• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 4 აგვისტო


საკითხავი წმინდა სახარებიდან ლუკასაგან

12, 13 – 21

ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.“ მან უთხრა მას :„ადამიანო, ვინ დამაყენა მსაჯულად ან გამყოფად?“ უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული.“ და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: 'რა ვქნა, არფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?' თქვა: 'აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.' მაგრამ უთხრა მას ღმერთმა 'უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?' ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“

განმარტება

როდესაც ვკითხულობთ დღევანდელ სახარებას შეიძლება გაგვიკვირდეს იესოს ასეთი ქცევა, კონკრეტულად ის, რომ უარს ამბობს დაეხმაროს ძმასთან მემკვიდრეობის გაყოფაზე. იესო ხედავს იმ პრობლემას, რაც აქვს იმ ადამიანს, რომელიც სთხოვს მემკვიდრეობის გაყოფას. ეს პრობლემაა ჩვეულებრივი ადამიანური სიხარბე. იესოს სურს დაანახოს მას, რომ საჭიროა ჯერ ეს სიხარბე აღმოიფხვრას გულიდან, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა. ამიტომ მოკამათე ძმების და იქ მყოფი მსმენელი ხალხის გასაგონად ამბობს იგავს, რითაც სურს დაანახოს ის, რომ სიხარბე არის ცუდიც და ამავე დროს უგუნურობაც.

ამ იგავიდან ვხედავთ, რომ მდიდარ კაცს სურს ააშენოს დიდი ბეღლები და შიგ შეინახოს უხვი რაოდენობის ხორბალი და ბარაქა, რომ შეძლოს იცხოვროს მოხერხებულად და სიამოვნებით მრავალი წლის განმავლობაში. მაგარამ ძალიან მალე აღმოჩნდა ეს იმედი მოჩვენებითი, რომ უგუნურად მიეჯაჭვა თავისი აზრებით და გულით მოგროვილ სიმდიდრეზე. მოულოდნელმა ავადმყოფობამ დააკარგვინა ერთ ღამეში სიცოცხლე და სიმდიდრეც.

რაში მდგომარეობს ამ იგავიდან მდიდარის უგუნურობა და სისულელე? იესოს თქმით იმაში, რომ სიმდიდრეს აგროვებდა თავისთვის და ღმერთში არ მდიდრდებოდა.

თუკი იმ სიმდიდრეს არ მოაგროვებდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის, არამედ ასევე იფიქრებდა სხვებზეც, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ღარიბებზე, მაშინ „იქნებოდა მდიდარი ღმერთში“. მდიდარს რომ ასე ეფიქრა: ავაშენებ დიდ ბეღლებს, შიგ მოვათავსებ ჩემს სიმდიდრეს და მერე მრავალი წლის განმავლობაში გამოვიყენებ არა მხოლოდ მე, არამედ მრავალი ჩემი მოყვასიო, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ასე მოიქცა ერთ დროს ეგვიპტეში ძმების მიერ მონად გაყიდული იოსები. ამიტომაც ღმერთმა მისცა მას უხვი ბარაქა და დალოცა ბეღლების გავსებაში. ამ მდიდარს სახარებიდან, რომ აეშენებინა ბეღლები სხვებისადმი დახმარების მიზნით, მაშინ იგი ამ ქვეყნიდან წავიდოდა მშვიდად.

მამა ზურაბ კაკაჩიშვილი


19 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge