს და ჩვენს თავს იმედი ჩავაგონოთ. ამ იგავს და თავის პირველ კომენტარს იესო კიდევ ერთ კონკრეტულ ასპექტს ამატებს, მოკლეს და კითხვით ფორმაში: რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს? ან პური თხოვოს და ქვა მისცეს (ეს ბოლო დამატება მხოლოდ მანუსკრიპტულ ტრადიციის ერთ ნაწილში გვხვდება)? ეს არ მოხდება მამასა და შვილს შორის, რადგანაც სისხლით კავშირი ასეთ ურთიერთობას გამორიცხავს, თუნდაც სიყვარულის ნაკლებლობა იყოს. მით უმეტეს - ამბობს იესო- "თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ ალბათ სიტყვა "ბოროტები" მთლად კარგად არ ჟღერს... და მაინც, იესომ იცის და ამიტომაც ამბობს გულწრფელად, რომ ჩვენ, ადამიანები ბოროტები ვართ, რადგანაც ჩვენში არის იმის იმპულსი და ინსტიქტი, რომ მხოლოდ ჩვენზე ვიფიქროთ, საკუთარ თავზე ვიზრუნოთ, და თუნდა ასეთი იყოს ჩვენი ადამიანური პირობა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე, ყოველ შემთხვევაში, მამა-შვილურ ურთიერთობაში. ჩვენი ბოროტების მიუხედავად ჩვენ მაინც სიკეთით შევისმენთ ჩვენი შვილების თხოვნას და მით უმეტეს ღმერთი, რომელიც "მხოლოდ კეთილია" (agathós: ლუკ. 18,19) სიკეთეს გასცემს მის მთხოვნელზე! ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად ღმერთი ჩვენს ამქვეყნიურ მამებზე ბოროტ მამად გამოგვყავს. ვოლტერი წერდა: "არავის მოუნდება მამად ყავდეს მიწიერი ღმერთი", ხოლო ენგელსი დასძენდა: "როცა ადამიანი იცნობს თავის მამაზე მკაცრ და ბოროტ ღმერთს, მაშინ იგი ათეისტი ხდება". ასეა და ასეც მოხდა ისტორიაში, ვინაიდან ქრისტიანებმა ღმერთის, როგორც მკაცრი მსაჯულის, შურისმაძიებლის მრისხანე სახე შექმნეს, რამაც მათში ღმერთის მიტოვება და მისი უარყოფა გამოიწვია! იესო კი ჩვენ გველაპარაკება კეთილ მამაზე, კეთილ ღმერთზე, მასზე, ვინც ჩვენ თავად გამოვცადეთ, დავინახეთ რა, რომ ღმერთი მუდამ გვაძლევს, როცა ვთხოვთ. ამ ეპიზოდში არის ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სიზუსტე ლოცვასთან კავშირში. ლუკა შორს დგას იესოს იმ სიტყვებიდან, რასაც მათეს ვერსია გვთავაზობს, იგი გრძნობს, რომ საჭიროა მათი ცხადყოფა და ახსნა. მართალია, ღმერთი შეისმენს ჩვენს თხოვნებს სიკეთით (შდრ. მათ.7,11), მაგრამ ამას ჩვენ ყოველთვის გონივრულად არ განვსჯით. ლოცვა არ არის ჯადოქრობა, ეს არიც "ღმერთების დაძაბუნებაა" როგორც წარმართი ფილოსოფოსი ლუკრეციუსი წერს - ან მრავალსიტყვაობის გამო ღვთის წაყრუება, როგორც იესო მიანიშნებს (შდრ. მათ. 6.7-8). ღმერთი არ დგას ჩვენი სურვილების ასრულების სამსახურში, რაც ხშირად არარეალურია! ამიტომაც - აზუსტებს ლუკას ვერსია - "კარგი საქმეები" რეალურად არის "სულიწმიდა". ღმერთი მუდამ გვანიჭებს სული

წმიდას თუკი ლოცვაში შევთხოვთ მას; სულიწმიდა ჩვენს გონებასა და ჩვენს გულში იღვრება, იგი ჩვენს სულს ერწყმის (შდრ. რომ.8,16), ეს ღვთის პასუხია. აქ კარგი იქნება ეს მაგალითი... თუკი მე, მძიმედ დაავადებული, ღმერთისგან განკურნებას ვითხოვ, ვიცი, რომ ეს ყოველთვის არ ხდება, მაგრამ დარწმუნებული შემიძლია ვიყო იმაში, რომ ღმერთი მომანიჭებს სულიწმიდას, ძალას და სიყვარულს, რომ მივიღო ჩემი დაავადება, ისევ გავცე სიყვარული და ასევე მივიღო სხვებისგანაც. ეს არის რეალური და კონკრეტული შესმენა, ეს არის ის, რაც ნამდვილად გვჭირდება! ჩვენ სულიწმიდა მივიღეთ, რამაც ღვთის შვილებად გვაქცია, მისი შემწეობით ჩვენ ყველგან გავიძახით: აბბა, მამაო

მამა გაბრიელე ბრაგანტინი


38 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge