• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 11 აგვისტო


საკითხავი ლუკას სახარებიდან

12, 32-48

ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამა მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს, ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება. „იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი — ანთებული. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დარეკს, იმწამსვე გაუღონ. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზელს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოარტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. თუ მეორე და თუნდაც მესამე გუშაგობისას მოვიდა და ასე ნახა, ნეტარ არიან ის მონები. ეს კი იცოდეთ: სახლის  პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირს გამოთხრას არ დაანებებდა. ამიტომ თქვენ მზად იყავით, ვინაიდან, რომელ ჟამზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა.“ უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას? უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის:  აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა- სმას და ლოთობას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავის ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას  მიიღებს. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაემსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ. 

განმარტება.

ძვირფასნო, რაოდენ მანუგეშებელია იესოს დღევანდელი სიტყვები, გადმოცემული სახარებაში: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ...“ ძალზედ საჭიროა ამ სიტყვების გულისა და გონების სიღრმეში შენახვა და ხშირად გამეორება. 

რატომ? ეს იმიტომ, რომ ღვთის მოწინააღმდეგე („სატანა“ და „წუთისოფელი“)  ცდილობს ადამიანში შეიტანოს ასეთი განწყობა და ფიქრები, რაც  დააკარგვინებს ცათა სასუფევლის მადლიერ მდგომარეობას. შიში ნდობის უკმარისობის, აფორიაქებულობის და ზედმეტი „მზრუნველობის“ ვითარებაში გამოსჭვივის. სწორედ ორი კვირის წინ გავიაზრეთ სახარებისეული სიტყვები, რომ ღმერთი ჩვენი მამაა, ეს მკაფიოდ გვიჩვენა მისმა მხოლოდშობილმა ძემ. ის მამაა და მას პირველ ყოვლისა ვუყვარვართ, ამიტომ უადგილოა შიში. მოყვარული მამა წარმოადგენს უმთავრეს და მარადიულ სიმდიდრეს. ამიტომ  იესო შეგვახსენებს, რათა არ გადავცვალოთ, დავკარგოთ ანდა გავფლანგოთ ეს დიადი, მარადიული ფასეულობა. მხოლოდ ასე მივაღწევთ ცათა სასუფევლის სისრულეს მარადისობაში. ეს რახან დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად რთულიც, ამიტომ გამუდმებით ვევედრებით მამას, რათა მოვიდეს მისი სუფევა. მხოლოდ ასე იქნება ადამიანის გული დაუნჯებული ღმერთში (ჭეშმარიტ და მარადიულ სიმდიდრეში). მეორე რამ კი ეხება მზაობასა და მსახურებას (დიაკონია). „წელი სარტყელშემოსარტყლული“ - ნიშნავს ღვთით შეკრულ ადამიანს, რომელიც მზადაა მთავარი მისიის შესასრულებლად - სახარების სახარებლად. ეს კი  შესაძლებელია „მონის“ (მსახურის) მდგომარეობაში, რათა თავმდაბლობითა  და სიყვარულით მოქმედებდეს ადამიანი. ამის ბრწინვალე მაგალითი თავად იესო ქრისტეა, ჩვენც - მის მორწმუნე მიმდევრებს (მიმყოლებს) გვმართებს მივბაძოთ და ამგვარად ვიცხოვროთ, რათა აწ ვაშენოთ ცათა სასუფეველი და მომავალში დავიმკვიდროთ იგი მარადისობაში.

უფალი იყოს ჩვენი შემწე!

გისურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ კვირადღეს!

მამა პაატა ქომოშვილი


23 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge